Thumbnail

ტერმინი "პანკი" მუსიკასთან მიმართებით პირველად 1970-იანი წლების დასაწყისში გამოიყენეს. დეკადის მეორე ნახევრიდან კი აგრესიული რიტმებით, უცენზურო ტექსტებითა და როკ-ენ-როლის მოუხეშავ ჟღერადობით გამორჩეულმა ჟანრმა მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა.

საბჭოთა ცენზურა საქართველოში დასავლური მუსიკალური ტენდენციების დროულად შემოსვლას აფერხებდა. ამის გამო, პირველი ქართული პანკ კოლექტივი მხოლოდ 1980-იანი წლების მიწურულს ჩამოყალიბდა. თუმცა, უკვე 90-იანების დასაწყისიდან ადგილობრივ სცენაზე ამ ჟანრში მოღვაწე არაერთი საინტერესო არტისტი გამოჩნდა.

ნახე სრული ფლეილისტი

ჩვენს სიაში სწორედ 15 გამორჩეულ ქართულ პანკ როკ კომპოზიციას წარმოგიდგენთ. 

15. კომენდანტის საათი - შემეხე

პირველი ქართული პანკ ჯგუფის შესახებ ბოლო დრომდე ბევრი არაფერი იყო ცნობილი. თუმცა, ახლა უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის დათო ჭავჭანიშვილმა, ზვიად შენგელიამ და ამირან ებრალიძემ 1980-იანი წლების ბოლოს თბილისში ჩამოაყალიბეს. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ კოლექტივს "კომენდანტის საათი" ეწოდა. ჩვენს სიაში წარმოდგენილი ვიდეო ჯგუფის სარეპეტიციოშია გადაღებული, რომლის კედლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა სიმბოლიკით, დროშებითა და ვლადიმირ ლენინის პორტრეტითაა მორთული. ამის შემხედვარე, რთულია, არ გაგვახსენდეს New York Dolls, რომლის კონცერტებიც 70-იანების დასაწყისში სწორედ ასეთი სასცენო გაფორმების თანხლებით ტარდებოდა. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ლეგენდარული ამერიკული პანკ ბენდისთვის ეს ყველაფერი წინასწარ გათვლილი პროვოკაცია იყო, მათი ქართველი კოლეგებისთვის კი ყოველდღიურობის ნაწილი.

14. აუტსაიდერი - მოსაფსამად

"აუტსაიდერი" ქართული როკ ჯგუფების იმ მცირე სიას მიეკუთვნება, რომელსაც დაუფიქრებლად შეგვიძლია, "ლეგენდარული" ვუწოდოთ. 1989 წელს ქუთაისში ჩამოყალიბებული კოლექტივი მცირე ხანში პანკ სცენის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლად იქცა. კომპოზიცია "მოსაფსამად" მათ სადებიუტო ალბომში Inside შევიდა, რომელიც 1992 წელს ცნობილი რუსი მუსიკოსის, პიოტრ მამონოვის სტუდიაში ჩაიწერა. რაც შეეხება ჯგუფის მაშინდელ შემადგენლობას, ვიდეოს დასაწყისში არტისტები საკუთარ თავს თავადვე გვაცნობენ. "აუტსაიდერის" დანიშნულების საუკეთესო განმარტებასაც აქ, რობი კუხიანიძის სიტყვებში იპოვით - თუ ვინმემ იმ პერიოდის საქართველოში არსებული სიცარიელის შევსება შეძლო, პირველ რიგში, სწორედ ასეთმა მუსიკოსებმა.

13. ბუნკერი - ბიჭო, იქნებ პაპა იყო შენი

ჯგუფი "ბუნკერი" 1991 წელს ქალაქ ქუთაისში შალვა ცხვედიანმა ჩამოაყალიბა. ბენდი პირველ რეპეტიციებს რკინიგზელთა კლუბში ატარებდა, მათ ჟღერადობაში კი ჰევი მეტალისა და თრეშის გავლენა იგრძნობოდა. ჩვენი მკითხველი, დიდი ალბათობით, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ოდესმე იოსებ ნონეშვილის შემოქმედებით შთაგონებულ პანკ კომპოზიციას მოისმენდა. თუმცა, ფაქტია, "ბუნკერის" ამ სიმღერის ტექსტი სწორედ ცნობილი ქართველი პოეტის ლექსის ინტერპრეტაციაა.

12. გოგა ჟორჟოლაძე - მაქცია

სავარდო და სამაისო ქუთაისის კიდევ ერთი მკვიდრი ჩვენს სიაში. გოგა ჟორჟოლაძეს მშობლიური ქალაქის როკ სცენის წინაშე განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის. სწორედ მისი სახლის სტუდიაში ჩაიწერა ალბომის "ქართული ტალღა" ორივე ნაწილი, რომელმაც გასული და ახალი საუკუნის მიჯნაზე ქუთაისში მოღვაწე მუსიკოსების არაერთი ნამუშევარი შემოგვინახა. გოგას შემოქმედებიდან ერთ-ერთ გამორჩეული სიმღერა "მაქცია", რომელიც შემსრულებელმა ჩვენი ქვეყნის მაშინდელ ლიდერს მიუძღვნა, სწორედ ამ კრებულში შევიდა. ვერ ვიტყვით, რომ იმ პერიოდში ედუარდ შევარდნაძის ლანძღვით ვინმეს დიდად გააკვირვებდით, თუმცა, კომპოზიცია მაინც ძალზე საინტერესოა და ჩვენს სიაში ადგილს დამსახურებულად იკავებს.

11. მინდა და ვთხრი - სერენადა

როგორც ცნობილი კომედიური ფილმი გვასწავლის, სიყვარული ყველას უნდა. ამ გრძნობის გამოხატვის ასეთ ორიგინალურ ფორმას კი ვეჭვობთ, სადმე სხვაგან წააწყდეთ. უცენზურო ლირიკით, აგრესიული ჟღერადობითა და, რაც მთავარია, ბასრი იუმორით გამორჩეულმა ჯგუფმა "მინდა და ვთხრი" ქართულ მუსიკაში სერენადების შექმნის მრავალწლიანი, საამაყო ტრადიცია ღირსეულად გააგრძელა და მას სრულიად ახალი სიცოცხლე შთაბერა. ამ არაჩვეულებრივი კომპოზიციის გარდა, გიორგი სპანდერაშვილის, გიორგი მიქიაშვილისა და ალექსანდრე ბაქრაძეს მიერ დაარსებულმა პანკ კოლექტივმა სიმღერებით "ჩაყავი თავი უნიტაზში", "ლამაზი, როცა მთვრალი" და "სმა ბოლომდე" გაითქვა სახელი, საკუთარ სტილს კი, გასაგები მიზეზების გამო, ალკოჰოლ პანკი უწოდა. 

10. კონტრაბანდა - მე მოგიტან მძღნერს

ბესელა რაზმაძემ აფხაზეთის ომიდან დაბრუნების შემდეგ ხელში იარაღის ნაცვლად გიტარა აიღო, ჯგუფი "კონტრაბანდა" ჩამოაყალიბა და თბილისური პანკ სცენის გამოკვეთილ ლიდერადაც იქცა. ქართული პანკის ისტორიაში ყველაზე აგრესიული და ქაოტური ჟღერადობის ჩანაწერები სწორედ ამ კოლექტივს ეკუთვნის. ჩვენს სიაში წარმოდგენილი სიმღერა მათი მოღვაწეობის საწყის ეტაპზეა შექმნილი და მუსიკოსების იდეოლოგიასა და მსოფლმხედველობას საუკეთესოდ ასახავს. ჟანრის სტაჟიან მსმენელებს, ალბათ, გემახსოვრებათ საკულტო ბენდის, Sex Pistols-ის ბასისტის, სიდ ვიშეზის მიერ იავარქმნილი ფრენკ სინატრას My Way. ამ შემთხვევაშიც დაახლოებით იმავესთან გვაქვს საქმე. ბესელასა და კომპანიის შთაგონების წყაროდ ქცეული კომპოზიციის ამოცნობა კი, წესით, არ უნდა გაგიჭირდეთ.

9. არქეოპტერ X - უვიცი

პანკ როკ ჯგუფი "არქეოპტერ X" 1996 წელს ქუთაისში ჩამოყალიბდა. ბენდის ფრონტმენს, ტატო გრძელიძეს ჩვენი მკითხველისათვის უკვე კარგად ნაცნობმა გოგა ჟორჟოლაძემ, კოლუმბიელი ავტომრბოლელის, ხუან პაბლო მონტოიას პატივსაცემად, ხუან პაბლო ტატოია შეარქვა. მის სტუდიაშივე ჩაიწერა კოლექტივის ყველაზე პოპულარული სიმღერა "უვიცი". უცნობია, ვის გენიალურ თავში დაიბადა ქართული კომედიური ფილმის, "რეკორდის" საუნდტრეკის მოტივებზე პანკ კომპოზიციის შექმნის იდეა. თუმცა, ფაქტია, რომ შედეგად ძალზე შთამბეჭდავი და საინტერესო ტრეკი მივიღეთ.

8. შუქი მოვიდა - მინიბუსის ზაზა

როდესაც 1995 წელს ფრანგი ისტორიკოსი ფრედერიკ პაიანი თბილისს პირველად ეწვია, ჩვენი ქვეყნის შესახებ ძალზე ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა. თუმცა, მცირე ხანში ქართული ენა ისწავლა და პანკ ჯგუფი "შუქი მოვიდა" ჩამოაყალიბა. კოლექტივის სახელი ჩვენს სამშობლოში მძვინვარე, მწვავე ენერგოკრიზისით იყო შთაგონებული. ჯგუფის სადებიუტო ალბომი 2001 წელს გამოვიდა. ხაჭაპურების, ჟიგულის კაცის, მინიბუსებისა და, რა თქმა უნდა, ელექტრონერგიის დეფიციტის შესახებ დაწერილ სიმღერებში იმ პერიოდის მძიმე ყოველდღიურობა იუმორნარევი ტონით იყო ასახული. ბენდი პაიანის საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ დაიშალა. თუმცა, 2014 წელს ის საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოვიდა და რამდენიმე კონცერტიც ჩაატარა.

7. დაგდაგანი - თენგიზი ანძრევს

პანკ როკთან მწყრალად მყოფი მკითხველები, ალბათ, ვერასდროს წარმოიდგენდით, რომ მასტურბაციის შთაგონებით ასეთი სევდიანი, ასე განსაჯეთ, მელანქოლიური სიმღერის დაწერა იყო შესაძლებელი. აბა, რა გითხრათ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ ჟანრის სიურპრიზებით სავსე სამყაროში. "თენგიზი ანძრევს" 2013 წელს ჩამოყალიბებული ჯგუფის ყველაზე პოპულარული კომპოზიციაა. ჩვენს სიაში შესატანად კი ეს ცოცხალი შესრულება ავირჩიეთ, რომელიც გამოსახულებისა და ხმის ხარისხით დიდად ვერ დაიკვეხნის, მაგრამ, ტექსტს მთელი მონდომებით აყოლილი გოგონების ხათრით, ცალკე გამოყოფას ნამდვილად იმსახურებს.

6. ენერგორესურსი - Liar

ელექტროენერგიის დეფიციტით შთაგონებული სახელწოდების მქონე კიდევ ერთი ჯგუფი ჩვენს სიაში. დათო მარგიანის, ლევან სვანიძის, დათო მაჭავარიანისა და სანდრო კაპანაძის მიერ ჩამოყალიბებული "ენერგორესურსის" სტილს ქართული მუსიკის სცენაზე ანალოგი დღემდე არ მოეძებნება. 1994 წელს დაარსებული თბილისური კოლექტივის ექსპერიმენტული ჟღერადობა არტ პანკთან ერთად ფრი ჯაზსა და პროგრესივსაც აერთიანებდა. სამწუხაროდ, ამ ძალზე საინტერესო პროექტს ოფიციალური ჩანაწერები არასდროს გამოუცია და სწრაფადვე დაიშალა, ჯგუფის ფრონტმენი, დავით მარგიანი კი 2010 წელს გარდაიცვალა.

5. თეთრი ალუბლის მურაბა - ნათიას

საბჭოთა კავშირი 1991 წელს დაიშალა. თუმცა, ფრთიანი ფრაზა ამ ქვეყანაში სექსის არარსებობის შესახებ, საქართველოში აქტუალობას დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კიდევ დიდხანს არ კარგავდა. შორით ტრფობის იდეის აპოლოგეტები საკუთარ პოზიციებს მტკიცედ იცავდნენ და უბიწოების სადარაჯოდან უკან დახევას ერთი ნაბიჯითაც არ აპირებდნენ. 1999 წელს შექმნილი პანკ ჯგუფის, "თეთრი ალუბლის მურაბის" ეს სიმღერა სწორედ მათ ეძღვნებათ. ბენდის ფრონტმენის, გოშას სახელით ცნობილი გიორგი ბენიძის აზრით, ეს კომპოზიცია მისი საუკეთესო ქმნილება ნამდვილად არ არის. თუმცა, როგორც ეს ხშირად ხდება, ჭეშმარიტ გენიოსებს საკუთარი შედევრების სათანადოდ შეფასება საკმაოდ უჭირთ.

4. იდიოტები - ლამაზი გოგო

საპირისპირო სქესთან წარუმატებელი ურთიერთობებით გამოწვეული გულისწყრომა მხოლოდ ერთი ჯგუფის შემოქმედებაში არ ასახულა. ამის დასტური 90-იანების მეორე ნახევრის კიდევ ერთი ქართული პანკ ბენდის, "იდიოტების" სიმღერა "ლამაზი გოგოა". კომპოზიციის კომიკურ-ისტერიული განწყობა გასაკვირი სულაც არ არის, კოლექტივის შემადგენლობაში ხომ ზვიად ბლიაძე (ვოკალი, გიტარა) და გიგა ნასარიძე (ბასი) შედიოდნენ. არაერთი იუმორისტული შოუს მომავალი ავტორები მაშინ ჯერ კიდევ თსუ-ს მხიარულთა და საზრიანთა კლუბის გუნდის, "ისტერიკოსების" წევრები იყვნენ, თავისუფალ დროს კი მუსიკით ირთობდნენ თავს. რაც შეეხება დასარტყამ ინსტრუმენტებს, ამ ჩანაწერში მათზე თვით მიშა მშვილდაძე უკრავს.

3. Vodka Vtraiom - გლდანელი კაცი

ლევან მანაგაძემ, იგივე კეშამ შემოქმედებითი კარიერა 1998 წელს დაიწყო და დღემდე უამრავ მუსიკალურ პროექტში მიიღო მონაწილეობა. მათ შორის ყველაზე წარმატებული პანკ ბენდი Vodka Vtraiom აღმოჩნდა. 2004 წელს დაარსებული ჯგუფის კომპოზიცია "გლდანელი კაცი" თავის დროზე ნამდვილ ჰიტად იქცა. მასში ასახული სოციალური პრობლემატიკა კი, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია. კეშა საკუთარ თავს "გლეხ მუსიკოსად" მოიხსენიებს და დაუფარავად აცხადებს, რომ კლასობრივ ბრძოლაში კოლექტიური გლდანელი ანზორის მხარესაა. ალბათ, ამიტომაც გამოსდის ასე კარგად რიგითი ადამიანების მძიმე ყოველდღიურობის შეულამაზებლად, იშვიათი გულწრფელობით აღწერა.

2. Best History - ნამგალი და ურო

პანკ ჯგუფი Best History ქუთაისში 1996 წელს ჩამოყალიბდა. პირველ რეპეტიციებზე ჯგუფის დამაარსებლები, გიორგი ხონელიძე და ვატო კიკალეიშვილი სამსიმიან გიტარასა და რძის ქილებზე უკრავდნენ. თუმცა, მოგვიანებით კოლექტივის ახალ წევრებთან ერთად გაცილებით სოლიდური ინსტრუმენტების, მათ შორის, საკუთარი ხელით დამზადებული ელექტროფანდურის გამოყენებაზე გადაერთნენ და მუსიკის მოყვარულებს რამდენიმე საინტერესო ჩანაწერიც შესთავაზეს. ეს ვიდეო 1997 წელს ქუთაისის რიტუალების დარბაზშია გადაღებული, რომელმაც იმ დღეს ტრადიციული ქელეხის ნაცვლად, ალტერნატიული მუსიკის აქციას უმასპინძლა. 

1. 40 კილომეტრში - გამარჯობა, აფხაზეთო შენი!

რუსული ოკუპაციის შედეგად დაკარგული ტერიტორიები ქართული საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საჭირბოროტო საკითხია. ერსა და ბერს, ზოგს გულწრფელად და ზოგს მოჩვენებით, აფხაზეთი სტკივა და ენატრება. ის ხომ ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის ხელშეუხებელი სიწმინდეა. ჭეშმარიტი პანკი მუდამ ასეთ, გამორჩეულად სენსიტიურ თემებს ეძებს, რათა მათზე წიხლი მთელი ძალით, ყოველგვარი მორიდებისა და რევერანსების გარეშე დააჭიროს. მწერალმა, პოეტმა, მუსიკოსმა და სამოქალაქო აქტივისტმა, ერეკლე დეისაძემ პროექტით "40 კილომეტრში" სწორედ ეს გააკეთა. მის მიერ შესრულებული "გამარჯობა, აფხაზეთო შენი!" სრულიად განსხვავდება სხვა პატრიოტული თუ ფსევდოპატრიოტული სულისკვეთების სიმღერებისგან, თუმცა, ამის მიუხედავად ან შეიძლება, სწორედ ამის გამო, ამ თემაზე შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი და ემოციური ნამუშევარია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული