Thumbnail

გელა ჩარკვიანი: ეს სიმღერა ირაკლისთან მისტიკური ძაფებით მაკავშირებდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი
  • ირაკლი ჩარკვიანი 2006 წლის 24 თებერვალს გარდაიცვალა

ლეგენდარული ქართველი მუსიკოსის, ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით მისმა მამამ, გელა ჩარკვიანმა ფეისბუქის გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და არტისტის შემოქმედებიდან საყვარელი სიმღერა დაასახელა.

"2004 წლის ზაფხულში დასასვენებლად ჩაქვში მივდიოდით. ქეთათომ გადმომცა მისი და ირაკლის ახლად გამოსული საერთო ნამუშევარი. როცა ჩაქვში ჩავედით და მოვისმინეთ სიმღერა "ხალხს", უცნაური გრძნობა დამეუფლა. მომეჩვენა, რომ ამ ფრაზით: "ჩვენ მხოლოდ ნოტებზე დავრჩებით, ხალხს არ მოვაბეზრებთ თავს“ – ირაკლი დედ-მამას რაღაც კოდირებულ მესიჯს გვიგზავნიდა იმის შესახებ, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო უახლოეს მომავალში.

მას შემდეგ, რაც ყოველივე მართლაც მოხდა, სწორედ ეს სიმღერა იქცა ირაკლის სულთან დამაკავშირებელ ჩვენს ყველაზე მძლავრ მედიუმად. მახსოვს, ლონდონში, დასაძინებლად ისე არ წავიდოდი, იქ შეძენილ Yamaha-ზე რომ არ დამეკრა ეს თავისებურად სევდიანი მელოდია, რაღაც მისტიკური ძაფებით რომ მაკავშირებდა გარდაცვლილ შვილთან. იქვე შორიახლოს მჯდომ ჩემს მეუღლეს, ნანას გადავხედავდი ხოლმე, თუმცა ისედაც ვიცოდი, რომ ის უკვე ტიროდა", - წერს გელა ჩარკვიანი.

24 თებერვალი ირაკლის გარდაცვალების დღეა. როგორც ჟურნალისტები, ისე ახლად გაცნობილი ცნობისმოყვარე ადამიანები ხშირად...

Posted by გელა ჩარკვიანი • Gela Charkviani on Sunday, February 24, 2019

 

კომპოზიცია "ხალხს", რომელსაც ირაკლი თავის ცოლთან, ქეთათოსთან ერთად ასრულებს, 2007 წლის ალბომში "ძირს მეფე" შედის.

ირაკლი ჩარკვიანმა მუსიკალური კარიერა 1976 წელს ჯგუფ "არიშთან" ერთად დაიწყო. 1990-იანი წლების დასაწყისში უკრავდა ბენდებში "ტაქსი" და "საბავშვო მედიცინა". 1993 წელს გერმანიაში ჩაიწერა მისი სადებიუტო სოლო ალბომი Svan Songs. არტისტმა, რომელმაც 2004 წლიდან ფსევდონიმით "მეფე" მოღვაწეობდა, სიცოცხლეში 4 სტუდიური ნამუშევრის გამოშვება მოასწრო. გამოცემული აქვს აგრეთვე მოთხრობების კრებული "ძველი სათამაშოები" და რომანი "მშვიდი ცურვა". ირაკლი ჩარკვიანი 2006 წელს 44 წლის ასაკში გარდაიცვალა. მუსიკოსის მიერ შექმნილი უკანასკნელი კომპოზიციები მისი სიკვდილის შემდეგ ორ ალბომად გამოიცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული