Thumbnail

რეალური ისტორია, თუ როგორ გაიცნო ფრედი მერკურიმ ბრაიან მეი და როჯერ ტეილორი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ბრიტანელმა მუსიკოსმა, ტიმ სტაფელმა, რომელიც ლეგენდარული ჯგუფის, Queen-ის წევრებთან, ბრაიან მეისთან და როჯერ ტეილორთან ერთად ბენდ Smile-ში მოღვაწეობდა, გამოცემა Esquire-თან საუბარში აღნიშნა, რომ ფილმში Bohemian Rhapsody არასწორადაა მოთხრობილი ისტორია ფრედი მერკურის მიერ ბრაიანისა და როჯერის გაცნობის შესახებ.

► ნახეთ: Queen ადამ ლამბერტთან ერთად ოსკარის ცერემონიაზე დაუკრავს

► ნახეთ: Bohemian Rhapsody ოქროს გლობუსის მფლობელია

"1960-იანი წლების დასაწყისში მე და ბრაიანი სკოლაში დავმეგობრდით და ჯგუფი სახელად "1984" ჩამოვაყალიბეთ. ცნობილ კომპოზიციებს ვაქავერებდით. სასწავლებლის დასრულების შემდეგ, დრამერი როჯერ ტეილორი ვიპოვნეთ და 1968 წელს ახალი ბენდი Smile შევქმენით. ორწლიანი არსებობის შემდეგ ლონდონის როკ სცენაზე უკვე კარგად გვქონდა ფეხი მოკიდებული.

ფილმში ნაჩვენებია, რომ ფრედი ერთ-ერთ პაბში ჩვენს კონცერტს ესწრება. შოუს დასრულების შემდეგ მე ბენდს ვტოვებ, ფრედი მერკური კი მუსიკოსებს გაიცნობს და სიმღერის ა კაპელა ვერსიას შეუსრულებს. ასე ყალიბდება Queen.

ტიმ სტაფელი და ფრედი მერკური

რეალურად ყველამ იცოდა, რომ ჯგუფიდან წასვლას ვაპირებდი. სხვა ჟანრის მუსიკით ვიყავი დაინტერესებული. მე და ფრედი კი მეგობრები ვიყავით. ის ბრაიანთან და როჯერთანაც ახლოს იყო. ასე რომ, მის მიერ ჩემი ჩანაცვლება სრულიად ბუნებრივი იყო.

მე და ფრედი ხელოვნების კოლეჯში ერთსა და იმავე ფაკულტეტზე ვსწავლობდით. მას ყოველთვის ჰქონდა საკუთარი თავის რწმენა. ხალხს მორცხვი ადამიანი ეგონა, მაგრამ რეალურად ძალიან ძლიერი და თავდაჯერებული იყო. ამბობდა, რომ სუპერვარსკვლავი გახდებოდა. თავისი ნიჭით სასწავლებელშიც გამოირჩეოდა. აუდიტორიაში ფოლადის გრძელ სახაზავს გიტარასავით დაიჭერდა და "უკრავდა" ხოლმე, ყველას გვამხიარულებდა. ფრედი კარგი მეგობარი იყო. სამწუხაროა, რომ ნაადრევად დაგვტოვა", - გაიხსენა სტაფელმა.

ტიმმა ინტერვიუში Bohemian Rhapsody-ში ფრედი მერკურის როლის შემსრულებელზე, მსახიობ რამი მალეკზეც ისაუბრა.

"როდესაც ფრედი რაიმეზე ნერვიულობდა, ტუჩებს იჭამდა ხოლმე. რამიმ ეს მომენტი კარგად დაიჭირა. მისი შესრულებით აღვფრთოვანდი. ფილმიც ძალიან მომეწონა. 15 წლის განმავლობაში მომხდარი მოვლენების 2 საათში ჩატევა ურთულესი საქმეა. მართალია, გარკვეული ფაქტები შეცვალეს, მაგრამ ამაზე პრობლემა არ მაქვს".

1985 წელს ლონდონში, უემბლის სტადიონზე გამართულ საქველმოქმედო კონცერტზე Queen-ის გამოსვლისა და ჯგუფის ფრონტმენის, ფრედი მერკურის შესახებ გადაღებული ფილმის რეჟისორი ბრაიან სინგერია. კინოსურათის პრემიერა 2018 წლის ოქტომბერში გაიმართა. Bohemian Rhapsody-მ ოქროს გლობუსი უკვე დაიმსახურა. ვარაუდობენ, რომ ნამუშევარი ოსკარის ჯილდოსაც დაეუფლება. 

ფრედი მერკურის, ბრაიან მეის, როჯერ ტეილორისა და ჯონ დიკონის ლეგენდარული კოლექტივი Queen ლონდონში 1970 წელს შეიქმნა. არსებობის განმავლობაში ბენდმა 150-ზე მეტი სიმღერა და 15 სტუდიური ალბომი გამოუშვა, რომელთაგანაც შვიდს სხვადასხვა დროს ბრიტანულ ჩარტებში პირველი პოზიცია ეკავა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული