Thumbnail

მუშათა კლასის წარმომადგენელი მუდამ მოღუშული გამომეტყველებით, იაფფასიანი ქურთუკითა და გაცრეცილი ჯინსით, რომელიც Sex Pistols-ს უსმენს და საღამოობით კათხა ლუდით ხელში ხელისუფლებას ლანძღავს - Sleaford Mods-ის წევრები ბრიტანული ყოფისთვის ამ კარგად ნაცნობ პერსონაჟს თითქოს ყველაფრით მოგვაგონებენ, თუმცა, ამავდროულად მასთან დაკავშირებულ სტერეოტიპულ წარმოდგენებსაც ამსხვრევენ. დიჯეი ენდრიუ ფერნი ღიად ჰომოსექსუალია, ვოკალისტ ჯეისონ უილიამსონის ტექსტებში კი ხან ნაციონალიზმის, ხანაც სექსიზმის კრიტიკას წააწყდებით.

პოსტ პანკით, ელექტრონიკითა და ოლდ სქულ ჰიპ ჰოპით შთაგონებული მეათე სტუდიური ალბომი Eton Alive ნოტინგემური დუეტის შემოქმედებაში ჟღერადობის მხრივ ყველაზე მრავალფეროვანი და საინტერესოა. რაც შეეხება ლირიკას, უილიამსონის შეუფარავი აგრესია არსად გამქრალა და არც მის სანახევროდ შეშლილი პოეტის, სანახევროდ კი საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამომსვლელი ორატორისთვის დამახასიათებელ შესრულების მანერაში შეცვლილა რაიმე. აქ ახალი მხოლოდ ის თემებია, რომლებზეც ვოკალისტი მისი საფირმო ისთ-მიდლენდური აქცენტით გვიყვება.

მუსიკოსებს ამ ჩანაწერით გულდაწყვეტილი არავინ დაუტოვებიათ - ბრექსიტის ავტორები და მათ პოპულიზმს აყოლილი პროლეტარები, შეძლებული ოჯახებიდან გამოსული ჰიპსტერები, უნიათო პოლიტიკოსები და ფსევდოინტელექტუალი ექსპერტები, რომელთა უმეტესობას სიღარიბე ცხოვრებაში წამითაც არ უგრძვნია, მაგრამ მძიმე სოციალურ თემებზე ბრძნული სახით მსჯელობას თავს მაინც არ ანებებენ. კომპოზიციებში Kebab Spider, Into the Payzone, Discourse და Flipside თანამედროვე ბრიტანული რეალობის ყველაზე მახინჯი მხარეებია ასახული. ალბომის გამორჩეულად შთამბეჭდავი ტრეკი When You Come Up to Me კი თავად ჯეისონის აღსარებაა მის მიერ განვლილი გზის შესახებ.

ერთი სიტყვით, ჯგუფს ჩვეული სტილისგან ოდნავადაც არ გადაუხვევია, რიგითი ბრიტანელების წინაშე არსებული პრობლემების აღწერას კი თანამედროვე მუსიკაში მათსავით ორიგინალურად და მწვავედ კვლავ ცოტა ვინმე თუ ახერხებს. კრიტიკოსები Sleaford Mods-ს ხშირად საკულტო პოსტ პანკ ბენდს, The Fall-ს ადარებენ. ამ ჩანაწერის მოსმენის შემდეგ შეგვიძლია, ისინი ზუსტად იმ ფრაზით დავახასიათოთ, რომლითაც თავის დროზე მათ ლეგენდარულ თანამემამულეებს მოიხსენიებდნენ, - "მუდამ უცვლელნი და მუდამ განსხვავებულნი".

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული