Thumbnail

რეცენზია: 2 Chainz - Rap or Go to the League

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

თოჰიდ ეფსი იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც დამარცხების შიში ბავშვობაშივე დაძლიეს. საშუალო შეძლების ოჯახში დაბადებული ბიჭუნა დაუოკებლად მიილტვოდა წარმატებისკენ. კოლეჯში სწავლისას სურდა, პროფესიონალი კალათბურთელი გამხდარიყო, თუმცა, მისივე თქმით, სიზმრად ქცეული ოცნებები ხშირად კოშმარს ემსგავსება. არაერთი იმედგაცრუების შემდეგ, თუ ჩეინზმა საკუთარი თავი ჰიპ ჰოპში იპოვა და დღეს მის სახელს "ფორბსის" სიებსა თუ პრესტიჟული ფესტივალის ჰედლაინერებს შორის შეხვდებით.

ორმოცს გადაბიჯებული მუსიკოსი, რომელმაც ნარკოტიკებით ვაჭრობა "ადიდასის" სპორტული ფეხსაცმლის წარმოებით ჩაანაცვლა, განვითარებას განაგრძობს. ეს ჰიპ ჰოპში საკმაოდ დასაფასებელია, რადგან ვეტერანი რეპერები ხშირ შემთხვევაში ახალ ტენდენციებს ფეხს ვეღარ უწყობენ და რელევანტურობას კარგავენ. თუ ჩეინზი პირიქითაა - ის თავად ქმნის ტრენდებს და ამისთვის მას რაიმე ახლის გამოგონება სულაც არ უწევს.

რიგით მეხუთე სტუდიურ ალბომში რეპერმა მძიმე თრეფ ჟღერადობას, როგორიც კომპოზიციებში Statute of Limitations და NCAA გვხვდება, დასავლეთ სანაპიროს თანამედროვე საუნდი შეუხამა, რომელსაც ტრეკში Girl's Best Friend მოისმენთ, შედეგად კი საკუთარ კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარი მიიღო. ახალ ჩანაწერში ისეთი არტისტები მონაწილეობენ, როგორებიც ქენდრიქ ლამარი, ტრევის სკოტი, ფარელ უილიამსი და ლილ უეინი არიან. ეს თუ ჩეინზის დაფასებაზე, აღიარებასა და ჟანრისთვის მნიშვნელოვან ფიგურად ჩამოყალიბებაზე მეტყველებს.

ალბომის ჟღერადობაში კიდევ ერთი ფაქტია აღსანიშნავი. ტრენდი, რომელსაც სამხრეთულ რეპსა და, შესაბამისად, ჰიპ ჰოპის მეინსტრიმში ბოლო რამდენიმე წელია ვხვდებით. ახალი თაობის გამორჩეულმა პროდიუსერებმა, როგორიც, მაგალითად, Metro Boomin გახლავთ, თრეფის საუნდთან გასული საუკუნის 70-80-იანი წლების კლასიკური არენბისა და ნეო სოულის სემპლების შერწყმა დაიწყეს, რაც ჩამთრევ მელოდიას უფრო დასამახსოვრებელს ხდის. შედეგად კი Threat 2 Society-ის მსგავს ნამუშევრებს ვიღებთ. კომპოზიციის, რომლის მსუბუქი ინსტრუმენტალიც ლეგენდარულ არტისტს, 9th Wonder-ს ეკუთვნის. 

ტრეკში 2 Dollar Bill თუ ჩეინზმა და ლილ უეინმა ხარისხის იმ ნიშნულს მიაღწიეს, მათ საერთო ალბომში ColleGrove სანთლით საძებარი რომ იყო. ჩანაწერის ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიცია კი ქენდრიქ ლამარის მონაწილეობით შექმნილი Momma I Hit A Lick გახლავთ, მუდამ არაპროგნოზირებადი ფარელ უილიამსის ინსტრუმენტალით, რომელსაც რეპერების ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ხმის ტემბრი და ქენდრიქის ვისფერ ფლოუსთან მიახლობული რეჩიტატივის კითხვის მანერა იშვიათ მრავალფეროვნებას სძენს.

თუ ჩეინზი ალბომიდან ალბომამდე საგრძნობლად იხვეწება და განსხვავებული ჟღერადობისა და კონცეფციის მქონე ნამუშევრებს გვთავაზობს. მისი შემოქმედების შესახებ დამკვიდრებული სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც რეპერს თავის მოწონება მხოლოდ სინგლებით შეუძლია, წარსულს ჩაბარდა. Rap or Go to the League სწორედ იმის მაგალითია, რომ მუსიკოსს ხარისხიანი ნამუშევრების შექმნა ალბომის ფორმატშიც თავისუფლად ხელეწიფება. 

 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული