Thumbnail

თინა მახარაძის 5 საყვარელი სიმღერა

მსახიობ თინა მახარაძის 5 საყვარელი კომპოზიცია.

5. Alfred Cortot - The Master Classes (Frederic Chopin)

ეს არის ჩემი საყვარელი პიანისტი და მთლიანად ჩანაწერი არის სრულიად გენიალური დოკუმენტი.

4. Muslimgauze - A Small Intricate Box Which Contains Old Blue Opium Marzipan

ამ კომპოზიციამ ჯერ თვალი მომჭრა და მერე ყური. თავიდან სათაური შემიყვარდა. მომწონს, როცა სმენისას ცოცხლად წარმოვიდგენ, რა ხდება ოთახში, რომელშიც სიმღერაში აღწერილი დიალოგი ვითარდება, როგორი განათება და ამინდია. ცხადია, არ მესმის არაბულენოვანი საუბრის შინაარსი, მაგრამ ვაღმერთებ დიალოგის დინამიკას. საერთოდ, ბრაიან ჯონსი, რომელიც პროექტ Muslimgauze-ს უკან დგას, ძალიან კარგი არტისტია. 

3. Múm - Will The Summer Make Good For All Our Sins

მე მიყვარს ისლანდიური მუსიკა, იოჰან იოჰანსონი, Sigur Rós და ყველაზე მეტად Múm. მთელი ეს ალბომი თავისი ენისა და მუსიკის თანხმოვანებით, ნარატივითა და მუსიკალური სტრუქტურით, კომპოზიციების სათაურებით (რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია), თხრობის მანერითა და ფსიქოტური ქსოვილით ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ნამუშევარია. 

2. Radiohead - Staircase

მიყვარს ერთგულად და ჩაუნაცვლებლად 2011 წლიდან. მომწონს ამ სიმღერის არაკონვენციური რითმა და ვუსმენ, როგორც ვერლიბრს. ვაღმერთებ ტექსტში "მოსაყოლი საიდუმლოებების" კონცეპტს - The pot is full of secrets to be told, ვგიჟდები ტომ იორკზე და იმაზე, რომ ედ ო'ბრაიენის ინიციალები ასე გამოიყურება - EOB. ჩემი ტვინი ამ სიმღერას წარმოსახვითი waveform-ის მიხედვით ასინქრონებს გალაკტიონ ტაბიძის ვერლიბრთან "ათოვდა ზამთრის ბაღებს". 

1. Pauline Oliveros - Digitalis Purpurea

მე მიყვარს პოლინ ოლივეროსი, რომელიც ომისშემდგომი ელექტრონული მუსიკის პიონერი იყო. მან აბსოლუტურად ახალი მუსიკალური თეორიები შეიმუშავა და სმენის ახალი მოდელის შესაქმნელად გზებსა და მეთოდებს იკვლევდა. პოლინს ეკუთვნის "ღრმა მოსმენისა" და "ბგერითი შემეცნების" კონცეფცია, რომელიც მისი განმარტებით, გულისხმობს "შესაძლებლობას გაცნობიერებულად, მიზანმიმართულად მოახდინო ყურადღების ფოკუსირება მუსიკალურ თუ გარემომცველ ბგერებზე, რაც მოსმენის, როგორც აქტის მიმართ მუდმივ მზადყოფნასა და მისწრაფებას მოითხოვს". მე "ღრმა მოსმენის" ფანატიკური მიმდევარი ვარ როგორც მუსიკაში, ისევე ხელოვნების ყველა სხვა დარგსა და ზოგადად ცხოვრებაში. ეს კონკრეტული კომპოზიცია კი იმიტომ მიყვარს, რომ ვფიქრობ, ჩემი ტვინის ხმოვანების უზუსტესი არტიკულაციაა. მგონია, რომ ჩემი ფიქრის პროცესის აუდიოვერსია ზუსტად ასე იჟღერებდა. 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული