Thumbnail

10 იტალიური კომპოზიცია 80-იანი წლების საქართველოდან

ლევან გოგუაძე პროფილის ფოტო
ლევან გოგუაძე

ოთხმოციან წლებში საქართველო ჯერ კიდევ სსრკ-ის ნაწილი იყო და დანარჩენი მსოფლიოსგან რკინის ფარდა ყოფდა. ეს სწორედ ის დროა, როდესაც კრემლში გადაწყვიტეს, რომ იტალიური პოპკულტურა კომუნისტურ ღირებულებებს საფრთხეს არ შეუქმნიდა და საბჭოთა კავშირში იქაური ესტრადის ვარსკვლავთა შემოქმედებას მწვანე შუქი აუნთეს. 

ნახე სრული ფლეილისტი

ცოტა ხანში იტალიელმა შემსრულებლებმა ტელევიზორის ეკრანებისა თუ უზარმაზარი ტირაჟით გამოცემული ფირფიტების საშუალებით ყველა საბჭოთა ოჯახში შეაღწიეს და სამუდამოდ დაიმკვიდრეს ადგილი მსმენელთა გულში.

ჩვენი დღევანდელი სია სწორედ ათ იტალიურ საესტრადო კომპოზიციას აერთიანებს. გადავავლოთ თვალი გავლილ წლებს და კიდევ ერთხელ შევაფასოთ სიმღერები, რომლებსაც ერთ დროს სიამოვნებით ვუსმენდით. 

10. Al Bano e Romina Power - Felicità 

ალ ბანო კარიზისა და რომინა პაუერის "ფელიჩიტა" ოთხმოციან წლებში სიყვარულის ნამდვილ ჰიმნად იქცა, რაც გასაკვირი სულაც არაა. იმის გარდა, რომ კომპოზიცია დასამახსოვრებელი მელოდიით გამოირჩევა, თავის დროზე ალ ბანომ სწორედ მსგავსი სიმღერებით შეძლო რომინას მოხიბვლა. ეს კი გულში იმედის ნაპერწკალს ყველაზე უიმედოდ შეყვარებულ ადამიანსაც აუნთებდა.

9. Umberto Tozzi - Gloria

საქართველოში ამ დროისთვის 19 გლორია ცხოვრობს და ყველა თუ არა, რამდენიმე მაინც საკუთარ სახელს უმბერტო ტოცის უნდა უმადლოდეს. იტალიელი შემსრულებლის სიმღერა "გლორია" ოთხმოციან წლებში ჩვენს ქვეყანაში ძალზე პოპულარული იყო. სწორედ ამიტომ, სრული უფლება გვაქვს ვივარაუდოთ, რომ მშობლების არჩევანზე გავლენა ამ კომპოზიციის სახელწოდებამ მოახდინა. 

8. Sabrina - Boys 

საბრინა სალერნოს ეს სიმღერა 1987 წელს გამოვიდა და მის ყველაზე წარმატებულ ჩანაწერადაც იქცა. კომპოზიციის მუსიკალურ მხარეზე ბევრს ვერაფერს ვიტყვით, აი, კლიპი კი, რომელშიც იტალიელი ლამაზმანი აუზში თავმომწონედ ცეკვავს, საბჭოთა აუდიტორიისთვის ნამდვილად რევოლუციური მოვლენა იყო და იმდროინდელი სტანდარტებით თავისუფლად შეიძლებოდა ვინმეს ჰარდკორ პორნოდაც მიეჩნია.

7. Pupo - Gelato al cioccolato

პუპოს ეს კომპოზიცია, რომელშიც არტისტი გოგონას მოხიბვლას უცნაური კომპლიმენტით ცდილობს და ჯიუტად უმღერის, მარილიან შოკოლადის ნაყინს ჰგავხარო, ჩვენს ქვეყანაში ძალიან შევიყვარეთ. თუმცა, იმის გამო, რომ იმ დროს ქართველები იტალიური ენის ცოდნით დიდად ვერ დავიკვეხნიდით, მისამღერის ტექსტი მცირედით შევცვალეთ და მხიარულად ვღიღინებდით "ლადო შოკოლადოოო...".

6. Raffaella Carrà - Tanti аuguri 

70-იანი წლების ბოლოს გაჰიტებული სიმღერის ტექსტში რაფაელა კარა ყველა მსმენელს მოუწოდებდა, საწოლში თავდავიწყებას მისცემოდნენ და ამ გზით დედამიწაზე მშვიდობა დაემყარებინათ. ომის საწინააღმდეგო რიტორიკა ერთობ პოპულარული იყო კბილებამდე შეიარაღებულ საბჭოთა კავშირში, თუმცა, ეს კომპოზიცია ცენზურას რთულად თუ გადაურჩებოდა, რომ გაეგოთ, რაფაელა მოკითხვას იმ ხალხს უთვლის, ვისაც ბევრი საყვარელი ჰყავს და დანარჩენებსაც ურჩევს, სექსისგან თავს არასდროს შეიკავონო.

5. Riccardo Fogli - Storie di tutti i giorni

როგორი სევდიანიც არ უნდა იყოს იტალიური საესტრადო კომპოზიცია, მასში აუცილებლად იქნება საკმარისი მუხტი იმისთვის, რომ ენერგიით აგავსოს. რიკარდო ფოლის ეს სიმღერაც ამ საერთო წესს ემორჩილება. უსმენ და ხვდები, რომ მუსიკოსი საკუთარ გასაჭირზე გიყვება, მაგრამ ადვილად ასაყოლი მელოდია და რიტმები თანაგრძნობას ურცხვად გავიწყებენ და თავდავიწყებით ცეკვის სურვილს აღძრავენ. 

4. Matia Bazar - Vacanze Romane

ეს კომპოზიცია იტალიელებისთვის დაახლოებით ისეთივე დატვირთვას ატარებს, როგორც ჩვენთვის რევაზ ლაღიძის "თბილისო". მართალია, ჯგუფის ვოკალისტი ანტონელა რუჯერო იმდროინდელ რომს საპყრობილეს, საკუთარ თავს კი ტუსაღს უწოდებს, მაგრამ ამავდროულად ხმაში შეპარული სიყვარულითა და სიამაყით მის წარსულსაც განადიდებს. მოკლედ, ვერავინ დასწამებს, საკუთარი ქვეყნის დედაქალაქს საკმარისად არ სცემდა პატივსო. ბოლოს და ბოლოს, სწორედ მისი წყალობით ვუსმენდით ოთხმოციანების საქართველოში მარადიული ქალაქისადმი მიძღვნილ სიმღერას. 

3. Adriano Celentano - Amore no 

ადრიანო ჩელენტანოს პარტნიორობაზე, ალბათ, უამრავი ქალი ოცნებოდა, თუმცა, როგორც ხშირად ხდება, იტალიელი სუპერვარსკვლავი მაინცდამაინც იმ ერთადერთს მისტიროდა, რომლის მორჯულებაც ვერაფრით შეძლო. ამ სიმღერაშიც შემსრულებელი თავისი გატეხილი გულის ამბავს გვიამბობს და იმასაც გვიმხელს, როგორ დაინახა შეყვარებული, რომელიც უცხო მამაკაცთან ერთად სახლიდან იპარებოდა. სხვა ნებისმიერს ხმაში სევდა შეეპარებოდა, მაგრამ ადრიანომ ჩვეული სიმტკიცე შეინარჩუნა და თაყვანისმცემლებს ეს ენერგიული ჰიტიც გვაჩუქა.

2. Ricchi e Poveri - Sarà perché ti amo

1981 წელს გამოსული ეს ჩანაწერი ერთ-ერთ საუკეთესო სასიყვარულო კომპოზიციად შეგვიძლია მივიჩნიოთ. იმის მიუხედავად, გასაგებია თუ არა სიმღერის ტექსტი, მისი მოსმენისას ისეთი ეიფორია გეუფლება, როგორიც მხოლოდ ჭეშმარიტ გრძნობას ახლავს ხოლმე თან. ალბათ, ამიტომაა, რომ "მდიდრების და ღარიბების" ლეგენდარული ნაწარმოები ჩვენს ქვეყანაში დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. 

1. Toto Cutugno - L'Italiano

ტოტო კუტუნიომ მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველოც 1983 წელს გამოსული ჰიტით დაიპყრო. იმ დროს ბევრს არ ესმოდა, რის შესახებ მღეროდა შემსრულებელი, თუმცა, ჩანაწერის მელანქოლიურ და ამავდროულად პათეტიკურ განწყობას, ალბათ, ყველა გრძნობდა.

თუ გაინტერესებთ, ტოტო საკუთარი წარმომავლობით ამაყობს და მიესალმება იტალიას მისი სპაგეტითა და მაგარი ესპრესოთი, ლურჯზოლიანი კოსტიუმებითა და ახალი წინდებით, მენთოლიანი კბილის პასტით, ფანჯრის რაფებზე შემომსხდარი კანარის ჩიტებით, კედლებზე გაკრული ამერიკული პლაკატებით, პარტიზანი პრეზიდენტითა და უამრავი ქალით, რომლებიც მონაზვნებად ჯერაც არ აღკვეცილან. სარკასტული ტექსტია, თუმცა, მაინც უდარდელი. მართლაც, რას უნდა ნაღვლობდე ადამიანი, როდესაც იცი, რომ შენი აუდიტორიის უდიდესი ნაწილი ვერასდროს გაიგებს, რაზე მღეროდი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული