Thumbnail

მუსიკოსებთან დაკავშირებული 10 უცნაური და სახალისო სასამართლო დავა

ლევან გოგუაძე პროფილის ფოტო
ლევან გოგუაძე

მუსიკის ისტორიას უამრავი სასამართლო პროცესი ახსოვს. პროკურორებს მძიმე ბრალდება არაერთი არტისტისთვის წაუყენებიათ და ზოგიერთი მათგანი კარიერის სხვადასხვა ეტაპზე ციხეშიც კი მოხვედრილა. თუმცა, დღევანდელ სტატიაში დამთრგუნველი ფაქტების გახსენების ნაცვლად, გადავწყვიტეთ, შოუბიზნესთან დაკავშირებული ათი უცნაური და სახალისო სამართლებრივი დავის შესახებ მოგითხროთ.

10. ქანიე ვესთი და ხანდაზმული კასკადიორი

2006 წელს ქანიე ვესთმა სინგლ Touch the Sky-ის ვიდეოკლიპის გადაღებისას თავი იველ ქანიევილად გამოაცხადა, ლეგენდარული ამერიკელი კასკადიორის, იველ ქნიველის კოსტიუმი მოირგო, მის მსგავსად რაკეტაში ჩაჯდა და მომღიმარი სახით აიდაჰოს კანიონის სალ კლდეებს "შეასკდა".

ვიდეორგოლის შინაარსმა 68 წლის იველს საკუთარი კარიერის ყველაზე დიდი მარცხი გაახსენა, რომლის დროსაც სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა და ქანიეს სახელის შებღალვისათვის სასამართლოში უჩივლა. თუმცა, როგორც ჩანს, გადატანილმა ტრავმებმა მის კეთილს გულს ვერაფერი დააკლო და ქნიველი ჰიპ ჰოპ არტისტს მაშინვე შეურიგდა, როგორც კი ამ უკანასკნელმა მასთან სტუმრობისთვის დრო გამონახა.

9. მაილი საირუსის გაწელილი თვალები 

2009 წელს 16 წლის მაილი საირუსმა მეგობრებთან ერთად ფოტო გადაიღო, რომელშიც თვალების დასაწვრილებლად სახის კანს თითით იწელავდა. როდესაც ეს ლოს ანჯელესში მცხოვრებმა ლუსი ჯეი კიმმა იხილა, ძალიან გაბრაზდა, პოპვარსკვლავი აზიელების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა და მისგან შტატის თითოეული შეურაცხყოფილი მკვიდრისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 4,000 დოლარის გადახდა მოითხოვა.

მას შემდეგ, რაც მაილიმ ბოდიში საჯაროდ მოიხადა, მოსამართლემ ის უდანაშაულოდ ცნო. თუმცა, ჩინეთის მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს, იანგ ჯიეჩის მუსიკოსის სინანულმა გული ვერ მოულბო და მას ქვეყანაში შესვლა სამუდამოდ აუკრძალა.

8. ფრენკ სინატრა და ცხელ-ცხელი სოსისები 

მიჩიგანის შტატის ქალაქ ბირმინგემში ადგილობრივ მოსახლეობაში სოსისების უბადლო ხარშვითა და შესანიშნავი ჰოთდოგების დამზადებით განთქმულმა ბილ ლოიზონმა ერთ მშვენიერ დღეს ფოლკსვაგენის მარკის ძველი ავტომანქანა სწრაფი კვების ობიექტად აქცია, სახელად Franks Anatra დაარქვა და მომხმარებლებისთვის "ფრენკის ცხელ-ცხელი სოსისების“ შეთავაზება დაიწყო. ბილის იუმორის გრძნობა არც მაშინ დაუკარგავს, როცა ფრენკ სინატრას წარმომადგენლებმა მის კომპანიას ლეგენდარული მომღერლის სახელის მითვისებისთვის უჩივლეს.

სასამართლო პროცესზე ლოზიონმა გულუბრყვილო სახით გამოაცხადა, უდანაშაულო ვარ, ჯერ ერთი "ანატრა" იტალიურად იხვს ნიშნავს და მეორე, ანატრას სახალხო რესპუბლიკამ შთამაგონა ეს სახელწოდებაო. იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი ქვეყანა ბუნებაში არ არსებობს, მოსამართლეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დიდხანს არ უფიქრია. თუმცა, ნუ იდარდებთ, თუ ოდესმე ბირმინგემში მოხვდებით, ფრენკის სოსისის გასინჯვას მაინც შეძლებთ. უბრალოდ, საკვებ დაწესებულებას ახლა Franks Etc. ჰქვია.

7. ექსლ როუზი და პოპულარული ვიდეოთამაში

Guns N' Roses-ის ვოკალისტი ექსლ როუზი ბავშვობაში სექსუალური შევიწროების მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა. ამავე ჯგუფის გიტარისტმა, სლეშმა კი ლეგენდარულ მაიკლ ჯექსონთან თანამშრომლობა მაინცდამაინც მაშინ გადაწყვიტა, როდესაც პოპის მეფეს მცირეწლოვნებზე ძალადობაში დასდეს ბრალი. შედეგად, მუსიკოსები ერთმანეთს 20 წლით გაებუტნენ და ამ დროის განმავლობაში ისინი ერთად აღარავის უნახავს. 

პოპულარული ვიდეოთამაშის, 
Guitar Hero-ს წარმომადგენლებთან თანამშრომლობასაც ექსლ როუზი მხოლოდ იმ პირობით დასთანხმდა, რომ გიტარის სიმულატორში არც სლეში გამოჩნდებოდა და არც მისი ჯგუფის, Velvet Revolver-ის მუსიკა გაჟღერდებოდა.

თამაშის მწარმოებლებმა პირობა სიხარულით მიიღეს, თუმცა, მის შესრულებაზე არც კი უფიქრიათ. Guitar Hero III: Legends Of Rock-ის გარეკანზე სწორედ სლეში აღმოჩნდა, "ველვეტების" სიმღერების გადმოწერა კი თამაშის პირველივე განახლებაში გახდა შესაძლებელი. 2010 წელს როუზმა კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში ოცმილიონიანი სარჩელი შეიტანა, თუმცა, საქმის ხანდაზმულობის გამო დამარცხდა.

6. ხმაურიანი მეზობელი მადონა

პოპის დედოფალმა მადონამ სახელი ორი რამით გაითქვა - შესანიშნავად მღერის და საშინელი მეზობელია. 2009 წელს მას აუტანელი ხმაურისა და სახლის აზანზარებული კედლების გამო კიდევ ერთხელ უჩივლეს. "ჩემი ცხოვრება აუტანელი გახდა. მადონასთან სტუმრები ყოველდღე მიდიან, სახლში ცეკვავენ, დარბიან და მუსიკას წარმოუდგენლად ხმამაღლა უსმენენ. რამდენიმე თვის წინ საკუთარი საცხოვრებლიდან გახიზვნაც კი მომიხდა", - აცხადებდა არტისტის კარის მეზობელი.

მოსამართლემ სამხილები სარწმუნოდ მიიჩნია და მადონას მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 7 მილიონი დოლარის გადახდასაც დააკისრებდა, რომ არა მხარეთა მოულოდნელი შეთანხმება, რომელიც პოპ დივას, სავარაუდოდ, გაცილებით იაფი დაუჯდა. 

5. ბობ მარლი და მისი ნახევარძმა

ლეგენდარული ბობ მარლის ოჯახმა მომღერლის ნახევარძმას, რიჩარდ ბუქერს სასამართლოში რეგეის მეფის სახელის უნებართვოდ გამოყენებისთვის უჩივლა. ბუქერის კომპანია Mama Marley ენერგეტიკულ სასმელებს, თევზის ღვეზელებსა და სხვა საკვებ პროდუქტებს ყიდდა.

არტისტის ნახევარძმის თქმით, მისი მიზანი მხოლოდ თავისი და ბობის დედის, სედელა ბუქერის რეცეპტების უკვდავყოფაა, მარლის სახელის გამოყენებაზე კი ნებართვა წლების წინ თავად მუსიკოსისგან აიღო. საბოლოოდ, როგორც ჩანს, დავა მარლების ოჯახის შიგნით მოგვარდა, რადგან სასამართლოში საქმის წარმოება შეწყდა. 

4. Red Hot Chili Peppers და ტელესერიალი Californication

2000 წელს ჯგუფმა Red Hot Chili Peppers ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერა Californication გამოუშვა. შვიდი წლის შემდეგ კი, ამერიკული საკაბელო სატელევიზიო არხის, Showtime-ის მაყურებელმა ამავე სახელწოდების სერიალის პირველი ეპიზოდი იხილა.

სიმღერის სახელის უნებართვოდ გამოყენებით განაწყენებულმა ბენდის ფრონტმენმა, ენტონი კიდისმა განცხადება გაავრცელა, რაღაც ტელეშოუს ჩვენი იდენტობის მოპარვის უფლება არ აქვსო და სასამართლოში იჩივლა, თუმცა, სამწუხაროდ, "პეპერსებმა" ეს პროცესი წააგეს.

3. ჩაბი ჩეკერი და პენისის სიგრძის გამოსათვლელი აპლიკაცია

მუსიკოს ჩაბი ჩეკერის სახელი 2006 წლამდე სიმღერასთან The Twist და მის გამორჩეულ ცეკვის მანერასთან ასოცირდებოდა. თუმცა, ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც HP-მ აპლიკაცია The Chubby Checker App გამოუშვა. პროგრამისტები ირწმუნებოდნენ, რომ მათ მიერ შექმნილი ალგორითმი მომხმარებლებს ფეხის ზომის მიხედვით პენისის სიგრძის გამოთვლის საშუალებას აძლევდა.

ამის შესახებ ჩეკერმა 7 წლის შემდეგ შეიტყო და იმის მიუხედავად, რომ აპლიკაციის გადმოწერა უკვე შეუძლებელი იყო, მის მწარმოებელ კომპანიას უჩივლა. საბოლოოდ, მხარეთა შორის დავა იმით დასრულდა, რომ HP-ის დეველოპერებმა პირობა დადეს, რომ ჩაბის სახელს საეჭვო კონტექსტში აღარასდროს მოიხსენიებდნენ.

2. Slipknot და Burger King-ის სარეკლამო რგოლი

2005 წელს Burger King-მა ახალი სარეკლამო რგოლი გამოუშვა, რომელშიც გამოგონილი როკ ჯგუფის, Coq Roq-ის კონცერტი იყო გაშუქებული. როდესაც ვიდეო Slipknot-ის წევრებმა ნახეს, გამოაცხადეს, Coq Roq გარეგნულადაც და ჟღერადობითაც გვგავს, სწრაფი კვების ობიექტების ქსელი ამ გზით ჩვენი მსმენელების მიზიდვას ცდილობსო და კომპანიას ოფიციალური წერილი გაუგზავნეს, რომელშიც სასამართლოში ჩივილით იმუქრებოდნენ.

როგორც ჩანს, Burger King-ის იურისტებს დავის წამოწყების არ შეეშინდათ და განცხადება გაავრცელეს - Coq Roq ჩვენს რეკლამაში Slipknot-ს არ ბაძავს, უბრალოდ, ორივე ბენდი სხვა ნიღბიანი ჯგუფების პაროდიას აკეთებსო. დამამცირებელი პასუხია, თუმცა, ფაქტია, რომ ამის შემდეგ საკულტო მეტალ ბენდის წარმომადგენლებს სასამართლოსთვის მიმართვაზე აღარ უფიქრიათ.

1. ჯიმი პეიჯისა და რობი უილიამსის დაუსრულებელი კონფლიქტი

ორ ბრიტანელ არტისტს, რობი უილიამსსა და ჯიმი პეიჯს შორის 2014 წელს დაიწყებული სამართლებრივი დავა დღემდე ყველაზე უცნაური და სახალისო რამაა, რაც მუსიკის ისტორიას ახსოვს. ასე რომ, ამ ამბავს ცოტა ვრცლად მოგიყვებით.

პეიჯი, რომელსაც ახლახან 75 წელი შეუსრულდა, მეზობლად მცხოვრებ უილიამსს არაერთხელ სთხოვა, საცურაო აუზის, სპორტული დარბაზისა და გასართობი სივრცის მოწყობაზე უარი ეთქვა, რადგან სამშენებლო სამუშაოებით მისი ორსაუკუნოვანი სახლის დაზიანების ეშინოდა, თუმცა, რობი დათმობაზე არ წავიდა და Led Zeppelin-ის ლეგენდარულ გიტარისტთან სამართლებრივ დავაში ჩაერთო.

თავიდან ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც ორ რესპექტაბელურ ბრიტანელ ჯენტლმენს შეეფერება. თუმცა, ერთხელ, როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებული მორიგი ინტერვიუ უკვე დასრულებული ეგონა, რობიმ პეიჯის ფსიქიკური ჯანმრთელობა ეჭვქვეშ დააყენა. შემდეგ კი განაცხადა, ჩემი სახლის წინ ფანჯრებჩამოწეულ მანქანაში საათობით ზის და ყველაფერს ფირზე იწერს, რომ შეამოწმოს, ზედმეტად ხომ არ ვხმაურობთ, მაგრამ, ამასწინათ მუშების მოსვლა გამოეპარა, რადგან ჩასაფრებულს ჩაეძინაო.

მოგვიანებით უილიამსმა ამ სიტყვებისთვის ბოდიში მოიხადა, თუმცა, ეზოში სამშენებლო სამუშაოები არ შეუჩერებია, რასაც პეიჯის ახალი საჩივარი და სასამართლოს მიერ დაწესებული სანქციები მოჰყვა. მთელი ამ წლების განმავლობაში კონფლიქტი მხოლოდ მაშინ შენელდა, როდესაც მეზობლები პარკიდან გამოქცეული და მათ ეზოში შეჭრილი ვანდალი ფარშევანგების ბანდის წინააღმდეგ გაერთიანდნენ.

საბოლოოდ, უილიამსს სასამართლომ პროექტი დაუმტკიცა, რადგან რაიონის საბჭოს გადაწყვეტილებით, ის პეიჯის სახლისთვის რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენდა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ რობი ჯიმის დანახვისთანავე სახლში ბოლო ხმაზე 
Led Zeppelin-ის კონკურენტი ბენდების მუსიკას რთავს, რობერტ პლანტის ვარცხნილობის მსგავს პარიკს იკეთებს, წელზე კი ბალიშს იმაგრებს, რათა ღიპის იმიტაცია შექმნას და ეზოში დასეირნობს, მხოლოდ იმის თქმა შეგიძლია, რომ ლეგენდარული გიტარისტი არ ნებდება. უილიამსმა მხოლოდ ერთი ბრძოლა მოიგო და არა მთელი ომი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული