Thumbnail

გია ხადური: 10+1 სექსუალური სიმღერა მამაკაცების შესრულებით

გია ხადური პროფილის ფოტო
გია ხადური

მუსიკალური პუბლიცისტის, გია ხადურის საავტორო რუბრიკა. 

ნახეთ სრული ფლეილისტი

ქალების მიერ შესრულებული სექსუალური სიმღერების სიის შემდეგ, მამაკაცების ჯერი დადგა. როგორც წესი, კაცი არტისტების რეპერტუარში სექსუალურ-ეროტიკულ კონტექსტს მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა და, აქედან გამომდინარე, უამრავი ასეთი კომპოზიციაა ჩაწერილი. ამიტომაც, გადავწყვიტე, რომ ეს ათეული ძირითადად სახელგანთქმული შემსრულებლებით დამეკომპლექტებინა.

10. Marvin Gaye - Let’s Get It On

მარვინ გეიმ სახელი და უზარმაზარი ავტორიტეტი 1971 წელს მოიხვეჭა, როდესაც სოციალურ-პოლიტიკური თემატიკით დატვირთული შედევრი What’s Going On ჩაწერა. ამ ალბომის შემდეგ, ის მოულოდნელად შემოქმედებით ჰედონიზმში გადავარდა, სექსუალური შინაარსის სიმღერების წერას მიჰყო ხელი, კიდევ უფრო დიდი პოპულარობა მოიპოვა და სექსსიმბოლოდაც იქცა.

ასეთი რადიკალური ცვლილება, სავარაუდოდ, განაპირობა მარვინის მცდელობამ, გათავისუფლებულიყო იმ არასრულფასოვნების კომპლექსისგან, რომლითაც მთელი ცხოვრება იტანჯებოდა და რომელიც პირდაპირ მის მამაკაცურ ეგოს ურტყამდა. სწორედ ეს ბექგრაუნდი ანიჭებს მუსიკოსის ნამუშევრებს უაღრესად პირადულ ხასიათს, სიღრმესა და ძალას. ამ კუთხით ეს ტრეკი გადამწყვეტია. სწორედ მისი ჩაწერის შემდეგ დაიწყო გეის ეროტიკულ-სექსუალური ეპოპეა, რომელიც 1983 წელს დასრულდა, როცა მორიგი ცხარე კონფლიქტის დროს მამამისმა მისივე ნაჩუქარი რევოლვერით მოკლა. რაღა უნდა ვთქვა, ნამდვილი ფროიდისტული დრამაა. 

9. Kanye West - Devil in a New Dress

ამ კომპოზიციაში ქანიე ვესთი იმ დილემას ეხება, რომელიც უკვე მრავალი ათეული წელია, აფროამერიკელ არტისტებს აწვალებს - ერთი მხრივ, სახელი, დიდება, ნარკოტიკები და სექსი, მეორე მხრივ კი, რელიგია და სულიერება. ამ თემის გასაშლელად მან სმოუქი რობინსონის ის ვოკალური ფრაზა დალუპა, რომელიც ორიგინალში საერთოდ ჩაკარგულია, მაგრამ ქანიეს ტრეკში ეროტიკულ-ინტიმურ რეფრენად იქცა. 

ვესთის რეჩიტატივი ფიქრი და პასუხების ძიებაა. ბოლოს ის ვერ უძლებს ეშმაკის მოციქული ქალის მომნუსხველობას და ნებდება. მაგრამ ინტრიგაც სწორედ იმაშია, რომ აფროამერიკულ კულტურაში, ქრისტიანულ-ბაპტისტურ სპირიჩუელსა თუ გოსპელში ეროტიკული ექსტაზი სულაც არ მოდის წინააღმდეგობაში სულიერ ძიებებთან, ქანიეს კი არასდროს გაუწყვეტია კონტაქტი საკუთარ ფესვებთან. ამას დღეს ბევრი ცდილობს და აკეთებს, მაგრამ მასზე ეფექტურად და სიღრმისეულად ვერავინ. მაშინაც კი, როდესაც, მუსიკალური თვალსაზრისით, დიდ მიღწევასთან შეიძლება, არც გვქონდეს საქმე.

8. Chris Isaak - Wicked Game

კრის აიზეკი მეგავარსკვლავი არ არის, სამაგიეროდ, მისი ეს სიმღერაა ნამდვილი ჰიტი. თანაც ისეთი, ამ სიაში რომ გამომეტოვებინა, ნამდვილ მკრეხელობას ჩავიდენდი. აღარაფერს ვამბობ მასზე გადაღებულ, ეროტიზმის ეტალონად ქცეულ ვიდეოზე.

კომპოზიციას გამოსვლისას დიდი რეზონანსი არ გამოუწვევია, მაგრამ მისი მელანქოლიურ-ელეგიური ეროტიკულობა თავად დევიდ ლინჩმა შენიშნა და სიმღერა თავისი ფილმის "გულით ველურნი" საუნდტრეკად აქცია. შემდეგ ლინჩის თაყვანისმცემელმა, ერთ-ერთმა ცნობილმა დიჯეიმ დაიწყო რადიოში მისი გამუდმებული როტაცია და სწორედ ამის შემდეგ იქცა Wicked Game ნამდვილ სენსაციად. 

აიზეკი საკუთარ შემოქმედებაში ყოველთვის აპელირებდა 50-იანების სენტიმენტალურ ჰოლივუდურ ბალადებსა თუ რომანტიკულ როკაბილიზე, ვოკალითაც ქრუნერებს ბაძავდა. ამ სიმღერაში კი ეს ყველაფერი სექსუალურ, ინტიმურ ატმოსფეროში გაახვია. 50-იანებში ეროტიზმის ასეთი აშკარა გამომზეურება შეუძლებელი იყო, 80-იანების მეორე ნახევარში კი სრულიად მისაღები. სწორედ ასეთი ვინტაჟურობა (და არა რეტროგრადულობა) და ეპოქის მიმართ დაუმორჩილებლობა ხდის ამ ტრეკს უაღრესად მომხიბლავს, თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, მე ის დიდად არასდროს მომწონდა.

7. Roxy Music - Love is Drug

ბრაიან ფერის შესრულებით ყველა სიმღერა სექსუალურად ჟღერს. მთელი მისი არტისტიზმი სწორედ აქეთკენაა მიმართული. მაგრამ სხვა როკვარსკვლავებისგან განსხვავებით, რომლებიც უმთავრესად გამოუცდელ თინეიჯერ გოგონებს აგოიმებენ, ფერის სამიზნე და მსხვერპლი ყოველთვის გლამურული, დახვეწილი ტოპმოდელები იყვნენ. სმოკინგში გამოწყობილი, დახვეწილი მანერების მქონე ბრაიანი თავისი არისტოკრატული სიცივითა და თავშეკავებული ემოციურობით მათთვის ნამდვილ აღმოჩენად და ტრფობის ობიექტად იქცა.

ფერის თავის სიმღერებში ძალიან უყვარს სიტყვებისთვის ფუნქციონალური დატვირთვის შეცვლა და ის ამ ტრეკშიც არ ღალატობს საკუთარ თავს. ფრაზაში "სიყვარული ნარკოტიკია" იგულისხმება, რომ სინამდვილეში სწორედ სექსია ნარკოტიკი, რომლის გადაგდებაც ძალზე ძნელია. აკი დასეირნობს კიდეც ბოჰემურ უბნებში, ღამის კლუბებში, სადაც ნაშებს ხსნის და შემდეგ ჟიმავს. აი, ესაა, პრინციპში, მთელი ტექსტი.

აკუსტიკურად კომპოზიცია თითქმის დისკოა, წინ წამოწეული ბას-ლაინით, რომელიც ქალებზე სტიმულატორივით მოქმედებს. მოკლედ, იცის ამ კაცმა თავისი საქმე. ამიტომაც ეწაფებოდნენ მის ელიტურ ნაშებს ისეთი ხალხი, როგორებიც არიან დევიდ ბოუი ან მიკ ჯაგერი. ისე ქალებთან განშორებას ბრაიანი ყოველთვის დრამატულად განიცდიდა და მის სიმღერებში ეს კარგად იგრძნობა.

6. Prince - Kiss

კიდევ ერთი სექს-გიგანტი. საკუთარი სიმაღლის გამო პრინსი ბავშვობიდან იტანჯებოდა, არადა კალათბურთელობაზე ოცნებობდა და, შესაბამისად, სექსუალური ჩირლიდერების გაჟიმვაზეც. სამაგიეროდ, ის, რაც ახალგაზრდობაში დააკლდა, წარმატებით აინაზღაურა მაშინ, როდესაც გენიოსად აღიარეს და სუპერვარსკვლავი გახდა.

პრინსის შემთხვევაშიც, ფაქტობრივად, მოზარდობისდროინდელ კომპლექსებთან გვაქვს საქმე. ერთმა ჟურნალისტმა ადრე ისიც კი დაწერა, პრინსი თავის ალბომებზე მუშაობისას, ალბათ, ორგაზმს ორგაზმზე განიცდისო. არტისტის შემოქმედება სექსითაა გაჯერებული და ის ამას არც არასდროს მალავდა. ამ კომპოზიციაშიც რიტმი ისე პულსირებს, როგორც ერეგირებული ფალოსი. ასეთი ტემბრითა და მანერით სიმღერა მხოლოდ ნამდვილ ეროტომანს თუ შეუძლია. ლირიკის მხრივ სექსუალური და ხშირად პერვერსიული კონტექსტიც კი პრინსის სხვა ნამუშევრებში უფრო იგრძნობა, მაგრამ მუსიკალურად "კოცნა" შეუდარებელია და, მე თუ მკითხავთ, ნამდვილი შედევრიც.

5. Queen - Body Language

ფრედი მერკურიმ, სანამ შიდსით არ დაავადდებოდა, საკუთარი სექსუალური იდენტობის საჯაროდ გამჟღავნება ვერ მოახერხა. "ქუინის" ფრონტმენს მუდმივად უკიჟინებდნენ, რომ ეს აღიარება ჯგუფის მსმენელთა ჰომოფობიურად განწყობილ ნაწილს დააფრთხობდა. რა თქმა უნდა, მერკური ცდილობდა, რაღაც მინიშნებები გაეკეთებინა, მაგრამ 1985 წლამდე გადაღებულ კლიპებშიც კი იძულებული იყო ულვაშიანი მაჩოს როლი ეთამაშა. სწორედ ამის მკაფიო ნიმუშია ეს უსექსუალურესი კომპოზიცია და ვიდეო.

მუსიკალურად ეს ტრეკი, ისევე, როგორც მთელი სტუდიური ჩანაწერი, არ ჰგავს "ქუინის" კლასიკურ ნამუშევრებს. 1982 წელს გამოშვებული, ფანკის, დისკოსა და ნიუ ვეივის ნაზავი ალბომი ჩავარდა. ჯგუფიც პომპეზურ, კომერციულ მეინსთრიმს დაუბრუნდა და, შესაბამისად, მუსიკაც სულ უფრო მოსაწყენი და შაბლონური გაუხდათ. რაც ძალიან საწყენია, რადგან ვფიქრობ, რომ მუსიკოსებს ჰქონდათ პოტენციალი სხვა, გაცილებით უფრო საინტერესო მიმართულებით წაეყვანათ საკუთარი შემოქმედება. ეს ამ კომპოზიციიდანაც კარგად ჩანს.

პარადოქსია, მაგრამ მერკურის ტენორი, ალბათ, დამაბრკოლებელი ფაქტორი გახდებოდა ამ გზაზე (ესეც ამ ტრეკში ჩანს), თუმცა, ისიც ფაქტია, რომ მისი სასაუბრო ხმა ბარიტონი იყო. ასეა თუ ისე, ახლა ამაზე საუბარს უკვე აზრი აღარ აქვს.

4. Rod Stewart - Da Ya Think I’m Sexy

ამ კომპოზიციის ჩაწერის შემდეგ, როდ სტიუარტს როკის მოყვარულების ისეთი რისხვა დაატყდა თავს, ცოცხალი როგორ გადარჩა, გასაკვირია. როკ-ენ-როლსა და დისკოს შორის შეხების წერტილის ძებნით მაშინ ბევრი მუსიკოსი იყო გატაცებული, მაგრამ მხოლოდ წმინდა აკუსტიკურ კონტექსტში. როდმა კი სწორედ დისკოს სენსიტიურობა, მისთვის დამახასიათებელი ჰედონიზმი და დაუფარავი სექსუალობა აიღო, თავის სპეციფიკურ ვოკალს ოსტატურად მოარგო და ნამდვილი ჰეტერო დისკო-როკ ჰიმნიც შექმნა. არადა დისკო კონკრეტულ ორიენტაციას პრინციპულად არ აღიარებს. მოკლედ, როდ სტიუარტმა ყველას თავგზა აუბნია და სწორედ ამაში მდგომარეობდა ამ ტრეკის ეფექტიც.

სრულიად უშინაარსო და ფუქსავატური მუსიკაა, ნარცისული სექს ბრავადა, მაგრამ ძალზე მყარად კონსტრუირებული, ეფექტური მელოდიითა და უზუსტესი საუნდით. ბალანსი - აი, რაშია ამ კომპოზიციის საიდუმლო. პირველად რომ მოვისმინე, მეგონა, გული ამერეოდა, მაგრამ მალევე გავაცნობიერე, რომ სრულიად განიარაღებული ვიყავი. ის სწორედ ისე გკერავს, როგორც პოტენციურ სექსუალურ პარტნიორს კერავენ ხოლმე პიკანტურ გარემოში. ამის უნარი კი სიმღერისთვის ცოტა ნამდვილად არაა.

3. Bruce Haack - Blow Job

ერთადერთი გამონაკლისი, რომელიც დავუშვი და სიაში უცნობი არტისტის უცნობი ტრეკი შევიტანე. სხვა გზა, უბრალოდ, არ მქონდა. ეს ალბომი 1978 წელს ჩაიწერა, მაგრამ უაღრესად სექსუალური კონტექსტის გამო, რელიზი მაშინ დაიბლოკა და მისი ოფიციალურად  გამოშვება მხოლოდ 2008 წელს მოხერხდა. უცნაურია, მაგრამ ამ დაგვიანებით არაფერი გაფუჭებულა. ეს მუსიკა არათუ მოძველდა, არამედ ფორასაც კი მისცემს ბევრი თანამედროვე ელექტრონული არტისტის ნამუშევრებს.

ჰააკი პროფესიულად განსწავლული მუსიკოსი იყო, ინტელექტუალი და ფილოსოფიის კარგად მცოდნეც. Blow Job მას აქ მხოლოდ პირდაპირი მნიშვნელობით არ უგულისხმია. ამიტომაცაა ის დანაწევრებული და კომპოზიციის მიმდინარეობისას ორი შემადგენელი სიტყვით მანიპულაციაც არაერთხელ გვხვდება. "კეთილი იყოს შენი მობრძანება მეორეხარისხოვან ყოფაში, მეგობარო, ერთადერთი, რის გამოც არსებობა ღირს, მინეტია," - ასე იწყება ტრეკი და სქესობრივი აქტის ეს ფორმაც უკვე სულ სხვა ასპექტში გადადის, თან ისე, რომ პირველად შინაარსსაც ინარჩუნებს. მოკლედ, სახეზეა საყოველთაო სევდა და სამყაროს უმანკოების დასასრული.

2. James Brown - Sex Machine

დავაკვირდი და ამ სიაში შესული ტრეკების უმეტესობაში ფანკის ჟღერადობა დომინირებს. და ვინ არის ფანკის ფუძემდებელი? რა თქმა უნდა, ჯეიმს ბრაუნი.

ბრაუნისთვის მთავარი არის არა მელოდია, არამედ რიტმი. მას ყველა ინსტრუმენტული სექცია ქმნის. ჯეიმსის ვოკალსაც კი ეს ფუნქცია აკისრია. თუ ყველა ამ სეგმენტის ურთიერთქმედება აკუსტიკური მასის მოძრაობას და დრაივს იწვევს, საქმე ფანკთან გვაქვს. ეს არის მუსიკის უნარი, გამოიწვიოს სექსუალური იმპულსები. ჯეიმს ბრაუნის ანტირასისტული ტრეკებიც კი სექსუალურია და საერთოდ, ამ კონტექსტში შინაარსს არც აქვს მნიშვნელობა. თუ თავს სექს-მანქანად გრძნობ, შენი მუსიკა მსმენელს აღაგზნებს.

აფრიკის რიტუალური მუსიკის ექსპანსიურობა, ექსტატურობა და სექსუალობა არსად იკვეთება ისე უშუალოდ, როგორც ჯეიმს ბრაუნის ნამუშევრებში. ეს განსაკუთრებით მის ლაივ-პერფორმანსებს შეეხება. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ბრაუნის საკონცერტო ჩანაწერები აშკარად სჯაბნის მის სტუდიურ ალბომებს. ლამის ფიზიკურად გრძნობ არტისტისგან წამოსულ ენერგიას და ამაში თავადაც დავრწმუნდი, როდესაც მის კონცერტს დავესწარი.

1. The Rolling Stones - (I Can’t Get No) Satisfaction

ეს სიმღერა ვერაფრით მოხვდებოდა ჩემს ათეულში, რომ არა ვიდეო. "როლინგ სთოუნზს" სექსუალური კონტექსტის მქონე უამრავი სიმღერა აქვს შექმნილი, მაგრამ აქ საქმე ცოტა სხვა მოვლენასთან გვაქვს. ფაქტია, რომ კომპოზიცია მხოლოდ სექსუალურ დაუკმაყოფილებლობაზე არ არის. ის განზოგადოებულია - დაუკმაყოფილებლობა ყველასგან და ყველაფრით. ცალკე საკითხია, თუ როგორაა ეს მოწოდებული აკუსტიკურად. აქ უკვე საქმე გვაქვს იმასთან, რასაც ფსიქოანალიზში სუბლიმაცია ეწოდება. პროცესი, როდესაც ხდება სექსუალური ენერგიის გამოთავისუფლება და მისი მიმართვა არა დაკმაყოფილებისკენ, არამედ შემოქმედებითი, კრეატიული თუ სოციალური იმპულსების გაძლიერებისკენ.

მიკ ჯაგერი აქ თითქოს ცნობიერს თიშავს, ნელ-ნელა შედის ექსტაზში და თან მიჰყავს ის მცირერიცხოვანი აუდიტორიასაც, რომელიც BBC-ის სტუდიაშია თავმოყრილი. ადრე არსებობდა ამ ვიდეოს ცენზურირებული ვერსია, რომელშიც ტიტრებით იყო გადაფარული მომენტი, როდესაც პუბლიკა ჯაგერს სცენაზე სწვდება და ლამის მასთან შერწყმას ცდილობს. იუთუბის ეპოქაში შესაძლებელი გახდა ავთენტური ვერსიის მოძიებაც, მაგრამ მე მაინც ძველი ვარჩიე. ასე უფრო იგრძნობა მთელი ეს როკ-ენ-როლური, აშკარა თუ ქვეცნობიერი სექსუალური ვნებათაღელვა და იმიტომ.  


0. ცისფერი ტრიო - შორი გზიდან მომავალო

მინდა, გითხრათ, რომ "ცისფერი ტრიო" ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფენომენია, რომელიც ქართულ ესტრადაზე გამოჩენილა. ფაქტობრივად, სწორედ მათ შექმნეს ახალი ქართული ქალაქური ფოლკ-რომანსი და სრულად განაახლეს ის, რასაც სცენაზე გიტარის თანხლებით შესრულებული საქეიფო სიმღერები ჰქვია. ამიტომაც სარგებლობდნენ უდიდესი წარმატებით არა მხოლოდ ჩვენში, არამედ ყველგან, სადაც კი ყოფილან.

რაც შეეხება ამ კომპოზიციას, "შორი გზიდან მომავალო" უიშვიათესი სექსისტური სიმღერაა უტიფარი ტექსტით. ის პირველად კინოსურათში "მოიტაცეს თამარ ქალი" გაჟღერდა მუსიკის ავტორის, ჯანსუღ კახიძისა და მისი ამფსონების შესრულებით და საკმაოდ კარგადაც მოერგო ფილმის სიუჟეტს. 

"ცისფერი ტრიოს" ვერსია უფრო შერბილებულია, ნაკლებად მასკულინური, მგრძნობიარე და დელიკატურიც კი, მაგრამ სწორედ ასეთი შესრულების მანერა აღრმავებს ვნების გრადუსს. რა თქმა უნდა, აქ მთავარი მაინც პეტრე გრუზინსკის ტექსტია, რომელიც თამამად შეიძლება, ჩაითვალოს სექსუალური ცინიზმის უნაკლო ნიმუშად:

"გირჩევ, სხვა გზით გაიარო,
ჩემს სახლთან არ აიარო,
თორემ, თუ დაგადგი თვალი,
ვერ დაგიცავს შენი ქმარი.
გოგოვ, შენი ნახვა მინდა 
ბნელი უმთვარო ღამითა,
მხოლოდ და მხოლოდ გაკოცებ,
რა დაშავდება ამითა?
მარტო ერთი კოცნა მინდა,
არ გეგონოს, შენთვის ვკვდები,
ნუ გგონია, ცოლს დავტოვებ
და შენ გამოგეკიდები..."

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინოლოგია გამოხატავს ავტორის პოზიციას, რასაც, შესაძლოა, რედაქცია არ იზიარებდეს.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული