Thumbnail

10 ყველაზე ძვირადღირებული ფორტეპიანო

ანკა მებონია პროფილის ფოტო
ანკა მებონია

ფორტეპიანო იტალიელმა კლავესინების ოსტატმა, ბარტოლომეო კრისტოფორიმ მე-18 საუკუნის დასაწყისში გამოიგონა. ინსტრუმენტს, რომლის ჟღერადობაც რეზონანსულ დეკაზე გადაჭიმულ სიმებზე ჩაქუჩის დარტყმით მიიღებოდა, თავდაპირველად gravicembalo con piano e forte - "კლავესინი დაბალი და მაღალი ხმით" - პიანოფორტე ეწოდებოდა, მოგვიანებით კი მის სახელად ფორტეპიანო დამკვიდრდა. 

სპეციალურად ფორტეპიანოსთვის პირველი მუსიკალური ნაწარმოები 1732 წელს ლოდოვიკო ჯუსტინიმ შექმნა. უკვე მე-18 საუკუნის დასასრულისთვის კი ის კომპოზიტორების ფავორიტი  ინსტრუმენტი გახდა. 

► 15 ყველაზე ძვირადღირებული გიტარა

ჩვენს დღევანდელ სტატიაში 10 ყველაზე ძვირადღირებულ ფორტეპიანოს წარმოგიდგენთ. 

Erard-ის როიალი La Mort du Cygne ($ 409,000)

სებასტიან ერარის კომპანიის მიერ მე-20 საუკუნის დასაწყისში დამზადებული როიალი სახელად "მომაკვდავი გედი", რომელიც ფრანგი დეკორატორის, ლუი მაჟორელისა და მხატვარ ვიქტორ პრუვეს მიერ არის გაფორმებული, სოტბის აუქციონზე 409,000 ამერიკულ დოლარად გაიყიდა. 

Richardson’s Inc.-ის პიანინო ფილმ "კასაბლანკადან" ($ 602,500)

ამ პიანინოს რეჟისორ მაიკლ კერტისის მიერ 1942 წელს ჰამფრი ბოგარტისა და ინგრიდ ბერგმანის მონაწილეობით გადაღებულ საკულტო სურათში "კასაბლანკა" მოკრავდით თვალს. Richardson’s Inc.-ის მიერ დამზადებული ინსტრუმენტის ღირებულება 602,500 ამერიკული დოლარია.

მერილინ მონროს თეთრი როიალი ($ 662,500)

როიალი, რომელიც სამოციანი წლების სექს სიმბოლოს, მერილინ მონროს ეკუთვნოდა, 1999 წელს კრისტის აუქციონზე 662,500 ამერიკულ დოლარად გაიყიდა. უცნობი მწარმოებლის მიერ დამზადებული ინსტრუმენტი პოპვარსკვლავმა მერაია ქერიმ შეიძინა. 

Steinway & Sons-ის როიალი Alma-Tadema ($ 1.2 მილიონი)

ჰოლანდიელი მხატვრის, ლოურენს ალმა-ტადემას მიერ მე-19 საუკუნის ბოლოს გაფორმებული Steinway & Sons-ის წარმოების როიალი ხელოვნების ნამდვილი ნიმუშია. მისი ღირებულება 1.2 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. 

როიალი Kuhn Bösendorfer ($ 1.2 მილიონი)

ამ როიალის აკუსტიკურ მახასიათებლებზე ავსტრიულმა კომპანიამ Bösendorfer იზრუნა, ვიზუალურად კი ცნობილმა შუშის სკულპტორმა, ჯონ კუნმა გააფორმა. 100 ათასი ძვირფასი თვლით მორთული ინსტრუმენტი 1.2 მილიონ ამერიკულ დოლარადაა შეფასებული. 

როიალი Galaxy ($ 1.36 მილიონი)

ეს როიალი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებულმა კომპანიამ Galaxy Instruments შექმნა. მინის ბოჭკოსგან დამზადებული ინსტრუმენტის კორპუსი ოქროთია გაფორმებული, ღირებულება კი 1.36 მილიონ ამერიკული დოლარს შეადგენს.   

Steinway & Sons-ის როიალი The Sound of Harmony ($ 1.63 მილიონი)

Steinway & Sons-ს ამ ინსტრუმენტის დასამზადებლად სამი წელი დასჭირდა. მის უნიკალურ აკუსტიკურ მახასიათებლებს სხვადასხვა სახეობის ხის მასალის 40 ფენა უზრუნველყოფს. როიალში სახელად "ჰარმონიის ხმა" ჩინელმა კოლექციონერმა 1.63 მილიონი დოლარი გადაიხადა.   

Steinway & Sons-ის როიალი Red Pops for (RED) ($ 1.93 მილიონი)

ეს როიალი როკ ჯგუფ U2-ს ვოკალისტის, ბონოს ინიციატივით შეიქმნა. დიზაინერების, ჯონათან აივისა და მარკ ნიუსონის დახმარებით დამზადებული ინსტრუმენტი 2013 წელს შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის ფონდის მხარდასაჭერად გამართულ აუქციონზე 1.93 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა. 

ჯონ ლენონის Steinway & Sons-ის Z მოდელის პიანინო ($ 2.37 მილიონი)

Steinway & Sons-ის მიერ დამზადებული პიანინო ჯონ ლენონმა იოკო ონოსთვის საჩუქრად 1970 წელს 2,456 დოლარად შეიძინა. 2000 წელს კი მომღერალმა ჯორჯ მაიკლმა მასში 2.37 მილიონი ამერიკული დოლარი გადაიხადა. დღეს ინსტრუმენტის ხილვა ლივერპულში მდებარე "ბითლზის" მუზეუმშია შესაძლებელი. 

Heintzman-ის როიალი Crystal ($ 3.22 მილიონი)

ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ფორტეპიანო კანადურმა კომპანიამ Heintzman Pianos დაამზადა. ის ფართო აუდიტორიამ პირველად 2008 წელს, პეკინის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე იხილა. გამჭვირვალე კორპუსის მქონე ინსტრუმენტი უცნობმა კოლექციონერმა 3.22 მილიონ ამერიკულ დოლარად შეიძინა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული