Thumbnail

მუსიკალური პუბლიცისტის, გია ხადურის საავტორო რუბრიკა. 

ნახე სრული ფლეილისტი

10. Randy Newman - Putin 

რენდი ნიუმანის მუსიკა ერთდროულად ძველმოდურიც არის, მახვილგონივრულიც, მელოდიურიცა და სევდიან-იუმორისტულიც. ტექსტები და შესრულების მანერა კი იმდენად სარკასტული აქვს, რომ ვერ გაიგებ, როდისაა სერიოზული და როდის ღადაობს. აი, სწორედ ასეთ სტილში აქვს გაკეთებული "პუტინიც". მთელი სიმღერა ერთი დიდი კალამბურია, ცინიკური კომენტარი რუსულ პუტინომანიაზე:

"მას ბირთვული რეაქტორის ამუშავება ტვინის მარცხენა ნახევარსფეროთი შეუძლია. როცა პერანგს იხდის, ქალები ჭკუიდან გადადიან. მალე ხმელთაშუა ზღვასაც წაეპოტინება და თუ საჭირო გახდება, უკმაყოფილო თურქებს და ბერძნებს ხუჭუჭა თავებში ისე ჩასცხებს, თვალებიდან სულ ნაპერწკლებს აყრევინებს. როდესაც ეუბნებიან, შენ უნდა წაგვიძღვე აღქმული მიწისკენო, ის კმაყოფილი პასუხობს, მართლები ხართ, ეშმაკმა დალახვროს, მე ხომ თვით პუტინი ვარ".

მუსიკაც ძველმოდურია, რაღაცნაირად კიტჩურ-ვოდევილური და იდეალურად ეხამება სატირულ ტექსტს. მოკლედ, იმის იდეალური მაგალითია, როგორი სიმღერა უნდა დაწერო ისეთ ოდიოზურ ფიგურაზე, როგორიცაა ვლადიმირ პუტინი.

9. Anohni - Obama

კენედიდან მოყოლებული ამერიკის ყველა პრეზიდენტზეა სიმღერა დაწერილი. რესპუბლიკელებს უმთავრესად ლანძღავენ, დემოკრატებს მხარში უდგანან და თანაუგრძნობენ. რატომ, გაუგებარია. თუმცა, ენტონი ჰეგართის, იგივე ენონის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან გაბედა და დემოკრატი ობამა გააკრიტიკა.

სიმართლე რომ ვთქვათ, ეს ცოტა ინფანტილურად გამოუვიდა. ალბათ, ბოლომდე მაინც ვერ მიხვდა, რომ ამერიკის პრეზიდენტი სამოქალაქო აქტივისტი და ულტრალიბერალური მოძრაობის მედროშე ვერ იქნება. არადა, თურმე, სწორედ ასეთად წარმოედგინა. საყვედურობს კიდეც, ბინ ლადენი რატომ მოაკვლევინე, უნდა გაგესამართლებინა, ნუთუ ეს არის ჰუმანიზმის მაღალი იდეალებისადმი შენი ერთგულებაო? მოკლედ, მთელი ილუზიები დაგვიმსხვრიე და არ ყოფილხარ შენ კარგი კაციო.

რაც შეეხება მუსიკას, ე.წ. ჩამბერ პოპიდან ექსპერიმენტულ ელექტრონიკაში ენონის გადაბარგება ძალზე ეფექტური აღმოჩნდა. ალბომი Hopelessness, რომელშიც ეს კომპოზიციაა წარმოდგენილი, გამოსვლისთანავე სენსაციად იქცა, რაც გასაკვირი სულაც არაა იმის გათვალისწინებით, რომ მისი პროდიუსერები, ჰეგართისთან ერთად, დენიელ ლოპატინი (Oneohtrix Point Never) და როს ბირჩარდი (Hudson Mohawke) არიან. 

8. Stereo Total - Patty Hearst

პატრისია ჰერსთი ლეგენდარული მედია მაგნატის, უილიამ რენდოლფ ჰერსთის შვილიშვილია. სწორედ იმის, ორსონ უელსის "მოქალაქე კეინის" პროტოტიპი რომ იყო. 1974-ში 19 წლის პატი ამერიკაში მოქმედი მემარცხენე რადიკალური ტერორისტული ორგანიზაციის, "სიმბიონისტური გათავისუფლების არმიის" წევრებმა მოიტაცეს. ჰერსთების ოჯახთან ორთვიანი ვაჭრობის შემდეგ, როდესაც გარიგება თითქმის შედგა და პატრისია გამოსასყიდის სანაცვლოდ უნდა გაეთავისუფლებინათ, გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც გოგონა აცხადებდა, დღეიდან "ტანია" მქვია, მეგობრებთან (ანუ გამტაცებლებთან) ვრჩები და სამართლიანობისთვის უშეღავათო ბრძოლას ვიწყებო. ფირთან ერთად მშობლებმა ფოტოსურათიც მიიღეს, რომელზეც პატი ტერორისტების ლოგოს ფონზე ავტომატით ხელში იყო გამოსახული. 

პატრისიას "რევოლუციური" კარიერა დიდხანს არ გაგრძელებულა. რამდენიმე ბანკის ძარცვასა და სხვა მძიმე დანაშაულებში მონაწილეობის შემდეგ, 1975 წელს, ორგანიზაციის დანარჩენ წევრებთან ერთად, ისიც დაიჭირეს. კი იძახდა სასამართლოზე - მაწამებდნენ, მაუპატიურებდნენ და ტერორისტობას მაიძულებდნენო, მაგრამ არ დაუჯერეს და ციხეში გამოამწყვდიეს. ამერიკული მედიისა და "პროგრესული" საზოგადოების მიერ გოგონა მყისვე ჩაგრულ გმირად შეირაცხა.მის მხარდასაჭერად მასობრივი აქციები და დემონსტრაციები იმართებოდა, რომელთა შედეგად 1979 წელს პატი ჰერსთი ციხიდან გაათავისუფლეს.

სწორედ ამ ლეგენდარულ ქალსა და მის ისტორიას მიუძღვნა სიმღერა ფრანგულ-გერმანულმა დუეტმა Stereo Total. ისევე, როგორც მთელ მათ შემოქმედებაში, ამ კომპოზიციაშიც მკაფიოდ იკვეთება შემსრულებლების არტისტული კრედო - გააკეთონ ადრეული პოპ მუსიკის თანამედროვე კიტჩური ვარიანტი. სიმღერის ტექსტიც საკმაოდ ირონიულია, მოლაზღანდაროც კი. ეტყობა, მუსიკოსები იმდროინდელი საბჭოთა მედიის პოზიციას იზიარებდნენ, ყველაფერი ჰერსთების მილიონებმა გადაწყვიტა, თორემ ეს კრიმინალი რა ციხიდან გამოსაშვები იყოო.

7. Meatraffle - Oppenheimer

თავის დროზე ამ ინგლისურმა ბენდმა ალბომით HiFi Classics სერიოზული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ძალიან ორიგინალური მუსიკა ჰქონდათ. ჟღერადობაც ისეთი მომხიბლავი, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, ცოცხალი საუნდის ეპოქა ჯერ არსად  წასულა, გააჩნია, როგორ მოიხმარ და ჩაწერ ინსტრუმენტებს სტუდიაში.

ეს თითქმის უვოკალო ტრეკი გამხსნელია ალბომში და როგორც მანიფესტი, ისე ჟღერს. მისი მთავარი გმირი რობერტ ოპენჰაიმერია, უდიდესი ფიზიკოსი და ე.წ. "მანჰეტენის პროექტის" ხელმძღვანელი. ფაქტობრივად, მისი შექმნილია პირველი ატომური ბომბი. სწორედ ის, 1945 წელს ჰიროსიმასა და ნაგასაკიში რომ ჩამოაგდეს. ოპენჰაიმერი ნაციონალური გმირი და პოლიტიკური ფიგურაც კი გახდა და პირველმა გამოთქვა იდეა, ბირთვულ იარაღზე საერთაშორისო კონტროლი დაეწესებინათ. ის ამასთანავე ლიბერალი იყო და მემარცხენეებსაც თანაუგრძნობდა, ამიტომაც იყო, რომ პოლიტიკურმა ისთებლიშმენტმა გარიყა, საიდუმლო ბირთვულ პროექტებზე მუშაობაც აუკრძალა და იძულებული გახადა, სამეცნიერო კვლევებს ჩამოშორებოდა. 

ვიდეოში სწორედ ის საცდელი ბირთვული აფეთქებებია ნაჩვენები, რომლებიც ოპენჰაიმერის ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა. მუსიკა კი იმდენად შთამბეჭდავად ჟღერს, ძალაუნებურად "ბჰაგავად-გიტადან" ის ფრაზა გახსენდება, ამ უნიჭიერეს კაცს რომ მოსვლია თურმე თავში პირველი ატომური ბომბის აფეთქებისას - "მე ვარ სიკვდილი, მსოფლიოს დამანგრეველი". 

6. The Modern Lovers - Pablo Picasso

The Modern Lovers ერთ-ერთი საეტაპო ბენდია როკ-ენ-როლის ისტორიაში. მართალია, მათი სადებიუტო ალბომი 1976 წელს გამოვიდა, მაგრამ, როდესაც გაირკვა, რომ მუსიკოსებს ის უკვე 1972 წელს ჰქონდათ მზად, კოლექტივის საკულტო სტატუსი და ავტორიტეტი კიდევ უფრო განმტკიცდა.

მათი მუსიკის სწორხაზოვნება, გარაჟული საუნდი და ფრონტმენის, ჯონათან რიჩმენის "პოხუისტური" ნარატივი თვითმიზანი სულაც არაა. ბენდი ასე იმიტომ ჟღერს, რომ რიჩმენმა გადაწყვიტა, თავისი მოზარდობის დროინდელი კომპლექსები და ფობიები კი არ მიეჩქმალა, არამედ ზედაპირზე ამოეტივტივებინა. კოლექტივის შემოქმედება, ფაქტობრივად, "ლუზერების" პროტესტია, დაუფარავი და გულწრფელი. ასეთ კონტექსტში კი, ეს მუსიკალური დაუდევრობა კრეატიულ იარაღად იქცევა. მანამდე როკ მუსიკაში ასეთი რამ არ გვხვდებოდა. ყველა ან "კრუტოის" თამაშობდა, ან დაუფასებელ გენიოსს.

ეს კომპოზიცია ტიპიურია ამ თვალსაზრისით. რიჩმანი ჩივის, პიკასო ქუჩაში რომ გაივლიდა, ყველა ნაშას ასველებდა, ჩვენ კი, ვინმეს შებმას როცა ვცდილობთ, უცენზურო სიტყვებით გვიშორებენ თავიდანო. რა დამსახურების გამო აძლევდნენ პიკასოს ქალები, ამაზე რიჩმანი დუმს და პრინციპში, არც აინტერესებს, რაც გასაკვირი სულაც არაა, სიმღერის შექმნის დროისთვის ბენდის წევრები ხომ სულ რაღაც ოცი წლისანი იყვნენ.  

5. Therion - Initials B.B.

სხვა დროს ამ სიმღერის ორიგინალი ვერსია აუცილებლად მოხვდებოდა სიის პირველ სამეულში, მაგრამ ჩვენი რუბრიკის ფარგლებში სერჟ გენსბურზე უკვე იმდენჯერ ვისაუბრე, რომ ამჯერად თავი შევიკავე. სამაგიეროდ, ათეულში გენსბურის მიერ ბრიჯიტ ბარდოსადმი მიძღვნილი კომპოზიციის ქავერი მოხვდა, რომელსაც შვედური სიმფონიური მეტალ ბენდი "თერიონი" ასრულებს. 

სიმართლე რომ ვთქვათ, ქავერი ორიგინალს აშკარად ჩამოუვარდება. სერჟის ვნებიანი რომანტიკულობა ვიკინგების პათეტიკას რომ გადაწონიდა, ეს ისედაც ნათელი იყო. თუმცა, მოწვეული ვოკალისტი ქალი, ვინმე ჯოანა ნაილა ცუდად ნამდვილად არ ჟღერს. კლიპიც ეფექტურია - ექსპანსიური, ფუტურისტული, სადომაზოხისტური, ბევრი ლამაზი ძუძუთი.

საინტერესოა, რომ გენსბურმა თავის სიმღერაში ჩეხი კლასიკოსის, ირჟი დვორჟაკის ერთ-ერთი ნაწარმოების ფრაგმენტი გამოიყენა, რომელიც ცოცხლად არის ჩაწერილი და მთელ ტრეკს გასდევს. ცნობილია რა კლასიკური მუსიკისადმი "თერიონის" სისუსტე, ნათელი ხდება, რატომ გახდა სწორედ ეს კომპოზიცია საკვანძო ალბომში, რომელიც 60-იანი წლების ფრანგული პოპ სტანდარტებითაა დაკომპლექტებული და სახელად, შარლ ბოდლერის ლექსების კრებულივით, "ბოროტების ყვავილები" ჰქვია.

4. Lou Reed & John Cale - Hello It’s Me

1987 წელს, ენდი უორჰოლის გასვენებაში, ლუ რიდი და ჯონ კეილი, თითქმის ოცწლიანი ურთიერთგაბუტვის შემდეგ, შერიგდნენ და გადაწყვიტეს, თავიანთი მენტორის ხსოვნისთვის სიმღერების ციკლი მიეძღვნათ. მუსიკოსების მიერ სამი წლის შემდეგ გამოშვებული Songs for Drella სწორედ ლეგენდარული ხელოვანის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ მოგვითხრობს. "დრელა" ხომ უორჰოლის მეტსახელი იყო, დრაკულა + სინდირელა, რომელსაც მისი გარემოცვის წევრები ხშირად იყენებდნენ და რომელიც, სხვათა შორის, თავად ენდის არასდროს მოსწონდა. 

ეს ტრეკი საფინალოა ალბომში. მასში ლუ რიდი უკვე გარდაცვლილ უორჰოლს მიმართავს და ნანობს, რომ სიცოცხლეში სათანადო ყურადღებას ვერ აქცევდა, სათქმელიც ბევრი რამ დარჩა და მის გარეშეც ძალიან მოწყენილია. იმასაც განიცდის, რომ ბოლოს ზურგი შეაქცია, რადგან ეჭვი ეპარებოდა მის კეთილგანწყობაში, მაგრამ ამავდროულად ნაწყენიცაა ენდიზე, თან ისე, არასდროს რომ არ დაავიწყდება.

ტიპიური ლუ, მკვდარსაც რომ არ პატიობს წყენას და როცა დარდობს, მაინც ცივი და ემოციურად თავშეკავებულია. მოკლედ, არანაირი სენტიმენტები, თუ ბოლო სტროფს არ ჩავთვლით - "ჩვენ უნდა წავიდეთ, ენდი / იმედია, მოგეწონა ჩვენი პატარა შოუ / ვიცი, რომ ყველაფერი დაგვიანებულია, მაგრამ ეს ერთადერთია, რაც შემიძლია / გამარჯობა, ეს მე ვარ / ძილინებისა, ენდი / მშვიდობით, ენდი". შესანდობარივით კი გამოუვიდა ისე.

3. Mano Negra - Santa Maradona

დიეგო მარადონასადმი მიძღვნილი ეს სიმღერა, ვფიქრობ, საუკეთესოა ყველა იმ კომპოზიციას შორის, რომელიც სპორტსმენების შესახებ დაუწერიათ. ნამდვილი ჰიმნია, ისეთივე თავაშვებული, აზარტული და უპასუხისმგებლო, როგორიც თავად დიეგო გახლავთ. მანო ჩაო აქ ემსია, მარადონას ფანკლუბის ლიდერი, დრაივის ნამდვილი წყარო, რომელსაც ღირსეულად უბამს მხარს მისი ფანკ-როკ ბენდი და ვოკალისტთა ეგზალტირებული ქოროც. 

საბოლოო ჯამში, საქმე რაღაც საკარნვალო, აკუსტიკურ-საფეხბურთო სტიქიასთან გვაქვს, სწორედ ისეთთან, დიეგოს რომ ძალიან გაუსწორდებოდა. მანო ჩაოსა და მარადონას გადაკვეთა შემთხვევითი სულაც არ არის, ორივე ხომ ერთ პონტს აწვება. ერთმა ფიდელ კასტროსა და ჩე გევარას ტატუებით დაიმახინჯა სხეული, მეორეც ბავშვობიდან კაპიტალიზმის მოსისხლე მტერია. მანუსაც და დიეგოსაც ლათინური ამერიკის ბურჟუაზული იმპერიალიზმის კლანჭებიდან დახსნაზე აბოდებს და, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ორივეს უხდება მემარცხენე იდეოლოგიური რიტორიკა. ფაქტიც სახეზეა - "წმინდანი მარადონა".

2. Patti Smith - Spell

ეს ტრეკი პატიმ თავისი მეგობრის, დიდი ამერიკელი პოეტის, ალენ გინსბერგის გარდაცვალებას მიუძღვნა. მისი საალბომო ვერსია მუსიკალური თვალსაზრისით არაფრითაა გამორჩეული, სმიტი უბრალოდ გინსბერგის ლექსს Footnote to Howl კითხულობს ელექტროგიტარის აკომპანემენტით. აი, ლაივში კი "შელოცვა" სულ სხვა მასშტაბებს იძენს და ისეთ აკუსტიკურ მაგიას ასხივებს, რომლის შეგრძნებაც მარტო პატი სმიტის პერფომანსებზე რომ არის შესაძლებელი.  

მისი ქარიზმა მართლაც უნიკალურია და ეს ვიდეოც სწორედ ამას ადასტურებს. ასე უანგაროდ, ემოციურად და არტისტულად მეგობრის გლოვა მხოლოდ მას თუ შეუძლია. ერთი რამ ყოველთვის მიკვირდა. პატი უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს მუსიკის სამყაროში, მაგრამ ამის მიუხედავად, ის მაინც ვერ გახდა ვარსკვლავი. ალბათ, იმიტომ, რომ ბოლომდე შეინარჩუნა ის უკომპრომისო სულისკვეთება, შინაგანი პოეტურობა და პათეტიკა, რომელიც კარიერის დასაწყისიდანვე ახასიათებდა და 71 წლის ასაკშიც კი ვერ გაკონფორმისტდა. ამიტომაა, რომ შეუბღალავი რეპუტაციის მქონე არტისტად ითვლება და ამაში ეჭვის შეტანა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

1. Scott Walker - Farmer in the City

სკოტ უოლქერმა მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ისეთი დრამატული, ობსკურული და უცნაური სამყარო შექმნა, რომელშიც მარტო თვითონ თუ შეუძლია არსებობა. ამიტომ არის ის მუდმივად განდეგილი და ამიტომაც არ აინტერესებს ამქვეყნიური ჟრიამული. ყველაფერი კი ამ კომპოზიციით დაიწყო, რომელსაც წინ 11-წლიანი დუმილი უძღოდა. 

სიმღერა პიერ-პაოლო პაზოლინის ტრაგიკულ აღსასრულს ეძღვნება. მას ტრადიციული ნარატივი არ გააჩნია და უამრავი ალუზიითა თუ ლეგენდარული რეჟისორის ლექსებიდან აღებული ფრაგმენტებითაა სავსე. უოლქერისთვის პაზოლინის იდუმალი მკვლელობა ბედისწერაა, რომელსაც ეს უკანასკნელი მთელი ცხოვრება ეძებდა და ბოლო-ბოლო იპოვა კიდეც. მისი ფილმი რეალობად იქცა, მკვლელი კი ამ ფილმის პერსონაჟად მოგვევლინა. 

უკიდურესად დეპრესიული და საოცრად ლამაზი ტრეკია. სკოტის ვოკალური შესაძლებლობები შეუზღუდავი და უნიკალურია. ყველაფერი ძალზე შთამბეჭდავად ჟღერს, ვერაფერს რომ შეადარებ, ისე. შეიძლება ითქვას, რომ ამ სიმღერისკენ უოლქერი მთელი თავისი ცხოვრება მიდიოდა, საკუთარ დემონებსაც მუხლჩაუხრელად ებრძოდა, შედეგი კი ისეთი მიიღო, რომ ბევრს მისი მოსმენის ეშინია. ალბათ, თვითმკვლელობის ხასიათზე დგებიან და იმიტომ. 


0. Bonnie Jo Mason - Ringo, I Love You

ცნობილი ადამიანებისადმი მიძღვნილი სიმღერების სიაში ერთადერთი ტრეკი რომ არის მუსიკოსზე და ისიც ამ პოზიციაზე, ეს უკვე თავისთავად არის კურიოზი. თუმცა, ამ კომპოზიციის ისტორიაც არანაკლებ კურიოზულია. 

დავიწყოთ იქიდან, რომ ბონი ჯო მეისონი სხვა არავინაა, თუ არა სახელგანთქმული შერი, ეს სინგლი კი მისი დებიუტია მუსიკალურ ინდუსტრიაში. მაშინ შერი მხოლოდ 17 წლის იყო. ჩანაწერის პროდიუსერმა, ფილ სპექტორმა ჩათვალა, რომ გოგონას ნამდვილი სახელი და გვარი, შერილინ სარქისიანი არაკომერციულად ჟღერდა და ამიტომაც მოუგონა ფსევდონიმი.

ამერიკაში მძვინვარე ბიტლომანიის პიკზე, სიმღერას, წესით, ეფექტურად უნდა ემუშავა, მაგრამ ჯერ კიდევ ნორჩი შერის დაბალი რეგისტრის ვოკალი მაშინაც ბიჭურად ჟღერდა, ფსევდონიმით კი შემსრულებლის სქესის დადგენა რთული იყო. დიჯეებს შეშინდათ, ვაითუ მსმენელმა მომღერალი შეცდომით ყმაწვილად ჩათვალოს, რინგოსთვის სიყვარულის ახსნა კი ჰომოსექსუალურ ლტოლვადო და ამიტომაც, რადიოეთერში სინგლის როტაციაზე უარი თქვეს.

იყო კიდევ ერთი მომენტი, სტილისტურად სიმღერა ძალიან წააგავს იმ პერიოდის "ბითლზის" შემოქმედებას, მაგრამ უკუღმართმა სპექტორმა ისე "გააფუჭა" მისი ჟღერადობა, რომ კომპოზიცია ლივერპულური ოთხეულის ნამუშევრების მკრეხელურ პაროდიას დაემსგავსა. ამას კი ამერიკელი თინეიჯერები ნამდვილად ვერ აიტანდნენ. არადა, თანამედროვე  ესთეტიკით, "რინგო, მე შენ მიყვარხარ" გაცილებით საინტერესოდ ჟღერს, ვიდრე "ბითლზის" ყველა ადრეული ჩანაწერი. თუმცა, მგონი, უკვე მეც ვმკრეხელობ.   

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინოლოგია გამოხატავს ავტორის პოზიციას, რასაც, შესაძლოა, რედაქცია არ იზიარებდეს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული