Thumbnail

მოუსმინეთ: ჯგუფ "ტაქსის" 1988 წლის კონცერტის აქამდე უცნობი ჩანაწერი გავრცელდა

ჟურნალისტმა ლაშა გაბუნიამ ჯგუფ "ტაქსის" მიერ 1988 წლის 8 აპრილს, თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტში გამართული კონცერტის აქამდე უცნობი ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც მუსიკოსების მიერ შესრულებული ხუთი კომპოზიციაა წარმოდგენილი. 

1. ისევ მირეკავ ღამე
2. აღარ გავალ გარეთ
3. მენატრები
4. აღარ მინდა
5. მიშლი ნერვებს

"ტაქსი" მსმენელთა წინაშე შემდეგი შემადგენლობით წარდგა: დადა დადიანი, ზაზა სახამბერიძე, ირინა ხორავა და ბიჭიკო ოსიპოვი. კოლექტივის გამოსვლა პროდიუსერმა და მუსიკოსმა, ბიბი კვაჭაძემ ჩაწერა. 

► არქივი: ტაქსი

ქართული ალტერნატიული მუსიკის ერთ-ერთი პიონერი ჯგუფი "ტაქსი" 1987 წელს თბილისში შეიქმნა. მის თავდაპირველ შემადგენლობაში დადა დადიანი (ვოკალი, ბას გიტარა), ირინა ხორავა (კლავიში, ვოკალი), ზაზა სახამბერიძე (გიტარა) და ბიჭიკო ოსიპოვი (დრამი) შედიოდნენ. მოგვიანებით ზაზა სახამბერიძე კახა კიკაბიძემ (გიტარა), ირინა ხორავა კი ირაკლი ჩარკვიანმა (კლავიში, ვოკალი) შეცვალა. კოლექტივის მუსიკალური მიმართულება ნიუ ვეივისა და ინდი როკის ნაზავი იყო, სიმღერები კი ქართულ ენაზე სრულდებოდა. ბენდის პირველი და უკანასკნელი სტუდიური ალბომი სახელწოდებით "ტაქსი" 1988 წელს გამოვიდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული