Thumbnail

BBC Radio 2-მა მაიკლ ჯექსონის სიმღერები ეთერიდან ამოიღო

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

BBC Radio 2-მა ლეგენდარული მუსიკოსის, მაიკლ ჯექსონის სოლო სიმღერები ეთერიდან ამოიღო. ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პოპის მეფის კომპოზიცია უკანასკნელად 23 თებერვალს გააჟღერა.

► მაიკლ ჯექსონს თავისი მაიმუნის, ბაბლზის ცემაში ადანაშაულებენ

გამოცემა The Times-ის ცნობით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი მაიკლ ჯექსონის მიერ ბავშვებზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტები გახდა, რომლებზეც მომღერლის შესახებ გადაღებული ორნაწილიანი დოკუმენტური ფილმი Leaving Neverland მოგვითხრობს. 

"ნებისმიერ კომპოზიციას ხარისხის მიხედვით განვიხილავთ და სხვადასხვა არხზე მათი გაშვების გადაწყვეტილებას ყოველთვის შესაბამისი აუდიტორიისა და კონტექსტის გათვალისწინებით ვიღებთ", - განუცხადა BBC-ის წარმომადგენელმა The Times-ს.

საკაბელო არხების, Channel 4-ისა და HBO-ის ერთობლივი ნამუშევარი ტელევიიზიით 3 და 4 მარტს გადაიცემა. ფილმი ორი მამაკაცის, უეიდ რობსონისა და ჯიმი სეიფჩაიკის ინტერვიუს ეფუძნება. ისინი კინოსურათში აცხადებენ, რომ მომღერალმა მათზე 7 და 10 წლის ასაკში იძალადა. ნამუშევრის ქრონომეტრაჟი 236 წუთია. მისი პრემიერა იანვარში სანდენსის კინოფესტივალზე შედგა.

მაიკლ ჯექსონმა შემოქმედებითი კარიერა ძმებთან ერთად, ჯგუფში Jackson 5 დაიწყო. 750 მილიონი გაყიდული ჩანაწერით, ის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად ითვლება. 2009 წელს გარდაცვლილი არტისტი დღემდე პოპ შემსრულებლის ეტალონად რჩება და ათასობით ხელოვანისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული