Thumbnail

1993-2019: მაიკლ ჯექსონის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების ისტორია

ლევან გოგუაძე პროფილის ფოტო
ლევან გოგუაძე

ლეგენდარული მუსიკოსის, მაიკლ ჯექსონის მიერ ბავშვებზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის Leaving Neverland პრემიერას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. რამდენიმე რადიოსადგურმა არტისტის კომპოზიციების ეთერში გაშვებაზე უარი თქვა. ანიმაციური სერიალიდან "სიმფსონები" მუსიკოსის მონაწილეობით შექმნილი ეპიზოდი ამოიღეს. ჰოლივუდის დიდების ხეივანში კი მაიკლ ჯექსონის პატივსაცემად გახსნილ ვარსკვლავს პოლიცია გაძლიერებულად იცავს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მუსიკოსი პედოფილიაში დაადანაშაულეს. 1993 წლიდან მოყოლებული, შემსრულებელი არასრულწლოვანთა სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებულ სკანდალებში არაერთხელ გაეხვა. 

1993 წელი - პირველი ბრალდება

ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული ბრალდება მაიკლ ჯექსონს პირველად 1993 წელს წარუდგინეს. 13 წლის ბიჭის, ჯორდან ჩენდლერის მამას ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც თავისი შვილი მუსიკოსთან ერთ ლოგინში ნახა. მან ჯორდანი ფსიქიატრთან წაიყვანა. ექიმთან ვიზიტის დროს ბავშვმა განაცხადა, რომ ჯექსონი მას სექსუალურად ავიწროებდა. 

მაიკლ ჯექსონი ჯორდან ჩენდლერთან ერთად

სოციალური სამსახურისა და პოლიციის წარმომადგენლებთან საუბარში, ჯორდან ჩენდლერი აცხადებდა, რომ ჯექსონთან ერთ ლოგინში ძილი მას თავდაპირველად დისკომფორტს არ უქმნიდა, თუმცა, ეს შეიცვალა მას შემდეგ, რაც მუსიკოსმა კოცნა და მოფერება დაუწყო. ჩენდლერის თქმით, პოპვარსკვლავი მას აფრთხილებდა, არავისთვის გაემხილა მათი ურთიერთობა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ორივეს პრობლემები შეექმნებოდა. მან ჯორდანს ასევე სხვა ბიჭების შესახებ მოუთხრო, რომლებთანაც მსგავსი კავშირი ჰქონდა. 

უტყუარი მტკიცებულებების არარსებობის გამო, გამოძიებამ იმ არასრულწლოვანთა დაკითხვა დაიწყო, რომლებსაც, ჩენდლერის ინფორმაციით, ჯექსონთან ერთად ეძინათ და სავარაუდოდ, მუსიკოსის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყვნენ. მაშინ ჯეიმს სეიფჩაკმა და ბრეტ ბერნსმა განაცხადეს, რომ მუსიკოსთან ერთად საწოლში არაერთი ღამე აქვთ გატარებული, თუმცა, მისი მხრიდან სექსუალურ შევიწროებას ადგილი არ ჰქონია. 

მაიკლ ჯექსონი და ჯეიმს სეიფჩაკი 

14 სექტემბერს ჯორდან ჩენდლერის მშობლებმა ჯექსონის წინააღმდეგ სასამართლოში სამოქალაქო სარჩელი შეიტანეს. საქმის განხილვის პერიოდში მუსიკოსის მომსახურე პერსონალის რამდენიმე ყოფილმა წევრმა მისი საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთა. მათ შორის იყო ბლანკა ფრანსია, რომელმაც განაცხადა, რომ ნანახი აქვს, როგორ იღებდა მუსიკოსი შხაპს არასრულწლოვან უეიდ რობსონთან ერთად. მან მუსიკოსი აგრეთვე თავისი შვილის მიმართ გარყვნილ ქმედებებში დაადანაშაულა. თუმცა, მოგვიანებით ბლანკამ საკუთარი სიტყვები უარყო. 

► 1993 წელს მაიკლ ჯექსონს თავისი და პედოფილიაში ადანაშაულებდა

თავის მხრივ, ჯექსონის ადვოკატებმა ჯორდანის მამის, ევან ჩენდლერის წინააღმდეგ ფულის გამოძალვის ბრალდებით სარჩელი შეიტანეს, მაგრამ დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო პროკურატურამ საქმის აღძვრაზე უარი განაცხადა. 

მაიკლ ჯექსონი და უეიდ რობსონი

ცნობილია, რომ მაიკლ ჯექსონს კანის დაავადება ვიტილიგო ჰქონდა, რომელიც სხეულზე პიგმენტურ ლაქებს აჩენს. სამართალდამცველთა თხოვნით, ჯორდან ჩენდლერმა დახატა და დეტალურად აღწერა მუსიკოსის სასქესო ორგანოებზე არსებული ლაქები. ეს მასალები დალუქულ კონვერტში შეინახეს. 20 დეკემბერს პოლიციამ ჯექსონის სხეულის დასათვალიერებლად სასამართლო ორდერი მიიღო. შემსრულებლის გენიტალიებს ფოტოები გადაუღეს, თუმცა, ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, დაემთხვა თუ არა ეს სურათები ჯორდანის აღწერას, არასდროს გაკეთებულა. ერთი თვის შემდეგ, ჯექსონსა და ჩენდლერების ოჯახს შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც პოპვარსკვლავმა საქმის შეწყვეტის სანაცვლოდ 20 მილიონზე მეტი აშშ დოლარი გადაიხადა. 

სხვადასხვა წყაროს, მათ შორის საქმის ერთ-ერთი გამომძიებლის, ლოს ანჯელესის პოლიციის მთავარი დეტექტივის, ჯიმ დვორინისა და ჟურნალისტების, დაიან დაიმონდისა და ჟაკ პერეტის ინფორმაციით, ჯორდანის აღწერა და ნახატები ჯექსონის ფოტოსურათებს დაემთხვა. Independent-ის ავტორის, ჯონ ნაივენის თქმით კი, ბავშვს პიგმენტური ლაქების ნაწილის ნახვა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო, თუ მუსიკოსის სასქესო ორგანო ერეგირებულ მდგომარეობაში იქნებოდა. ამის მიუხედავად, გამოძიება ამ მიმართულებით ვეღარ გაგრძელდა, რადგან ჯექსონისგან თანხის მიღების შემდეგ, ჩენდლერებმა პროკურატურასთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს. 

2003 წელი - მეორე ბრალდება

2003 წელს ბრიტანელმა ჟურნალისტმა მარტინ ბაშირმა დოკუმენტური ფილმისთვის Living With Michael Jackson მუსიკოსთან ჩაწერილი რამდენიმე ინტერვიუს შემდეგ აღმოაჩინა, რომ ჯორდან ჩენდლერის ათი წლის წინანდელი ბრალდებისა და პოლიციის მიერ წარმოებული გამოძიების მიუხედავად, ჯექსონი კვლავინდებურად აგრძელებდა ნევერლენდის რანჩოში ბავშვებთან ერთად ცხოვრებას და მათთან ერთად ერთ ლოგინში ძილს. თავად შემსრულებლის თქმით, ის ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავდა. 

ფილმის ეთერში გასვლის შემდეგ, ჯექსონის სავარაუდო პედოფილიის თემა მედიაში კვლავ აქტუალური გახდა. 2003 წლის 18 ნოემბერს კი მუსიკოსის რანჩოში სამართალდამცველები შევიდნენ. პოლიციის თქმით, მათ მიზანს მიმდინარე გამოძიებისთვის საჭირო მტკიცებულებების მოპოვება წარმოადგენდა. ჩხრეკისას ჯექსონის სახლიდან ამოიღეს პორნოგრაფიული ჟურნალები, ეროტიკული პუბლიკაციები, სადომაზოხისტური ფოტოსურათები და წიგნები შიშველი არასრულწლოვანი ბიჭების გამოსახულებებით. ექსპერტიზამ ამ მასალების ნაწილზე ერთსა და იმავე გვერდზე მუსიკოსისა და მისი სავარაუდო მსხვერპლის თითის ანაბეჭდები აღმოაჩინა. 

ნევერლენდის რანჩოში ჩატარებული ჩხრეკის ფოტოსურათები

ნევერლენდის რანჩოში აღმოჩენილი იქნა ასევე სადომაზოხისტური ხასიათის სკულპტურები - ქალები ალიკაპით პირში, რომელთა დაუბრკოლებლად ყურების საშუალებაც ჰქონდათ ჯექსონის საძინებელში მყოფ ბავშვებს.

გამოძიებამ საეჭვოდ მიიჩნია ის გარემოებაც, რომ ჯექსონის საწოლი ოთახისკენ მიმავალი გზა აღჭურვილი იყო ვიდეოკამერებითა და სპეციალური უსაფრთხოების სისტემით, რომელიც გამაფრთხილებელ ხმოვან სიგნალს აწვდიდა ოთახში მყოფ პირებს იმ შემთხვევაში, თუ მას ვინმე მიუახლოვდებოდა.

2003 წელს პოლიციის მიერ მაიკლ ჯექსონის დაკავებისას გადაღებული ფოტოსურათი

აღმოჩენილი მტკიცებულების საფუძველზე, ჯექსონი დააკავეს, თუმცა, ერთ საათში 3-მილიონიანი გირაოსა და პასპორტის ჩაბარების სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 18 დეკემბერს მას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. პროკურატურა მუსიკოსს ბავშვების მიმართ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა, რაც ამერიკის კანონმდებლობით 20-წლიან პატიმრობას ითვალისწინებდა.

2005 წელს გამართულ სასამართლო პროცესზე ჯექსონის წინააღმდეგ მთავარი მოწმე გევინ არვიზო იყო, რომელიც აცხადებდა, რომ მუსიკოსმა მასზე 13 წლის ასაკში იძალადა. არვიზოს თქმით, ჯექსონი მას ალკოჰოლს ასმევდა და სექსუალურ ურთიერთობას აიძულებდა. გევინის ძმა მის მონათხრობს ადასტურებდა და თავის მხრივ აცხადებდა, რომ პოპვარსკვლავი მას პორნოგრაფიულ მასალებს აჩვენებდა. 

მაიკლ ჯექსონი და გევინ არვიზო 

სასამართლოს წინაშე ასევე ჯექსონის მოსამსახურე, ბლანკა ფრანსია წარდგა, რომელმაც მუსიკოსი პედოფილიაში ჯერ კიდევ 1993 წელს დაადანაშაულა. მისმა შვილმა, ჯეისონმა კი განაცხადა, რომ 7 და 10 წლის ასაკში მასზე პოპვარსკვლავმა იძალადა და დუმილის სანაცვლოდ ასდოლარიანი კუპიურები მისცა. Los Angeles Times-ის ცნობით, დედა-შვილმა ჯექსონისგან 2 მილიონი აშშ დოლარი მიიღო იმისთვის, რათა მის წინააღმდეგ სარჩელი არ აღეძრათ. 

ჯექსონის დაცვის მხარეს მოწმედ გამოვიდა უეიდ რობსონი, რომელმაც ბლანკა ფრანსიას ჩვენება უარყო. მან განაცხადა, რომ არასდროს მიუღია შხაპი მუსიკოსთან ერთად და ლოგინში ერთად გატარებული არაერთი ღამის მიუხედავად, არასდროს განუცდია მისგან სექსუალური შევიწროება. ბრეტ ბარნსმა, რომელიც ჯექსონს 1993 წელსაც იცავდა, ასევე უარყო შემსრულებლის მხრიდან ძალადობის ფაქტები. ასევე მოიქცა მაკოლეი კალკინიც, რომელმაც ბრალდებებს სასაცილო უწოდა. ჯეიმს სეიფჩაკმა კი ამჯერად ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. 

მაიკლ ჯექსონი და მაკოლეი კალკინი

► რას პასუხობდა მაიკლ ჯექსონი ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებებს

სასამართლო პროცესის მსვლელობისას, დაცვის მხარე ყურადღებას მუსიკოსის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების სიმცირეზე ამახვილებდა და არვიზოების ოჯახის დისკრედიტაციას ცდილობდა. საბოლოოდ, ნაფიცმა მსაჯულებმა ჯექსონი გაამართლეს. ერთ-ერთი მათგანის თქმით, ჟიური უფრო სარწმუნო სამხილებს ელოდა. 

2013 წელი - მესამე ბრალდება

მაიკლ ჯექსონის გარდაცვალებიდან 4 წლის შემდეგ, უეიდ რობსონმა, რომელიც ადრე მუსიკოსის უდანაშაულობას ამტკიცებდა, განაცხადა, რომ პოპვარსკვლავი მასზე 7 წლის ასაკიდან ძალადობდა. 2014 წელს ჯექსონის წინააღმდეგ სარჩელი ჯეიმს სეიფჩაკმაც შეიტანა. მისი თქმით, შემსრულებელი მას 10 წლის ასაკიდან სექსუალურად ავიწროებდა.

ორივე სარჩელი ერთი და იმავე მოსამართლემ განიხილა და მათი ხანდაზმულობის გამო წარმოებაში მიღებაზე უარი განაცხადა. სწორედ ამ ორი მამაკაცის ინტერვიუებს ეფუძნება რეჟისორ დენ რიდის დოკუმენტური კინოსურათი Leaving Neverland, რომლის პრემიერამაც მიმდინარე წლის მარტში ლეგენდარული მუსიკოსის წინააღმდეგ ბრალდებების მესამე ეტაპს დაუდო საფუძველი.

► რა ბრალდებები წაუყენეს მაიკლ ჯექსონს ფილმში Leaving Neverland

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული