Thumbnail

ავტომობილები ჰიპ ჰოპ კულტურის განუყოფელი ნაწილია. მას შემდეგ, რაც 1979 წელს The Sugarhill Gang-მა პირველი რეპ ჰიტის Rapper’s Delight ტექსტში "ლინკოლნ კონტინენტალი" ახსენა, მანქანები არტისტებისთვის გადაადგილების გარდა, თვითგამოხატვის საშუალებადაც იქცა. ცალკეულმა მოდელებმა ჟანრის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვეს, მათგან ათ ყველაზე გამორჩეულს კი ჩვენს სტატიაში წარმოგიდგენთ.

10. Cadillac Escalade

1998 წელს გამოშვებული "კადილაკ ესკალეიდი" სამასზე მეტ ჰიპ ჰოპ ტრეკშია ნახსენები. ეს მოდელი განსაკუთრებული პოპულარობით 2000-იან წლებში სარგებლობდა. ძვირადღირებული ავტომობილი ვიზუალური თუ მექანიკური მოდიფიკაციის თვალსაზრისით თავის მფლობელებს ფართო გასაქანს აძლევდა. "ამ ესკალეიდზე ლამბორგინის კარები დავამაგრე", - რეპავს 50 Cent კომპტონელი კოლეგის, The Game-ის კომპოზიციაში How We Do. 

9. Mazda MPV

სანამ ჰიპ ჰოპი მრავალმილიონიან ინდუსტრიად იქცეოდა, ჟანრის პიონერები ამერიკული ქალაქების გეტოებში ხელმომჭირნედ ცხოვრობდნენ. სწორედ ამ პერიოდში მოიპოვა პოპულარობა "მაზდას" ამ მოდელმა, რომელიც ეკონომიურობითა და დიდი ტევადობით გამოირჩეოდა. Wu-Tang Clan-ისა და Lost Boyz-ის წევრები კარიერის პირველ წლებში ნიუ იორკის ქუჩებში სწორედ ამ ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. The Notorious B.I.G.-მ კი ის კომპოზიციაში Friend of Mine მოიხსენია.

8. Maybach 57 

ელეგანტურობისა და ფუფუნების სიმბოლოდ ქცეული "მაიბახი" ჰიპ ჰოპის სამყაროში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მაგალითისთვის იმის გახსენებაც კმარა, რომ ფლორიდელმა რეპერმა, რიკ როსმა საკუთარი ლეიბლი Maybach Music Group სწორედ ამ გერმანული ავტომობილის პატივსაცემად მონათლა. 2011 წელს "მაიბახმა" ჯეი ზისა და ქანიე ვესთის მუსიკალურ ვიდეორგოლში Otis გაიბრწყინა. რეპერების მიერ მოდიფიცირებული მანქანის "შეშლილი მაქსის" მთავარ პერსონაჟსაც კი შეშურდებოდა. 

7. Rolls-Royce Phantom

ჰიპ ჰოპის პოპულარობის სწრაფი ზრდა ჟანრის წარმომადგენელთა ჯიბეებსაც დაეტყო. არტისტები საკუთარი სიმდიდრის დემონსტრირებას ყველა შესაძლო ხერხით ცდილობდნენ. ცოტა ხანში მათ შორის ნამდვილი შეჯიბრი გაჩაღდა ყველაზე ძვირადღირებული და ექსტრავაგანტული მანქანების ფლობაში. სწორედ ამ დროს გამოჩნდა "როლს-როის ფანტომის" მეშვიდე თაობის მოდელი. ეს ავტომანქანა ასობით რეპ კომპოზიციის ტექსტშია მოხსენიებული, ვიდეორგოლებში მისი გამოჩენა კი მფლობელის სტატუსსა და ფინანსურ მდგომარეობას უსვამდა ხაზს.

6. Toyota Corolla

"ტოიოტა კოროლა" ჰიპ ჰოპის სამყაროში მარცხისა და წარუმატებლობის სიმბოლოდაა ქცეული. 50 Cent, Lil Uzi Vert, Migos, Gucci Mane - ამ და სხვა არტისტების ტექსტებიდან მარტივად მიხვდებით, რომ ავტოინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელი მათი მოწონებით ნამდვილად ვერ სარგებლობს. "როდესაც ჩემს რეინჯ როვერს ვაპარკინგებ, შენს კოროლას ოდნავ ვკაწრავ", - რეპავს ქანიე ვესთი კომპოზიციაში Hold My Liquor.

5. Ferrari Testarossa

80-იანი წლების ესთეტიკის სიმბოლოს, "ფერარი ტესტაროსას" სერიული წარმოება 1996 წელს შეწყდა, თუმცა, მას პოპულარობა დღემდე არ დაუკარგავს. ხელოვნების ნიმუშად აღიარებული მოდელი თავის დროზე ლეგენდარული Dr. Dre-სა და ოლდ სქულის სხვა წარმომადგენელთა საყვარელი ავტომანქანა იყო, 2017 წელს კი თანამედროვე ჰიპ ჰოპ სცენის ატლანტელი ვარსკვლავების, Migos-ის კომპოზიციაზე MotorSport გადაღებული ვიდეორგოლი დაამშვენა.

4. Lamborghini Murcielago

"ლამბორგინის" ამ ლეგენდარულ მოდელს ძალაუფლებისა და სიმდიდრის სიმბოლოდ თითქმის ასამდე ჰიპ ჰოპ ტრეკის ტექსტში ვხვდებით. ავტომობილმა 2009 წელს Young Jeezy-ის და Nas-ის კომპოზიციაზე My President გადაღებულ ვიდეორგოლში გაიბრწყინა. რიკ როსმა კი მას ორი კომპოზიცია მიუძღვნა. ფლორიდელი არტისტის ტრეკები Lamborghini Doors და Purple Lamborghini სწორედ "ღამურის" მეტსახელით ცნობილი მანქანითაა შთაგონებული.

3. Chrysler Town & Country

იაფი და მრავალადგილიანი Chrysler Town & Country დამწყებ ჰიპ ჰოპ კოლექტივებს, მრავალშვილიან ოჯახებსა და კრიმინალურ ბანდებს შორის თანაბარი პოპულარობით სარგებლობდა. ეს ავტომობილი ჟანრის თანამედროვე სუპერვარსკვლავმა, ქენდრიქ ლამარმა მეორე სტუდიური ალბომის Good Kid, M.A.A.D. City გარეკანით სამუდამოდ უკვდავყო. ნამუშევრის თემატიკა რეპერის წარსულისა და მისი მშობლიური ქალაქის, კომპტონის გარშემო ტრიალებს, ყდაზე გამოსახული მოდელი კი მის მშობლებს ეკუთვნოდათ.

2. Mercedes-Benz 500

"მერსედესის" ეს მოდელი სხვადასხვა თაობის ჰიპ ჰოპ არტისტთა ჩანაწერებში, არც მეტი არც ნაკლები, 3,000-ზე მეტჯერაა ნახსენები. მათ შორის ყველაზე გამორჩეული ლეგენდარული 2Pac-ის კომპოზიცია Picture Me Rollin' გახლავთ. ჟანრის სიმბოლოდ ქცეულმა რეპერმა ეს ტრეკი 1996 წელს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ გამოუშვა და გერმანული წარმოების ავტომობილი თავისუფლებისა და დაუმორჩილებლობის სიმბოლოდ აქცია.

1. Chevrolet Impala

1990-იანი წლების დასაწყისიდან ე.წ. "ლოურაიდერები" დასავლეთ სანაპიროს ჰიპ ჰოპისა და ჯი-ფანკ კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცნენ. სხვადასხვა მარკის მოდელებს ასობით მუსიკალურ ვიდეოში წააწყდებით, თუმცა, პოპულარობის მხრივ "შევროლე იმპალას" სხვა მანქანები ვერც კი მიუახლოვდებიან. ეს ლეგენდარული ავტომობილი ისეთი არტისტების კლიპებში გვხვდება, როგორებიც არიან Snoop Dogg, Warren G, Eazy-E, Cypress Hill და სხვები. მისი ყველაზე ტრიუმფალური სვლა კი Dr. Dre- ჰიტში Let Me Ride შედგა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული