Thumbnail

ამერიკის კინოაკადემიამ საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაცია 1934 წელს, ოსკარების რიგით მეშვიდე ცერემონიაზე დააწესა. ამ კატეგორიაში პირველ გამარჯვებულებად სურათისათვის "მხიარული განქორწინებული" დაწერილი კომპოზიციის Continental ავტორები კონ კონრადი და ჰერბ მაგიდსონი იქცნენ. მას შემდეგ ამ პრესტიჟული ჯილდოს მოგება სხვადასხვა ჟანრში მოღვაწე არაერთმა ცნობილმა არტისტმა შეძლო, მათი სიმღერები კი მსოფლიო კინომუსიკის კლასიკად იქცა. 

ნახე სრული ფლეილისტი

დღეს სწორედ ოსკარის მფლობელ 20 გამორჩეულ კომპოზიციას წარმოგიდგენთ. მივყვეთ ქრონოლოგიას: 

20. Judy Garland - Over the Rainbow

1938 წელს 16 წლის ჯუდი გარლანდის მიერ ფილმში "ოზის ჯადოქარი" შესრულებული ბალადისთვის ამერიკული კინოაკადემიის ჯილდო კომპოზიტორ ჰაროლდ არლენსა და ტექსტის ავტორ ედგარ ჰარბურგს მიენიჭათ. 

19. Audrey Hepburn - Moon River

1961 წელს განუმეორებელი ოდრი ჰეპბერნის მიერ ფილმში "საუზმე ტიფანისთან" შესრულებული სიმღერისთვის ოსკარი კომპოზიტორმა ჰენრი მანჩინიმ და ტექსტის ავტორმა ჯონი მერსერმა დაიმსახურეს.

18. Noel Harrison - Windmills of Your Mind 

1968 წელს ოსკარი ლეგენდარულმა ფრანგმა კომპოზიტორმა მიშელ ლეგრანმა და ლირიცისტებმა ალან და მერილინ ბერგმანებმა მოიპოვეს. ნოელ ჰარისონის მიერ შესრულებული სიმღერა კი ფილმში "თომას ქრაუნის საქმე" ჟღერს. 

17. B. J. Thomas - Raindrops Keep Fallins on My Head

1969 წელს ბი ჯეი თომასის მიერ კინოსურათში "ბუჩ ქესიდი და სანდენს ქიდი" შესრულებული სიმღერისთვის კინოაკადემიის ჯილდო კომპოზიტორ ბარტ ბაკარაკსა და ტექსტის ავტორ ჰაროლდ დევიდს მიენიჭა. 

16. Isaac Hayes - Theme from Shaft

1971 წელს სოულისა და ფანკის სტილში გადაწყვეტილი ამ არაჩვეულებრივი კომპოზიციისთვის ოსკარი აიზეკ ჰეისს მიენიჭა. ის პირველი აფროამერიკელი გახდა, ვინც საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციაში გაიმარჯვა. მუსიკალური თემა კი კინოფილმში "შაფტი" ჟღერს.

15. Stevie Wonder - I Just Called to Say I Love You

1984 წელს კინოაკადემიის ჯილდო მუსიკის კიდევ ერთმა ლეგენდამ, სტივი ვანდერმა დაიმსახურა. ყველასთვის კარგად ნაცნობი სიმღერა ჯინ უაილდერის კინოსურათში "ქალი წითელში" ჟღერს. 

14. Lionel Richie - Say You, Say Me

1985 წელს საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციაში ამერიკული კინოაკადემიის ჯილდო ლაიონელ რიჩის გადაეცა. კომპოზიცია ტეილორ ჰეკფორდის კინოსურათში "თეთრი ღამეები" ჟღერს. 

13. Berlin - Take My Breath Away

1986 წელს ამერიკული ნიუ ვეივ ბენდის, Berlin-ის მიერ სურათში "საუკეთესო მსროლელი" შესრულებული კომპოზიციისთვის ოსკარი ლეგენდარულ ჯორჯო მოროდერსა და ტომ უითლოქს მიენიჭათ. 

12. Samuel E. Wright - Under the Sea

1989 წელს სემუელ რაითის მიერ უოლტ დისნეის სტუდიის ანიმაციურ სურათში "პატარა ქალთევზა" შესრულებული სიმღერისთვის კინოაკადემიის ჯილდო კომპოზიტორ ალან მენკენსა და ტექსტის ავტორ ჰოვარდ ეშმენს გადაეცა. 

11. Bruce Springsteen - Streets of Philadelphia

1993 წელს საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის კინოაკადემიის ჯილდო ბრიუს სპრინგსტინმა მოიპოვა. ამერიკელი როკ მუსიკოსის მიერ შესრულებული კომპოზიცია ჯონათან დემის დრამაში "ფილადელფია" ჟღერს. 

10. Elton John - Can You Feel the Love Tonight

1994 წელს უოლტ დისნეის სტუდიის მიერ გადაღებული ანიმაციური ფილმის, "მეფე ლომის" საუნდტრეკებიდან ოსკარზე ერთდროულად სამი სიმღერა იყო ნომინირებული. საპატიო ჯილდო კი ელტონ ჯონმა და ტიმ რაისმა მიიღეს. 

9. Madonna - You Must Love Me

1996 წელს კინოაკადემიის ჯილდო პოპის დედოფლის, მადონას მიერ შესრულებულმა სიმღერამ მიიღო. ლეგენდარული კომპოზიტორის, ენდრიუ ლოიდ ვებერის მიერ ტიმ რაისის ტექსტზე შექმნილი კომპოზიცია ალან პარკერის კინოსურათში "ევიტა" ჟღერს. 

8. Celine Dion - My Heart Will Go Оn

1997 წელს ჩაწერილმა სიმღერამ სელინ დიონს უზარმაზარი კომერციული წარმატება, ჯეიმს ჰორნერსა და უილ ჯენინგსს კი ოსკარის ჯილდო მოუტანა. "ტიტანიკის" საუნდტრეკად ქცეული ნამუშევარი 20-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა, რაც ქალი შემსრულებლის მიერ გამოცემული სინგლისათვის ყველა დროის სარეკორდო მაჩვენებელია.

7. Bob Dylan - Things Have Changed

2000 წელს საუკეთესო ორიგინალური სიმღერის კატეგორიაში ოსკარი ლეგენდარულმა ბობ დილანმა და მის მიერ კერტის ჰენსონის სურათისათვის "ვუნდერკინდები" შექმნილმა კომპოზიციამ მოიპოვა. 

6. Eminem - Lose Yourself

2002 წელს ლეგენდარულმა რეპერმა ჟანრის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაშალა. ფილმისთვის "მერვე მილი" შექმნილი ტრეკი პირველი ოსკაროსანი ჰიპ ჰოპ კომპოზიცია გახდა. საინტერესოა, რომ ემინემი დაჯილდოებას არ დასწრებია, ვინაიდან ცერემონიის მსვლელობისას ქალიშვილთან ერთად სახლში მულტფილმების ყურებით ერთობოდა.

5. Three 6 Mafia - It’s Hard out Here for a Pimp

2006 წელს ოსკარი კიდევ ერთმა ჰიპ ჰოპ კომპოზიციამ მოიპოვა. სურათში "ფუსფუსი და მოძრაობა" გაჟღერებული ტრეკისთვის ჯილდო ლეგენდარული კოლექტივის, Three 6 Mafia-ს წევრებს: ჯუსი ჯეისა და დიჯეი პოლს, აგრეთვე, რეპერ ფრეიზერ ბოის გადაეცა. 

4. Adele - Skyfall

2012 წელს კინოაკადემიის ჯილდო ფილმში "ჯეიმს ბონდი: ოპერაცია სქაიფოლი" ადელის მიერ შესრულებულმა სიმღერამ მოიპოვა. კომპოზიციის თანაავტორი ბრიტანელი მუსიკოსის უცვლელი პროდიუსერი, პოლ ეფოურთია.

3. Ryan Gosling & Emma Stone - City of Stars

2016 წელს ოსკარი დემიენ შაზელის ფილმის, "ლა ლა ლენდის" საუნდტრეკმა მოიპოვა. კომპოზიტორმა ჯასტინ ჰურვიცმა ჯილდო ტექსტის ავტორებთან, ბენჯ პასეკთან და ჯასტინ პოლთან გაინაწილა.

2. Miguel & Natalia Lafourcade - Remember Me

2017 წელს საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის კინოაკადემიის ჯილდო ცოლ-ქმარმა რობერტ და კრისტენ ლოპესებმა მოიპოვეს. მათი კომპოზიცია ანიმაციურ სურათში "კოკო" გაჟღერდა. 

1. Lady Gaga & Bradley Cooper - Shallow

ლედი გაგას ჰიტი სპეციალურად ფილმისთვის "ვარსკვლავი იბადება" დაიწერა, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი როლი თავად პოპვარსკვლავმა შეასრულა. 2019 წელს ოსკარით დაჯილდოებული კომპოზიციის თანაავტორები მარკ რონსონი, ენდრიუ უაიეთი და ენტონი როსომანდო არიან. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული