Thumbnail

დავით რაფავას 5 საყვარელი სიმღერა

საქართველოს "რა? სად? როდის?" ნაკრების კაპიტნის, დავით რაფავას 5 საყვარელი კომპოზიცია.

ბავშვობაში ყველაზე მეტად არ მიყვარდა კითხვა, დედა უფრო მიყვარს თუ მამა. მას შემდეგ კითხვები დაიხვეწა, მაგრამ ხუთი საყვარელი სიმღერის, წიგნისა თუ კერძის არჩევა მაინც მიჭირს ხოლმე. ახლაც იძულებული ვარ, ხუთეულს მიღმა დავტოვო Red Hot Chili Peppers, Queen, Prince, Siouxsie and the Banshees, Cocteau Twins, Bjork, ირაკლი ჩარკვიანი, მთელი Jesus Christ Superstar, Кино, Lana Del Rey და კიდევ ბევრი სხვა. ბოლო წლებია, სხვადასხვა მიმართულების ელექტრონულ მუსიკას უფრო ვუსმენ, ჰაუსიდან ფსაი-ტრანსამდე, მაგრამ საყვარელი ტრეკების ჩამოთვლასაც აქ ვერ შევძლებ. 

მოკლედ, ამ კონკრეტულ მომენტში ჩემი საყვარელი ხუთი სიმღერა ასეთია:

5. Depeche Mode - Walking In My Shoes

Depeche Mode ბავშვობიდან მიყვარს და მას შემდეგ დღემდე არცერთხელ გაუტეხიათ - 35 წელია, სულ მაღალი დონის ალბომებს უშვებენ, დროს ერგებიან, რაც ძალიან იშვიათი შემთხვევაა. 1993 წლის ალბომი Songs of Faith and Devotion, ჩემი აზრით, საუკეთესოა. ამ ალბომის თითქმის ყველა სიმღერას დავასახელებდი "დეპეშ მოდის" ყველა დროის საუკეთესოთა შორის.

4. Lenny Kravitz - Circus

ყოველთვის მიყვარდა მისი სასიამოვნო, მსუბუქი, დახვეწილი მუსიკა. 

3. Nirvana - Lithium

თანამედროვე მუსიკაში კურტ კობეინი მიმაჩნია ერთ-ერთ ყველაზე დიდ გენიოსად. მუსიკალური თვალსაზრისით ისეთი პრიმიტიული ჟანრი, როგორიც გრანჟია, მან აიყვანა უმაღლეს მწვერვალზე და დიდი ბიძგა მისცა მთელ ალტერნატიულ როკს. კობეინის გენიალობა და "ნირვანას" მუსიკის უნიკალურობა ისაა, რომ სიმარტივის მიუხედავად, მისი მიბაძვა შეუძლებელია.

2. The Smiths - Barbarism Begins At Home 

ხუთივე სიმღერა მანჩესტერული / ინდი როკის შემსრულებლებში რომ ამერჩია, უფრო გულწრფელი ვიქნებოდი, უბრალოდ, ძალიან ერთფეროვანი სია გამომივიდოდა. ამ ჟანრში ყველაზე დიდი სახელი ჩემთვის არის მორისი, რომლის სოლო კარიერა დღემდე გრძელდება, მაგრამ მისი და გენიოსი გიტარისტის, ჯონი მარის კოლაბორაცია ჯგუფში The Smiths იყო საუკეთესო რამ, რაც შექმნილა 80-იან წლების ალტერნატიულ როკში. ეს სიმღერა ნაკლებად ცნობილია, მაგრამ იმის გამო ავირჩიე, რომ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კლასიკური "სმითსურია". 

1. The Cure - Just Like Heaven

პოსტ პანკის ყველაზე დიდი წარმომადგენლის და ჩემი ყველა დროის ერთ-ერთი უსაყვარლესი ჯგუფის ყველა საყვარელი სიმღერიდან ერთ-ერთი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული