Thumbnail

I Will Survive ფრედი პერენმა და დინო ფეკარისმა 1978 წელს დაწერეს. ფეკარისი იხსენებს, რომ სიმღერის წერის პროცესი ლეიბლ Motown Records-იდან მისი წასვლის პერიოდს დაემთხვა: 

"მაშინ უმუშევარი ვიყავი და ვცდილობდი, რამე ახალი მომეფიქრებინა. შემთხვევით ტელევიზორი ჩავრთე, სადაც ჯგუფი Rare Earth ჩემ მიერ დაწერილ სიმღერას ასრულებდა. ეს იმის ნიშნად ჩავთვალე, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. მახსოვს, როგორც დავხტოდი საწოლზე და ვიძახდი - მე ამას შევძლებ, მე გადავრჩები - I Will Survive".

სიმღერის წერის პროცესში იმავე ლეიბლიდან წამოსული ფრედი პენერიც ჩაერთო, რომელსაც  გლორია გეინორის სააგენტომ მომღერლის ახალი ვინილისთვის ე.წ. ბი-საიდ (ფირფიტის მეორე მხარეზე ჩასაწერი) კომპოზიციის დაწერა შეუკვეთა. გადაწყდა, რომ გეინორი სწორედ ფეკარისის და პერენის სიმღერას შეასრულებდა. 

ჩაწერის პროცესში ნათელი გახდა, რომ ახალ სიმღერას ჩარტებში მაღალი პოზიციის დაკავების უფრო დიდი პოტენციალი ჰქონდა, ვიდრე Righteous Brothers-ის Substitute-ის ქავერ ვერსიას, რომელიც ფირფიტის წამყვან კომპოზიციად იყო ჩაფიქრებული. თუმცა სააგენტოს ხელმძღვანელობამ დაიჟინა, რომ I Will Survive აუცილებლად ბი-საიდი უნდა ყოფილიყო. 

ფირფიტის გამოცემის შემდეგ Substitute მუსიკალურ ჩარტებში მხოლოდ 107-ე ადგილს დასჯერდა, I Will Survive კი ამერიკული ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ იმ პერიოდის დიჯეები ძირითადად უცნობი, ნაკლებად პოპულარული კომპოზიციების დაკვრას ამჯობინებდნენ. შესაბამისად, ნიუ იორკის კლუბებში, მათ შორის ლეგენდარულ Studio 54-შიც, ფირფიტის მეორე მხარეზე განთავსებული კომპოზიცია უფრო ხშირად ჟღერდა, ვიდრე Substitute.

"სიმღერის ტექსტი იმდენად უნივერსალური იყო, რომ მასთან თავის გაიგივება ყველას შეეძლო. სწორედ ამიტომ მე მისი შესრულებით არასდროს დავღლილვარ", - იხსენებს გლორია გეინორი.

I Will Survive-ს გლორია გეინორისთვის სიმბოლური მნიშვნელობაც ჰქონდა. ერთ-ერთი კონცერტის დროს მიღებული მძიმე ტრავმის გამო, მომღერალი ექიმების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა. შესაბამისად, ტექსტში გაჟღერებული ფრაზა "მე გადავრჩები" მისთვის როგორც ცხოვრების, ასევე კარიერის ახალი ეტაპის დაწყებასთან ასოცირდებოდა. ჩარტებში მიღწეული წარმატების გარდა, I Will Survive გახდა პირველი და უკანასკნელი კომპოზიცია, რომელმაც გრემი "საუკეთესო დისკო ჩანაწერის" კატეგორიაში აიღო. შეიძლება ითქვას, რომ ეს ნომინაცია სპეციალურად ამ სიმღერისთვის გაჩნდა, რადგან მას შემდეგ გრემის ორგანიზატორებმა ამ კატეგორიაში პრიზების გაცემა სამუდამოდ შეწყვიტეს.

I Will Survive თავდაპირველად ქალების ემანსიპაციის, მოგვიანებით კი ლგბტ მოძრაობის ჰიმნად იქცა. სიმღერა 20-ზე მეტ ენაზე იქნა ინტერპრეტირებული. 1998 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებმა საკუთარი გამარჯვების საუნდტრეკად სწორედ გეინორის ჰიტი გამოიყენა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ 70-იანი წლებიდან მოყოლებული I Will Survive სხვადასხვა შესრულებით საუკეთესო მუსიკალურ ასეულში ყველა ათწლეულში ხვდებოდა.

სიმღერის ქავერებს შორის აღსანიშნავია არეტა ფრანკლინის ვერსია, რომელიც მან ალბომში Aretha Franklin Sings the Great Diva Classics შეიტანა.

Chantay Savage-ის მიერ შესრულებულმა ბლუზ ინტერპრეტაციამ კი როგორც ამერიკულ, ასევე ბრიტანულ ჩარტებში შეძლო მოხვედრა.

1996 წელს კი ამერიკულმა ალტერნატიულმა როკ ბენდმა Cake სიმღერის ტექსტი შეცვალა და მსმენელს ცნობილი ჰიტის როკ ვერსია შესთავაზა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული