Thumbnail

მუსიკალური პუბლიცისტის, სანდრო ცქიტიშვილის 5 საყვარელი კომპოზიცია. 

რაც უფრო მეტს უსმენ მუსიკას, მით უფრო გიჭირს საყვარელ კომპოზიციებზე საუბარი. ამჟამად, ფაქტობრივად, შეუძლებელია, ვთქვა რა რაზე მეტად მომწონს, ამიტომაც, წარმოგიდგენთ იმ ხუთ ნაწარმოებს, რომელმაც თავის დროზე პატარა გადატრიალება მოახდინა ჩემში, როგორც მსმენელში და არამარტო.

სანდრო ცქიტიშვილი: ქართული პოპულარული მუსიკის ისტორია

5. Fabrizio De André - Canzone Di Marinella

ბავშვობაში ფაბრიციო დე ანდრეს ერთი დამტვრეული და შემდეგ ასჯერ დაწებებული კასეტა მქონდა, რომელშიც ამ სიმღერას ნახევარი აკლდა, მაგრამ რაც იყო, სასწაულად მიყვარდა. ცოტა რომ წამოვიზარდე და კომპოზიციის ტექსტსაც დავაკვირდი, ჩემში რაღაც შეიცვალა. სპეციალურად არ აღვწერ ლირიკას - დაგუგლეთ, თარგმნეთ, გააანალიზეთ და ისტორიული კონტექსტიც ნახეთ. ამან, შეიძლება, თქვენც შეგცვალოთ, ისევე, როგორც თავის დროზე მე.

4. Van Der Graaf Generator - Every Bloody Emperor

პოლიტიკურ-საპროტესტო სიმღერებს შორის ეს ჩემი ფავორიტია. 2005 წელს, როდესაც სამყარო საერთაშორისო პოლიტიკურ პარანოიაში იყო ჩართული და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აფეთქებულ ბომბებსა და დაღუპულ ხალხს თვლა აღარ ჰქონდა, პიტერ ჰემილმა და მისმა თანამოაზრეებმა გაგვაფრთხილეს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ პოლიტიკური ქულების დასაწერად გათვლილი მორიგი პრაგმატული სვლა იყო. 

3. Genesis - Undertow

ამ ბენდის მოყვარულები, ალბათ, შემომედავებიან, რომ "ჯენესისს" ბევრი უკეთესი სიმღერა აქვს, მაგრამ ეს კომპოზიცია ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებში დამხმარებია. მის მისამღერს აქვს უნარი, ექსტაზში ჩაგაგდოს და იმედითა და ენერგიით აგავსოს.

2. ჰამლეტ გონაშვილი - მოდი, გიამბობ

საყვარელი ქართული სიმღერის დასახელება განსაკუთრებით რთულია. ვინაიდან უამრავი კომპოზიციიდან მიწევს ამორჩევა, გადავწყვიტე, ჰამლეტ გონაშვილის ერთ-ერთი შედარებით ნაკლებად ცნობილი სიმღერა გაგიზიაროთ. რაღაც საოცარი შემოქმედებითი ურთიერთგაგება იყო მასა და კომპოზიტორ იაკობ ბობოხიძეს შორის. ამ უკანასკნელს ბევრი საოცარი ნაწარმოები ("თოვლი", "მზეო თიბათვისა", "ვერხვები") დაუწერია გონაშვილისთვის, მაგრამ ჩემი საყვარელი სიმღერა მაინც ესაა - საოცარი საკომპოზიციო და საორკესტრო გადაწყვეტილებებით, გამაოგნებელი მელოდიითა და შესრულებით. 

1. Klaus Schulze - Wahnfried 1883

ახლა კი მინდა, კომფორტულად განთავსდეთ და ერთი ნახევარი საათი მოიცალოთ. წარმოგიდგენთ დასავლური პოპულარული მუსიკის, ჩემი აზრით, ერთ-ერთ ყველაზე მონუმენტურ ნაწარმოებს. კომპოზიცია, რომელიც რიხარდ ვაგნერს ეძღვნება (სახელი მისი გარდაცვალების წელსა და თარიღს აღნიშნავს), გაგაშეშებთ და გაგყინავთ. ჰიპნოზი დამთავრდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ბოლო ნოტები ნელ-ნელა გაქრება. ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს ყველაფერი 1975 წელს საძინებელ ოთახში ორი პატარა სინთეზატორითაა ჩაწერილი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული