Thumbnail

გავრცელებულია მოსაზრება, რომ სინთპოპი წმინდა ბრიტანული მოვლენაა, თუმცა, გასული საუკუნის 70-იან წლებში ჩასახული მუსიკალური მიმართულების პიონერებად ლეგენდარული იაპონური ჯგუფი Yellow Magic Orchestra, ეპოქალური გერმანული კოლექტივი Kraftwerk  და ამერიკული სინთპანკ დუეტი Suicide მოგვევლინენ. ამასთან ერთად, მიმდინარეობაზე უდიდესი გავლენა ექსპერიმენტული ელექტრონული მუსიკის ადრეული წარმომადგენლების ნამუშევრებმა მოახდინა.

ნახე სრული ფლეილისტი

ჟანრმა, რომლის ჟღერადობაც სინთეზატორებისა და რიტმ-მანქანების საშუალებით იქმნებოდა, პოპულარობა 80-იან წლებში მოიპოვა და დეკადის ესთეტიკის სიმბოლოდაც იქცა. სინთპოპ არტისტების ნაწილი დღეს საკულტო სტატუსით სარგებლობს, მათი შემოქმედება კი მომდევნო თაობების მუსიკოსებისთვის ერთგვარ სახელმძღვანელოდ იქცა.

ჩვენს სიაში სწორედ 20 კლასიკურ სინთპოპ კომპოზიციას წარმოგიდგენთ.

20. Suicide - Ghost Rider

1969 წლის ზაფხულში ნიუ იორკში ერთმანეთს უსახლკარო მხატვარი ალან ვეგა და ავანგარდისტი ჯაზმენი მარტინ რევი შეხვდნენ. ასე შეიქმნა Suicide - დუეტი, რომლის წევრებმაც გადაწყვიტეს, რომ მუსიკის შესაქმნელად გიტარა, ბასი და როკისთვის ტრადიციული სხვა ინსტრუმენტები არაფერში სჭირდებოდათ. დამტვრეული სინთეზატორისა და პრიმიტიული დრამ-მანქანის გამოყენებით შესრულებული მონოტონური, ერთაკორდიანი სიმღერები მსმენელებსა და კრიტიკოსებს თანაბრად აღიზიანებდა. ცეცხლზე ნავთს არტისტების პროვოკაციული იმიჯი ასხამდა და შედეგად, მათი თითქმის ყველა კონცერტი უკმაყოფილო მაყურებლებთან სისხლიანი შეტაკებით მთავრდებოდა. ამ დროსა და სივრცეს აცდენილი ჯგუფის მიერ 1977 წელს ჩაწერილი სადებიუტო ნამუშევარი Suicide მუსიკის ისტორიაში პირველ სინთპოპ ალბომად ითვლება. სწორედ მასშია შესული კომპოზიცია Ghost Rider, რომელსაც ჩვენს სიაში წარმოგიდგენთ.

19. Hot Butter - Popcorn

ამ კომპოზიციის სახელწოდება, დიდი ალბათობით, ბევრს არაფერს გეუბნებათ. თუმცა, დარწმუნებულები ვართ, მის მელოდიას პირველივე წამებიდან იცნობთ. უფროსი თაობის წარმომადგენლებს ის ტელეგადაცემა "კინომოზაიკის" ქუდიდან ემახსოვრებათ, ახალგაზრდებს კი ცნობილი ანიმაციური პერსონაჟის, Crazy Frog-ის ვიდეორგოლიდან. Popcorn გერშონ ქინგსლიმ ჯერ კიდევ 1969 წელს, Moog-ის მარკის სინთეზატორის საშუალებით შექმნა, მისი შთაგონების წყაროდ კი პოპკორნის მზადების პროცესში სიმინდის მარცვლების გასკდომის ხმა იქცა. 1972 წელს ნაწარმოების საკუთარი ვერსია ამერიკულმა ჯგუფმა Hot Butter შეასრულა. სინგლმა გამორჩეული პოპულარობა მოიპოვა და ერთ-ერთი პირველი ელექტრონული ტრეკი აღმოჩნდა, რომელმაც შეერთებული შტატების პოპ ჩარტებში მოწინავე პოზიცია დაიკავა.

18. Kraftwerk - Das Model

რთული წარმოსადგენია, როგორ განვითარდებოდა მუსიკის ისტორია, ფლორიან შნაიდერსა და რალფ ჰიუტერს 1970 წელს Kraftwerk რომ არ ჩამოეყალიბებინათ. ელექტრონული ჟღერადობის გერმანელმა პიონერებმა დროს ათწლეულებით გაუსწრეს და მომავალი თაობების არტისტებს კრეატიული იდეების ნამდვილი საბადო დაუტოვეს. დიუსელდორფში დაარსებული ჯგუფის წევრები ინდუსტრიული აუდიოპეიზაჟებით - ქარხნების ხმაურითა თუ მატარებლის ხმების შთაგონებულ მინიმალისტურ მუსიკას ქმნიდნენ. ტექნო, ელექტროპოპი, ჰიპ ჰოპიც კი - ეს იმ ჟანრების არასრული ჩამონათვალია, რომელთა ჩამოყალიბებაშიც "კრაფტვერკს" უდიდესი ღვაწლი მიუძღვის. კომპოზიცია Das Model კოლექტივის 1978 წლის ალბომში Die Mensch-Maschine შედის და ერთ-ერთ პირველ სინთპოპ ჩანაწერად ითვლება. აღსანიშნავია, რომ ეს ნამუშევარი პირველი გერმანული ტრეკია, რომელმაც ბრიტანული ჩარტების სათავეში მოქცევა შეძლო.

17. Alphaville - Big in Japan

დევიდ ბოუი 1977 წელს ბერლინურ კლუბს SO36 საკუთარი ვიზიტებით ხშირად ანებივრებდა. ლეგენდარულ არტისტთან შეხვედრის იმედით ამ დაწესებულებას ყოველდღიურად უამრავი ადამიანი სტუმრობდა. მათ შორის იყო სინთპოპ ბენდის, Alphaville-ის ვოკალისტი მარიან გოლდი. ის სწორედ აქ გადააწყდა ნაკლებად ცნობილი პანკ ჯგუფის, Big in Japan-ის ჩანაწერს, რომელმაც ამავე სახელწოდების მქონე კომპოზიციის შექმნა შთააგონა. სინგლი 1984 წელს გამოიცა და დიდი წარმატებაც მოიპოვა, თუმცა, ჩარტებში პირველი ადგილის დასაკავებლად ინგლისური კოლექტივის, Frankie Goes to Hollywood-ის ჰიტთან Relax მძიმე კონკურენცია მოუწია. ბედის ირონიით, ამ ჯგუფის ფრონტმენი და სიმღერის ერთ-ერთი ავტორი Big in Japan-ის ყოფილი ბასისტი, ჰოლი ჯონსონი გახლდათ.

16. Frankie Goes to Hollywood - Relax

ამ კომპოზიციის ჰიტად ქცევაში უდიდესი ღვაწლი BBC Radio 1-ის წამყვანს, მაიკ რიდს მიუძღვის. 1984 წლის ერთ მშვენიერ დღეს ინგლისელმა დიჯეიმ მსმენელებს აღშფოთებულმა განუცხადა, რომ ტექსტში ორალურ სექსთან დაკავშირებული მინიშნებების გამო Relax საკუთარი ეთერიდან სამუდამოდ ამოიღო. ანტიპიარის უსუსურმა მცდელობამ საპირისპირო შედეგი გამოიღო და დაინტრიგებულმა მსმენელებმა Frankie Goes to Hollywood-ის ნამუშევარი მუსიკალური მაღაზიების თაროებიდან ელვის სისწრაფით დაიტაცეს, BBC-ს კი, სიმღერის მზარდი პოპულარობის გამო, მისი შავი სიიდან ამოღება მოუწია. საინტერესოა, რომ ბენდის წევრები რამდენიმე თვის განმავლობაში წარბშეუხრელად ამტკიცებდნენ, Relax-ის ლირიკაში არანაირი სექსუალური ქვეტექსტი არ ჩაგვიდიაო. თუმცა, 1985 წელს მაინც აღიარეს, რომ რადიოწამყვანი მისი შინაარსის ინტერპრეტირებისას არ სცდებოდა.

15. Bronski Beat - Smalltown Boy

სექსუალური იდენტობის თემატიკა 1980-იანი წლების სინთპოპ კულტურის განუყოფელი ნაწილი იყო. ლონდონური ბენდის, Bronski Beat-ის სადებიუტო ალბომი The Age of Consent ამის ნათელი მაგალითია. ჩანაწერის სახელწოდება - "თანხმობის ასაკი" იმ პერიოდის დიდ ბრიტანეთში მოქმედ კანონმდებლობაზე მიანიშნებდა, რომლის მიხედვით ჰომოსექსუალური სქესობრივი აქტი მხოლოდ 21 წელს გადაცილებული პირებისთვის იყო ნებადართული. ნამუშევრის ყველაზე გამორჩეული ტრეკი Smalltown Boy აღმოჩნდა, რომელმაც ჯგუფის ფრონტმენის, ჯიმი სამერვილის საოცარი ვოკალური მონაცემების წყალობით უდიდესი პოპულარობა მოიპოვა და დღემდე ლგბტ თემის არაოფიციალური ჰიმნის სტატუსით სარგებლობს.

14. Gary Numan - Cars

გარი ნიუმანი დიდი პოპულარობითა და ჩარტებში წამყვანი პოზიციებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის, თუმცა, ინგლისელი მუსიკოსი სინთპოპის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურადაა აღიარებული. მისი თაყვანისმცემლების მცირერიცხოვან სიაში ისეთ ნაცნობ სახელებს წააწყდებით, როგორებიცაა ქანიე ვესთი, ტრენტ რეზნორი, ფრენკ ზაპა, მერილინ მენსონი და სხვა. 1979 წელს შექმნილი Cars ნიუმანის მხრიდან კომერციულ წარმატებაზე გათვლილი სინგლის გამოშვების პირველი მცდელობა იყო. არტისტის ჩანაფიქრმა გაამართლა და სიმღერა მის საფირმო ნამუშევრად იქცა. მართალია, საგზაო ინციდენტის შთაგონებით შექმნილი კომპოზიციის ტექსტში მანქანები ადამიანთა შორის გაუცხოების სიმბოლოდაა ქცეული, მაგრამ ავტომობილების მწარმოებელი კომპანიები მას საკუთარი სარეკლამო ვიდეორგოლების საუნდტრეკად დღემდე იყენებენ.

13. Talk Talk - It's My Life

მარკ ჰოლისი იმ არტისტების რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლებსაც ღირებულებების გამო კომერციული ინტერესების სასწორზე შეგდება დაუფიქრებლად შეუძლიათ. კარიერის დასაწყისში ინგლისელი მუსიკოსი საკუთარ ბენდთან, Talk Talk-თან ერთად სინთპოპსა და ნიუ ვეივს ასრულებდა. თავიდან თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ ჯგუფის წევრებს EMI Records-ის მხრიდან დაწესებული შეზღუდვები ყელში ძალზე სწრაფად ამოუვიდათ. კომპოზიციაში It's My Life სწორედ ხმის ჩამწერი ინდუსტრიის წინააღმდეგ ამბოხი და თავისუფლებისადმი სწრაფვაა ასახული. მცირე ხანში საკულტო კოლექტივი ექსპერიმენტებზე გადაერთო და პოსტ როკის ერთ-ერთ პიონერად იქცა, რაც ლეიბლთან კონტრაქტის გაწყვეტისა და ფინანსური კრახის ფასად დაუჯდათ.

12. Visage - Fade to Grey

ბრიტანელი შემსრულებლის, სტივ სთრეინჯისა და მისი ბენდის, Visage-ის კომპოზიცია Fade to Grey ერთ-ერთი გამორჩეულად შთამბეჭდავი ნამუშევარია ჩვენს სიაში. ამ სიმღერის მოსმენის შემდეგ ნათელი ხდება, თუ რატომ უწოდებდნენ გასული საუკუნის 80-იან წლებში კრიტიკოსები სინთპოპს მომავლის მუსიკას. კომპოზიცია გამოსვლიდან 40 წლის შემდეგაც თანამედროვედ ჟღერს, მისი საოცარი ინსტრუმენტალი კი სხვადასხვა დროს უამრავი არტისტის შთაგონების წყაროდ იქცა

11. Soft Cell - Tainted Love

ეს კომპოზიცია სოულის ვარსკვლავმა, გლორია ჯონსმა ჯერ კიდევ 1965 წელს ჩაწერა. მოგვიანებით, Tainted Love სხვადასხვა ჟანრის წარმომადგენელმა ათობით არტისტმა გადაამღერა, თუმცა, Soft Sell-ის ქავერი მათგან ცალსახად გამოირჩევა. 1978 წელს ჩამოყალიბებული ბრიტანული სინთპოპ დუეტის ნამუშევარმა გამოსვლისთანავე უდიდესი  პოპულარობა მოიპოვა და ლგბტ თემის კიდევ ერთ არაოფიციალურ ჰიმნადაც იქცა. საინტერესოა, რომ თავად ჯონსის აზრითაც, საუკეთესო სწორედ მარკ ალმონდისა და დევიდ ბოლის ვერსიაა, რომელიც თვით მის მიერ შესრულებულ ორიგინალსაც კი სჯობია.

10. Yazoo - Don't Go

1980-იანი წლების დასაწყისში ზოგიერთი კრიტიკოსი სინთპოპ არტისტებს ზედმეტად მონოტონური და უფერული ჩანაწერების შექმნაში სდებდა ბრალს. ავი ენები იმასაც კი ამბობდნენ, ელექტრონული მუსიკა ხარისხიანი ვერასდროს იქნება, რადგანაც სინთეზატორებს ღილაკი წარწერით "ემოცია" არ მოჰყვებათო. ვინს კლარკისა და ელისონ მოიეს მიერ 1981 წელს ჩამოყალიბებული დუეტის, Yazoo-ს სადებიუტო ალბომმა Upstairs at Eric's თავის დროზე მსგავსი სტერეოტიპების ნგრევაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ნამუშევრიდან გამორჩეულად დასამახსოვრებელი კომპოზიცია Don't Go აღმოჩნდა, რომელშიც მოიეს ბლუზითა და სოულით შთაგონებული ვოკალი კლარკის მელოდიურ რიტმებს საოცარი ბუნებრიობით ერწყმის.

9. Erasure - Love to Hate You

Yazoo-ს დაშლის შემდეგ ვინს კლარკი უსაქმოდ დიდხანს არ გაჩერებულა. რამდენიმე შემსრულებელთან წარუმატებელი თანამშრომლობის შემდეგ, მუსიკოსმა ერთ-ერთ ჟურნალში ახალი პარტნიორის პოვნის მიზნით განცხადება გამოაქვეყნა. კლარკს დამწყები ვოკალისტი და შეთავსებით მისი დიდი თაყვანისმცემელი, ენდი ბელი გამოეხმაურა. ასე ჩამოყალიბდა დუეტი Erasure, რომელიც დღემდე აქტიურად მოღვაწეობს. მათ უზარმაზარ დისკოგრაფიაში განსაკუთრებული პოპულარობით კომპოზიცია Love to Hate You სარგებლობს, რომლის მელოდიაც, დიდი ალბათობით, სინთპოპთან მწყრალად მყოფ მკითხველსაც კი ეცნობა - ეს ჩანაწერი ხომ გლორია გეინორის დისკო ჰიტის I Will Survive სემპლზეა დაფუძნებული.

8. The Human League - Don't You Want Me

The Human League-ის ვოკალისტი, ფილიპ ოუქი ამ სიმღერას იმდენად ვერ იტანდა, რომ 1981 წელს გავრცელებული ალბომის Dare ბოლოში მოაქცია. ხოლო, როდესაც პროდიუსერმა მუსიკოსს მისი სინგლად გამოშვება შესთავაზა, საქმე ლამის მათ შორის ხელჩართულ ჩხუბამდე მივიდა. თუმცა, დრომ აჩვენა, რომ ოუქი საკუთარი ნამუშევრის შეფასებისას აშკარად შეცდა. Don’t You Want Me ამ სინთპოპ კოლექტივის შემოქმედებაში ყველაზე წარმატებული კომპოზიცია გამოდგა და გამოსვლიდან მცირე ხანში ბრიტანულ და ამერიკულ ჩარტებში წამყვანი პოზიციები დაიკავა.

7. A-ha - Take on Me

სინთპოპ ბენდ A-ha-ს ეპოქალური ჰიტი ერთ-ერთი პირველი კომპოზიციაა მუსიკის ისტორიაში, რომლის წარმატებაშიც უდიდესი როლი მასზე გადაღებულმა ვიდეორგოლმა ითამაშა. რომანტიკული შინაარსის მქონე, ნახევრად ანიმაციური კლიპის წყალობით, რომელიც ეკრანებზე 1980 წელს გამოსული საკულტო საშინელებათა ფილმით Altered States იყო შთაგონებული, Take on Me პირველ ნორვეგიულ სინგლად იქცა, რომელიც ამერიკული ჩარტების სათავეში მოექცა. თუმცა, მთელი დამსახურების ვიზუალური ნამუშევრისთვის მიწერა უსამართლობა იქნებოდა - ამ სიმღერას, სხვა ღირსებებთან ერთად, დასამახსოვრებელი მელოდია და ბენდის ფრონტმენის, მორტენ ჰაკეტის საოცარი ვოკალიც გამოარჩევს.

6. Orchestral Manoeuvres in the Dark - Enola Gay

თავის დროზე გაზეთმა The Scotsman ეს ბენდი ერთი ფრაზით ამომწურავად დაახასიათა - თუ Kraftwerk ელექტრონული მუსიკის ელვის პრესლი იყო, მაშინ OMD "ბითლზიაო". მართლაც, ლივერპულური კოლექტივის წევრები, მათი ლეგენდარული თანამოქალაქეების მსგავსად, ბრწყინვალე საკომპოზიტორო ნიჭით არიან დაჯილდოებული და უამრავ არტისტზეც მოახდინეს გავლენა. ჯგუფის ჰიტი Enola Gay ანტისაომარი სულისკვეთებით გამოირჩევა და იმ თვითმფრინავის სახელწოდებას ატარებს, რომელმაც 1945 წლის 6 აგვისტოს ჰიროსიმაში ატომური ბომბი ჩამოაგდო. ამიტომაც გაისმის კომპოზიციის ტექსტში ირონიული შეკითხვა - ამაყობს დღეს დედა თავისი პატარა ბიჭუნათი? "ბოინგის" წარმოების გამანადგურებელი მისმა პილოტმა ხომ სწორედ დედამისის, ენოლა გეი ჰაგარდის პატივსაცემად მონათლა.

5. Tears for Fears - Shout

Tears for Fears-ის პროდიუსერმა, კრის ჰიუზმა Shout-ის დემოს მოსმენის შემდეგ გულუბრყვილოდ განაცხადა, ეს სიმღერა ისეთი მარტივია, ჩასაწერად 5 წუთიც კი არ დაგვჭირდებაო. თუმცა, რამდენიმე კვირის შემდეგ კომპოზიცია კვლავ მხოლოდ სანახევროდ იყო დასრულებული. ბრიტანული სინთპოპ ბენდის წევრები ტრეკში ახალ ელემენტებს განუწყვეტლივ ამატებდნენ, შედეგად კი საკუთარ შემოქმედებაში ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი მიიღეს. კოლექტივის თაყვანისმცემელთა დიდი ნაწილი დღემდე ფიქრობს, რომ ამ სიმღერის შექმნა მუსიკოსებს პირადულმა პრობლემებმა შთააგონა. თუმცა, 1984 წელს გამოსული სინგლი სინამდვილეში პოლიტიკურ დატვირთვას ატარებს და მსმენელს პროტესტისკენ მოუწოდებს.

4. Pet Shop Boys - It's a Sin

ლეგენდარული სინთპოპ დუეტის ჰიტი It's a Sin ყოველმხრივ სრულყოფილი ნამუშევარია, თუმცა, 1987 წელს გამოცემულ კომპოზიციას განსაკუთრებულად, პირველ რიგში, ის ისტორია აქცევს, რომელმაც ნილ ტენანტს მისი შექმნისკენ უბიძგა. Pet Shop Boys-ის წევრი ღრმად მორწმუნე კათოლიკეების ოჯახში იზრდებოდა, რომელშიც ადამიანთა მსოფლმხედველობას რელიგიური დოგმები განსაზღვრავდა. ასეთ გარემოში მისი, როგორც ჰომოსექსუალი მამაკაცის არსებობის ფაქტიც კი მიუტევებელ ცოდვად ითვლებოდა. სიმღერაში გამოყენებული საეკლესიო მუსიკის ელემენტები და ლათინურ ენაზე შესრულებული მესა სწორედ ამ მწარე გამოცდილებაზე მიგვანიშნებს. აღსანიშნავია, რომ ტენანტმა საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ  საჯარო განცხადება სიმღერის გამოსვლიდან მხოლოდ 7 წლის შემდეგ გააკეთა.

3. Eurythmics - Sweet Dreams (Are Made of This)

ეს საკულტო ჰიტი ენი ლენოქსმა და დევიდ სტიუარტმა სასიყვარულო ურთიერთობის დასრულებისა და მათი წინა პროექტის, The Tourists-ის დაშლიდან მცირე ხანში შექმნეს. შესაბამისად, გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, სიმღერის ტექსტი პირადი თუ კარიერული წარუმატებლობით გამოწვეული იმედგაცრუებითაა შთაგონებული და არა სექსუალური ფეტიშებით. იმ პერიოდში ბენდის ფინანსური მდგომარეობა კატასტროფულად გამოიყურებოდა, ბანკისგან აღებული სესხით შეძენილი აპარატურით ჩაწერილი Sweet Dreams კი მათ შემოქმედებაში ყველაზე პოპულარულ ნამუშევრად და სამომავლო წარმატების წინაპირობად იქცა.

2. Depeche Mode - Just Can’t Get Enough

Depeche Mode-ის მიერ 1981 წელს გამოცემული სადებიუტო ალბომი ერთადერთია, რომლის ჩაწერისას კოლექტივის შემადგენლობაში ჩვენი მკითხველისათვის უკვე კარგად ნაცნობი ვინს კლარკი ირიცხებოდა. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ლეგენდარული ჯგუფის ყველა მომდევნო ნამუშევრისგან განსხვავებით, Speak & Spell მაჟორული, ოპტიმისტური განწყობით გამოირჩევა. მასში შესული კომპოზიციის Just Can’t Get Enough მოსმენის შემდეგ, თვით ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი კრიტიკოსებისთვისაც კი აშკარა გახდა, რომ ამ ინგლისურ ბენდს საკონცერტო დარბაზების გავსებისა და მუსიკალური ჩარტების დაპყრობის დიდი პოტენციალი გააჩნდა. თუმცა, მაშინ რთულად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ ეს 19-20 წლის ბიჭები თანამედროვე პოპულარული მუსიკის ისტორიაში ასეთ ღრმა კვალს დატოვებდნენ.

1. New Order - Blue Monday

რა საიდუმლო ფორმულა იმალება ისეთი ჩანაწერების მიღმა, რომლებიც სამუდამოდ ცვლიან მუსიკალურ ტენდენციებს და ამა თუ იმ ეპოქის სიმბოლოები ხდებიან? ამ შეკითხვაზე პასუხი ჩვენთვის უცნობია, მაგრამ ვეჭვობთ, რომ სტივენ მორისმა, ბერნარდ სამნერმა და პიტერ ჰუკმა ეს ამოცანა დიდი ხნის წინ ამოხსნეს. მათ მოღვაწეობა 1976 წელს საკულტო პოსტ პანკ კოლექტივის, Joy Division-ის შემადგენლობაში დაიწყეს, ბენდის ფრონტმენის, იენ კერტისის თვითმკვლელობის შემდეგ კი ახალი პროექტი New Order ჩამოაყალიბეს. 1980 წლიდან დღემდე ამ ჯგუფმა არაერთი შესანიშნავი კომპოზიცია შექმნა. მათი შემოქმედების მწვერვალი კი Blue Monday გახლავთ - ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქრონომეტრაჟის მქონე ტრეკი, რომელიც ოდესმე მუსიკალური ჩარტების სათავეში მოქცეულა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული