Thumbnail

კრის კორნელის თაყვანისმცემლები შავი ხვრელისთვის მისი სახელის დარქმევას ითხოვენ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

გარდაცვლილი ამერიკელი მუსიკოსის, კრის კორნელის თაყვანისმცემლებმა პეტიცია შეადგინეს, რომელშიც არტისტის პატივსაცემად გალაქტიკა Messier 87-ის ცენტრში მდებარე შავი ხვრელისთვის მისი სახელის დარქმევას ითხოვენ. პეტიციაზე ხელმოწერა მსურველებს change.org-ზე შეუძლიათ.

► შავი ხვრელის პირველი ფოტო გავრცელდა

► კრის კორნელზე დოკუმენტურ ფილმს იღებენ, რომლის პროდიუსერი ბრედ პიტი იქნება

"თითქმის ორი წლის წინ ჩვენ კრის კორნელი დავკარგეთ. ის ჯგუფების, Soundgarden-ისა და Audioslave-ის ვოკალისტი და მთელი თაობის ხმა იყო. Black Hole Sun, რომელიც კორნელმა დაწერა, Soundgarden-ის ყველაზე ცნობილი სიმღერა და 90-იანი წლების ნამდვილი ჰიმნია. ამ მიზეზით და იმ გავლენის გამო, რომელიც მუსიკოსმა უამრავი ადამიანის ცხოვრებაზე მოახდინა, ვთხოვთ NASA-ს, რომ შავ ხვრელს, რომლის ფოტოც ახლახან გავრცელდა, კრის კორნელის სახელი დაერქვას", - წერია პეტიციაში.

ამ დროისთვის პეტიციას 40,000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

კომპოზიცია Black Hole Sun ჯგუფმა Soundgarden 1994 წელს გამოუშვა. სიმღერა ბენდის რიგით მეოთხე სტუდიურ ალბომში Superunknown არის წარმოდგენილი.

კრის კორნელმა მუსიკალური კარიერა 1984 წელს დაიწყო. ის ცნობილი ჯგუფებში Soundgarden-სა და Audioslave-ში მოღვაწეობით გახდა. არტისტის დისკოგრაფიაში 4 სოლო ალბომიც შედის. 2 გრემის მფლობელ შემსრულებელს 30 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. გამოცემა Rolling Stone-მა ის ყველა დროის საუკეთესო ვოკალისტებს შორის დაასახელა. 2017 წლის 18 მაისს 52 წლის ასაკში მუსიკოსმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული