Thumbnail

რეალური ისტორია, თუ როგორ სთხოვა ხელი ფრედი მერკურიმ მერი ოსტინს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულ Queen-ზე გადაღებულ ფილმში Bohemian Rhapsody ფრედი მერკურის მიერ მერი ოსტინისთვის ხელის თხოვნის ისტორია განსხვავებულადაა მოთხრობილი.

► ნახეთ: Freddie Mercury-ის 15 ნაკლებად ცნობილი ფოტოსურათი

► რეალური ისტორია, თუ როგორ გაიცნო ფრედი მერკურიმ ბრაიან მეი და როჯერ ტეილორი

► ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ Queen-ს? 

ხელის თხოვნის რეალური ისტორია მერი ოსტინმა გამოცემა Daily Mail-თან საუბარში გაიხსენა.

"23 წლის ვიყავი, როდესაც ფრედიმ შობის ღამეს ყუთი მაჩუქა. გავხსენი, შიგნით ყუთი დამხვდა, კიდევ გავხსენი და ისევ ყუთი დამხვდა. ვიფიქრე, მეთამაშებოდა. სულ ბოლოს, ყველაზე პატარა ყუთში ეგვიპტური სტილის ულამაზესი ბეჭედი იდო. ენა ჩამივარდა, რადგან ამას არ მოველოდი. მითხრა, რომ მარცხენა ხელზე გამეკეთებინა. შემდეგ ცოლობა მთხოვა. შოკირებული ვიყავი. ძლივს ამოვილუღლუღე - "კი, რა თქმა უნდა", - განაცხადა ოსტინმა.

როგორც მერიმ აღნიშნა, მან მოგვიანებით გაიაზრა, რომ ქორწილი არასდროს შედგებოდა.

"ერთხელაც პატარა მაღაზიაში ანტიკური სტილის საქორწილო კაბა დავინახე. რადგან ბეჭდის ჩუქების შემდეგ ფრედის ქორწინებაზე აღარაფერი უთქვამს, შესაფერისი მომენტი ჩამივარდა, მეკითხა - დროა, შევიძინოთ? არაო, მიპასუხა. გული გამიტყდა, მაგრამ ისედაც ვხვდებოდი, რომ მისი ცოლი არასდროს გავხდებოდი", - თქვა ოსტინმა.

მერი ოსტინი

აღსანიშნავია, რომ ფრედიმ ოსტინს საკუთარი ქონების ნახევარი, მათ შორის კენსინგტონში მდებარე 25 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეფასებული რეზიდენცია დაუტოვა.

"ყველა ჩემი შეყვარებული მეკითხებოდა, რატომ არ შეეძლოთ მერი ოსტინის შეცვლა. ეს, უბრალოდ, შეუძლებელი იყო. მერი ჩემი ერთადერთი მეგობარი იყო, სხვა არავინ მინდოდა. ფაქტობრივ ცოლს ვეძახდი. ჩემთვის ეს იყო ქორწინება. ერთმანეთის გვჯეროდა და ეს სრულიად საკმარისი იყო. არ შემეძლო კაცის მისნაირად შეყვარება", - განაცხადა მერკურიმ.

ფრედიმ და მერიმ ერთმანეთი 1969 წელს გაიცნეს. მათი რომანტიკული ურთიერთობა 1976 წლამდე გაგრძელდა.

ფრედი მერკურიმ მუსიკალური კარიერა 1969 წელს დაიწყო. ის საზოგადოებამ ჯგუფ Queen-ში მოღვაწეობით გაიცნო. გამორჩეული ვოკალური მონაცემების მქონე შემსრულებელი ისეთი ჰიტების ავტორია, როგორებიცაა: Bohemian Rhapsody, Killer Queen, Somebody to Love, Don't Stop Me Now, We Are the Champions და Crazy Little Thing Called Love. გამოცემა Rolling Stone-მა 2008 წელს ის ყველა დროის საუკეთესო მომღერლებს შორის დაასახელა. არტისტი შიდსის ფონზე განვითარებული ბრონქიალური პნევმონიით 1991 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული