ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსი მადონა ახალ სინგლს Medellín ავრცელებს. კომპოზიცია პოპულარულ კოლუმბიელ არტისტ მალუმასთან ერთადაა ჩაწერილი. ნამუშევარი პოპის დედოფლის რიგით მე-14 ალბომში Madame X შევა, რომელიც გაყიდვაში 14 ივნისს ჩაეშვება. ცნობილია, რომ შემსრულებლებმა მომავალი სტუდიური ჩანაწერის ფარგლებში კიდევ ერთ სიმღერაზე Bitch I'm Loca იმუშავეს.
► ნახეთ: მადონა ახალი ალბომის სარეკლამო ვიდეოში
► მადონა ევროვიზია 2019-ზე ახალ სიმღერას შეასრულებს
60 წლის პოპვარსკვლავმა სინგლთან ერთად თაყვანისმცემლებს მომავალი ალბომის ტრეკლისტი შესთავაზა. ჩანაწერში სულ 13 კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ მუსიკოსმა Madame X-ის ფარგლებში ბრაზილიელ Anitta-სთან, ასევე, ამერიკელ ჰიპ ჰოპ არტისტებთან Swae Lee და Quavo ითანამშრომლა.
მადონა ლუიზა ჩიკონე, 300 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომით, მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ქალი მუსიკოსია. 2004 წელს Rolling Stone-მა ის ყველა დროის 100 საუკეთესო არტისტს შორის 36-ე პოზიციაზე დაასახელა. 7 გრემისა და 2 ოქროს გლობუსის მფლობელი შემსრულებელი თანამედროვე პოპ კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად რჩება. 2015 წელს მადონამ ბოლო სტუდიური ნამუშევარი Rebel Heart გამოუშვა. ჩანაწერში შესული სიმღერა Bitch I'm Madonna ბილბორდის ჩარტის ლიდერი გახდა.
კომენტარები