Thumbnail

თებერვალი: 7 ყველაზე საინტერესო ექსპერიმენტული კომპოზიცია

ნინი დანელია პროფილის ფოტო
ნინი დანელია

popmusic-ის ახალ რუბრიკაში ყოველი თვის შვიდ ყველაზე საინტერესო ექსპერიმენტულ კომპოზიციას შემოგთავაზებთ. 

7. Bjarki - ANa5

ბიარკის ხსენებისას, პირველ რიგში, ალბათ, კომპოზიცია I Wanna Go Bang  გაგახსენდებათ. როდესაც ისლანდიელმა მუსიკოსმა ნინა კრავიცის ლეიბლზე ზემოხსენებული ტრეკი გამოსცა, ბევრმა ჩათვალა, რომ საქმე ციმბირელი დანტისტის მიერ აღმოჩენილ მორიგ ერთჰიტიან არტისტთან ჰქონდა. თუმცა, 15 თებერვალს გამოშვებული ალბომით, რომელიც ბრეიქბითის რიტმებით, ცივი ატმოსფერული ფონითა და არაკომფორტული მუსიკალური ტექსტურებითაა სავსე, ბიარკი მის შესახებ ჩამოყალიბებული სტერეოტიპის შეცვლას შეეცდება.  

6. Kai Whiston - Noui

კაი უისტონი მუსიკის გარდა, ვიზუალური ხელოვნებითა და მარკეტინგის ტექნოლოგიებითაა დაინტერესებული და, როგორც თავად ამბობს, სწორედ ამ უკანასკნელით აპირებს პირველი მილიონის შოვნას. მისი ახალი კომპოზიცია რეპერ ლილ უზი ვერტისადმი მიძღვნილი ბალადაა, რასაც, შესაძლოა, სემპლებითაც მიხვდეთ, თუმცა, ის იმდენად კონფრონტაციულად ჟღერს, რომ ძალზე რთულია გადაწყვიტო, როგორ უნდა მოიქცე მისი მოსმენისას - გიჟივით იცეკვო, თუ მაშინვე გამორთო. 

5. Hæra - The Chariot

პოლონელი მუსიკოსის თქმით, ამ კომპოზიციით მას მეტალის, ინდასტრიალისა და რეივ კულტურის მიმართ სიყვარულის გამოხატვა სურდა. სიმართლე გითხრათ, საკუთარი გრძნობების გაზიარების ეს ფორმა არც ისე რომანტიკულად გვეჩვენება, მაგრამ თავად ტრეკი საკმაოდ საინტერესოა და მის მოსმენას ნამდვილად გირჩევთ. ერთი შეხედვით, ეს ჩანაწერი ინდასტრიალ ტექნოს ფორმულას იმეორებს, თუმცა, არტისტი ცდილობს, სტანდარტულ რიტმულ სექციას არ მიეჯაჭვოს და მსმენელს ნამდვილი ჰარდკორი შესთავაზოს, რაც წარმატებით გამოსდის კიდეც. 

4. Varg, Ziúr & Puce Mary - Dog Days

ვარგის ნამუშევრებში დეპრესიისა და პარანოიის თემებს პირველად არ ვხვდებით, თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ კომპოზიციაში შვედი არტისტის ფობიებს მისმა კოლეგებმა ახალი განზომილება შესძინეს. ინდასტრიალ ჟღერადობის ინსტრუმენტალის ფონზე ფიუს მერი დისორიენტაციასა და არასწორი გადაწყვეტილებების სიმძიმეზე გვიყვება, პარალელურად კი მისი ხელწერისთვის დამახასიათებელ საინტერესო მელოდიურ პასაჟებს გვთავაზობს და ვარგისა და ზიურის პირქუშ განწყობაში მცირე დოზებით ოპტიმიზმის შეტანას ცდილობს.

3. Triad God - Babe Don't Go

როგორც იქნა თრაიად გადმა საუნდქლაუდზე ბევრჯერ ატვირთულ და წაშლილ კომპოზიციებს თავი მოუყარა და ღირსეული ადგილიც მიუჩინა - ლორენცო სენის ლეიბლი Presto!?. ჩრდილოეთ ლონდონში მცხოვრები ვიეტნამურ-ჰონგკონგური ფესვების მქონე არტისტი, პირველ რიგში, ვოკალისტია, რომელიც უკვე წლებია, ნარატივზე დაფუძნებული მუსიკის შექმნას ცდილობს. ეს, ერთი შეხედვით, პოპ ფაქტურის მქონე ტრეკი კი იმითაა გამორჩეული, რომ მისი ადგილი ჯერ კიდევ იატაკქვეშეთშია, სადაც არცთუ ისე ბევრი მსმენელი აღწევს. 

2. Céci - Heartbeat

დანიელი არტისტი ნამდვილი პერფექციონისტია, რომელიც თავის ნამუშევრებზე ბოლომდე ბატონობს - კომპოზიტორის, მომღერლისა და ხმის ინჟინრის ფუნქციების გარდა, ის საკუთარი კლიპების რეჟისორობასაც ითავსებს და ამ ვიზუალურ ნამუშევრებში ცეკვავს კიდეც. კრებული Vortex, რომელშიც ეს ტრეკია წარმოდგენილი, ადამიანის ფიზიოლოგიას ეძღვნება. მუსიკოსი კომპოზიციის თითოეულ დეტალს პროფესიონალი ქირურგივით ამუშავებს. აქ ვერცერთ ზედმეტ ბგერას ვერ ნახავთ. ყველაფერი იქ არის, სადაც უნდა იყოს, სხვაგვარად ხომ გულისცემა შეწყდება.

1. King Midas Sound - Who

წმინდა ვალენტინის დღეს გამოსულ ახალ ალბომში კევინ მარტინი და როჯერ რობინსონი იმედგაცრუებაზე, ცხოვრებისეულ დანაკარგებსა და დეპრესიაზე ალაპარაკდნენ. ჩანაწერი რობინსონის წარუმატებელ სასიყვარულო ურთიერთობზე მოგვითხრობს და დეტალურად აღწერს განშორებით გამოწვეული ფრუსტრაციის ყველა ეტაპს. ცივი, უსხეულო ინსტრუმენტალის ფონზე არტისტისთვის დამახასიათებელი ობსესია იჩენს თავს. ალბომის მთავარი პროტაგონისტი სიბრაზეს ვერ ერევა და უარყოფითი ემოციებისგან დაცლისკენ მიისწრაფვის, თუმცა, მისი ყველა მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული