Thumbnail

ნახეთ: EXO-ს შიუმინი ჯარში გაიწვიეს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის, EXO-ს ყველაზე უფროს წევრს, შიუმინს კარიერაში შემოქმედებითი პაუზის აღება მოუწევს. ის 7 მაისს ჯარში მიდის.

► ნახეთ: კეიპოპ ბენდმა EXO ახალი სიმღერა Love Shot გამოუშვა

29 წლის მუსიკოსი კორეის შეიარაღებულ ძალებში ორი წლის განმავლობაში იმსახურებს. აღსანიშნავია, რომ შიუმინი "ექსოს" პირველი წევრია, რომელიც ჯარში გაიწვიეს. 

"მინდა, მნიშვნელოვანი სიახლე შეგატყობინოთ, 7 მაისს სამხედრო სამსახურში მივდივარ. გპირდებით, რომ საღსალამათი დაგიბრუნდებით", - დაწერა არტისტმა. 

აღსანიშნავია, რომ შიუმინი კოლექტივთან ერთად ბოლო კონცერტებს იაპონიაში 16, 17 და 27 აპრილს ჩაატარებს. 

მსახიობმა და მომღერალმა კიმ მინსოკმა, სასცენო სახელით შიუმინი, კარიერა 2012 წელს დაიწყო. მან განსაკუთრებული პოპულარობა ჯგუფ EXO-ში მოღვაწეობით მოიპოვა. მუსიკოსი ასევე ბენდის ქვედანაყოფების EXO-CBX და EXO-M წევრია.

სამხრეთკორეული მუსიკალური ტელეარხის Mnet დაჯილდოების თხუთმეტგზის გამარჯვებული კოლექტივი სეულში 2012 წელს ჩამოყალიბდა და დღეს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კეიპოპ პროექტად ითვლება. შარშან EXO-მ რიგით მეოთხე სტუდიური ჩანაწერი The War გამოუშვა, რომელმაც 2017 წელს ბილბორდის მსოფლიო ალბომების ჩარტში პირველი პოზიცია დაიკავა. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ჯგუფმა სამხრეთ კორეაში, ქალაქ ფიონგჩანგში გამართული ზამთრის ოლიმპიადის დახურვის საზეიმო ცერემონიაზე იმღერა. ბიჭებმა ღონისძიებაზე ჰიტები Growl და Power შეასრულეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული