Thumbnail

რა ბრალდებები წაუყენეს მაიკლ ჯექსონს ფილმში Leaving Neverland

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკული საკაბელო სატელევიზიო არხების ქსელის, HBO-ს ეთერში ლეგენდარული მუსიკოსის, მაიკლ ჯექსონის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის Leaving Neverland პრემიერა შედგა. სურათი მომღერლის მიერ ბავშვებზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტების შესახებ მოგვითხრობს.

ნამუშევარი ორი მამაკაცის, უეიდ რობსონისა და ჯიმი სეიფჩაკის ინტერვიუებს ეფუძნება. ისინი აცხადებენ, რომ მუსიკოსი მათზე 7 და 10 წლის ასაკიდან სისტემატურად ძალადობდა. ფილმის რეჟისორისა და პროდიუსერის, დენ რიდის თქმით, არცერთ მათგანს სურათში მონაწილეობისთვის ჰონორარი არ აუღია. თავად რობსონისა და სეიფჩაკის განცხადებით კი, მათი მიზანი ძალადობის სხვა მსხვერპლთა დახმარებაა. 

► BBC Radio 2-მა მაიკლ ჯექსონის სიმღერები ეთერიდან ამოიღო

უეიდ რობსონმა ჯექსონი ავსტრალიაში გაიცნო, როდესაც 5 წლის ასაკში არტისტის მიერ დაარსებულ ცეკვის კონკურსში გაიმარჯვა.

"ჯექსონი ყველაზე კეთილი, ზრდილობიანი, მოსიყვარულე და მზრუნველი ადამიანი იყო მათ შორის, ვისაც ვიცნობდი. ის მე ძალიან დამეხმარა. ამავდროულად, 7 წლის განმავლობაში მაიკლი სექსუალურად მავიწროებდა", - იხსენებს რობსონი.

ჯიმი სეიფჩაკი კი მაიკლს პირველად "პეპსის" სარეკლამო რგოლის გადაღებებზე შეხვდა. რამდენიმე დღის შემდეგ ჯექსონი მის ოჯახს დაუკავშირდა და სახლში გადამღები ჯგუფი გაუგზავნა.

"ახლა ვხვდები, რომ ჯექსონმა ჯიმის, ფაქტობრივად, ქასთინგი მოუწყო. მან ჩვენთან გადამღები ჯგუფი გამოგზავნა, თუმცა, რა მიზნით, არ აუხსნია. არც ჩვენ გვიკითხავს. მაშინ აღფრთოვანებულები ვიყავით და ვფიქრობდით, რომ ძალიან გაგვიმართლა, რადგან პოპვარსკვლავს ჩვენთან მეგობრობა სურდა", - იხსენებს სეიფჩაკის დედა.

რობსონისა და სეიფჩაკის მშობლების თქმით, ჯექსონს მათი ნდობის მოპოვება არ გასჭირვებია, რადგან მომღერალი ზრდასრულ მამაკაცზე მეტად, უცოდველ ბავშვს ჰგავდა. ისინი იხსენებენ, რომ მაიკლთან ურთიერთობა ზღაპარს ჰგავდა და მათი შვილები მომღერალთან თავს ძალზე კომფორტულად გრძნობდნენ.

"უცნაურად ისიც კი არ მეჩვენებოდა, რომ მე და ჩემს 10 წლის დას ჯექსონთან ერთად, მის ლოგინში გვეძინა. მახსოვს, ერთ დილას მისმა ტირილმა გამაღვიძა. მაიკლი ლოგინის კუთხეში იჯდა და ცრემლი მოსდიოდა. მან გვითხრა, რომ ჩვენი გაშვება და მარტო დარჩენა არ სურდა", - ამბობს რობსონი.

ამ შემთხვევის შემდეგ, რობსონმა მშობლებს სთხოვა, რომ ის ჯექსონთან, კალიფორნიაში მდებარე ნევერლენდის რანჩოში დაეტოვებინათ. მისი თქმით, სწორედ ამ პერიოდში დაიწყო მუსიკოსმა მასზე სექსუალური ძალადობა.

"ხშირად მეხუტებოდა, წელზე ხელს მხვევდა და მეუბნებოდა, რომ მილიონობით ბავშვს შორის მეგობრად სწორედ მე ამირჩია. იმ დროს ეს ყველაფერი ნორმალურად მეჩვენებოდა. მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი ზღვარს გადასცდა და ჯექსონი ჩემი თანდასწრებით საკუთარ გენიტალიებს შეეხო", - ამბობს რობსონი.

რობსონი და სეიფჩაკი იხსენებენ, რომ ჯექსონმა მათთან ურთიერთობა უბრალო ჩახუტებით დაიწყო, შემდეგ იყო გენიტალიებზე შეხება, ტუჩებში კოცნა, ბოლოს კი ორალური სექსი. ისინი აღწერენ შემთხვევებს, როდესაც ჯექსონი მათ გაშიშვლებას სთხოვდა და შემდეგ მასტურბირებდა. 

მამაკაცების თქმით, მუსიკოსი მათ ხშირად აფრთხილებდა, რომ თუ ვინმე ამის შესახებ შეიტყობდა, მისი ცხოვრება დაინგრეოდა და ყველას დააპატიმრებდნენ.

სეიფჩაკი ფილმში ძვირფასეულობასაც აჩვენებს, ბეჭდებს, რომლებიც, მისი თქმით, ჯექსონმა მას სექსის სანაცვლოდ აჩუქა. 

"მან იცოდა, რომ ძვირფასეულობა ძალიან მიყვარდა და ამას ჩემ წინააღმდეგ იყენებდა. ეს დისკომფორტს მიქმნის. ჩემთვის დღემდე რთულია, რომ მომხდარი საკუთარ თავს არ დავაბრალო", - ამბობს სეიფჩაკი.

რობსონი და სეიფჩაკი იხსენებენ, რომ ორი წლის განმავლობაში, როდესაც ისინი მაიკლის რანჩოზე არ იყვნენ, ჯექსონი მათ ყოველდღე ურეკავდა და საათობით ესაუბრებოდა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის მათთან მეგობრობა. სეიფჩაკი აღნიშნავს, რომ მომღერალი ხშირად მას სახლშიც სტუმრობდა, ოჯახთან ერთად ვახშმობდა და ღამესაც ათევდა.

რობსონისა და სეიფჩაკის ურთიერთობა ჯექსონთან ერთნაირად დასრულდა. მომღერალმა მათთან კონტაქტი დროთა განმავლობაში შეამცირა და ისინი ახალი "საუკეთესო მეგობრებით" მაკოლეი კალკინითა და ბრეტ ბარნსით ჩაანაცვლა.

აღსანიშნავია, რომ ცნობილი კინოსურათის "მარტო სახლში" ვარსკვლავმა, მაკოლეი კალკინმა ჯექსონი დაიცვა და განაცხადა, რომ მას მომღერალთან ჩვეულებრივი მეგობრობა აკავშირებდა.

► მაკოლეი კალკინი: მაიკლ ჯექსონთან ჩვეულებრივი მეგობრობა მაკავშირებდა

მუსიკოსის წინააღმდეგ წამოყენებულ ბრალდებებს ბრეტ ბარნსმაც ტყუილი უწოდა. რობსონსა და სეიფჩაკის სიცრუეში ადანაშაულებენ მაიკლ ჯექსონის წარმომადგენლებიც. 

მაიკლ ჯექსონმა შემოქმედებითი კარიერა ძმებთან ერთად, ჯგუფში Jackson 5 დაიწყო. 750 მილიონი გაყიდული ჩანაწერით, ის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად ითვლება. 2009 წელს გარდაცვლილი არტისტი დღემდე პოპ შემსრულებლის ეტალონად რჩება და ათასობით ხელოვანისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული