Thumbnail

1970-იანი წლების მეორე ნახევარში პანკი პოპულარობის პიკში იყო, თუმცა, ჟანრის წარმომადგენელთა ნაწილს კომერციულ ფორმულად ქცეული ხაზგასმული პრიმიტიულობა უკვე აღარ აკმაყოფილებდა. მალე ამ არტისტების შემოქმედებაში მიმდინარეობისთვის დამახასიათებელი ზღვარგადასული ენერგიულობა და გიტარების აგრესიული ჟღერადობა მონოტონურმა რიტმმა, ბასისა და დასარტყამი ინსტრუმენტების დომინირებამ, განყენებულმა ვოკალმა და დეკადენტურმა ტექსტებმა ჩაანაცვლა. ასე დაიბადა ახალი მუსიკალური მიმართულება, რომლის არადოგმატურმა მიდგომებმა და მრავალფეროვანი შემოქმედებითი ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობებმა უამრავი ნიჭიერი შემსრულებელი მიიზიდა. სულ მალე პოსტ პანკის დიადი ეპოქაც დაიწყო.

ნახე სრული ფლეილისტი

ჩვენს ქვეყანაში ამ ჟანრში მოღვაწე პირველი კოლექტივი 80-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა, 90-იანი წლებიდან დღემდე კი ადგილობრივ სცენაზე არაერთი საინტერესო პოსტ პანკ ბენდი თუ არტისტი ვიხილეთ.

ჩვენს სიაში სწორედ 15 გამორჩეულ ქართულ პოსტ პანკ კომპოზიციას წარმოგიდგენთ. სიმღერების ნუმერაცია, ტრადიციულად, პირობითია. 

15. რეცეპტი - მოდი მალე

თუ ვინმე იმსახურებს ჩვენს ქვეყანაში მუსიკალური კონტრკულტურის პიონერის წოდებას, ეს, პირველ რიგში, ლადო ბურდულია. პოსტ პანკისა და გოთიკის ჟანრებში მოღვაწე ბენდი "რეცეპტი" მან 1987 წელს ზაზა სახამბერიძესთან, კახა გუგუშვილთან და ვოვა ვარდანიანთან ერთად ჩამოაყალიბა. მოგვიანებით კი მათ სანდრო კაპანაძე და შალვა ხახანაშვილი შეუერთდნენ. თავის დროზე სწორედ ამ ჯგუფმა დაამტკიცა, რომ ქართულენოვანი როკ მუსიკა სულაც არ წარმოადგენდა ხელწამოსაკრავ მოვლენას, ჩვენს თანამემამულე არტისტებს კი უცხოელ კოლეგებთან გატოლების ძალა შესწევდათ. მათი სტილი აგრესიული ჟღერადობითა და დეპრესიული, სოციალური პროტესტით აღსავსე ტექსტებით გამოირჩეოდა. არსებობის განმავლობაში კოლექტივმა მხოლოდ ათამდე სიმღერა ჩაწერა, რომელთა შორის "მოდი მალე" ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია.

14. კუმლე - ტელევიზორი

კუმლეს სახელით ცნობილი დევი სკანაძის "ტელევიზორი" თამამად შეიძლება, ყველა დროის საუკეთესო პოსტ პანკ კომპოზიციების სიაში შევიტანოთ. ეს ადამიანი დიდ ბრიტანეთში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში რომ დაბადებულიყო, ამ პირქუშ სიმღერას, ალბათ,  თაყვანისმცემლებით გადავსებულ კლუბებში შეასრულებდა, მის სახელს კი ჩვენი უცხოელი კოლეგები ჟანრის ლეგენდებთან ერთად მოიხსენიებდნენ. თუმცა, ცხოვრება და შემოქმედებითი მოღვაწეობა როგორ გარემოშიც მოუწია, ამ ტრეკის ტექსტიც ადვილად მიგახვედრებთ. სამწუხაროდ, ამ უნიჭიერესი მუსიკოსის ნამუშევრებს მის მშობლიურ ქვეყანაშიც კი მსმენელთა ძალზე მცირე ნაწილი იცნობს. ამ სიით შევეცადეთ, ეს დანაკლისი ოდნავ მაინც შეგვევსო. 

13. ამორალი - მიწის ქვეშ

ჯგუფ "ამორალის" ეს ვიდეორგოლი სამოქალაქო ომის შედეგად დამწვარი სასტუმრო "თბილისის" (ამჟამინდელი "მერიოტის") შენობაშია გადაღებული. პოსტ პანკის ესთეტიკას ოდნავ მაინც თუ იცნობთ, დაგვეთანხმებით, ნამდვილად შესაფერისი გარემოა. სიმღერა "მიწის ქვეშ" დღეს უკვე "წერილის" სახელით ცნობილი ბენდის სადებიუტო, 1997 წელს ჩაწერილ ალბომში "უძირო გზა" შედის. მათ შემოქმედებაში ერთ-ერთ საუკეთესო კომპოზიციას სანდრო კაპანაძის საქსოფონის პარტიები კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის. გიტარაზე კი ქართული ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთ პიონერი, გიორგი ჟორჟოლიანი უკრავს. აღსანიშნავია, რომ გია თოიძის მიერ 1995 წელს ჩამოყალიბებული კოლექტივი 90-იანების ქართული ალტერნატიული სცენის წარმომადგენელთა შორის, ფაქტობრივად, ერთადერთია, რომელიც დღემდე სტაბილურად მოღვაწეობს და თავდაპირველ სტილს მტკიცედ არ ღალატობს.

12. შარქათაქი - დაიღალე

2010-იანი წლების დასაწყისში დაარსებული "შარქათაქი" ქართული ალტერნატიული მუსიკის სცენაზე ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო და იმედისმომცემი ჯგუფი იყო. კოლექტივის მუსიკალური მიმდინარეობა პოსტ პანკს, ელექტრონიკასა და ალტერნატიულ როკს აერთიანებდა, ლირიკა კი სოციალური პრობლემატიკით იყო შთაგონებული. ჩვენს სიაში მათ ყველაზე პოპულარულ და გამორჩეულად შთამბეჭდავ კომპოზიციას "დაიღალე" წარმოგიდგენთ, რომელიც ბენდის ჟღერადობისა და მსოფლმხედველობის თვალსაჩინო ნიმუშია. 

11. ტაქსი - ელექტროსკამზე

დადა დადიანმა, ირინა ხორავამ, ზაზა სახამბერიძემ და ბიჭიკო ოსიპოვმა ჯგუფი "ტაქსი" 1987 წელს თბილისში ჩამოაყალიბეს. მოგვიანებით ზაზა სახამბერიძე კახა კიკაბიძემ, ირინა ხორავა კი ირაკლი ჩარკვიანმა შეცვალა. ნიუ ვეივისა და ინდი როკის ჟანრებში მოღვაწე ბენდმა არსებობის განმავლობაში ერთადერთი სტუდიური ალბომი გამოუშვა. 1988 წელს გამოცემული ჩანაწერი ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია ქართული როკ მუსიკის ისტორიაში. მასში შესული სიმღერებიდან კი "ელექტროსკამზე" ცალსახად გამორჩეულია. ამ პოსტ პანკ ჟღერადობის კომპოზიციის ტექსტში მთელი ის სიძულვილი და გაუცხოებაა ასახული, რომელსაც ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოში დადასა და მისი მეგობრების მსგავსი, საყოველთაოდ მიღებულისგან განსხვავებული ღირებულებებისა და მსოფლმხედველობის მქონე ადამიანები საზოგადოებისგან გრძნობდნენ.

10. სპანდერა და კომპარტია - დგარავინ ას

გიორგი სპანდერაშვილმა მოღვაწეობა შესაშურად პრიმიტიული და მოუხეშავი მუსიკის დაკვრით დაიწყო, თუმცა, მოგვიანებით პანკ ჯგუფ "მინდა და ვთხრის" დამაარსებელი უფრო ექსპერიმენტულმა ჟღერადობამ გაიტაცა. მის მიერ 2000-იანების შუა პერიოდში ჩამოყალიბებული ბენდის "სპანდერა და კომპარტია" შემოქმედებაში პოსტ პანკის, ელექტროქლეშის, სინთპოპისა და ელექტრონიკის ელემენტები ერწყმის ერთმანეთს. ჩვენს სტატიაში წარმოდგენილ ვიზუალურ ნამუშევარში კოლექტივი კიდევ ორ კომპოზიციას - "დატომ რამტოვე ზემზე" და "ტყვიი" ასრულებს (ორთოგრაფიულ შეცდომებს არ ვუშვებთ, საკუთარი ნამუშევრების ანაგრამებით დასათაურება სპანდერას განუმეორებელი ხელწერის ნაწილია). სიმღერებს შორის კი ცნობილი ქართული ელექტროპოპ ჯგუფის, Kung Fu Junkie-ის წევრის, თაზო ლიპარტელიანის, იგივე გრინჩის დეკლამაციებს მოისმენთ. 

9. ტელესკოპი - როცა

ლეგენდარული პოსტ პანკ ბენდი The Cure ოთხმოცდაათიან წლებში ქართული ალტერნატიული სცენის წარმომადგენელთა ვიწრო წრეში დიდი პოპულარობით სარგებლობდა და თითქმის ყველა მათგანის შემოქმედებაზე ტოვებდა კვალს. ეს ტენდენცია ახალ საუკუნეშიც გაგრძელდა - 2000 წელს თბილისში დაარსებული ჯგუფის, "ტელესკოპის" სადებიუტო და დღეისთვის ერთადერთ სტუდიურ ალბომში "შეშლილი ღამე + მელანქოლია" მათი ბრიტანელი კოლეგების გავლენა ნათლად იგრძნობა. ჩანაწერის სახელწოდებაც ისეთია, წაკითხვისას ძალაუნებურად რობერტ სმიტის დარდისგან გაბზარული ხმა რომ ჩაგესმის ყურში. ბექა ქალდანის მიერ ჩამოყალიბებული კოლექტივი ამ ნამუშევრის გამოცემის შემდეგ სწრაფადვე დაიშალა, თუმცა, 2010-იან წლებში აღდგა და საკონცერტო მოღვაწეობაც განაახლა.

8. Mother on Mondays - Coma

გოგლიკ ფარეშიშვილის, გოგი ძოძუაშვილის, ლევან ჯავახიშვილის, დათო ჩხიკვიშვილისა და ვაჟა ბექაურის მიერ 90-იანი წლების დასაწყისში თბილისში ჩამოყალიბებული ჯგუფის Mother on Mondays შემოქმედება ნიუ ვეივსა და ალტერნატიულ როკს აერთიანებდა, თუმცა, მათი ერთ-ერთი საუკეთესო კომპოზიცია სახელწოდებით Coma თამამად შეგვიძლია, პოსტ პანკს მივაკუთვნოთ. ეს ვიდეო 1993 წელს საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის მეორე არხის სტუდიაშია გადაღებული და მუსიკოსების მიერ ამ სიმღერის ცოცხალ შესრულებას ასახავს. ჯგუფი სწრაფად, დაარსებიდან სულ რაღაც ოთხ წელიწადში დაიშალა, მაგრამ ოცწლიანი პაუზის შემდეგ განახლებული შემადგენლობით აღდგა და დღემდე მოღვაწეობს.

7. Landmark - Northern Lights

2000-იანი წლების დასაწყისში დიდ ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში პოპულარობა ახალმა, უფრო სწორად, კარგად დავიწყებულმა ძველმა ჟანრმა მოიპოვა, რომელსაც მუსიკის კრიტიკოსებმა პოსტ პანკ რივაივალ უწოდეს. ამ მიმდინარეობის წამყვანი წარმომადგენლები, ისევე როგორც ორი ათეული წლის წინ, როკ მუსიკის ჩარტების სათავეში მოექცნენ. ცოტა ხანში კი მათმა სახასიათო ჟღერადობამ ათასობით არტისტის შემოქმედებაზე მოახდინა გავლენა. მათ შორისაა 2008 წელს თბილისში ჩამოყალიბებული ჯგუფი Landmark, რომლის ნამუშევრებიც პოსტ პანკის ახალი ტალღის თვალსაჩინო ნიმუშია. ჩვენს სიაში შესატანად კი კოლექტივის სადებიუტო მინი ალბომში წარმოდგენილი სიმღერა Northern Lights შევარჩიეთ.

6. Eko & Vinda Folio - შენ ანათებ

როგორც შესავალში აღვნიშნეთ, პოსტ პანკი ძირითადად პირქუშ ჟღერადობასთან და  დეპრესიულ ტექსტებთან ასოცირდება, თუმცა, ზოგჯერ ამ ჟანრის წარმომადგენლები მსუბუქ და პოზიტიური განწყობის ნამუშევრებსაც გვთავაზობენ. პროექტი Eko & Vinda Folio ერეკლე დეისაძემ და თემო ეზუგბაიამ 2012 წელს ჩამოაყალიბეს. მათ პოპულარობა სიმღერებმა "სისტემა უნდა დაინგრეს", "აგურით ხელში" და "რაც მამას უნდა" მოუტანა. 2016 წლის ნოემბერში არტისტებმა ფრანგულ ლეიბლზე Talitres ორსინგლიანი ჩანაწერი გამოსცეს, რომელშიც შესულ კომპოზიციას "შენ ანათებ" ჩვენს სიაში წარმოგიდგენთ. 

5. Children's Medicine - Aliza Just Waits

ჯგუფი Children's Medicine დადა დადიანმა, ირაკლი ჩარკვიანმა და კახა გუგუშვილმა 1991 წელს თბილისში ჩამოაყალიბეს. ქართული ალტერნატიული მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პროექტის შემოქმედებიდან Aliza Just Waits ყველაზე პოპულარული ნამუშევარი ნამდვილად არაა, თუმცა, ჟღერადობით პოსტ პანკთან გამორჩეულად ახლოს სწორედ ის დგას. ამ კომპოზიციას ჟანრისთვის დამახასიათებელი ყველა ღირსება ახლავს თან - მონოტონური რიტმ სექცია, მოუხეშავი ჟღერადობა და სპეციფიკური ვოკალი. დადას ხმაში მთელი ის ბრაზი და იმედგაცრუება იგრძნობა, რომელსაც 90-იანების უფერული, მძიმე ყოველდღიურობა იწვევდა. მუსიკოსი მალევე მიხვდა, რომ ჩაბნელებულ საქართველოში ცვლილებების ლოდინი ამაო იყო და ლონდონში გაემგზავრა, სადაც დღემდე ცხოვრობს და მოღვაწეობს.

4. ბექა კუნდალინი - ის ვინც

თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობი "შარქათაქის" ყოფილი წევრის, ბექა კუნდალინის კომპოზიციამ "ის ვინც" გამოსვლიდან მცირე ხანში დაიპყრო მუსიკის მოყვარულთა გულები. როგორც თავად არტისტი იხსენებს, სიმღერა სპონტანურად, ერთი ამოსუნთქვით დაწერა, მისი შექმნისას კი მხოლოდ ის სურდა, მსმენელებისათვის სიცოცხლის ძალა და რწმენა მიეცა. ამ სიმღერის მონოტონურ, ელექტრონული და პოსტ პანკ ჟღერადობების სინთეზით შექმნილ ინსტრუმენტალს რეფრენად არანაკლებ ერთფეროვანი ლირიკა გასდევს. თუმცა, მისი მობეზრება რომ, ფაქტობრივად, შეუძლებელია, ჩვენს სიაში წარმოდგენილი ვიდეოს ნახვების საკმაოდ სოლიდური რაოდენობაც ადასტურებს.

3. მთვარის დაბნელება - მთვარის დაბნელება

გიორგი სპანდერაშვილის კიდევ ერთი პროექტი ჩვენს სტატიაში. "მთვარის დაბნელება" მუსიკოსმა 2013 წელს თბილისში გიტარისტ გიორგი ჩხობაძესთან და დრამერ ლევან მანაგაძესთან ერთად ჩამოაყალიბა. მოგვიანებით ლევანი დასარტყამ ინსტრუმენტებზე ირაკლი ჩიკვილაძემ შეცვალა. ბენდის ეს გოთიკური კომპოზიცია ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო ნამუშევარია ამ სიაში. დეპრესიული ინსტრუმენტალი, თითქოს მთელი სამყაროს ტკივილით აღსავსე ვოკალი, შავ-თეთრი ვიდეორგოლი და ლეგენდარული Bauhaus-ის ლოგოთი დამშვენებული მაისური - ჟანრის თავმოყვარე წარმომადგენლისთვის აუცილებელი ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია.

2. Next Dreamhacker - Non Stop Suicide

მუსიკოსმა, მწერალმა, პოეტმა, პერფორმერმა და ქალაქ სოხუმის თვითგამოცხადებულმა მერმა, ზურა ჯიშკარიანმა ელექტროპოპ ჯგუფ Kung Fu Junkie-სა და ჰიპ ჰოპ გაერთიანება KayaKata-ში მოღვაწეობით გაითქვა სახელი. თუმცა, 2007 წელს მას სევდისა და დაღლილობის შეგრძნებით სავსე, ულამაზესი პოსტ პანკ კომპოზიციის შესრულებაც ბრწყინვალედ გამოუვიდა. არაჩვეულებრივი ლირიკის მქონე სიმღერა ქართული ალტერნატიული ჯგუფის, Circuit Closet-ის სადებიუტო ალბომის ემოციური კულმინაცია და მასში შესული ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი გახდა. 

1. ირაკლი ჩარკვიანი - უსაფრთხოება

მუსიკის სამყაროში რთულად თუ მოიძებნება პოსტ პანკით შთაგონებულ ინდასტრიალზე უფრო დეპრესიული და პირქუში მიმდინარეობა. ქართველი არტისტებისგან ამ ჟანრში ძალები ყველაზე წარმატებით იმ ადამიანმა მოსინჯა, რომლის სახელიც მელომანების უდიდეს ნაწილს სავსებით განსხვავებული სტილის ნამუშევრებით დაამახსოვრდა.

"ჩემთვის მთავარია, ქართულ საზოგადოებას, მსმენელს სტიმული მივცე, რომ ის ამოვიდეს იმ მდგომარეობიდან, რომლიდანაც დიდი ხანია, ვერ გამოვიდა. თუ მდგომარეობიდან გამოსავალი არ არსებობს, შეიძლება, არსებობდეს ამოსავალი. ეს ალბომი სწორედ ამოსვლის და არა გამოსვლის მომენტია. ამ ჩანაწერის ერთ-ერთი მთავარი კონცეფცია სწორედ სულიერების სტიმულაციაა. დისკში პოზიტიური სიმპტომატიკაც არის, რადგან ადამიანს ეუბნები, წამოდი, მოგიტან წყალს, მეორე მხრივ კი, სიმღერებში "ბუია" და "უსაფრთხოება  აჩვენებ, როგორი რეალობაცაა გარშემო", - ამბობდა თავის 2001 წლის ალბომზე "ამო" ირაკლი ჩარკვიანი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული