Thumbnail

ნახეთ: Aphex Twin-მა ქართველი მუსიკოსის, HVL-ის ორი კომპოზიცია დაუკრა

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ლეგენდარულმა ინგლისელმა მუსიკოსმა რიჩარდ ჯეიმსმა, სასცენო სახელით Aphex Twin, ნიუ იორკში მდებარე ღამის კლუბში Avant Gardner შეკრებილი ექვსი ათასი მსმენელის წინაშე ქართველი ელექტრონული არტისტის, HVL-ის ორი კომპოზიცია Enigma და Moon Halo დაუკრა.

► მოუსმინეთ: HVL - Moon Halo

გიგი ჯიქია, იგივე HVL, მსმენელმა 2009 წელს თბილისში შექმნილ ელექტრონულ დუეტში Okinawa Lifestyle მოღვაწეობით გაიცნო. 2013 წელს გერმანულ ლეიბლზე Rough House Rosie მისი სადებიუტო სოლო ჩანაწერი Deep Survey გამოიცა. ამავე წელს ლეიბლმა Voyager მუსიკოსის კიდევ ერთი ნამუშევარი Flats გაავრცელა. მომდევნო წლებში არტისტმა კიდევ რამდენიმე EP გამოუშვა, რომელთა შორის აღსანიშნავია Lucky Star of High Minded, Persona Non Grata და Moon Halo. 2018 წლის ზაფხულში კი ბრიტანულ ლეიბლზე Organic Analogue Records მისი პირველი ალბომი Ostati გამოვიდა.

აღსანიშნავია, რომ Aphex Twin-ს ნიუ იორკში 1990-იანი წლების შემდეგ არ დაუკრავს. ამასთანავე, 11 აპრილის ივენთი მუსიკოსის მიერ ბოლო თერთმეტი წლის განმავლობაში შეერთებულ შტატებში ჩატარებული მხოლოდ მესამე ღონისძიება იყო. 

Aphex Twin თანამედროვე ელექტრონულ მუსიკაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან არტისტად ითვლება. მან მოღვაწეობა ეისიდ ტექნოს ჟანრში დაიწყო. 1992 წელს კი სადებიუტო ალბომი Selected Ambient Works 85–92 გამოუშვა, რომელმაც მელომანთა და კრიტიკოსთა აღიარება მოუტანა. 

1997 წელს გავრცელებულმა EP-მ Come to Daddy და 1999 წლის სინგლმა Windowlicker მუსიკოსი მსმენელთა ფართო მასებს გააცნო. 2001 წელს ჩაწერილი Drukqs-ის შემდეგ, რიჩარდ ჯეიმსს Aphex Twin-ის სახელით სტუდიური ალბომი არ გამოუცია, თუმცა, 2014 წელს ის თაყვანისმცემლებს ახალი ნამუშევრით Syro დაუბრუნდა, რომელმაც საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ალბომის ნომინაციაში გრემის ჯილდო მოიპოვა. 2018 წლის სექტემბერში არტისტმა ამ დროისთვის ბოლო სტუდიური ჩანაწერი Collapse გამოუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული