Thumbnail

10 ჰიპ ჰოპ ალბომი, რომელიც ავტორის ციხეში ყოფნისას გამოიცა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კრიმინალი იყო, არის და, სავარაუდოდ, იქნება ჰიპ ჰოპის განუყოფელი ნაწილი. ჟანრის ისტორიაში არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ამა თუ იმ რეპერის ალბომი მაშინ გავრცელდა, როცა თავად ნამუშევრის ავტორი ჩადენილი დანაშაულის გამო სასჯელს ციხის გისოსებს მიღმა იხდიდა. ჩვენს სტატიაში სწორედ 10 ასეთ გამორჩეულ ჩანაწერზე ვისაუბრებთ.

10. G-Unit - Beg for Mercy

50 Cent-ის ხმაურიანი დებიუტის შემდეგ, ჯერი მის მიერ დაარსებულ ჰიპ ჰოპ გაერთიანებაზე, G-Unit-ზე მიდგა, რომლის წევრებიც, კურტის ჯექსონთან ერთად, ნიუ იორკელი არტისტები ლოიდ ბენქსი და ტონი იეიო გახლდნენ. 2003 წლის ნოემბერში, როდესაც კოლექტივის პირველი ჩანაწერი Beg for Mercy გამოიცა, ტონი იეიო ციხეში იმყოფებოდა. 2002 წლის მიწურულს ის სამართალდამცველებმა იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს. რეპერმა ალბომში შესული მხოლოდ ორი კომპოზიციის შექმნაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა, ამას ნამუშევრის კომერციული წარმატებისთვის ხელი არ შეუშლია. Beg for Mercy დღემდე რჩება ჰიპ ჰოპ ჯგუფის მიერ გავრცელებულ ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ჩანაწერად.

9. Slick Rick - Behind Bars

რიგით მესამე ალბომის გავრცელებისას გისოსებს მიღმა იმყოფებოდა ჟანრის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი სლიქ რიქი. ამაზე ნამუშევრის სახელწოდებაც Behind Bars მიუთითებს. ლონდონში დაბადებული ამერიკელი რეპერი სამართალდამცველებმა 1990 წელს მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ფლობის ბრალდებით დააკავეს. სლიქი საკუთარ ბიძაშვილსა და დაცვის წევრს, მარკ პლამერს დაესხა თავს, რომელიც მუსიკოსისგან ფულის გამოძალვას ცდილობდა. ჩადენილი დანაშაულის გამო არტისტმა საპატიმროში 7 წელი გაატარა. 1994 წელს გამოსული ალბომი კი მთლიანად მის საკანშია ჩაწერილი.

8. Lil Wayne - I Am Not A Human Being

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ფლობის გამო დააკავეს კიდევ ერთი ჰიპ ჰოპ არტისტი ლილ უეინი. 2010 წლის მარტში მას 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. რეპერმა სასჯელი სხვა პატიმრებისგან განცალკევებით, სპეციალურ საკანში მოიხადა, სადაც გამუდმებით ბიბლიას კითხულობდა და ახალი კომპოზიციებისთვის ტექსტებს წერდა. საბოლოოდ, იმავე წლის სექტემბერში გაყიდვაში ლუიზიანელი შემსრულებლის მორიგი ალბომი I Am Not A Human Being ჩაეშვა. ნამუშევარი ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე გავიდა და პლატინის სტატუსიც მალევე მოიპოვა, თუმცა, კრიტიკოსები მას უეინის შემოქმედებაში ერთ-ერთ ყველაზე სუსტ ჩანაწერად მიიჩნევენ.

7. Pimp C - Sweet James Jones Stories

2000 წელს ჰიუსტონში მდებარე სავაჭრო ცენტრის წინ საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟმა ჰიპ ჰოპ გაერთიანება UGK-ის წევრი, ჩედ ბათლერი, ფსევდონიმით Pimp C აიყვანა. რეპერი საყიდლებზე მყოფ ერთ-ერთ ქალბატონს შელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა. თავდაპირველად მუსიკოსს პირობითი სასჯელი შეუფარდეს, თუმცა, პრობაციის პირობების დარღვევის გამო, 2002 წლის 5 აგვისტოს ის დააკავეს და 8-წლიანი პატიმრობაც მიუსაჯეს. ციხეში არტისტს დრო უქმად არ დაუკარგავს. გათავისუფლებამდე 10 თვით ადრე, ბათლერმა სადებიუტო სოლო ალბომი Sweet James Jones Stories გაავრცელა.

6. The Diplomats - Diplomatic Immunity

2003 წლის 25 მარტს გაყიდვაში ჰარლემური ჰიპ ჰოპ გაერთიანება The Diplomats-ის სადებიუტო ალბომი Diplomatic Immunity ჩაეშვა. ნამუშევარი კომერციულად წარმატებული აღმოჩნდა და გავლენიანმა გამოცემამ Complex ის 2000-იანი წლების ერთ-ერთი გამორჩეულ ჩანაწერადაც დაასახელა. სამწუხაროდ, ჯგუფთან ერთად ასეთი აღიარება ნიუ იორკული კოლექტივის წევრმა, დურელ მოჰამადმა, სასცენო სახელით Hell Rell, ვერ იზეიმა, რადგან ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის ციხეში საპატიმრო სასჯელს იხდიდა. ამის გამო, მოჰამადმა "დიფსეთის" ხსენებული ნამუშევრის მხოლოდ 4 კომპოზიციის ჩაწერაში მიიღო მონაწილეობა.

5. Shyne - Godfather Buried Alive

სადებიუტო ალბომის გავრცელებიდან ერთ წელიწადში ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტი ჯამალ ბეროუ, ფსევდონიმით Shyne, გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. Bad Boy Records-ის წევრი 2001-ში დააკავეს და 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ორი წლით ადრე, ბრუკლინელი შემსრულებელი თავის იმჟამინდელ შეყვარებულთან, მომღერალ ჯენიფერ ლოპესთან და ცნობილ რეპერთან, P. Diddy-სთან ერთად მანჰეტენზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში იმყოფებოდა, სადაც შეიარაღებულ დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა. ლეიბლმა მუსიკოსთან თანამშრომლობა შეწყვიტა, თუმცა, თავისუფლების აღკვეთას მისი კარიერისთვის ხელი არ შეუშლია. მან კონტრაქტი Def Jam Recordings-თან გააფორმა და 2004 წელს ციხიდან სტუდიური ჩანაწერი Godfather Buried Alive გამოუშვა. 

4. Project Pat - Layin' Da Smack Down

2002 წლის დასაწყისში თრეფის ერთ-ერთი პიონერის, პატრიკ ჰიუსტონის, იგივე Project Pat-ის ავტომანქანის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. ვეტერანი შემსრულებელი იძულებული გახდა, საპატიმროში 3 წელი გაეტარებინა. საბედნიეროდ, ალბომზე მუშაობა მას თითქმის დასრულებული ჰქონდა. სტუდიური ჩანაწერის ბოლო დეტალებზე რეპერმა საკანში იმუშავა და დაკავებიდან რამდენიმე თვეში გაყიდვაში თავისი რიგით მესამე ნამუშევარი Layin' Da Smack Down ჩაუშვა. არასაკმარისი პრომოუშენის გამო, მას დიდი კომერციული წამატება არ მოჰყოლია, თუმცა, ალბომი დღემდე სამხრეთული ჰიპ ჰოპის ერთ-ერთ კლასიკურ ნიმუშად ითვლება.

3. 2Pac - Me Against the World

არაერთი კოლეგის ბედი ჟანრის ყველაზე პოპულარულმა წარმომადგენელმა, თუფაქ ამარუ შაკურმაც გაიზიარა. კარიერის პიკში მყოფი ლეგენდარული რეპერი სექსუალური ძალადობის ბრალდებით 1995 წელს დააკავეს. დაპატიმრებიდან ზუსტად ერთ თვეში კი თუფაქის ეპოქალური ალბომი Me Against the World გავრცელდა. ჩანაწერი გამოსვლიდან პირველ კვირაში 240,000-იანი ტირაჟით გაიყიდა და მუსიკალური ჩარტების სათავეშიც მოექცა. ეს სტუდიური ნამუშევარი ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ჰიპ ჰოპ ალბომად ითვლება, რომელმაც ჟანრის ჟღერადობა და ისტორია სამუდამოდ შეცვალა. 

2. Mac Dre - Young Black Brotha

კალიფორნიელი ჰიპ ჰოპ არტისტის, ანდრე ჰიქსის, იგივე Mac Dre-ს ცხოვრება ფათერაკებითა და თავგადასავლებით იყო სავსე. 1992 წელს ის ჯგუფური ყაჩაღობის დაგეგმვისთვის დაიჭირეს. ახალბედა რეპერმა თანამზრახველების დასმენაზე უარი თქვა და 5 წლით გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. ციხეში ანდრემ თავისი სადებიუტო ალბომი Young Black Brotha ჩაწერა, რომელიც ოფიციალურად 1993 წლის ნოემბერში გამოიცა. პატიმრობაში ყოფნისას არტისტმა კიდევ ერთ სტუდიურ ჩანაწერზე იმუშავა, თუმცა, Stupid Doo Doo Dumb გაყიდვაში უკვე მისი გათავისუფლების შემდეგ, 1998 წლის აპრილში ჩაეშვა. 

1. Prodigy - H.N.I.C. Pt. 2

ლეგენდარული ჰიპ ჰოპ დუეტის, Mobb Deep-ის წევრი ალბერტ ჯონსონი, სასცენო სახელით Prodigy, ცხოვრებაში მესამედ ციხეში 2007 წელს აღმოჩნდა. ამის მიზეზი მის მფლობელობაში უკანონოდ არსებული ცეცხლსასროლი იარაღი გახლდათ. რეპერს 15-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა, მან პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, ბრალი აღიარა და საბოლოოდ, სამნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გისოსებს მიღმა ნიუ იორკელ არტისტს დრო უქმად არ დაუკარგავს. 2008 წელს მისი რიგით მეორე სოლო ალბომი H.N.I.C. Pt. 2 გავრცელდა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული