Thumbnail

ნახეთ: JAY-Z კიდევ ერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ლოს ანჯელესში, დოლბის თეატრში "ეროვნულმა ასოციაციამ ფერადკანიანთა წარმატებისთვის" ყოველწლიური დაჯილდოება გამართა. NAACP-ის ცერემონიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიზი, ორგანიზაციის პრეზიდენტის სპეციალური ჯილდო ლეგენდარულ ჰიპ ჰოპ არტისტ შონ კარტერს, იგივე ჯეი ზის გადაეცა.

► Jay-Z-ის ალბომს The Blueprint აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკაში დაიცავენ 

► Jay-Z, The Killers და Miley Cyrus - ნახეთ ვუდსტოკის ფესტივალის ლაინაფი 

► Jay-Z და Rihanna, სავარაუდოდ, ახალ ჩანაწერზე მუშაობენ 

ვეტერანმა მუსიკოსმა პრიზი აფროამერიკელთა ცხოვრების გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის დაიმსახურა.

"ცხოვრების დასასრულს მნიშვნელობა იმას კი არ აქვს, თუ რამდენი წელი იცოცხლე, არამედ იმას, თუ როგორ იცხოვრე. აბრაამ ლინკოლნის ეს ფრაზა უმშვენიერესი ბებიაჩემის, 93 წლის ჰეთი უაითის ცხოვრებას საუკეთესოდ ასახავს. ჯილდოს სწორედ მას ვუძღვნი", - განაცხადა ჯეი ზიმ.

სიტყვით გამოსვლისას, რეპერმა დარბაზში მყოფ ბიონსესაც მიმართა:

"ასევე, მსურს, ეს პრიზი ჩემი ცხოვრების ულამაზეს ქალბატონს, მისის ბიონსეს მივუძღვნა".

აღსანიშნავია, რომ ცერემონიაზე ბიონსე 2018 წლის საუკეთესო არტისტად დაასახელეს.

დაჯილდოება NAACP 1909 წელს დაარსდა. ასოციაციის პრეზიდენტის პრიზი სხვადასხვა დროს ისეთ ცნობილ ადამიანებს გადაეცათ, როგორებიც არიან: ელა ფიცჯერალდი, მუჰამედ ალი, ლორინ ჰილი, ბილ კლინტონი, სპაიკ ლი და სხვები.

22 გრემის მფლობელმა ჯეი ზიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 90-იან წლებში დაიწყო. მისი სადებიუტო ჩანაწერი Reasonable Doubt, რომელიც გაყიდვაში 1996 წელს ჩაეშვა, ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. მუსიკალურმა გამოცემამ Rolling Stone ნამუშევარი ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული