Thumbnail

გამოცემა Wealthy Gorilla-მ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მომღერლები დაასახელა. ჩამონათვალი Forbes-ის, Celebrity Net Worth-ისა და The Richest-ის მონაცემებზე დაყრდნობითაა შედგენილი. სიაში არაერთი პოპულარული მუსიკოსი მოხვდა, რომლებმაც სოლო კარიერის განმავლობაში მილიარდამდე დოლარი გამოიმუშავეს.

გთავაზობთ ყველაზე მდიდარი სოლო მომღერლების ათეულს:

10. ჯონი მეტისი - 400 მილიონი

83 წლის ამერიკელ მომღერალს კარიერის განმავლობაში 360 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2003 წელს მუსიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის შემსრულებელს გრემის ჯილდოც გადაეცა. არტისტის ქონება 400 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

9. ჯენიფერ ლოპესი - 400 მილიონი

49 წლის მომღერალსა და მსახიობს 80 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. მისი ქონება ამჟამად 400 მილიონი აშშ დოლარია. აღსანიშნავია, რომ 2001 წელს მუსიკოსმა ბრენდი J.Lo დაარსა, რომელიც ტანსაცმელსა და სუნამოებს აწარმოებს. 2018 წელს არტისტმა თაყვანისმცემლებს ცნობილ პოლონურ კომპანიასთან, Inglot-თან ერთად კოსმეტიკის ახალი ხაზიც შესთავაზა. ამავე წელს ჟურნალმა Time ჯეილო 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. 

8. ბარბრა სტრეიზანდი - 400 მილიონი

გრემის, ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელი ლეგენდარული ბარბრა სტრეიზანდის ქონება ამ ეტაპზე 400 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. 145 მილიონი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქალ მუსიკოსად ითვლება. 76 წლის პოპვარსკვლავმა მსმენელებს ბოლო კომპოზიცია Don't Lie to Me შარშან შესთავაზა. 

7. ვიქტორია ბექჰემი  - 450 მილიონი

ინგლისური პოპჯგუფის, Spice Girls-ის ყოფილი წევრი, ვიქტორია ბექჰემი მუსიკალურ ინდუსტრიაში დიდი ხანია, აღარ აქტიურობს, თუმცა, ერთ-ერთი გავლენიანი ქალი დიზაინერის სტატუსს უდაოდ ინარჩუნებს. ცნობილი ფეხბურთელის, დევიდ ბექჰემის ცოლის ქონება 450 მილიონი აშშ დოლარია. 2001 წელს მან სადებიუტო სოლო ალბომი Victoria Beckham გამოუშვა, რომელიც ბრიტანულ ჩარტში მეათე პოზიციაზე მოხვდა.

 6. გლორია ესტეფანი - 500 მილიონი

კუბაზე დაბადებული მომღერალი, გლორია ეტეფანი სამი გრემის მფლობელია. მისი ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანსაც ამშვენებს. 2015 წელს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ მუსიკოსს თავისუფლების ორდენი გადასცა. მას კარიერის განმავლობაში 115 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. შემსრულებლის ქონება 500 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. 

5. დოლი პარტონი - 500 მილიონი

ლეგენდარული მომღერალი, დოლი პარტონი 500 მილიონ აშშ დოლარს ფლობს. 73 წლის არტისტს კარიერის განმავლობაში ცხრა გრემი და ორი ოსკარი აქვს მიღებული. 160 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომით ის ქანთრი მუსიკის ყველაზე წარმატებულ ქალ შემსრულებლად ითვლება. 

4. ბიონსე - 500 მილიონი

ამერიკელ სუპერვარსკვლავ ბიონსეს მსოფლიოში 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. მუსიკალური კარიერის გარდა, 23 გრემის მფლობელი მომღერალი ასევე ბიზნესაქმიანობითაა დაკავებული. მუსიკოსი ცნობილი სთრიმინგ პლატფორმის, Tidal-ის ერთ-ერთი მესაკუთრეა. ის ასევე სპორტული ტანსაცმლის ბრენდის, Ivy Park-ის დამფუძნებელია. ბიონსეს ქონება ჯამში 500 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. 

3. ხულიო იგლესიასი - 600 მილიონი

75 წლის ესპანელი მომღერლის ქონებამ 2019 წელს 600 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. მუსიკოსმა კარიერის განმავლობაში 250 მილიონი ჩანაწერი გაყიდა და 5,000-ზე მეტი კონცერტი გამართა. გრემის მფლობელი არტისტი 2012 წელს საქართველოსაც სტუმრობდა.

2. სელინ დიონი - 800 მილიონი

კანადელ სელინ დიონს მუსიკალური მოღვაწეობის განმავლობაში 200 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არტისტი კანადაში რამდენიმე კომპანიას, მათ შორის რესტორნებსა და გოლფის კლუბს ფლობს. 2003 წელს მან კოსმეტიკური ბრენდი Celine Dion Parfums დააფუძნა. მომღერლის ქონება 800 მილიონი აშშ დოლარია. 

1. მადონა - 850 მილიონი

"პოპის დედოფალი" მადონა ყველაზე მდიდარი მომღერალია. ის ასევე 300 მილიონი რეალიზებული ჩანაწერით მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი არტისტების ჩამონათვალში მეოთხე პოზიციას იკავებს. რაც შეეხება სხვა საქმიანობას, 7 გრემის მფლობელი მუსიკოსი კანის მოვლის საშუალებების მწარმოებელი კომპანიის MDNA Skin დამფუძნებელია. სუპერვარსკვლავის ქონება 850 მილიონ აშშ დოლარს აღწევს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული