Thumbnail

5 ცნობილი მუსიკოსი, რომელიც ოდესღაც უსახლკარო იყო

ლევან გოგუაძე პროფილის ფოტო
ლევან გოგუაძე

მუსიკის ინდუსტრია სავსეა არტისტებით, რომლებმაც თანდაყოლილი ნიჭისა და თავდაუზოგავი შრომის წყალობით უკიდურესი სიღარიბიდან ამოაღწიეს და დღეს მათი შემოსავლები ასტრონომიული რიცხვებით განისაზღვრება. დაუჯერებელია, მაგრამ ზოგიერთ მათგანს წარმატებული კარიერული ნაბიჯების გადადგმამდე, ქუჩაშიც კი უწევდა ღამის გათევა. 

დღევანდელ სტატიაში სწორედ იმ მუსიკოსებზე ვისაუბრებთ, რომლებიც ერთ დროს უსახლკაროები იყვნენ, თუმცა, საკუთარი შემოქმედებით მილიონობით მსმენელის გულში დაიდეს ბინა. 

5. ჯენიფერ ლოპესი

ჯენიფერ ლოპესს ქუჩაში არასდროს უძინია, თუმცა, უსახლკარო ნამდვილად იყო. როგორც თავად იხსენებს, 18 წლის ასაკში გადაწყვიტა, კოლეჯში სწავლაზე უარი ეთქვა და მთელი დრო ცეკვისთვის დაეთმო. ამან მომავალ პოპვარსკვლავსა და დედამისს შორის სერიოზული კონფლიქტი გამოიწვია. ჯეილო სახლიდან წავიდა და თავი საცეკვაო სტუდიას შეაფარა, სადაც დივანზე ათევდა ღამეს. რამდენიმე თვის შემდეგ, ლოპესი ერთ-ერთი შოუს ფარგლებში ევროპაში გაემგზავრა, ამერიკაში დაბრუნებული კი ნელ-ნელა იმ ადამიანად იქცა, რომელსაც დღეს ვიცნობთ. სხვათა შორის, თავად მომღერალი ირწმუნება, რომ 400 მილიონ აშშ დოლარს დიდად არ შევუცვლივარო.

4. ჯიმ მორისონი

უსახლკარო იყო საკულტო ამერიკელი მუსიკოსი ჯიმ მორისონიც. 1965 წელს უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ის ლოს ანჯელესის სანაპიროზე დახეტიალობდა, მეგობრის სახლის სახურავზე ან მანქანაში ეძინა, ლობიოს კონსერვებს მიირთმევდა და თავს ჰალუცინოგენების მოზრდილი დოზებით ირთობდა. სწორედ ამ პერიოდში შეუერთდა ის ჯგუფს Rick & the Ravens, რომელსაც მოგვიანებით The Doors ეწოდა და დაწერა თავისი პირველი სიმღერები, მათ შორის მომავალი ჰიტი Hello, I Love You. მორისონი 1971 წლის 3 ივლისს, 27 წლის ასაკში გულის უკმარისობით გარდაიცვალა. დღეისთვის მისი მემკვიდრეობა სხვადასხვა შეფასებით 15-დან 20 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენს.

3. ელა ფიცჯერალდი

რთული ახალგაზრდობა ჰქონდა ჯაზის ლეგენდას, ელა ფიცჯერალდსაც. დედის გარდაცვალების შემდეგ, 14 წლის ელა ნიუ იორკის კრიმინალური დაჯგუფებების მიერ კონტროლირებად არალეგალურ საქმიანობებში ჩაერთო და ერთი პერიოდი საროსკიპოს მაყურებლადაც კი მუშაობდა. შემდეგ გამოსასწორებელ სკოლაში მოხვდა, საიდანაც გაიქცა და იქამდე მოუხდა ქუჩაში ცხოვრება, სანამ 1934 წელს საკუთარი სიმღერით ცნობილი საქსოფონისტის, ბენი კარტერის ყურადღება არ მიიპყრო. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ფიცჯერალდის თავბრუდამხვევი მუსიკალური კარიერა, რომელიც 60 წელზე მეტხანს გაგრძელდა. არტისტი 1996 წლის 15 ივნისს, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილის დღისთვის მისი ქონება 10 მილიონ აშშ დოლარს უტოლდებოდა. 

2. კურტ კობეინი

გრანჟის ეპოქის ლეგენდა 9 წლის იყო, როდესაც მისი მშობლები განქორწინდნენ. კურტი ჯერ დედასთან ცხოვრობდა, შემდეგ მამინაცვალთან კონფლიქტის გამო, მამის სახლს მიაშურა, სადაც უკვე დედინაცვალს ვერ შეეწყო და საბოლოოდ ხან ნათესავებთან ეძებდა თავშესაფარს და ხანაც მეგობრებს აკითხავდა თხოვნით, თქვენს ეზოში ღამე გამათევინეთო. საავადმყოფოსა და სასტუმროს მოსაცდელი, ბიბლიოთეკა და ხიდი მდინარე უიშკას ქვეშ ის ადგილებია, სადაც მომავალ ვარსკვლავს მიუსაფარი დღეების გატარება უწევდა. კურტის თქმით, სწორედ ამან შთააგონა მას სიმღერის Something in the Way დაწერა. მუსიკოსმა 1994 წლის 5 აპრილს თავი მოიკლა. დღეს მისი მემკვიდრეობა დაახლოებით 450 მილიონ აშშ დოლარადაა შეფასებული.

1. პატი სმიტი

ამერიკელ მომღერალსა და პოეტს, პანკის საკულტო ფიგურად აღიარებულ პატი სმიტს ქუჩაში გატარებული დღეები საკუთარ წიგნში Just Kids აქვს აღწერილი: "თავს უსაფრთხოდ და თავისუფლად ვგრძნობდი. ვერავინ მამჩნევდა. მთელი დღე ქალაქში ვხეტიალობდი და დასაძინებლად ადგილს ვარჩევდი. ვთვლემდი კარის ზღურბლზე, მატარებლის ვაგონში, სასაფლაოზეც კი. ღია ცის ქვეშ გაღვიძება ყოველ ჯერზე მაოცებდა. მიკვირდა, უცხო ხელი რომ შემარხევდა გამოსაფხიზლებლად. უნდა წავიდე, უნდა წავიდე...". ბევრი იარა თუ ცოტა, უსახლკარო გოგონა ლეგენდარულ შემსრულებლად იქცა და დღემდე საკუთარი შემოქმედებით 16 მილიონი აშშ დოლარის დაგროვებაც შეძლო. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული