Thumbnail

10 მუსიკოსი, რომელიც სცენაზე უკიდურესად არაფხიზელ მდგომარეობაში გამოვიდა

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

პოპულარული შემსრულებლები მსმენელთა წინაშე ალკოჰოლისა თუ ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ არაერთხელ გამოსულან. არაერთი კონცერტი განსაკუთრებით დასამახსოვრებელი სწორედ იმიტომ აღმოჩნდა, რომ მუსიკოსები სცენაზე უკიდურესად არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ. ჩვენს სტატიაში სწორედ ათ ასეთ შემთხვევას წარმოგიდგენთ.

10. ჯიმ მორისონი

ლეგენდარული როკ ჯგუფ The Doors-ის ფრონტმენის, ჯიმ მორისონის ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისადმი მისწრაფება საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს. 1969 წელს მაიამიში გამართულ კონცერტზე დატრიალებული არეულობაც სწორედ ამან გამოიწვია. ამას ადგილობრივი შერიფის მიერ გაცემული დაკავების ბრძანებაც ადასტურებს.

დოკუმენტში ჩამოთვლილი ბრალდებების სია ჯიმის მიერ ჩადენილი საგმირო საქმეების შესახებ საკმარისზე მეტს მოგვითხრობს - საჯარო სივრცეში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, უცენზურო ლექსიკის გამოყენება, გენიტალიების დემონსტრირება და ხულიგნობა. სასამართლომ მორისონს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა, ადვოკატებმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და მუსიკოსის გარდაცვალების დღისთვის, 1971 წლის 3 ივლისს, საბოლოო განაჩენი ჯერ კიდევ უცნობი იყო.

9. ემი უაინჰაუსი

ბრიტანელი პოპ შემსრულებლის, ემი უაინჰაუსის მიერ ბელგრადში 2011 წლის 18 ივნისს გამართული კონცერტი იმდენად სკანდალური აღმოჩნდა, რომ მას სერბეთის თავდაცვის მინისტრი, დრაგან სუტანოვაჩიც კი გამოეხმაურა და "სამარცხვინო" უწოდა. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მუსიკოსი სცენაზე ბარბაცებდა, სიმღერების ტექსტებსა და საკუთარი ბენდის წევრების სახელებს ვერ იხსენებდა და ერთხელ უმიზეზოდ ფეხსაცმელიც კი გაიხადა.

ბელგრადში გამოსვლა ემისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა. 23 ივლისს მუსიკოსი ალკოჰოლის ზედოზირებით გარდაიცვალა და, ჯიმ მორისონის მსგავსად, ოცდაშვიდიანელთა კლუბს შეუერთდა. 

8. კარლოს სანტანა

1969 წელს გამართული ვუდსტოკის ფესტივალის მონაწილე არტისტები და მათი მსმენელები ათასგვარ აკრძალულ ნივთიერებას მოიხმარდნენ. თუმცა, კარლოს სანტანამ ამ ფსიქოდელიურ საგიჟეთშიც კი მოახერხა, ყველასთვის დაემახსოვრებინა თავი. ლეგენდარული გიტარისტი იხსენებს, რომ კომპოზიციის Soul Sacrifice შესრულებისას ის LSD-ს ზემოქმედების ქვეშ იყო და ამაოდ ცდილობდა საკუთარი ინსტრუმენტის გრიფის მოთვინიერებას, რომელიც გველი ეგონა.

ამ გამოსვლამ სანტანას კარიერაზე გარდამტეხი გავლენა მოახდინა, Soul Sacrifice კი მის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კომპოზიციად იქცა. ლეგენდარული მუსიკოსის ანგარიშზე დღეისთვის გრემის ათი ჯილდო და ას მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერია.

7. ბილი ჯო არმსტრონგი

2012 წლის 21 სექტემბერს, ლას ვეგასში გამართულ iHeart Radio-ს შოუზე, ორგანიზატორებმა არენბი შემსრულებელ აშერისთვის მეტი დროის დასათმობად ჯგუფ Green Day-ს განუცხადეს, რომ პერფორმანსი ნაადრევად, ერთ წუთში უნდა დაემთავრებინათ. საპასუხოდ, ბენდის ფრონტმენმა, ბილი ჯო არმსტრონგმა, რომელმაც ერთწლიანი სიფხიზლის შემდეგ, პირველად სწორედ ამ კონცერტის წინ დალია, გიტარა დაამტვრია და სცენიდან გინებით გავიდა.

Green Day-მ საჯარო განცხადებით მსმენელებს მოუბოდიშა, ბილის კი მომდევნო დილას კონცერტზე მომხდარი სკანდალიდან თითქმის აღარაფერი ახსოვდა. ბენდის მენეჯერის მოთხოვნით, ის სასწრაფოდ სარეაბილიტაციო ცენტრში გადაიყვანეს. 

6. უიტნი ჰიუსტონი

ლეგენდარული ამერიკელი მომღერლის, უიტნი ჰიუსტონის ცხოვრებასა და კარიერაზე ოჯახურმა პრობლემებმა გადამწყვეტი გავლენა მოახდინა. მისი და არენბი ვარსკვლავის, ბობი ბრაუნის წარუმატებელი და კონფლიქტებით სავსე ქორწინება 2007 წელს დასრულდა, თუმცა, უიტნის დეპრესიას ამით არაფერი ეშველა. მუსიკოსი ალკოჰოლს, ნარკოტიკებსა და ბარბიტურატებს უზომო რაოდენობით მოიხმარდა, რაც 2012 წელს მისი სიკვდილის მიზეზი გახდა. 

ავსტრალიის ქალაქ ბრიზბენში 2010 წელს გამართული კონცერტის დაწყებამდე უიტნი უკვე არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, მაყურებელთა წინაშე კი სრულიად დეზორიენტირებული წარდგა. მას სუნთქვა უჭირდა და ბენდის წევრების სახელები ავიწყდებოდა. რამდენჯერმე კი ალკოჰოლის მორიგი დოზის მისაღებად გამოსვლაც შეწყვიტა.

5. დევიდ ლი როთი

ჰარდ როკ ჯგუფის, Van Halen-ის ფრონტმენი, დევიდ ლი როთი, დაუდგრომელი ხასიათისა და სკანდალური ქცევის გამო, უსიამოვნებაში არაერთხელ გახვეულა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა 1983 წელს მოხდა, როდესაც კორპორაცია Apple-ის თანადამაარსებელმა, სტივ ვოზნიაკმა, მის მიერ ორგანიზებულ მუსიკალურ ფესტივალში მონაწილეობის სანაცვლოდ, დევიდსა და კოლექტივის სხვა წევრებს 1.5 მილიონი დოლარი შესთავაზა.

ჯგუფი წინადადებას სიამოვნებით დასთანხმდა, თუმცა, მათი კონცერტი ნამდვილ კოშმარად იქცა. სცენაზე გამოსვლამდე ლი როთმა იმდენი ალკოჰოლი და კოკაინი მიიღო, რომ სიმღერისას ტექსტები ეშლებოდა. როგორც ვოზნიაკი იხსენებდა, გაცნობისას დევიდმა მასზე მშვიდი და გაწონასწორებული პიროვნების შთაბეჭდილება დატოვა და ვერ წარმოიდგენდა, თუ მასთან თანამშრომლობა ასეთი შედეგით დასრულდებოდა.

4. ნილ იანგი

1976 წლის 25 ნოემბერს მადლიერების დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე ნილ იანგი შეუდარებელი იყო. კანადელმა მუსიკოსმა მსმენელთათვის კარგად ნაცნობი ჰიტები ჩვეული ემოციურობით შეასრულა, ბენდმა კი არტისტს ბრწყინვალე აკომპანემენტი გაუწია. იანგის ასეთი შთამბეჭდავი გამოსვლა ორმაგად დასაფასებელია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არტისტს დიდი რაოდენობით კოკაინი ჰქონდა გაყნოსილი. 

ვიდეოში იანგის სახეზე ამ ნარკოტიკული საშუალების ეფექტი ხან ფართო ღიმილის, ხანაც დაბნეული გამომეტყველების ფორმითაა აღბეჭდილი. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მუსიკოსს ამან სიმღერის Helpless შესანიშნავად შესრულებასა და ორ ინსტრუმენტზე დაკვრაში ხელი ვერ შეუშალა.

3. სლეში

ლეგენდარული როკ ჯგუფის, Guns N' Roses-ის წევრებს ალკოჰოლთან თუ ნარკოტიკებთან დაკავშირებული სკანდალებით არაერთხელ გამოუჩენიათ თავი. მხოლოდ ის რად ღირს, 1991 წელს ბენდის ფრონტმენი, ექსლ როუზი გამოსვლისას ერთ-ერთ მსმენელს რომ დაესხა თავს. თუმცა, იმავე წელს გამართულ კონცერტზე ბენდის გიტარისტმა, სლეშმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა და თვით თავისი მრავლისმნახველი კოლეგების გაკვირვებაც კი შეძლო.

დანამდვილებით არავინ იცის, რა ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა მუსიკოსი Welcome to the Jungle-ის შესრულებისას. კოლექტივის დრამერისა და ბასისტის სახეების გამომეტყველებით კი შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ეს კითხვა მათაც აწუხებდათ.

2. კურტ კობეინი

საკულტო გრანჟ ბენდის, Nirvana-ს ფრონტმენისთვის სცენაზე ჰეროინისა თუ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა იმდენად ჩვეულებრივი მოვლენა იყო, რომ, სურვილის შემთხვევაში, ამ სტატიას მხოლოდ მისი გამოსვლებითაც დავაკომპლექტებდით. თუმცა, ამ მხრივ განსაკუთრებით ღირსშესანიშნავი 1991 წელს როტერდამში გამართული კონცერტი გამოდგა.

კონცერტის დაწყებამდე კურტი უკვე გონების დაკარგვამდე მთვრალი იყო. ალკოჰოლის მიღება მას არც სცენაზე შეუწყვეტია. კომპოზიციის In Bloom შესრულების წინ კი იმდენად კატასტროფულ მდგომარეობაში იყო, რომ გიტარის ხმის გასწორებასაც ვერ ახერხებდა. ასეა თუ ისე, მუსიკოსმა ძალისხმევა მოიკრიბა და მორიგი ქაოტური პერფორმანსის ბოლომდე მიყვანა შეძლო.

1. ირაკლი ჩარკვიანი

ჩვენს სტატიაში წარმოდგენილი ყველა სხვა შემთხვევისგან განსხვავებით, აქ მხოლოდ აუდიოჩანაწერის შემოთავაზება მოგვიწევს, რადგან "მარგარიტა 96-ზე" ირაკლი ჩარკვიანის გამოსვლის ამსახველი ვიდეომასალა ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის.

ლეგენდარული მუსიკოსი 1996 წელს ვაკის პარკში გამართულ ფესტივალზე მსმენელთა წინაშე აკუსტიკური გიტარისა და ბოთლი ვისკის თანხლებით წარდგა და სცენაზე ისეთი ქაოსი დაატრიალა, რომ ღონისძიების ორგანიზატორები იძულებული გახდნენ, განათება და აპარატურა გაეთიშათ. კონცერტი ერთ-ერთი რადიოს პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ჩანაწერში მუსიკაზე არანაკლებ საინტერესო გაოგნებული წამყვანის კომენტარებია - "ირაკლი დღეს ყველა თავის მსმენელს დაკარგავს...". თუმცა, როგორც მოვლენების შემდგომმა განვითარებამ გვიჩვენა, ამ წინასწარმეტყველებას ასრულება არ ეწერა. 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული