Thumbnail

მუსიკალური პუბლიცისტის, გია ხადურის საავტორო რუბრიკა. 

ნახე სრული ფლეილისტი

გადავწყვიტე, სექსუალური სიმღერები ორ ნაწილად დამეყო - ქალებისა და კაცების შესრულებით. სექსიზმსა და მამაკაცურ შოვინიზმში რომ არ ვიყო მხილებული, როგორც ჭეშმარიტმა ჯენტლმენმა, პირველად სწორედ ქალების ათეული დავაკომპლექტე.

10. Divinyls - I Touch Myself 

ეს ავსტრალიური ბენდი არაფრით იქნებოდა გამორჩეული, რომ არა ეს სიმღერა. ჯგუფის სოლისტი კრისი ემფლეტი მის გამოშვებამდეც ავხორც ქალად ჩანდა. სიმპათიური გარეგნობა, მგრძნობიარე ტუჩები, დიდი მკერდი, გრძელი ფეხები და უკვე ნათელი ხდება, რატომ სარგებლობდა კოლექტივის ლაივები პოპულარობით 80-იანებში.

ამ კომპოზიციითა და კლიპით, ფაქტობრივად, წრე შეიკრა, კრისიც ბოლომდე გაიხსნა და გაიფურჩქნა. ხორციელი სურვილებით სავსე ტექსტს რომ თავი დავანებოთ, მუსიკა და ვოკალი ისე მაცდურად ჟღერს, ძნელია, წამით მაინც გულგრილი დარჩე. მით უმეტეს მაშინ, როცა კლიპსაც უყურებ. მოკლედ, ნამდვილი ვიაგრაა. კომპოზიცია კულმინაციას მაშინ აღწევს, როდესაც კრისი ამბობს, მუხლებზე დავდგები და გავაკეთებ იმას, რაც შენ გსურსო. როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია. 

9. Antena - The Boy from Ipanema

80-იანი წლების ბელგიური ტრიო, რომლიც ახალ საუკუნეში ხელახლა აღმოაჩინეს და აღტაცებაც ვერავინ დამალა. მათი ეს ჩანაწერი ცნობილი ბრაზილიური სიმღერის Garota de Ipanema ქავერია. კომპოზიტორი ანტონიო კარლოს ჟობიმი და პოეტი ვინისიუს დი მორაისი ხშირად სტუმრობდნენ რიო დე ჟანეიროში, იპანემას პლაჟთან ახლოს მდებარე მოდურ კაფე "ველოსოს", რომელშიც ასევე სისტემატურად დადიოდა ბიკინიში გამოწყობილი ვინმე ელუ პინეირუ, ლამაზი გოგონა ქალაქის ელიტური რაიონიდან. სწორედ მას მიუძღვნეს ტესტოსტერონმოზღვავებულმა მეგობრებმა ეს ათასჯერ გადამღერებული ნაწარმოები.

"ანტენას" ორი სოლისტი გოგონა ჰყავდა, ამიტომაც, სიმღერის საკუთარ ვერსიაში პერსონაჟის სქესი შეცვალეს. კლიპი კი სწორედ იმ ისტორიას გვიყვება, თუ როგორ ოხრავს ორი ცუღლუტი გოგონა, როდესაც პლაჟიდან მომავალ ბიჭს დაინახავს, რომელიც სინამდვილეში ბენდის მესამე წევრია. 

8. Peaches - Fuck the Pain Away

ფიჩიზის სახელით ცნობილი მერილ ბეთ ნისკერი უნიკალური მოვლენაა 21-ე საუკუნის პოპკულტურაში და არამარტო იქ. მუსიკალურად მისი ნამუშევრები ტიპური ელექტროქლეშია, საკმაოდ ამჩატებული და ცოტა მოხალტუროც, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ ასეთი მიდგომა აღმოჩნდა სწორი კანადელი არტისტის მთავარი პოსტფემინისტური მესიჯის გასაჟღერებლად, რომელიც გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრისკენ კი არ არის მიმართული, არამედ გენდერული განსხვავებულობის დასაძლევად და საერთოდ წასაშლელადაც.

მოკლედ, ფიჩიზი უარყოფს ბინარულობას ნებისმიერ იპოსტასში და ამას პოპკულტურის სასახელო ტრადიციებზე დაყრდნობით აკეთებს. თუმცა, ეს ტრეკი ამ კუთხით ცოტა განსხვავებულია. აქ მუსიკოსი, როგორც ჯერ კიდევ ქალი, ისე მიმართავს მოზარდებს, რომლებსაც მისი გაჟიმვა უნდათ და საკუთარი გაკვეთილების ათვისებისკენ მოუწოდებს. რაც გასაკვირი სულაც არაა. ის ხომ ყოფილი მასწავლებელია.

7. Madonna - Justify My Love

ეს ტრეკი და კლიპი, ალბათ, ყველამ იცის. ჩემი აზრით, ის საუკეთესოა მადონას ადრეულ შემოქმედებაში. ნამუშევარი, რომელშიც პოპვარსკვლავი ქალის სექსუალობის და ფანტაზიებსა თუ წარმოსახვაში მისი გამოვლენის შესახებ გვესაუბრება. მუსიკა ლენი კრავიცს ეკუთვნის, ტექსტის ძირითადი ნაწილი კი ინგრიდ ჩეივსს, მაგრამ სწორედ მადონამ ჩადო სიმღერაში ის შინაარსი და მგრძნობელობა, რომელიც მის ავტორებს დარწმუნებული ვარ, თავში არც მოსვლიათ.

კომპოზიციაში უცნაურად და ჰარმონიულად არის შეთავსებული სექსიზმი და ფემინიზმი. სწორედ აქ ვლინდება მადონას ძლიერი მხარე - წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით საკუთარი თავისა და ქვეცნობიერის კვლევა და შემდეგ ამ კვლევის შედეგების გონივრული, კონვეიერული ექსპლუატაცია პოპმეინსტრიმის ფარგლებში, როდესაც მთავარი ხდება უკვე არა ის, თუ როგორი არტისტია მადონა, არამედ თავად მისი ფიზიკური არსებობა. 

6. Mazzy Star - Fade into You

კურტ კობეინის ერთ-ერთი უსაყვარლესი ბენდი, რომელმაც ეთერიალ პოსტ პანკსა და დრიმ პოპს შორის გარადამავალი აკუსტიკური ტერიტორია შექმნა და რომლის ვოკალისტის, ჰოუპ სანდოვალის შესრულების მანერა ორიენტირი გახადა იმ უამრავი ქალი შემსრულებლისთვის, რომლებითაც გამოტენილია 21-ე საუკუნის ინდი სცენა.

ეს სასიყვარულო კომპოზიცია ყველაზე პოპულარულია ამ ბენდის შემოქმედებაში. ძალზე გულახდილი ტექსტის მიუხედავად, მას ვულგარულობის ნატამალიც კი არ დაჰკრავს, რაც, პირველ რიგში, სწორედ ჰოუპ სანდოვალის დამსახურებაა. მისი მელოდიური, რომანტიკული ვოკალი და ბენდის ატმოსფერული საუნდი იმდენად მელანქოლიურად და სევდიანად ჟღერს, რომ უხამსობისა და აღვირახსნილობისთვის ადგილს არ ტოვებს. სწორედ ასეთი დელიკატური ეროტიკულობის გამოა, რომ ეს ტრეკი დღემდე უზარმაზარი წარმატებით სარგებლობს როგორც ალტერნატივშიკებში, ასევე, მეინსტრიმულ აუდიტორიაშიც.

5. Hundred Waters - Murmur

ბოლო დროის ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკული ბენდის ეს ტრეკი და განსაკუთრებით მასზე გადაღებული ვიდეო იმის მკაფიო მაგალითია, თუ როგორ ნიღბავენ თავიანთ ეროტიკულ სურვილებს მეინსტრიმს მიღმა მოღვაწე ქალი არტისტები. ტექსტი დაკომპლექსებული მოზარდი გოგონას გზავნილია მისი ტრფობის გამოსირებული ობიექტის მიმართ, მაგრამ კლიპი...

სარემონტოდ გამზადებულ სახლში მარტო მყოფი გოგონა თავის უიღბლო სიყვარულზე ჩივის. ამ დროს სახლს უნიფორმებში გამოწყობილი მუშების მთელი არმია შემოესევა. მთავარი პერსონაჟის გარშემო მათი შენელებული პროწიალის სცენები ძალიან წააგავს ბანალური პორნოფილმის პროლოგს. შემდგომში, საინტერესო თითქოს არც არაფერი ხდება, მაგრამ ფინალისკენ ვხედავთ, თუ როგორ "დასტოინად" (შეიძლება, შერცხვენილებიც) ტოვებენ მუშები ეზოს. არ არის გამორიცხული, რომ ასეთი ინტერპრეტაცია ჩემი ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, თუ როგორი ეროტიკული აკუსტიკური ატმოსფეროა ტრეკში და რა ფარული ვნებით მღერის ბენდის ვოკალისტი ნიკოლ მიგლისი, რეალობაში თუ არა, მის თავში რაღაც ზღვარგადასული ფანტაზიები მაინც ტრიალებს. მოკლედ, ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ უფრო მეტად დავრწმუნდი, რომ ჩუმი, მოკრძალებული გოგონები სინამდვილეში სულაც არ არიან უმანკონი.

4. Guesch Patti - Etienne

გასული საუკუნის 60-იან წლებიდან ფრანგულ სცენაზე პოპულარობა მოიპოვა ეროტიკულმა საშემსრულებლო მანერამ, მინორულმა და მგრძნობიარემ, რომელიც შეუძლებელია, სხვაში აგერიოს. შეიქმნა გარკვეული სტანდარტი, რომლის ექსპლუატაციასაც დღემდე წარმატებით ეწევიან ამ ქვეყანაში მოღვაწე ქალი არტისტები.

1987 წელს ყოფილმა ბალერინამ, გეშ პატიმ თავისი Etienne-ით ეს სტანდარტი, ფაქტობრივად, დაანგრია. აქ საქმე ექსპანსიურ, აგრესიულ და ეპატაჟურ, როკ-ენ-როლურ სექსუალობასთან გვაქვს. გეშ პატი მამაკაცური სექსიზმის მსხვერპლიცაა და ამავდროულად ნამდვილი დომინანტიც, ველური და ემოციური. მან ღიად აჩვენა ყბადაღებული ფრანგული ეროტიზმის ფარული მხარე, თან ისე, როგორც ეს მანამდე არავის გაუკეთებია - ან ვერ გაბედა, ან ამის სურვილი არ ჰქონია. ამ ეფექტურ და მუსიკალურად ძალზე ძლიერ ტრეკზე გადაღებული ვიდეო ზუსტად ასახავს აკუსტიკურ მესიჯს და არანაკლებ პროვოკაციულია, ვიდრე სიმღერის შინაარსი. 30 წლის შემდეგ პირველად მოვისმინე, ვნახე და, თურმე, ეფექტი არ დაუკარგავს. ამიტომაც, სრულიად დამსახურებული მეოთხე ადგილი.

3. Donna Summer - Love to Love You Baby

1975 წელს ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილმა დონა სამერმა ჯორჯო მოროდერის ხელმძღვანელობით მიუნხენში ჩაწერა და შემდეგ ერთ-ერთ ჰოლანდიურ ლეიბლზე გამოსცა ეს ტრეკი. მოროდერმა ფირფიტა ლოს ანჯელესში Casablanca Records-ის ხელმძღვანელს, ნილ ბოგარტსს გაუგზავნა, რომელმაც კომპოზიცია საკუთარ სახლში მოწყობილ რომელიღაც გლამურულ წვეულებაზე ჩართო, თან სწორედ მაშინ, როდესაც სტუმრები უკვე გამსკდარნი იყვნენ კოკაინითა და ალკოჰოლით.

სიმღერამ ააფეთქა იქაურობა და ყველამ, იმის განურჩევლად, ვინ ვისი ცოლი-ქმარი, თუ გერლფრენდ-ბოიფრენდი იყო, განმარტოებისთვის ოთახების ძებნა დაიწყო. ბოგარტი მიხვდა, რომ ოქროს საბადოს წააწყდა, მოროდერს 16-წუთიანი ვერსია შეუკვეთა და იმ დროს ჯერ კიდევ იატაკქვეშეთში მყოფ დისკო კლუბებში შეაგდო, სადაც ნამდვილი ფურორი გამოიწვია. ასე შეიჭრა მეინსტრიმში საცეკვაო დისკო კულტურა და მუსიკალური ინდუსტრიის ნაწილადაც გადაიქცა. არადა, ტრეკში მხოლოდ ორკესტრირებული რიტმი, სამერის ორი ფრაზა და მისივე პერმანენტული, ორგაზმული ოხვრა-კვნესა ისმის. ეს ამ ტრეკის თავდაპირველი, სამწუთიანი ვერსიაა, რომელიც დღემდე მაგიურად მოქმედებს.

2. Gal Costa - Da maior importância

გალ კოსტა საკულტო მომღერალია, არტ-მუსიკალური მოძრაობა "ტროპიკალიას" აქტიური წევრი, რომელმაც ისედაც დაუფარავი ბრაზილიური სექსუალობა და ეროტიზმი სულ სხვა იპოსტასში გადაისროლა და კულტურულ არტეფაქტად აქცია. გაეტანო ველოსოს ეს შეუდარებელი სიმღერა რაზეა, წარმოდგენა არ მაქვს და არც მაინტერესებს. მთავარია ის, თუ როგორ ახდენს კოსტა მის პრეზენტაციას, როგორც აკუსტიკურად, ასევე ვიზუალურად.

ისეთი საოცარი ქარიზმა, როგორიც მას ამ საკონცერტო ვიდეოში აქვს, არსად შემხვედრია. როგორ ზის ნახევრად შიშველი ამორძალივით, როგორი ბუნებრივად დახვეწილი მანერები აქვს, როგორი მომნუსხველი მზერა, თითქოს კამერას ხვრეტს, შენში შემოდის და პირდაპირ აპელირებს ტვინის იმ უჯრედებზე, რომლებიც ეროტიკულ იმპულსებზე აგებენ პასუხს. მოკლედ, იმდენად განმაიარაღებელი ქალია, რომ მასთან შედარებით თანამედროვე მეგავარსკვლავები ძვირადღირებულ მეძავებს გვანან. სხვათა შორის, ალბომის გარეკანზეც თვითონაა გამოსახული. თითქოს ყველაფერი იკვეთება, მაგრამ, აბა, რომელი ფემინისტი გაბედავს მის დადანაშაულებას საკუთარი სექსუალობის ექსპლუატაციაში? ვერცერთი. აქეთ არ დაადანაშაულოს ყველა.

1. Serge Gainsbourg & Brigitte Bardot - Je t'aime… moi non plus

ყველა დროის ყველაზე სექსუალური სიმღერა, რომელიც სამყარომ სერჟ გენსბურისა და ჯეინ ბირკინის 1969 წლის ვერსიით გაიცნო და შეიყვარა. სინამდვილეში კი ეს ნამუშევარი სერჟმა ორი წლით ადრე ბრიჯიტ ბარდოსთვის დაწერა და ჩაწერა კიდეც. სინგლი გამოსაცემად მზად იყო, მაგრამ, როდესაც ბარდომ მოისმინა, შეშინდა (ქმარი ჰყავდა მაშინ) და გენსბურს სთხოვა, არ გამოეშვა. 

ბარდო-გენსბურის შესრულებით ამ კომპოზიციამ დღის სინათლე მხოლოდ 1986 წელს იხილა. ის ბევრად სჯობია ბირკინ-გენსბურის ვერსიას. უფრო ეფექტურად არის არანჟირებული და ორკესტრირებული, აკუსტიკური სიტუაციაც უფრო ნერვიულია, სექსუალურადაც უფრო დაძაბული, ბარდოს სიმღერის მანერა და დაბალი რეგისტრის ვოკალი კი კიდევ უფრო აძლიერებს ვნებათაღელვას, რომელიც ამ გაურკვეველ სასიყვარულო ისტორიას ახლდა თან. ავთენტურობა და დრამატულობა - აი, რაშია სხვაობა და ამიტომაც მოხვდა ბარდო-გენსბურის ურთიერთობის ეროტიკულ-აკუსტიკური დოკუმენტი ჩვენს სიაში პირველ ადგილზე. 


0. Ilona Staller - Labbra

ილონა სტალერი, როგორც პერსონა, უკვე თავისთავად მეგა კურიოზია. მთელი სამყარო მას ჩიჩოლინას სახელით იცნობს. საოცარია, რამდენი რამ მოასწრო ამ ქალმა ცხოვრების განმავლობაში. მოდელადაც მუშაობდა, უნგრული სპეცსამსახურების აგენტიც იყო, 70-იანებში იტალიურ ეროტიკულ ფილმებში თამაშობდა, 80-იანებიდან კი უკვე პორნოვარსკვლავად იქცა. 1987 წელს იტალიის პარლამენტშიც მოხვდა რადიკალური ლიბერალური პარტიიდან, თან ისე, რომ პორნოკარიერისთვის თავი არ დაუნებებია. 1991 წელს კი ლეგენდარული ამერიკელი ავანგარდისტი მხატვრის, ჯეფ კუნსის ცოლი და მუზა გახდა.

მთელი ამ დროის განმავლობაში ჩიჩოლინა სიმღერებსაც წერდა და ალბომებსაც უშვებდა. მას არც ხმა უვარგოდა და არც ვოკალის დიაპაზონი. ამ დანაკლისს მის ნამუშევრებში სექსი, ეროტიკა და მოგვიანებით პორნო ავსებდა. ილონას დისკოგრაფიაში საუკეთესოდ მისი სადებიუტო ალბომი ითვლება. სწორედ იქიდან შემოგთავაზებთ კომპოზიციას სახელწოდებით Labbra - ტუჩები. მართალია, ხარისხი ცუდია, მაგრამ დააკვირდით, რამხელა გაქანებით არის გაკეთებული ეს სატელევიზიო ვიდეო. ეტყობა, მართლა სერიოზულად მუშაობდნენ მის მუსიკალურ კარიერაზე, მაგრამ, როგორც ჩანს, სიმღერა უფრო რთული ყოფილა, ვიდრე კამერის წინ ჟიმაობა, პარლამენტარობა ან თუნდაც სპეცსამსახურის აგენტობა.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინოლოგია გამოხატავს ავტორის პოზიციას, რასაც, შესაძლოა, რედაქცია არ იზიარებდეს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული