Thumbnail

მარტი: 7 ყველაზე საინტერესო ექსპერიმენტული კომპოზიცია

ნინი დანელია პროფილის ფოტო
ნინი დანელია

popmusic-ის ახალ რუბრიკაში ყოველი თვის შვიდ ყველაზე საინტერესო ექსპერიმენტულ კომპოზიციას გთავაზობთ. 

7. Dis Fig - Drum Fife Bugle

ფელისია ჩენის თქმით, მისი სადებიუტო ჩანაწერი Purge დაპირისპირებული გრძნობების ბრძოლის პროცესს აღწერს - როდესაც სხეული უფლებას არ გაძლევს, განიცადო ის, რისკენაც ცნობიერად თუ არაცნობიერად მიისწრაფვი, რადგან იცის, რომ ეს სახიფათოა. Drum Fife Bugle-ის ფრთხილი, მაგრამ აგრესიული ფაქტურა სწორედ ამ ბრძოლის ველზე შესასვლელად გვამზადებს, თუმცა, ძალზე რთულია, მზად დახვდე იმას, რაც იქ გხვდება. Dis Fig მსმენელის მუდმივი შიშის ქვეშ მოქცევით სიამოვნებას იღებს. ამ ტერორისგან გაქცევის ერთადერთი საშუალება კი მუსიკის გამორთვაა, რადგან თავად მასში არანაირი ხსნა არ ჩანს.

6. Holly Herndon - Eternal 

ადამიანისა და ტექნოლოგიების ურთიერთობის თემატიკა ელექტრონული არტისტებისთვის უცხო ნამდვილად არ არის, თუმცა, ჰოლი ჰერნდონი სხვებთან შედარებით ერთი ნაბიჯით წინ დგას. ის ხომ მუსიკას თავისივე შექმნილი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით წერს, რომელიც ადამიანის მიერ გამოცემული ბგერებით საზრდოობს. რასაც კომპოზიციაში Eternal ვხვდებით, ჰერნდონს ადრეც არაერთხელ გაუკეთებია - საიდუმლო არ არის, რომ არტისტი ხმების მუტაციით ერთობა, მაგრამ ისეთ გრძნობას, როგორიც სიყვარულია, მუსიკოსი ასე მძაფრად არასდროს შეხებია.

5. The Cinematic Orchestra - Lessons

თორმეტწლიანი პაუზის შემდეგ ასეთი ღირსეული დაბრუნება იშვიათად თუ გვინახავს. ბრიტანული კოლექტივის ახალი ალბომი To Believe თანამედროვე სამყაროში არსებულ ნიჰილისტურ განწყობებს ეხმაურება, თუმცა, კომპოზიცია Lessons ამ ყველაფრისგან განწმენდის საშუალებად გვევლინება. ეს მინიმალისტური ტრეკი, ერთი შეხედვით, საკმაოდ პრეტენზიულად ჟღერს, მაგრამ ყველა იმ მომენტში, როდესაც მისი რეპეტიტიული მუსიკალური პასაჟები გვბეზრდება, კომპოზიციაში რაღაც ჯადოსნური ხდება და ვერც კი ვაცნობიერებთ, ისე ვყოფთ თავს ახალ მახეში.

4. Shlohmo - The End

ჰენრი ლაუფერის, იგივე შლომოს ახალი კომპოზიცია The End სამყაროს დასასრულის საუნდტრეკია - ისტორიის, რომელშიც ვერც ბიბლიურ აპოკალიფსის მხედრებს შეხვდებით და ვერც ბირთვული ომისგან შეშინებულ, თავშესაფარში შეყუჟულ ადამიანებს. ეს ტრეკი იმ ადამიანის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც სავარძელში მოკალათებული ბოლო დღეებისთვის გადანახულ წიგნს კითხულობს, მშვიდად ეწევა და პერიოდულად ფანჯრისკენ იყურება ატმოსფეროში შემოსული მეტეორის დასანახად.

3. Vessel & Rakhi Singh - Written in Fire - Excerpt 1

Vessel-ის წინა ალბომი შარშან საუკეთესო ელექტრონულ ჩანაწერებს შორის დავასახელეთ, თუმცა, როგორც ჩანს, წელს არტისტი გაცილებით ამბიციურ პროექტს შეეჭიდა. თანამედროვე კლასიკური მუსიკისა და ექსპერიმენტული ელექტრონიკის ეს დელიკატური სინთეზი მისი და მევიოლინე რახი სინგჰის კოლაბორაციის შედეგია. ჩეხი კომპოზიტორის, ლეოშ იანაჩეკის ნაწარმოებებით შთაგონებული ნამუშევრის პირველი 4 წუთი რაღაც გრანდიოზული და მასშტაბური მოგზაურობის შესავალს ჰგავს, რომლითაც მუსიკოსი ელექტრონული ჟღერადობის ახალ სივრცეებში გადაბიჯებას გეგმავს.

2. Rian Treanor - ATAXIA

რაიან ტრინორი მუდმივად ცდილობს, საკუთარი ჩანაწერები მსმენელისთვის გაუგებარ და გამოუცნობ რებუსებად აქციოს. ეს ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა. ATAXIA საკუთარ სხეულზე კონტროლის სრულად დაკარგვის მდგომარეობას აღწერს, როდესაც ნებისმიერი მოძრაობა მხოლოდ გარე გამაღიზიანებლებით არის განპირობებული. ამ შემთხვევაში მათ როლს თავად კომპოზიციის ფაქტურა ასრულებს, რომელიც გვაიძულებს, მომდევნო მოძრაობის გამოცნობის უაზრო მცდელობას შევეშვათ და მუსიკას მივენდოთ.

1. Peder Mannerfelt - Lucid in the Sky

პედერ მანერფელტი შეიძლება, Modeselektor-ის ბოლო კომპილაციიდან ან Fever Ray-ის კომპოზიციებიდან გახსოვდეთ, მაგრამ გვერწმუნეთ, Lucid in the Sky სწორედ ის ნამუშევარია, რომელიც მისი მუსიკალური იდენტობის განსაზღვრაში ყველაზე კარგად დაგეხმარებათ. თუ მიგაჩნიათ, რომ ნგრევისა და შენების თანაარსებობა შეუძლებელია, მაშინ ყურადღებით მოუსმინეთ ამ ტრეკს და თავადვე შეამჩნევთ, როგორ იბადება სილამაზე მისი თვითდესტრუქციული ბგერითი პასაჟების მიღმა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული