Thumbnail

ქართული ალტერნატიული მუსიკის სცენას საფუძველი 1987 წელს ჩაეყარა, 90-იანებში კი მნიშვნელოვნად განვითარდა და ძალზე საინტერესო მოვლენად იქცა. ომის, პურის რიგებისა და ჩაბნელებული ქუჩების ეპოქაში ელექტროგიტარებით შეიარაღებულმა ახალგაზრდების მცირე ჯგუფმა სამამულო მუსიკალური კონტრკულტურის პირველი ჭეშმარიტი მაგალითი შექმნა.

ნახე სრული ფლეილისტი

იმ დროისათვის უკვე დაშლის პირას მყოფი საბჭოთა კავშირი 1991 წელს საბოლოოდ ჩამოინგრა, მაგრამ დამოუკიდებლობის მოპოვებამ დრომოჭმულ ღირებულებებს ბევრი ვერაფერი დააკლო. ნაცრისფერი მასისგან გამორჩეული მუსიკოსები და მათი შემოქმედება საზოგადოებისთვის კვლავინდებურად მიუღებელი იყო. შედეგად, არტისტების ნაწილი ბედის საძიებლად საზღვარგარეთ გაემგზავრა, სამშობლოში დარჩენილებს კი წლების განმავლობაში, ფაქტობრივად, იატაკქვეშეთში უწევდათ მოღვაწეობა. თუმცა, მათ მაინც მოახერხეს ქართულ მუსიკაში იმ მუხტის შემოტანა, რომლის გამოძახილიც დღემდე იგრძნობა.

ჩვენს სიაში სწორედ 20 გამორჩეულ ქართულ ალტერნატიულ კომპოზიციას წარმოგიდგენთ. მისი შედგენისას შევეცადეთ, როგორც დღეს უკვე საკმაოდ პოპულარული, ასევე ფართო საზოგადოებისთვის შედარებით ნაკლებად ცნობილი ნამუშევრებისთვისაც დაგვეთმო ადგილი. ნუმერაციაც პირობითია, ჩვენს მიზანს მათგან საუკეთესოს შერჩევა არ წარმოადგენდა. ამასთანავე, ფორმატი არ გვაძლევს საშუალებას 90-იან წლებში მოღვაწე ყველა არტისტის შემოქმედება მიმოვიხილოთ, ასე რომ, თუ დანაკლისის გრძნობა გაგიჩნდათ, ნუ დაგვზრახავთ - მომავალში ქართული მუსიკისთვის ამ ძალზე მნიშვნელოვან ეპოქას კიდევ არაერთხელ დავუბრუნდებით. 

20. რეცეპტი - ნუ დამტოვებ მარტო

ხშირად მოისმენთ შეხედულებას, რომლის თანახმადაც ქართველი მუსიკოსები უცხოელ კოლეგებს ტალანტითა თუ შესრულების ხარისხით ყოველთვის საგრძნობლად ჩამოუვარდებოდნენ. ვეჭვობთ, ამ მოსაზრების მხარდამჭერები "რეცეპტს" სათანადოდ არ იცნობენ.

ლადო ბურდულის მიერ 1987 წელს დაარსებული კოლექტივის მუსიკალური მიმართულება პანკ როკს, გოთიკასა და პოსტ პანკს აერთიანებდა. ჯგუფმა 1992 წლამდე იარსება და დაუფარავი ექსპრესიითა და სოციალური პროტესტით სავსე ათამდე სიმღერა ჩაწერა. მათ შორის მსმენელებისთვის კარგად ნაცნობი "ამ ქალაქში მეფობენ მგლები", "ისევ მუქდება მორიგი ღამე" და "მოდი მალე". ჩვენს სიაში კი კომპოზიციის "ნუ დამტოვებ მარტო" ვიდეორგოლს წარმოგიდგენთ, რომელშიც "რეცეპტის" მიერ 1990 წელს "დინამოს" სტადიონზე ჩატარებული კონცერტის კადრები შეგიძლიათ იხილოთ. 

19. ტაქსი - ზამთარი

ალბათ, არაფერი ასახავს იმდროინდელი საქართველოს უიმედო, პირქუშ რეალობას ისეთი სიმძაფრით, როგორც დადა დადიანის მიერ შექმნილი ჯგუფის, "ტაქსის" შემოქმედება. 1988 წელს გამოცემულ ამავე სახელწოდების ალბომში შესული ნიუ ვეივისა და ინდი როკის სტილში გადაწყვეტილი სიმღერები "მოდიხარ ჩემთან""ელექტროსკამზე" და "ჩემი სახლი ჯოჯოხეთს ჰგავს" ქვეყანაში გამეფებული დაუსრულებელი ზამთრის განწყობას გადმოსცემდა. 

ბენდის უკანასკნელი გამოსვლა 1992 წელს, უცნაური სახელწოდების მქონე აქციაზე "როკი ფონოგრამისა და შიდსის წინააღმდეგ" გაიმართა. ამ დროისათვის "ტაქსის" შემადგენლობაში ქართული მუსიკის მომავალი მეფე, ირაკლი ჩარკვიანიც ირიცხებოდა. კონცერტის ვიდეოჩანაწერი კი ქუთაისის ტელევიზიის გადაცემა "კედელმა" შემოგვინახა. 

18. ქიშო და ინტელიგენცია - ქრისტიანი

ქიშო გლუნჩაძის მსგავსი არტისტები ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ძალზე იშვიათად ჩნდებიან. მუსიკის უზომო სიყვარულთან ერთად, მას გამორჩეული ტალანტით დაჯილდოებული ადამიანებისათვის დამახასიათებელი სიჯიუტე და გულუბრყვილო რომანტიზმიც დაჰყვა. მარტო ის რად ღირს, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, კოლხურ კოშკს მოტოციკლით რომ მიაკითხა და პრეზიდენტ გამსახურდიას თავდაჯერებულად განუცხადა - დროა, როკს მიხედოთო. ალბათ, ამიტომაც გაუჭირდა მაშინდელ საქართველოში საკუთარი ადგილის პოვნა და საბოლოოდ საცხოვრებლად ნიუ იორკში გაემგზავრა.  

"ჭეშმარიტება""ამ ნახტომს ვუძღვნი სიყვარულს", "ნათელში ან ბნელში" - ქიშოს ორასზე მეტი სიმღერიდან ჩანაწერის სახით ჩვენამდე მხოლოდ რამდენიმემ მოაღწია. ამ სიაში მისი ნებისმიერი ნამუშევრის შეტანა შეგვეძლო, თუმცა, არჩევანი კომპოზიციაზე "ქრისტიანი" შევაჩერეთ, რომელიც ქიშოს ნიჭისა და პიროვნული იდეალების მკაფიო ანარეკლია. აქვე შეგიძლიათ, ამ ტრეკის ცოცხალი შესრულებაც იხილოთ, სადაც მუსიკოსს აკომპანემენტს არც მეტი, არც ნაკლები, 23 წლის ლელა წურწუმია უწევს.

17. პრიზი - დუმილის დრო

ლევან ლომიძის მიერ 1988 წელს ჩამოყალიბებული "პრიზი" თავდაპირველად ჰევი მეტალის ჟანრში მოღვაწეობდა, თუმცა, ცოტა ხანში ჯგუფის მუსიკალური მიმართულება რადიკალურად შეიცვალა. კოლექტივის მიერ 1992 წელს გამოცემულ ერთადერთ სტუდიურ ალბომში სახელწოდებით "ღამის ქალაქი" დეპრესიულ, ნიუ ვეივისა და პოსტ პანკ ჟღერადობის სიმღერებს, როგორიცაა, მაგალითად, "ქალაქი ღამით", ენერგიული, სინთპოპისა და პოპ როკის ესთეტიკაში გადაწყვეტილი "თოვს" ენაცვლება. ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამორჩეულ ნამუშევარს კი სწორხაზოვანი პესიმიზმით სავსე ლირიკა კრავს.

"პრიზის" კომპოზიციებზე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი პირველი ვიდეოკლიპები რეჟისორმა გიორგი ებრალიძემ გადაიღო. მათ შორისაა "დუმილის დრო" - ნიჰილიზმითა და მელანქოლიით სავსე სიმღერა, რომელსაც ჩვენს სიაში გთავაზობთ.

16. 69 - ტრიუმფალური სვლა მზისკენ

უჩა ჩაჩხიანმა 69 ჯერ კიდეც ოთხმოციანების ბოლოს ჩამოაყალიბა, თუმცა, კოლექტივმა მხოლოდ ორი წელი იარსება და დაიშალა. 1996 წელს ჯგუფმა მოღვაწეობა განაახლა, ცოტა ხანში სადებიუტო ალბომიც გამოუშვა და მაშინ ჯერ კიდევ მცირერიცხოვან, მაგრამ ერთგულ თაყვანისმცემლებს დაუმტკიცა, რომ მათი ლოდინი ნამდვილად ღირდა.

ჩანაწერში შესული კომპოზიციები "ანას", "მე ვერ ვიტან ქალს" და "ტრიუმფალური სვლა მზისკენ" საკმაო პოპულარობით სარგებლობდა. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით კარგად ასახავდა მაშინდელ განწყობებს, უჩა ხომ იმ საოცნებო სამყაროზე მღეროდა, სადაც "ფრთების პოვნასა და მზის მიწვდომაში" ხელს ვერავინ შეუშლიდა. მუსიკოსი 2006 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მისი შემოქმედება ამ და სხვა ჩანაწერების წყალობით საქართველოში კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ.

15. New Discipline - Dancing on the Leaf

New Discipline პროგრესივ როკის, არტ პანკისა და ნიუ ვეივის შერწყმას იმდენად ეფექტურად ახერხებდა, რომ მათ ნამუშევრებს არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი, სახელმოხვეჭილი არტისტებიც კი სიამოვნებით მოაწერდნენ ხელს. ჩვენთან ამ კოლექტივის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ამის მთავარი მიზეზი კი, ალბათ, ის არის, რომ ჯგუფის ჩანაწერები საქართველოში ფართოდ არასდროს გავრცელებულა. 1990 წელს მუსიკოსებმა თბილისში სადებიუტო სტუდიური ალბომი Never Try ჩაწერეს, ოთხი წლის შემდეგ კი ბენდი გერმანიაში გაემგზავრა, სადაც რამდენიმე კონცერტი ჩაატარა და მცირე ხანში დაიშალა კიდეც. 

Never Try ოფიციალურად მხოლოდ 28 წლის შემდეგ გამოიცა. სამწუხაროა, რომ ამ, თავისი დროისთვის საკმაოდ ხარისხიანი და შთამბეჭდავი ნამუშევრის გაცნობის საშუალება ქართველ მსმენელს დღემდე არ ჰქონია. რას იზამ, როდესაც ქალაქის ქუჩები ცარიელი ვაზნებითაა მოფენილი, ფოთლებში საცეკვაოდ არავის სცალია, ნიჭიერი მუსიკოსები კი უსახელოდ უჩინარდებიან.

14. ბაჯუ - დიმპიტაური

თუ გადაწყვეტთ, საქართველოში თანამედროვე, პოპულარული მუსიკალური ჟანრების განვითარების ისტორიას საფუძვლიანად გაეცნოთ, გიგა ერისთავის სახელს, სავარაუდოდ, არაერთხელ გადააწყდებით. ბაჯუს ფსევდონიმით ცნობილი არტისტი თავდაპირველად ჯაზ-როკ ბენდ "ფაზისში" დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავდა, შემდეგ ლეგენდარული ქუთაისური პანკ კოლექტივის, "აუტსაიდერის" წევრი გახდა, მოგვიანებით კი ქართული ჰიპ ჰოპისა და ელექტრონული მუსიკის პიონერად მოგვევლინა.

ერთი სიტყვით, ბაჯუ საოცარი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანია, რომლის ნამუშევრების გაცნობასაც აუცილებლად გირჩევთ, აქ კი ქართული ფოლკლორით შთაგონებულ კომპოზიციას სახელწოდებით "დიმპიტაური" წარმოგიდგენთ.

13. Genetic Code - It Still Snows

ჩვენი მკითხველების უმეტესობა აქ, ალბათ, ყველასთვის საყვარელ Artificial Love-ს ელოდებოდა, თუმცა, ჩვენს სიაში შესატანად იუთუბზე მილიონობით ნახვის მქონე ჰიტს შედარებით უცნობი, მაგრამ საკმაოდ საინტერესო კომპოზიცია ვამჯობინეთ.

სერგი გვარჯალაძისა და ბაკუნა ნოზაძის მიერ 1992 წელს დაარსებული "გენეტიკური კოდის" ნამუშევრები დიდწილად ბრიტანული ჯგუფის, Roxy Music-ის შემოქმედებით იყო შთაგონებული. გლემ როკის ლეგენდებისთვის დამახასიათებელი ჟღერადობა განსაკუთრებით ნათლად სწორედ სიმღერაში It Still Snows იგრძნობა, რომელშიც ამ მსგავსებას ალეკო გეგეშიძის საქსოფონის პარტიებიც უსვამს ხაზს. თავის დროზე კომპოზიცია უსახლკარო ბავშვების დასახმარებლად ჩაიწერა და მასზე კლიპი თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობმა გიორგი ებრალიძემ გადაიღო.

12. კონტრაბანდა - მოკვდა, მოკვდა!

აფხაზეთის ომის ვეტერანმა ბესელა რაზმაძემ ჯგუფი "კონტრაბანდა" 1994 წელს ჩამოაყალიბა და მალევე თბილისის იატაკქვეშა პანკ სცენის უპირობო ლიდერად იქცა. კარიერის საწყის ეტაპზე დამახასიათებელი ჟღერადობა ჯგუფის იშვიათ საკონცერტო ჩანაწერებშია შემორჩენილი, 1998 წელს გამოსულ სადებიუტო ალბომში Caucasus Criminal Core კი მუსიკოსებმა მსმენელებს უკვე გაცილებით მძიმე, ჰარდკორის სტილის კომპოზიციები შესთავაზეს. სწორედ ამ სტუდიურ ნამუშევარშია შესული კოლექტივის ყველაზე ცნობილი სიმღერა "მოკვდა, მოკვდა!"

ალბომის ჩაწერიდან მცირე ხანში "კონტრაბანდა" დაიშალა, ბესელა კი საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, მაგრამ უკვე ახალ ათასწლეულში სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ჯგუფი კვლავ შეკრიბა და საკონცერტო მოღვაწეობა განაახლა. მკვეთრი სამოქალაქო პოზიციით ცნობილი ბენდი აუდიტორიის წინაშე დღეს ძალზე იშვიათად გამოდის, თუმცა, აშკარაა, რომ მუსიკოსებს მათთვის საფირმო ნიშნად ქცეული აგრესია არსად დაუკარგავთ და არც ადრესატის სწორად შერჩევა ეშლებათ.

11. Overbalance - მე რაღაცა მაქვსო

გიგა მიქაბერიძე მსმენელთა უმეტესობისთვის 2000-იანი წლების მსუბუქი პოპ ჰიტებით "პირამიდები", "შენთვის ვმღერი მე ამდენს" და "ეს ზღვა რომ შავია" არის ცნობილი, თუმცა, ბევრმა, ალბათ, არ იცის, რომ მუსიკოსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა გაცილებით ადრე და სრულიად სხვა ჟანრში დაიწყო.

Overbalance თბილისში 1994 წელს ჩამოაყალიბდა და პირველი ქართული კოლექტივი იყო, რომელიც გრანჟს უკრავდა. ჯგუფის ყველაზე პოპულარული კომპოზიცია "მე რაღაცა მაქვსო", შესაძლოა, ზედმეტად დეპრესიულად და სწორხაზოვნად მოგეჩვენოთ, მაგრამ სწორედ ასეთი იყო ჩვენი იმდროინდელი რეალობაც, რომელშიც ადამიანებისათვის დღე გამთენიისას პურის რიგში ადგილის დაკავებაზე ზრუნვით იწყებოდა და შებინდებისას სახლში უსაფრთხოდ დაბრუნებაზე ფიქრით სრულდებოდა.

10. ამორალი - იცეკვე ჩემთან

90-იანი წლების ქართული ალტერნატიული ჯგუფების უმეტესობა დროთა განმავლობაში ან დაიშალა ან ჟღერადობა მნიშვნელოვნად შეცვალა. "ამორალის" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ის ამ სცენის ერთადერთი წარმომადგენელია, რომელიც თავდაპირველ სტილს არ ღალატობს და პერიოდულად მსმენელებს ახალ ნამუშევრებსაც სთავაზობს. 

ბენდის ფრონტმენის, გია თოიძის მელანქოლიას ჟამთა სვლამ ვერაფერი დააკლო, მის სიმღერებს კი დღესაც იგივე განწყობა ახასიათებს, რომელმაც 1996 წელს "ამორალის" სადებიუტო კონცერტზე დამსწრე არაერთი ადამიანი მოხიბლა. "იცეკვე ჩემთან" ძალზე ემოციური პოსტ პანკ კომპოზიციაა, რომელიც აწ უკვე "წერილის" სახელით ცნობილი კოლექტივის შემოქმედებაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჩანაწერად რჩება.

9. Soft Eject - Please Just Carry On

პირქუში პოსტ პანკით სავსე ქართული ალტერნატიული მუსიკის სცენაზე Soft Eject გაცილებით მსუბუქი, ფოლკ როკისა და პროგრესივის ელემენტებით სავსე ნამუშევრებით გამოირჩეოდა. თუ მათი კოლეგების შემოქმედებაში სამოქალაქო ომის ქარცეცხლში გახვეული ქუჩების კოშმარული რეალობაა ასახული, ამ ბენდის ჩანაწერები იმ იშვიათ ნათელ დღეებთან ასოცირდება, რომლებსაც თან გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში ასე მონატრებული სიმშვიდე და იმედის განცდა ახლდა.

ალბათ, ამიტომაა, რომ Soft Eject-ის სიმღერებმა სხვადასხვა თაობის ქართველ მსმენელში დიდი სიყვარული დაიმსახურა. მათ შორის განსაკუთრებული პოპულარობით Please Just Carry On სარგებლობს. ქუცნა ამირეჯიბის მიერ ამ კომპოზიციაზე გადაღებული კლიპი კი დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო ქართულ მუსიკალურ ვიდეოდ რჩება. 

8. Afternoon Version - Kardena

Afternoon Version-ის ისტორია 90-იანების ქართულ მუსიკაში მრავალგზის გათამაშებული სცენარით წარიმართა - იატაკქვეშა კლუბებში, როკ აქციებსა თუ ფესტივალებზე ჩატარებული რამდენიმე კონცერტი, კოლექტივის დაშლის შემდეგ გამოსული სადებიუტო ალბომი და მსმენელთა მიერ დაგვიანებით გამოჩენილი ინტერესი.

1994 წელს შექმნილი ბენდის ჟღერადობა
საცეკვაო ელექტრონულ მუსიკასა და ალტერნატიულ როკს აერთიანებდა, ისეთი კომპოზიციები კი, როგორებიცაა Endless Life, Together თუ Champagne Gold ცოცხლად, ყოველგვარი სექვენსერების გარეშე სრულდებოდა. მათი ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერა Kardena ისეთი ნამუშევარია, რომლის შესახებ ლაპარაკის ნაცვლად, დუმილი და მთელი არსებით მუსიკაში ჩაძირვაა რეკომენდირებული. თუმცა, რაც უფრო მეტს ვისაუბრებთ და დავწერთ ამ ჯგუფზე, მით უკეთესი - აშკარაა, რომ Afternoon Version ამჟამინდელზე გაცილებით მეტ პოპულარობას იმსახურებს.

7. Children’s Medicine - შედიხარ ტყეში

"საბავშვო მედიცინის" ერთადერთ ალბომს თამამად შეგვიძლია, ქართული ალტერნატიული მუსიკის სცენის დამოუკიდებლობის დეკლარაცია ვუწოდოთ. დადა დადიანმა, ირაკლი ჩარკვიანმა და კახა გუგუშვილმა ის ხმის ჩამწერი კომპანიებისა თუ სხვა ოფიციალური სტრუქტურების დახმარების გარეშე, სახლის სტუდიაში ჩაწერეს. ამასთანავე, ეს იყო ქვეყანაში ინგლისურენოვანი ალბომის შექმნის პირველი შემთხვევა. თუმცა, ამ ფაქტზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ჯგუფის ორიგინალური, თვითმყოფადი სტილია.

მუსიკოსების მიზანი რომ უცხოელი კოლეგების მიბაძვის ნაცვლად, რაღაც ახლის შექმნის მცდელობა იყო, ამის საუკეთესო მაგალითად კომპოზიცია
"შედიხარ ტყეში" გამოდგება. ამ სიმღერის მოსმენის შემდეგ რთულია გადაჭრით თქმა, რა უფრო შთამბეჭდავია - მისი მინიმალისტური ინსტრუმენტალი თუ ტექსტი, რომელშიც ქართული ენა ინგლისურს არნახული ბუნებრივობით ერწყმის.

6. Plakqsa - Gnome

ამ ვიდეოს ყურებისას შეიძლება იფიქროთ, რომ The Cure-ის ან Bauhaus-ის მორიგ ეპიგონ ბენდთან გაქვთ საქმე, თუმცა, 1996 წელს ჩამოყალიბებულ Plakqsa-ს ამ ლეგენდარული პოსტ პანკ კოლექტივების ჩანაწერები არასდროს გადაუმღერებია, რობერტ სმიტთან და პიტერ მერფისთან კი, მთელი სამყაროს სევდის საკუთარ მაკიაჟში ასახვის მცდელობის გარდა, არაფერი აკავშირებდა.

კოლექტივის დაარსებისას მისი ყველა წევრი არასრულწლოვანი იყო, თუმცა, ასაკის მიუხედავად, სცენაზე მათი თითოეული გამოსვლა შესრულების ძალზე მაღალი ხარისხითა და უზადო პროფესიონალიზმით ხასიათდებოდა. სამწუხაროა, რომ ოთხმოცდაათიანების საქართველოში მოღვაწე ათობით არტისტის მსგავსად, წარმატების მისაღწევად საჭირო პირობები არც ამ გამორჩეული პოტენციალის მქონე ჯგუფს გააჩნდა, მათი იმდროინდელი შემოქმედებიდან კი მხოლოდ ერთი კონცერტის ვიდეოჩანაწერია შემორჩენილი. 

5. 33ა - ხვალ ქარი

ნიაზ დიასამიძის მიერ ჩამოყალიბებულ ჯგუფს სახელად მისი მშობლიური ფალიაშვილის ქუჩის ნომერი ეწოდა. კოლექტივის დებიუტი 1996 წელს შედგა და კრიტიკის ქარ-ცეცხლიც დაიმსახურა - მსმენელები ალტერნატიულ როკში ქალაქური მუსიკის ელემენტების ჩამატებამ დიდად ვერ აღაფრთოვანა. ავი ენები იმასაც კი ამბობდნენ, რომ ნიაზის ტექსტების გასაგებად გამოცდილი რუსთველოლოგის დახმარება იყო საჭირო.

გავა რამდენიმე წელი და ეს სტილი საქართველოში უზომოდ პოპულარული გახდება, ნიაზ დიასამიძესა და მის ჯგუფს კი არაერთი მიმბაძველი გამოუჩნდება. რაც შეეხება ჩვენს სიაში წარმოდგენილ კომპოზიციას, ის ჯგუფის მეორე სტუდიურ ალბომში "იჩქარე ნელა" შედის და მუსიკოსების თავდაპირველი ხელწერის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია.

4. Mother on Mondays - Ride

"დედა ორშაბათობით" სხვა იმდროინდელი ქართული ჯგუფებისგან არა მხოლოდ უცნაური სახელწოდებითა და უჩვეულო ნამუშევრებით, არამედ მკვეთრად ეპატაჟური სასცენო იმიჯითაც გამოირჩეოდა. ბენდის მუსიკალურ მიმართულებას კი სინთპოპის, ელექტროპოპის, ნიუ ვეივისა და ალტერნატიული როკის ნაზავი წარმოადგენდა.

გოგლიკ ფარეშიშვილის, გოგი ძოძუაშვილისა და ლევან ჯავახიშვილის მიერ 1992 წელს ჩამოყალიბებულ კოლექტივს სახელი ფრენკ ზაპას პროექტის, Mothers of Invention-ის პატივსაცემად დაერქვა. ლეგენდარული მუსიკოსის გემოვნებას თუ გავიხსენებთ, თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მას თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სცენაზე ჯგუფისა და მათი მეგობრების (ამ ვიდეოში ირაკლი ჩარკვიანის, კოტე ყუბანეიშვილისა და თვით საქართველოს ყოფილი პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას ხილვაც კი შეგიძლიათ) მიერ დატრიალებული სიგიჟე ძალიან მოეწონებოდა.

3. Outsider - გავათავე

რობი კუხიანიძის მიერ 1989 წელს ქუთაისში ჩამოყალიბებული "აუტსაიდერი" ჩვენს ქვეყანაში პანკის პიონერად იქცა. თავის დროზე ჯგუფის მძიმე, მოუხეშავ მუსიკას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. თუმცა, ჟღერადობას ვინ ჩივის, წარმოიდგინეთ, რა რეაქციას გამოიწვევდა მთვარისათვის მოგალობე ჩიტუნიებსა და შორით ტრფიალზე დაწერილ სიმღერებს მიჩვეულ ქართველ მსმენელში ამ კომპოზიციის ტექსტის მოსმენა.

"გავათავე" კოლექტივის მიერ 1992 წელს ცნობილი რუსი მუსიკოსის, პიოტრ მამონოვის დახმარებით გამოცემულ სადებიუტო ალბომში Inside შევიდა. ეს ვიდეო კი ქუთაისის კომერციული ტელევიზიის სტუდიაშია გადაღებული და იმ იშვიათ ჩანაწერთაგანია, რომელზეც ლეგენდარული ბენდის მოღვაწეობის ადრეული პერიოდის ხილვაა შესაძლებელი.

2. Georgian Dance Empire - ცანგალა და გოგონა

თანამედროვე ქართული მუსიკის ისტორიაში ყველაზე ორიგინალური და საინტერესო იდეები სწორედ მაშინ დაიბადა, როდესაც ქვეყანაში სრული სტაგნაცია სუფევდა. ამის საუკეთესო მაგალითად დადა დადიანის, სერგი გვარჯალაძის, ბიბი კვაჭაძისა და მათი მეგობრების მიერ შექმნილი Georgian Dance Empire გამოდგება. მუსიკოსების მიერ ჰიპ ჰოპის, დენს პოპისა და ქართული ფოლკლორის შერწყმის მცდელობა ძალზე ეფექტური შედეგით დასრულდა.

სამწუხაროდ, "ქართული ცეკვის იმპერია" სწრაფადვე დაიშალა, მსმენელებს კი სულ ხუთი კომპოზიცია და ერთი ვიდეორგოლი დაუტოვა, რომლის გადაღებისას ჯგუფს მრავალრიცხოვანი აუდიტორიის მაგივრობა ჩვენ მიერ ზემოთ უკვე ნახსენებმა გიგა ერისთავმა, იგივე ბაჯუმ გაუწია. ეს დადა დადიანის ბოლო ქართული პროექტი იყო.
1993 წლის მიწურულს მუსიკოსმა თბილისი დატოვა, ლონდონში გაემგზავრა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. 

1. ირაკლი ჩარკვიანი - ქაღალდის გემი

ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ყველა თაობასა და მოძრაობას სჭირდება კერპი, რომელსაც განგებ თუ ძალაუნებურად თავადვე ქმნის. 90-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკის სცენიდან ასეთ ფიგურად ირაკლი ჩარკვიანი მოგვევლინა - ადამიანი, რომელიც მუდამ დაუფარავად აცხადებდა, რომ პოპ მუსიკას ქმნიდა, საყოველთაო აღიარება კი მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ მოიპოვა.

არტისტის სადებიუტო სოლო ალბომი Svan Songs ჩვენი ქვეყნის მუსიკის ისტორიაში საკვანძო მოვლენაა, რომლის მნიშვნელობაც თანამედროვე გადმოსახედიდან გაცილებით ნათლად იკითხება. ლადო ბურდულისა და მისი ბენდის დახმარებით ქალაქ კიოლნში ჩაწერილი ნამუშევრის თითოეული კომპოზიცია მსმენელთა განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს, თუმცა, "ქაღალდის გემი" მათ შორისაც კი გამორჩეულია. ირაკლიმ თითქმის შეუძლებელი შეძლო და ქართული ანდერგრაუნდი მეინსტრიმად აქცია, ეს სიმღერა სწორედ ამის საუკეთესო მაგალითია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული