Thumbnail

1980-იან წლებში Beastie Boys-ისა და Run-D.M.C.-ის წარმატებამ ჰიპ ჰოპი მეინსტრიმ კულტურაში მყარად დაამკვიდრა. მუსიკალური ინდუსტრიაც სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობდა ახალი მიმდინარეობის წარმომადგენლებს. ერთ დროს საცეკვაო მოედანზე მორგებული, გართობაზე ორიენტირებული ჟანრი უმცირესობების და ჩაგრულთა ხმა გახდა. დისკოსა და პანკის გავლენით ჩამოყალიბებული არაორდინარული ჩაცმის სტილი კი აფროამერიკელებისთვის დამახასიათებელმა ყოველდღიურმა ქუჩის მოდამ ჩაანაცვლა.

► ჰიპ ჰოპის ისტორია: ნაწილი პირველი. დიჯეინგი

► ჰიპ ჰოპის ისტორია: ნაწილი მეორე. ემსიინგი

► ჰიპ ჰოპის ისტორია: ნაწილი მესამე. ახალი სკოლა

შემცირებულია რიკ რუბინის მიერ

ჰიპ ჰოპის აღზევებაში მნიშვნელოვანი როლი რიკ რუბინის მიერ 1984 წელს დაარსებულმა Def Jam Records-მა ითამაშა. ოთხმოციანი წლების ნიუ იორკული სცენის ყველაზე წარმატებული პროექტების უკან სწორედ ეს ლეიბლი იდგა. 

რიკ რუბინი

რიკი მუსიკით ადრეული ასაკიდანვე დაინტერესდა. სკოლაში მეგობრებთან ერთად სამოყვარულო ჯგუფებს აყალიბებდა და კონცერტებსაც მართავდა. პოპულარობის მოსახვეჭად რუბინი არატრადიციულ მეთოდებს იყენებდა. გამოსვლების დროს მეგობრებს არეულობის მოწყობას ავალებდა, რათა კონცერტი ჩაშლილიყო და ამის შესახებ ყველას გაეგო. ამ მზაკვრული გეგმის განხორციელებაში რიკს მამაც ეხმარებოდა, რომელიც ნიუ იორკის შტატის ერთ-ერთი პატარა ქალაქის პოლიციის რეზერვში ირიცხებოდა. დროდადრო სამართალდამცველის ფორმაში გამოწყობილი უფროსი რუბინი შვილის კონცერტებზე დადიოდა და სკანდალებს აწყობდა.

პანკისა და როკის მოყვარული რუბინი ოთხმოციანი წლების დასაწყისში ნიუ იორკის ჰიპ ჰოპ სცენით დაინტერესდა და ჟანრის ერთ-ერთი პიონერის, აფრიკა ბამბაატას მიერ დაარსებული გაერთიანების, Zulu Nation-ის წევრს, დიჯეი Jazzy Jay-ს დაუახლოვდა. "დეფ ჯემის" ლოგო პირველად სწორედ ჯეზი ჯეისა და რეპერ T La Rock-ის რელიზზე It's Yours გამოჩნდა, რომლის პროდიუსერიც თავად რუბინი იყო. მოგვიანებით ჯეზი ჯეიმ რუბინს რასელ სიმონსი გააცნო, რომელიც მისი ბიზნესპარტნიორი და ლეიბლის თანადამფუძნებელი გახდა.

► ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ ჰიპ ჰოპს?

რიკ რუბინი და რასელ სიმონსი, 1984 წელი

დამწყები ნიუ იორკელი არტისტებისთვის "დეფ ჯემი" საუკეთესო ადგილი იყო საკუთარი დემო ჩანაწერების გასაგზავნად. სიმონსსა და რუბინს ბებიის სახლში ჩაწერილი მიქსტეიპი 16 წლის ჯეიმს ტოდ სმიტმაც მიაწოდა. ცოტა ხანში კი სასცენო სახელით LL Cool J მათ ლეიბლზე სადებიუტო სინგლი I Need a Beat გამოუშვა. 

Ladies Love Cool James

ელ ელ ქულ ჯეი ქუინსში იზრდებოდა. მას საკმაოდ რთული ბავშვობა ჰქონდა. მომავალი მუსიკოსის მამამ მის დედასა და ბაბუას ცეცხლსასროლი იარაღით მძიმე ჭრილობები მიაყენა. ისინი სახლში სწორედ 4 წლის ჯეიმსმა იპოვა, გარშემო ყველაფერი სისხლით იყო მოსვრილი. საბედნიეროდ, ექიმებმა მისი ოჯახის წევრების გადარჩენა შეძლეს. 16 წლის ასაკში ბებიამ და ბაბუამ ჯეიმსს ძვირადღირებული მუსიკალური აპარატურა აჩუქეს.

"იმ დროისთვის მე უკვე რეპერი ვიყავი. ჩვენს სამეზობლოში ბავშვები ჰიპ ჰოპზე იზრდებოდნენ. მეც ცხრა წლის ასაკიდან რეპერობაზე ვოცნებობდი. მინდოდა, საკუთარი კომპოზიცია ჩამეწერა და რადიოში მომესმინა", - იხსენებდა ელ ელ ქულ ჯეი. 

LL Cool J

1984 წელს გამოსული I Need a Beat ასი ათასიანი ტირაჟით გაიყიდა და "ბისთი ბოიზის" Rock Hard-თან ერთად "დეფ ჯემის" ინდუსტრიაში დამკვიდრებას შეუწყო ხელი. იმავე წელს ჯეიმსის პირველი კონცერტიც გაიმართა. მანჰეტენის ერთ-ერთი სკოლის სასადილოში, თინეიჯერებმა მაგიდები შეაერთეს და ჰიპ ჰოპის მომავალ ვარსკვლავს სახელდახელოდ მოწყობილი სცენა დაახვედრეს.

"გამოსვლის დასრულების შემდეგ, მე და ჩემს დიჯეის გოგოები შემოგვეხვივნენ. ისინი ყვიროდნენ და ავტოგრაფებს გვთხოვდნენ. სწორედ მაშინ ვუთხარი საკუთარ თავს, ეს ის არის, რისი კეთებაც მინდა", - ყვებოდა ჯეიმსი. 

LL Cool J-ის ერთ-ერთი პირველი კონცერტი. უოთერვილი, 1985 წელი

1985 წელს გამოდის ელ ელ ქულ ჯეის სადებიუტო ალბომი Radio, რომლის მთავარი სინგლიც Rock the Bells იყო. ნამუშევარმა ჟანრისთვის შთამბეჭდავ კომერციულ წარმატებას მიაღწია. გამოცემიდან პირველ ხუთ თვეში ჩანაწერის 500 ათასზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. ის პირველი რეპ რელიზი გახდა, რომელიც ბილბორდის პოპ ალბომების ჩარტში მოხვდა. 

Radio-ს პროდიუსერი რიკ რუბინი იყო. მისივე ფროდაქშენით შეიქმნა "დეფ ჯემის" მიერ ოთხმოციანებში გამოშვებული კიდევ ორი უმნიშვნელოვანესი ჩანაწერი, Beastie Boys-ის Licensed to Ill და Run-D.M.C-ის Raising Hell. ამ პროექტებზე მუშაობისას რიკმა მინიმალისტური მიდგომა აირჩია. ალბომების ჟღერადობა დაცლილი იყო ყოველგვარი ზედმეტი ხმისგან, რომელიც მთავარი სათქმელის გადმოსაცემად არ იყო საჭირო. სწორედ ამის გამო, "დეფ ჯემის" ამ რელიზებს გარეკანზე ტრადიციული Produced by-ის ნაცვლად, Reduced by Rick Rubin (შემცირებულია რიკ რუბინის მიერ) ეწერა. პროდიუსინგის ეს სტილი რუბინის ხელწერად იქცა და დიდი გავლენა მოახდინა მომდევნო წლებში გამოცემულ ჰიპ ჰოპ ნამუშევრებზე. 

LL Cool J-ის სადებიუტო ალბომის, Radio-ს გარეკანი

ჰიპ ჰოპი და ძალადობა

ჟანრის განვითარების ამ ეტაპზე რიკ რუბინი და რასელ სიმონსი ნიუ იორკში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურები იყვნენ. სწორედ მათი დამსახურებით გარდაიქმნა პანკ ჯგუფი Beastie Boys ჰიპ ჰოპ კოლექტივად. Run-D.M.C.-ისა და Aeromsith-ის ერთობლივი სინგლის Walk This Way ჩაწერის იდეაც რუბინის როკისადმი სიყვარულს უნდა მივაწეროთ. მუსიკალური ჟანრების სინთეზის მეშვეობით ახალმა ლეიბლმა ჰიპ ჰოპი მეინსტრიმ კულტურას გააცნო. პანკ კლუბებში მიღებული გამოცდილებით შთაგონებული რიკი "დეფ ჯემის" არტისტებისთვის სკანდალურ ტურნეებს გეგმავდა. ზუსტად ისე, როგორც ამას თინეიჯერობისას აკეთებდა.

სწორედ ასეთი იყო Run-D.M.C-ის ლეგენდარული ტურნე Raising Hell. მის ფარგლებში გამართულ კონცერტებზე არეულობა და ძალადობა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. კალიფორნიის ქალაქ ლონგ ბიჩში დაგეგმილი შოუ რიკის ჩარევის გარეშე, Run-D.M.C-ის გამოსვლამდე ჩაიშალა. მასზე დასასწრებად მისული 14 ათასი ადამიანი მხოლოდ 60-კაციანმა დაცვის ჯგუფმა შეამოწმა. მათ ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის მთელი არსენალი ამოიღეს. თუმცა, ადგილობრივი ახალგაზრდული დაჯგუფების ორასამდე წევრმა კონცერტზე დანების, კასტეტებისა და სხვადასხვა აკრძალული ნივთის შეტანა მაინც მოახერხა.

ბრუკლინური კოლექტივის, Whodini-ს გამოსვლისას შოუზე დამსწრე მაყურებლებს თავს შეიარაღებული ბანდიტები დაესხნენ. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი მიკროფონში უშედეგოდ ყვიროდა: "გთხოვთ, ეს გართობის ადგილია, აქ მუსიკის მოსასმენად ვართ!" იმ ღამეს ქალაქის საავადმყოფოებში სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებით 40 ადამიანი აღმოჩნდა. 

Run-D.M.C-ის ტურნეს, Raising Hell-ის ფარგლებში გამართული კონცერტი. ლონდონი, 1986 წელი

Run-D.M.C-ის ტურნეს განმავლობაში ეს უკვე ძალადობის მეხუთე შემთხვევა იყო. ვითარება იმდენად გართულდა, რომ ჯგუფის წევრებს განმარტების გაკეთება მოუწიათ.

"ამ მოძალადეებს ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ისინი მეც ისე ჩამარტყამდნენ თავში, როგორც სხვებს. Run-D.M.C ამ ყველაფრის წინააღმდეგია", - განაცხადა რანმა. 

მუსიკოსებმა ლოს ანჯელესსა და მიმდებარე ქალაქებში დაგეგმილი გამოსვლები გააუქმეს და პოლიციისგან დაცვის გარანტიები მოითხოვეს. თუმცა, საზოგადოებრივ აზრზე მსგავსი განცხადებები პოზიტიურ გავლენას ვერ ახდენდა. ამას ისიც დაემატა, რომ ლონგ ბიჩის ინციდენტიდან მეორე დღეს, ნიუ იორკში გამართულ მცირერიცხოვან კონცერტზე ატეხილი სროლის შედეგად 14 წლის ბიჭი გარდაიცვალა. ჰიპ ჰოპი თანდათან ძალადობასთან ასოცირდებოდა.

მასმედიაში აქტიურად ჩნდებოდა ისეთი სტატიები, რომლებშიც აქცენტი ჰიპ ჰოპსა და ძალადობას შორის კავშირზე კეთდებოდა

საზოგადოების ნაწილი მიიჩნევდა, რომ რეპერები განგსტერებისა და მათი ცხოვრების წესის რომანტიზებას ახდენდნენ. მათი აზრით, არტისტები თავიანთი ნამუშევრებით მსმენელებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ. სწორედ ეს გახდა მთავარი არგუმენტი ჟანრის წინააღმდეგ გაჩაღებულ კამპანიაში, რომელიც 80-იანების მეორე ნახევარში დაიწყო და მიზნად ჰიპ ჰოპ კულტურის დემონიზებას ისახავდა. 

Run-D.M.C-ის წევრები ბრალდებებს უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ მათი შემოქმედება საგანმანათლებლო ფუნქციას ატარებდა. მუსიკოსების თქმით, ჯგუფის კომპოზიციებში აფროამერიკელების ურბანული გამოცდილება იყო გადმოცემული. ეს ნამუშევრები ხშირად პროვოკაციულ ხასიათს ატარებდა, თუმცა, ძალადობისკენ მოწოდებებს არ შეიცავდა. 

პირველი პოლიტიკური მესიჯი

აშკარა იყო, რომ ჰიპ ჰოპი მუსიკალური ინდუსტრიისა და, ზოგადად, პოპ კულტურის ფარგლებს გასცდა და სოციალურ-პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა. სწორედ ამ დროს სცენაზე Public Enemy გამოჩნდა. ჯგუფის სახელწოდება ითარგმნება, როგორც სახელმწიფოს მტერი, საზოგადოებისთვის საშიში ელემენტი, კანონგარეშე ადამიანი, რომლის არსებობაც ერთგვარი ტრანსგრესიაა. კოლექტივის ნამუშევრები პოლიტიკურად ანგაჟირებული თემატიკით გამოირჩეოდა. მისი წევრები მკაცრად აკრიტიკებდნენ მეინსტრიმ მედიას და ცდილობდნენ, საკუთარი შემოქმედებით ახალგაზრდა აფროამერიკელთა წინაშე მდგარი პრობლემების შესახებ მთელი ქვეყნისთვის მიეწვდინათ ხმა.

Public Enemy

"ფაბლიქ ენემი" ლონგ აილენდის უნივერსიტეტში კარლტონ რიდენაუერმა (Chuck D) და უილიამ დრეიტონმა (Flavor Flav) ჩამოაყალიბეს. მათ პროექტს თავიდან Spectrum City ეწოდებოდა. ჯგუფის პირველი სინგლი Chek Out the Radio 1984 წელს უნივერსიტეტის რადიოში გაჟღერდა. ამას მოყვა ტრეკი Public Enemy #1, რომლის მოსმენის შემდეგ, რიკ რუბინმა ახალგაზრდების "დეფ ჯემში" გაწევრიანება გადაწყვიტა.

1987 წელს გამოსული "ფაბლიქ ენემის" სადებიუტო ალბომი Yo! Bum Rush The Show ჟანრის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად გაყიდვადი რელიზი გახდა, თუმცა, ზოგიერთი მეინსტრიმ რადიოსთვის ის ზედმეტად კონტროვერსიული გამოდგა. კრიტიკოსების აზრით, მუსიკოსების ნამუშევარი "ბისთი ბოიზის" ჩანაწერებზე გაცილებით აგრესიული იყო. ისინი კომპოზიციების არამელოდიურობას უსვამდნენ ხაზს, რაც მსმენელში მიზანმიმართულად დისკომფორტს იწვევდა.

► ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ ჰიპ ჰოპს?

Public Enemy

1980-იანი წლები შეგვიძლია, ჰიპ ჰოპის აღზევების ხანად მივიჩნიოთ. იატაკქვეშეთში ჩასახული კულტურა ზედაპირზე ამოვიდა და მეინსტრიმის ნაწილი გახდა. რიკ რუბინმა და რასელ სიმონსმა ამაში უდიდესი როლი შეასრულეს. ჰიპ ჰოპის ისტორიის განმავლობაში ამ ადამიანებს კიდევ არაერთხელ შევხვდებით.

ინოვაციურ ჟღერადობასთან და ნოვატორულ მუსიკალურ ტექნიკებთან ერთად, ჰიპ ჰოპმა ამერიკულ საზოგადოებას თავისი ბნელი მხარეებიც გააცნო. ამ პერიოდში ჟანრის წინააღმდეგ აქტიური მედიაკამპანია დაიწყო, რომელსაც მუსიკოსები უკომპრომისო პირდაპირობით დაუპირისპირდნენ. თუმცა, რეპის დასავლეთ სანაპიროზე გავრცელებამ ვითარება კიდევ უფრო გაართულა. ამ ყველაფრის შესახებ ჩვენს შემდეგ სტატიებში ვისაუბრებთ.

► ჰიპ ჰოპის ისტორია: ნაწილი პირველი. დიჯეინგი

► ჰიპ ჰოპის ისტორია: ნაწილი მეორე. ემსიინგი

► ჰიპ ჰოპის ისტორია: ნაწილი მესამე. ახალი სკოლა

კომენტარები

ბოლოს დამატებული