Thumbnail

ჯეიმს ბლეიკის მეოთხე სტუდიური ალბომი მის მიერ აქამდე გამოვლილი გზის ეფექტური დაგვირგვინებაა. საკულტო პროგრესივ როკ ბენდის, Colosseum-ის წევრის, ჯეიმს ლათერლენდის შვილმა თავისი უცნაური ექსპერიმენტებით ყურადღება კარიერის დასაწყისშივე მიიპყრო და მცირე ხანში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროდიუსერადაც იქცა. თუმცა, აშკარა იყო, რომ კულისებში ყოფნა ჯეიმსის ამბიციებს სათანადოდ ვერ აკმაყოფილებდა და მუსიკოსი პოპვარსკვლავად გადაქცევას ლამობდა. Assume Form-ის მოსმენის შემდეგ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინგლისელმა არტისტმა ამ მიზნისკენ საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადადგა.

ალბომის პირველივე წამებიდან ვიგებთ, რომ ჯეიმსმა ჭეშმარიტი სიყვარული იპოვნა. პოპ მუსიკაში ამაზე ბანალური ცოტა რამ თუ მოიძებნება, მაგრამ ბლეიკი ახერხებს, ყველაზე გაცვეთილი თემებიც კი საინტერესოდ  წარმოაჩინოს. თავისი შემოქმედებისთვის უჩვეულო განცდებს, ბედნიერებასა და ოპტიმიზმს, არტისტი მელანქოლიური მელოდიური ჩანართებითა და რომანტიკული ურთიერთობების თანამდევ სირთულეებზე საუბრით აბალანსებს. ამ ფორმულის წყალობით, ემოციურად გაწონასწორებულ ჩანაწერს ვიღებთ, რომელიც მსმენელს მოწყენის საშუალებას ერთი წამითაც არ აძლევს. ეს დიდწილად მოწვეული არტისტების დამსახურებაცაა. ერთ დროს ბრიტანული იატაკქვეშა ელექტრონული სცენის წარმომადგენელს, რომელმაც ინდი ლეიბლი 1-800 Dinosaur დაარსა და ლონდონში რამდენიმე ათეული მსმენელისთვის საკლუბო ღამეებს მართავდა, ახალ ნამუშევარში პოპკულტურის გამორჩეული წარმომადგენლები უმშვენებენ გვერდს. 

ვეტერანი რეპერი Andr
é 3000 კომპოზიციაში Where's the Catch კიდევ ერთხელ გვიმტკიცებს, რომ მის საფირმო ფლოუს დრო ვერაფერს აკლებს. ნიუ სქულის ვარსკვლავებთან, ტრევის სკოტთან და მეთრო ბუმინთან ერთად ჩაწერილი Mile High ნამდვილი ფსიქოდელიური შედევრია. ალბომის ერთ-ერთ ულამაზეს სიმღერაში, სენტიმენტალური ემოციებით სავსე Barefoot in the Park-ში კი ჯეიმსს პარტნიორობას გასული წლის აღმოჩენა, ესპანელი შემსრულებელი როზალია უწევს.

უმეტესწილად საკუთარი კლიენტების ჩრდილში მყოფი, ექსპერიმენტატორი პროდიუსერების პოპვარსკვლავებად გარდაქმნის ტენდენცია უკანასკნელ წლებში თვალნათლივ გამოიკვეთა. ამისთვის საჭირო პოტენციალის მქონე არტისტთა რიგებში ბლეიკი თავიდანვე ირიცხებოდა, Assume Form-ით კი მუსიკოსმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამგვარი სახეცვლილების უნარი, პირველ რიგში, სწორედ მას შესწევს. ჯეიმსს ხომ დროსთან ერთად განვითარება და თანამედროვე კულტურაში დამკვიდრებული ტრენდების საკუთარ შემოქმედებაზე მორგება უბადლოდ გამოსდის.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული