Thumbnail

მუსიკალური პუბლიცისტის, გია ხადურის საავტორო რუბრიკა. 

► ნახე სრული ფლეილისტი

10. Lorde - Tennis Court 

16 წლის ახალზელანდიელი ლორდის სადებიუტო ალბომი Pure Heroine თავის დროზე ნამდვილი სენსაცია გახდა. მთელი პოპ სამყარო აღფრთოვანებული იყო თინეიჯერი გოგონას სონგრაითერული უნარებით და კიდევ იმით, რომ მის მუსიკასა და ტექსტებს რაღაცნაირი არაბავშვური განწყობა მოჰქონდა. ვფიქრობ, ის დიდი ავანსები, რომლებიც მაშინ ლორდის მიმართ გაიცა, სწორედ ამის ბრალი იყო, თორემ არაფერი ვუნდერკინდული და გამაოგნებელი ამ სიმღერებში არ იყო. 

ერთადერთი, რაც მართლა ხაზგასასმელია, არის მისი ვოკალი და შესრულების მანერა, რომელთა გამოისობით ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მუსიკოსი თინეიჯერი კი არა, მრავალჭირნახული და დრამატული ბედის მქონე ზრდასრული ქალია. ეს ტრეკიც ტიპურია ამ მხრივ. ის შეიძლება საუკეთესო არაა ლორდის შემოქმედებაში, მაგრამ ამ საკმაოდ სტაბილური ალბომიდან სიაში ნებისმიერი სხვა კომპოზიციაც რომ მოხვედრილიყო, ამით მაინც არაფერი შეიცვლებოდა. მთავარი ისაა, რომ მოზარდებისა და უფროსების სამყაროები ერთმანეთისგან უკვე დიდად აღარ განსხვავდება. ხოლო ის, კარგია თუ ცუდი აქსელერაციის ასეთი ტემპები, უკვე სხვა საუბრის თემაა. 

9. Laura Marling - New Romantic 

ბრიტანელი არისტოკრატების შთამომავალი ლორა მარლინგი თანამედროვეობის ერთ-ერთი უნიჭიერესი ავტორ-შემსრულებელია. ამგვარი არტისტები დღეს განსაკუთრებით ფასობენ, რადგან მათ შემთხვევაში სიყალბე და უნიჭობა ტექნოლოგიებითა და პროდიუსინგით ვერ ინიღბება. ისინი ხომ მთლიანად საკუთარ უნარებზე, გრძნობებსა და გულწრფელობაზე არიან დამოკიდებულნი, თუმცა ლორა მათ შორისაც გამორჩეულია, მან ხომ ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში შეძლო წარმატების მიღწევა. 

მე სპეციალურად ავარჩიე ეს ტრეკი, რომელშიც ჯერ კიდევ თინეიჯერი გოგონა მხოლოდ აკუსტიკური გიტარის თანხლებით ახერხებს საკუთარი ემოციების უზუსტესად გადმოცემას. ამ სიმღერაში არაფერია ზედმეტი. ის ჟღერს სწორედ ისე, როგორც უნდა ჟღერდეს, ასკეტურად და ძუნწად, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე. მოკლედ, იმთავითვე ნათელი იყო, რომ ლორა მხოლოდ ერთი სეზონის არტისტი არ იქნებოდა. ასეც მოხდა, ბოლო ათი წლის განმავლობაში მას არცერთი ხალტურა არ ჩაუწერია. ამიტომაცაა, რომ ასე ძლიერ მომწონს.

8. Moon Zappa - Valley Girl

ერთ მშვენიერ ღამეს ფრენკ ზაპამ თავისი ქალიშვილი, 14 წლის მუნი გააღვიძა, სტუდიაში ჩაიყვანა და სთხოვა, ელაპარაკა თემებზე, რომელთა შესახებ დაქალებთან, სან ფერნანდოს ხეობაში მცხოვრებ თინეიჯერებთან საუბრობდა.

შეძლებული ოჯახებიდან გამოსულ სან ფერნანდოელ გოგონებს 80-იანი წლების ამერიკაში Valley girls-ს ეძახდნენ. ისინი მთელ დროს პრესტიჟულ სავაჭრო ცენტრებსა თუ მოდურ კლუბებში გართობასა და ქარაფშუტულ საუბრებში ატარებდნენ. მათ თავიანთი გაპრანჭული სლენგიც კი ჰქონდათ, რითაც საკუთარ ორიგინალურობას უსვამდნენ ხაზს. ამ "ტუსოვკის" ღირსეული წარმომადგენელი იყო მუნ ზაპაც, რაც ფრენკს აცოფებდა, ამიტომაც გადაწყვიტა, შეექმნა სატირული კომპოზიცია, რომლის მთავარი გმირი სწორედ მისი ასული იქნებოდა.

მუნმა ისე ეფექტურად გაართვა თავი დასახულ ამოცანას, რომ სიმღერა ბილბორდის ჩარტის წინა პოზიციებზე მოხვდა. უფრო მეტიც, მისი წყალობით ე.წ. Valley girl "ბაზარი" სან ფერნანდოს ხეობის ფარგლებს გასცდა და ლამის მთელ ამერიკაში მოდური გახდა. უნდა აღინიშნოს, რომ მუნ ზაპას მომღერლის კარიერა არ აინტერესებდა, ამიტომაც ეს ტრეკი პირველი და უკანასკნელი აღმოჩნდა მის კარიერაში. რაც შეეხება კალიფორნიის სამხრეთ ნაწილში მდებარე ხეობას, დღესდღეობით ეს ადგილი ამერიკული პორნოინდუსტრიის ცენტრად ითვლება, სადაც ქარაფშუტა თინეიჯერების ნაცვლად, უკვე ცოტა სხვა მანერების მქონე გოგონები გრიალებენ.

7. Ritchie Valens - Donna

1950-იანი წლების მეორე ნახევარიდან სცენაზე უამრავი მოზარდი შემსრულებელი გამოჩნდა. მათ იმდენი საქვეყნოდ ცნობილი ჰიტი ჩაწერეს, რომ, სურვილის შემთხვევაში, ჩვენს ათეულს მთლიანად დააკომპლექტებდნენ, მაგრამ მე მხოლოდ ერთი მათგანი ავირჩიე, ყველაზე ნიჭიერი და ყველაზე ტრაგიკული ბედის მქონე. 

როკ-ენ-როლის ერთ-ერთ პიონერად მიჩნეული რიჩი ვალენსის პროფესიული კარიერა სულ რაღაც რვა თვეს მოიცავს. მან სიცოცხლეში მხოლოდ სამი სინგლის გამოშვება მოასწრო, 18 წლის ასაკში კი, კიდევ ორ ლეგენდარულ შემსრულებელთან, ბადი ჰოლისთან და ბიგ ბოპერთან ერთად, ავიაკატასტროფაში დაიღუპა. "დღე, როდესაც მუსიკა მოკვდა" - ასე ეწოდა 1959 წლის 3 თებერვალს. 

დონა რიჩის კლასელი იყო, შეყვარებული, რომელმაც მიატოვა. სწორედ მას ეძღვნება ეს ლამაზი, რომანტიკული და გულისამაჩუყებელად ნაღვლიანი სიმღერა, უმანკოების ეპოქის ნამდვილი ჰიმნი, იმდენად უანგარო და სუფთა, რომ მანჩესტერელმა პანკ პოეტმა და ნიჰილისტმა, ჯონ კუპერ კლარკმა ამ ტრეკის ქავერიც კი ჩაწერა, რაც, სხვათა შორის, სულაც არ მიკვირს.

6. Bez ladu a skladu - Udavac

სრულიად ფენომენალური ბენდი სლოვაკეთის (მაშინდელი ჩეხოსლოვაკიის) პროვინციული ქალაქ ტრენჩინიდან. მე დღემდე მიკვირს, როგორ წერდნენ და ასრულებდნენ ასეთ არასტანდარტულ, ექსცენტრიკულ კომპოზიციებს სკოლის ასაკის ბავშვები (ვოკალისტი საერთოდ 14 წლის იყო). თქმა არ უნდა, ისინი Madness-ის მუსიკით იყვნენ შთაგონებულნი, მათი იუმორითა თუ თვითირონიით, მაგრამ ჟღერადობა მაინც სულ სხვა აქვთ, უფრო მრავალფეროვანი და უდარდელ-ცელქური. მოკლედ რომ ვთქვა, ჯგუფის შემოქმედება აბსურდული სოციალისტური ეპოქის ნამდვილი პოპ დოკუმენტია.

ეს ვიდეო 1987 წელსაა გადაღებული, სიმღერა კი ყველაზე მსუბუქი და მხიარულია იმ ტრეკებს შორის, რომლებიც კოლექტივის მიერ 1990 წელს გამოშვებულ სადებიუტო ალბომში შედის. მოსწავლეებისა და მათი პედაგოგის შესახებ შექმნილ კომპოზიციაში რის შესახებ მღერიან, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ეს არცაა საჭირო. ისედაც ყველაფერი ნათელია, ბოლო-ბოლო სკოლაში ყველას გვივლია.

5. King Krule - The Noose of Jah City

ბოლო დროს ამ ბიჭმა საკუთარ თავზე მთელი მუსიკის სამყარო აალაპარაკა, თუმცა, ჯერ კიდევ 2011-ში, 17 წლის ასაკში გამოშვებულ სადებიუტო სინგლშიც სახეზე იყო ყველაფერი ის, რაც ასე დამაინტრიგებელია მის შემოქმედებაში. აქ თითქოს სოულიცაა, ბლუზიც, ნიუ ჯაზიც, ცოტა ჰიპ ჰოპიც, ფოლკიც, ალტერნატივაც, მაგრამ სინამდვილეში არცერთიც არაა, მუსიკალური ინგრედიენტები ერთმანეთთან იმდენად ორგანულადაა შეხამებული, რომ ხელს ვერაფერს ჩაავლებ.

ეს მის შესრულების მანერასაც ეხება, რომელშიც თითქოს ყველა სკოლისა და ეპოქის გამოცდილებაა თავმოყრილი, მაგრამ მაინც უაღრესად პერსონიფიცირებულია. ასეთი შედეგის მიღება კი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც არტისტისთვის მთავარი ამოცანა მუსიკით საკუთარი თავის გამოხატვაა. ეს კომპოზიცია ერთ-ერთ საუკეთესოა არჩი მარშალის ადრეული ნამუშევრებიდან, მინიმალური პროდიუსინგით, სადაც აკომპანემენტი და ვოკალი ერთიან ნარატიულ კალაპოტშია მოთავსებული და სადღაც მიედინება. საით - უცნობია და სწორედ ეს არის ამ ჩანაწერში ყველაზე საინტერესო. 

4. France Gall - Laisse tomber les filles

ის, რომ სრულიად ნორჩი, 16 წლის დამწყები შემსრულებლისთვის სიმღერის დაწერა ლეგენდარულ სერჟ გენსბურს მიანდეს, მართლაც ბრძნული გადაწყვეტილება იყო. გენსბურმა არა მარტო ფრენს გალის ხმის ტემბრი და დიაპაზონი, არამედ მიზნობრივი აუდიტორიის, ანუ მოზარდების სენსიტიურობაც გაითვალისწინა და ისეთი კომპოზიცია შექმნა, რომელიც დღემდე პოპულარულია და ყველა დროის საუკეთესო ფრანგული პოპ სიმღერების სიებშიც ყოველთვის მოწინავე ადგილი უჭირავს.

აქ ყველაფერია - მოზარდებისთვის დამახასიათებელი გულუბრყვილობა, სიხალისე, ნერვიულობა, დაბნეულობა, ეშმაკობაც და ფრანგული ხასიათიც. დღეს ასეთი სულისკვეთების სიმღერა ვერ შეიქმნება, რადგან ამგვარი თინეიჯერული რომანტიზმი ბუნებაში აღარ არსებობს და კაცმა არ  იცის, კარგია ეს თუ ცუდი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გენსბურმა გალს კიდევ რამდენიმე კომპოზიცია დაუწერა, რომელთაგან ერთ-ერთით მომღერალმა 1965 წელს ლუქსემბურგის სახელით "ევროვიზიის" კონკურსზეც გაიმარჯვა. 

3. The Jackson 5 - I Want You Back

შეიძლება ვცდები, მაგრამ მაიკლ ჯექსონისთვის საუკეთესო პერიოდი ის დროა, როდესაც ტირანი მამის მიერ დაკომპლექტებული, ხუთი ძმისგან შემდგარი ბენდის ლიდერი იყო. სწორედ მაშინ ჰქონდა მას ავთენტიკური დრაივი, უსაზღვრო ენერგია, ქარიზმა, ცხოვრების წყურვილი და ვნება. 80-იანების მეორე ნახევრიდან კი ეს ყველაფერი გაქრა, მაიკლიც დაკომპლექსდა და საკუთარი თავის აჩრდილად გადაიქცა.

გასაკვირია, როგორ ვერ გაუძლო შოუბიზნესის წნეხს ბავშვობის ასაკიდანვე მუსიკის ინდუსტრიაში მყოფმა ვარსკვლავმა, რომელიც მოგვიანებით, უკვე მთლად დათრგუნული, B კატეგორიის ფილმებში უხეიროდ გაცოცხლებულ მუმიას დაემსგავსა. როდესაც მის ძველ ჩანაწერებს ვუყურებ და ვუსმენ, ხანდახან ისიც მგონია, რომ ეს სხვა ჯექსონია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო იმ შეშინებულ მაიკლთან, პოპის მეფეს რომ ეძახდნენ რატომღაც. ეს სიმღერა საუკეთესოა "ჯექსონების" კარიერაში, ჩემი გემოვნებით, მაიკლის კარიერაშიც, არადა აქ ლეგენდარული მუსიკოსი ჯერ თინეიჯერის ასაკშიც კი არაა. 

2. Let's Eat Grandma - Rapunzel

ეს ორი ინგლისელი გოგო თურმე 4 წლიდან იცნობს ერთმანეთს, მუსიკასაც ერთად სწავლობდნენ, 13 წლის ასაკში სიმღერების წერაც დაიწყეს, 2016-ში კი სადებიუტო ალბომი გამოუშვეს, რომელსაც ავტორებისთვის მოულოდნელად, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როზას და ჯენის დღემდე გულწრფელად უკვირთ, რომ მათ ჩანაწერებში ისეთ ქვეტექსტებს ეძებენ და რაც მთავარია, პოულობენ, რომელთა შესახებ თვითონ არც კი უფიქრიათ. აკი აცხადებენ კიდეც,  საერთოდაც არ მივილტვით სიღრმეებისკენო.

ამ მხრივ სწორედ ეს კომპოზიციაა ნიშანდობლივი. ერთი შეხედვით, გოგონები მხოლოდ საკაიფოდ მუზიცირებენ და სხვა არაფერი, მაგრამ ფაქტია, რომ ძალზე საინტერესო და შინაარსიანი ნამუშევარი გამოსდით. ისინი ძალიან კარგად გრძნობენ და ავსებენ ერთმანეთს, რაც ამ ცოცხალ ვიდეოშიც აშკარად ჩანს და ეს სულაც არაა გასაკვირი ამდენი ხნის ურთიერთობის შემდეგ. მათი მუსიკა ელექტრონული ჟღერადობისკენ იხრება, თუმცა, როზა და ჯენი აკუსტიკურ ინსტრუმენტებსაც მშვენივრად ფლობენ, თანაც ერთდროულად რამდენიმეს. მოკლედ, ამ დუეტს ნამდვილად აქვს პერსპექტივა, ამისთვის დროც ბევრი აქვთ, გოგონები ხომ ჯერ ოცი წლისაც კი არ არიან. 

1. Janice Ian - Society’s Child

ჯენის იენმა ეს სიმღერა სულ რაღაც 14 წლის ასაკში დაწერა, 15 წლისამ გამოუშვა და დიდი სკანდალიც გამოიწვია. ორ მოზარდს, თეთრკანიან გოგონასა და შავკანიან ბიჭუნას ერთმანეთი უყვართ, რის გამოც ბიჭს ემუქრებიან, ხოლო გოგოს ყველა შეიძულებს. ბავშვები საზოგადოების მხრიდან წნეხსა და  შეურაცხყოფას ვერ გაუძლებენ და დაშორდებიან - ასეთია მისი მოკლე შინაარსი.

1966 წლისთვის სხვადასხვა რასის წარმომადგენელთა შორის რომანტიკული ურთიერთობები ჯერ კიდევ ტაბუდადებული თემა იყო. ამიტომაცაა, რომ კომპოზიცია გამოსვლისთანავე ნახევარ ამერიკაში აიკრძალა. რადიოსადგურები მის ეთერში გაშვებაზე უარს ამბობდნენ, ხოლო ჯენისს სახალხოდ ლანძღავდნენ, ათასგვარ შეურაცხყოფას აყენებდნენ და მოკვლითაც კი ემუქრებოდნენ. მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, სახელგანთქმული ამერიკელი კომპოზიტორის, ლეონარდ ბერნსტაინის დამსახურებით, რომელმაც პოპ კულტურის შესახებ შექმნილ დოკუმენტურ ფილმში სიმღერა შედევრად გამოაცხადა, Society’s Child რამდენიმე რადიოსადგურის როტაციაში მოხვდა და ცოტა ხანში გაჰიტდა კიდეც. 

ასეთმა პატარა გოგომ ეს სიმღერა როგორ დაწერეო, - გაკვირვებული ეკითხება ბერნსტაინი ჯენისს. თუმცა, ყველაფერი ჯობს თავად ნახოთ და მოისმინოთ.


0. The Langley School Music Project - Space Oddity

ეს ალბომი, ალბათ, ყველაზე საოცარი და კურიოზულია მუსიკის ისტორიაში. ვანკუვერის ერთ-ერთი გარეუბნის, ლენგლის სკოლის ბავშვთა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის უხარისხო, დილეტანტური ჩანაწერი ოფიციალურად მხოლოდ 25 წლის შემდეგ გამოიცა და ნამდვილი ფურორიც მოახდინა.

აშკარაა, რომ ხმის ინჟინერს ამ ალბომზე არ უმუშავია. სიმღერები ფიზკულტურის დარბაზშია ჩაწერილი. მიკროფონები არასწორადაა განლაგებული. ვოკალი თითქოს სხვა სივრციდან ისმის, არათანაბრად, მაგრამ ინტენსიურად. დასარტყამები და ვიბროფონები ზედმეტად ხმამაღლა და მძიმედ ჟღერს. გიტარაც აქტიურობს, სხვა ინსტრუმენტები კი თითქმის არ ისმის. არის შეცდომებიც, როგორც ნამღერში, ასევე დაკვრაში, მაგრამ საბოლოო შედეგი იმდენად ემოციური და დრამატულია, რომ გაოცებას იწვევს. 

ალბომის უდავო მწვერვალია Space Oddity. ასეთი დამაჯერებლობა და ავთენტიკურობა თვით ბოუისთვისაც კი მიუღწეველია. კოსმოსში დაკარგული მაიორ ტომის ფუტურისტული ტრაგედია აშკარად ფერმკრთალდება იმ თავდაუზოგავ სულისკვეთებასთან, რომლითაც ეს  კანადელი ბავშვები არიან გამსჭვალული, გულმოდგინედ რომ ცდილობენ საკუთარი ხმის მთელ სამყაროსთვის მიწვდენას. აკი აღიარა კიდეც ბოუიმ ამ ტრეკის პირველად მოსმენისას, ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია, ასეთი რამ არც კი შემეძლო მომეფიქრებინაო. 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინოლოგია გამოხატავს ავტორის პოზიციას, რასაც, შესაძლოა, რედაქცია არ იზიარებდეს.   

კომენტარები

ბოლოს დამატებული