Thumbnail

რას პასუხობდა მაიკლ ჯექსონი ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებებს

25 იანვარს სანდენსის კინოფესტივალზე ლეგენდარული მუსიკოსის, მაიკლ ჯექსონის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის Leaving Neverland პრემიერა შედგა. რეჟისორ დენ რიდის ნამუშევარი მომღერლის მიერ ბავშვებზე სავარაუდო ძალადობის ფაქტების შესახებ მოგვითხრობს. სურათი ორი მამაკაცის, უეიდ რობსონისა და ჯიმი სეიფჩაკის ინტერვიუებს ეფუძნება, რომლებიც აცხადებენ, რომ არტისტი მათ 7 და 10 წლის ასაკიდან სექსუალურად ავიწროებდა.

► რა ბრალდებები წაუყენეს მაიკლ ჯექსონს ფილმში Leaving Neverland

მარტის დასაწყისში ფილმი ტელეეთერით აჩვენეს და საზოგადოების ნაწილი კვლავ ჯექსონის წინააღმდეგ განეწყო. სხვადასხვა ქვეყნის რადიოსადგურებმა მისი სიმღერები საეთერო ბადიდან ამოიღეს. პოლიციამ ჰოლივუდის დიდების ხეივანში მუსიკოსის ვარსკვლავის დაცვა გააძლიერა. 2009 წელს გარდაცვლილი შემსრულებლის ოჯახი და წარმომადგენლები კი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ. მათი განცხადებით, ჯექსონის დამნაშავეობის დამადასტურებელი ხელშესახები მტკიცებულებები არ არსებობს. 

► BBC Radio 2-მა მაიკლ ჯექსონის სიმღერები ეთერიდან ამოიღო

► ჯექსონის სიმღერები ეთერიდან კანადურმა და ახალზელანდიურმა რადიოებმაც ამოიღეს

► ჰოლივუდის დიდების ხეივანში ჯექსონის ვარსკვლავს პოლიცია იცავს

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მაიკლ ჯექსონი სექსუალურ ძალადობაში ამხილეს. 1993 წელს მის წინააღმდეგ სარჩელი 13 წლის ჯორდან ჩენდლერმა და მამამისმა, ივანმა შეიტანეს. მაშინ მომღერალმა ვიდეომიმართვა გაავრცელა. 

"ვცდილობ, ძლიერი ვიყო. როგორც იცით, ტურნე დავასრულე. ქვეყნის გარეთ მომიწია ყოფნა მაშინ, როდესაც ტკივილგამაყუჩებლებზე დამოკიდებულებას ვმკურნალობ. სკალპზე ქირურგიული ოპერაციის შემდეგ დამჭირდა ამ მედიკამენტების მიღება. 

ჩემ შესახებ ამაზრზენი განცხადებები წავიკითხე და მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი სიცრუეა. იმედი მაქვს, ეს ჯოჯოხეთი მალე დასრულდება. არ შემიძლია ბრალდებაზე ლაპარაკი, რადგან ადვოკატებმა მირჩიეს, საჯაროდ არ მესაუბრა. მე განრისხებული ვარ მედიაზე, რომელიც სხვადასხვაგვარი მანიპულაციებით საზოგადოებას საკუთარ დასკვნებს ტენის. სანამ დამგმობთ, მოითმინეთ. სიმართლე გაირკვევა. ნუ მომექცევით, როგორც კრიმინალს, რადგან უდანაშაულო ვარ. 

ამ კვირის დასაწყისში არაჰუმანური და შეურაცხმყოფელი გამოძიების მსხვერპლი გავხდი. ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტმა ჩხრეკის ორდერი წარმომიდგინა, რომელიც მათ ნებართვას აძლევდა, ჩემი სხეული დაეთვალიერებინათ. მათ გადაიღეს მთელი ჩემი ტანი, გენიტალიებისა და კანის დაავადებით გამოწვეული პიგმენტური ლაქების ჩათვლით. უარის თქმის უფლება არ მქონდა. 

ცხოვრებაში თავი ასე დამცირებულად არ მიგრძვნია. მსგავს რამეს არავის ვუსურვებ. ჩხრეკის შემდეგ მაინც არ იყვნენ კმაყოფილი. კიდევ უნდოდათ სურათების გადაღება. სრული კოშმარი იყო, მაგრამ, თუ ეს უნდა გადავიტანო საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად, გავუძლებ.

მთელი ცხოვრების განმავლობაში, ათასობით მოზარდის დახმარებასა და გაბედნიერებას ვცდილობდი. არაფერი დამიშავებია იმის გარდა, რომ ყველა ასაკისა და რასის ბავშვები მიყვარს. მსურს, გავახარო ისინი და მათ უმწიკვლო სახეებზე ღიმილი დავინახო. მინდა, ისეთი ბავშვობა მივცე, როგორიც მე არასდროს მქონია. თუ რამეში ვარ დამნაშავე, ესაა ღმერთის რწმენა. ის ამბობდა: "მოუშვით ბავშვები და ნუ აბრკოლებთ მათ ჩემთან მოსასვლელად, რადგან მათნაირებისაა ცათა სასუფეველი." არ ვფიქრობ, რომ ღმერთი ვარ, მაგრამ მინდა, მისნაირი ვიყო.

სრულიად უდანაშაულო ვარ და დარწმუნებული ვარ, დადასტურდება, რომ ბრალდებები მცდარია. მეგობრებსა და თაყვანისმცემლებს მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის. მიყვარხართ", - განაცხადა მომღერალმა.

1994 წლის იანვარში არტისტმა და ჯორდან ჩენდლერის მშობლებმა შეთანხმებას მიაღწიეს. მომღერალს მათთვის ათობით მილიონი დოლარის გადახდა მოუწია. 1995 წელს ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას მაიკლს ჰკითხეს, თუ უდანაშაულო იყო, რატომ დასთანხმდა საქმის ამ გზით მოგვარებას.

"ადვოკატებს ვკითხე, უნდა მქონოდა თუ არა იმედი, რომ სამართლიანობა გაიმარჯვებდა. მათ მითხრეს - მაიკლ, ჩვენ ამის გარანტიას ვერ მოგცემთ. ამის შემდეგ ვთქვი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი ამ კოშმარისგან თავის დასაღწევად. ეს ჯოჯოხეთი კიდევ მრავალი წელი გაგრძელდებოდა. დღემდე არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც ჩემს დანაშაულს დაადასტურებს. პოლიციამ ყველაფერი გაჩხრიკა და მათ ვერაფერი იპოვეს, საერთოდ ვერაფერი", - აღნიშნა მუსიკოსმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

2003 წელს მუსიკოსს კიდევ ერთ ბავშვზე სექსუალური ძალადობის ბრალდება წარუდგინეს. 2005 წელს სასამართლომ არტისტი უდანაშაულოდ ცნო.

► მაკოლეი კალკინი: მაიკლ ჯექსონთან ჩვეულებრივი მეგობრობა მაკავშირებდა

► მაიკლ ჯექსონის თაყვანისმცემლები ლონდონში საპროტესტო აქციას გეგმავენ

მაიკლ ჯექსონმა შემოქმედებითი კარიერა ძმებთან ერთად, ჯგუფში Jackson 5 დაიწყო. 750 მილიონი გაყიდული ჩანაწერით, ის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად ითვლება. 2009 წელს გარდაცვლილი არტისტი დღემდე პოპ შემსრულებლის ეტალონად რჩება და ათასობით ხელოვანისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული