Thumbnail

The Cure, Radiohead, ჯენეტ ჯექსონი და სხვები როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს

როკ-ენ-როლის დიდების დარბაზს შვიდი არტისტი შეემატა. ცერემონია ნიუ იორკში, ბერკლეის ცენტრში გუშინ გაიმართა. როგორც დაანონსებული იყო, ამ პრესტიჟული სტატუსის მფლობელები ბრიტანული ჯგუფები The Cure, Radiohead, Def Leppard, Roxy Music, The Zombies, ასევე, ამერიკელი მომღერლები: სტივი ნიქსი და ჯენეტ ჯექსონი გახდნენ.

► ფოტოგალერეა: როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წითელი ხალიჩა

► ტომ იორკი: როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ცერემონიას არ დავესწრები

როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი ყოველწლიურად იმ არტისტებსა და ჯგუფებს ასახელებს, რომლებმაც მუსიკალურ ინდუსტრიაზე გავლენა მოახდინეს.

"ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ბავშვობაში მომღერლობა არ მსურდა. მინდოდა, ადვოკატი გამოვსულიყავი. მამაჩემი ოცნებობდა, სცენაზე ვმდგარიყავი. მან წამახალისა და მუსიკა ჩემი მგზნებარე გატაცება გახდა", - აღნიშნა ჯენეტმა სიტყვით გამოსვლისას.

"რედიოჰედიდან" ღონისძიებას მხოლოდ დრამერი, ფილიპ სელვეი და გიტარისტი, ედ'ო ბრიენი დაესწრნენ. ტომ იორკი, ასევე, ჯონი და კოლინ გრინვუდები ცერემონიაზე არ მისულან.

"ჩვენთვის ეს ძალიან სიურრეალისტური საღამოა. კარგი იქნებოდა, ისინი ყოფილიყვნენ ჩვენს ადგილზე, ვინც დარბაზში შეყვანის ბედნიერებას იგრძნობდა. თუმცა, მადლობას მაინც გადაგიხდით", - განაცხადა ო'ბრიენმა.

The Cure-ს ფრონტმენმა, რობერტ სმიტმა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანისთვის ასევე მადლობა გადაიხადა. მან კოლექტივის სხვა წევრებთან ერთად კომპოზიცია Just Like Heaven შეასრულა.

8-წლიანი პაუზის შემდეგ, ცერემონიისთვის Roxy Music გაერთიანდა. ბრაიან ფერიმ, ფილ მანზანერამ და ენდი მეკიმ ღონისძიების სტუმრებისთვის რამდენიმე სიმღერა შეასრულეს.

სტივი ნიქსი პირველი ქალი არტისტია, რომელიც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ორჯერ შეიყვანეს. პირველად ეს 1998 წელს, ჯგუფ Fleetwood Mac-თან ერთად მოხდა. საღამოზე პერფორმანსი მანაც გამართა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული