Thumbnail

8 ხერხი, რომელსაც კეიპოპ არტისტები გასახდომად იყენებენ

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

სამხრეთკორეულ შოუბიზნესში არტისტების სხეულის ფორმებს დიდი ყურადღება ექცევა, მადისაღმძვრელი გარეგნობა აქ წარმატების ერთ-ერთი გარანტია. მუსიკოსებს ჭარბ წონას არავინ პატიობს, ამიტომ ისინიც ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად მზად არიან, მკაცრ და ხშირად ჯანმრთელობისთვის საზიანო გასახდომ საშუალებებსაც მიმართონ. დღეს ყველაზე გიჟური დიეტების შესახებ გიამბობთ, რომლებიც შემსრულებლებს მცირე დროში სასურველი შედეგის მიღებაში ეხმარებათ.

► კეიპოპ არტისტები პლასტიკურ ოპერაციამდე და მას შემდეგ

► კეიპოპის შავბნელი მხარეები

► 5 ყველაზე სექსუალური ვიდეო კეიპოპის ისტორიაში

8. ბანანის დიეტა

პოპ ჯგუფ Jewelry-ის ყოფილი წევრი სო ინ იანგი წონაში დასაკლებ საშუალებებს შორის რეკომენდაციას ბანანის დიეტას უწევს. მუსიკოსმა ამ მეთოდის წყალობით ოთხ კვირაში 6 კილოგრამი დაკარგა. არტისტი დილით მხოლოდ ბანანს მიირთმევდა და დღის განმავლობაში სხვას არაფერს ჭამდა. 

7. ქაღალდის ჭიქის დიეტა

სამხრეთკორეულ შოუბიზნესში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გასახდომი საშუალება ე.წ. ქაღალდის ჭიქის დიეტაა, რომლის ეფექტურობაშიც ჯგუფ Nine Muses-ის წევრები გვარწმუნებენ. გოგონები წონაში დასაკლებად მას ხშირად მიმართავენ. მეთოდის მთავარი საიდუმლო ქაღალდის სამ მომცრო ჭიქაშია, რომლებშიც ჯანსაღ საკვებს, ძირითადად ხილს, ბოსტნეულსა და ხორცს ათავსებენ. მთელი დღის რაციონი მხოლოდ ამ პროდუქტებით შემოიფარგლება. 

6. ერთი პროდუქტის დიეტა

ეს მეთოდი ძლიერ ნებისყოფას მოითხოვს, რადგან, თუ დიეტის დაცვას გადაწყვეტთ, მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი დაბალკალორიული პროდუქტის ჭამა მოგიწევთ. ცნობილია, რომ ჯგუფ Sistar-ის ყოფილმა წევრმა, დასომმა ამ გასახდომი საშუალების დახმარებით, სამ კვირაში 10 კილოგრამის დაკლება შეძლო. მუსიკოსი მხოლოდ კიტრს მიირთმევდა. 

5. საზამთროსა და სალათის ფოთლების დიეტა

სამხრეთკორეელი მომღერალი და ჯგუფ 2NE1-ის ყოფილი წევრი პარკ ბუმი წონაში დასაკლებად საზამთროსა და სალათის ფოთლების დიეტას მიმართავს. სალათის ფურცელი კუჭს ატყუებს, თითქოს საკვებითაა სავსე და შიმშილის გრძნობას კლავს. საზამთრო კი დიდი ოდენობით წყალს შეიცავს, რაც ბუმის თქმით, დანაყრებას უწყობს ხელს. 

4. დანიური დიეტა

ჯგუფ Kara-ს წევრები ნიკოლი და ჯიონგი რეკომენდაციას ე.წ. დანიურ დიეტას უწევენ. გოგონები, პერიოდულად, 13 დღის განმავლობაში პროტეინებით გაჯერებულ პროდუქტებს, ქათმის მკერდსა და ხილ-ბოსტნეულს მიირთმევენ, რაც მათ წონის სწრაფად დაკლებაში ეხმარება.

3. 1,500 კილოკალორიის დიეტა

ეს დიეტა შემდეგი სახეობის პროდუქტებს მოიცავს: 50 გრამი სამკურნალო მცენარეები, ბროკოლის ხუთი ნაჭერი, 150 გრამი ყავისფერი ბრინჯი და 100 გრამი ქათმის მკერდი. გონივრულად დაბალანსებული რაციონის წყალობით, წონაში დაკლება და ფორმის შენარჩუნება იოლია, ამიტომ ჯგუფ Girls' Generation-ის წევრები გასახდომად სწორედ ამ მეთოდს მიმართავენ. 

2. მომაკვდინებელი დიეტა

სამხრეთკორეელმა რითმ-ენ-ბლუზ შემსრულებელმა, ვისონგმა სამ კვირაში 7 კილოგრამის დაკლება ე.წ. მომაკვდინებელი დიეტის საშუალებით შეძლო. მუსიკოსი მხოლოდ შებოლილ ქათმის მკერდსა და დაბალკალორიულ სალათს ჭამდა, რასაც ვიტამინებსა და დიდი ოდენობით წყალს აყოლებდა. შიმშილის გრძნობის შესამსუბუქებლად კი შეზღუდული რაოდენობით ნუშს მიირთმევდა. 

1. ლიმონის დეტოქსიკური დიეტა 

ლიმონის დეტოქსიკური დიეტა იმის გარდა, რომ ეფექტური გასახდომი საშუალებაა, ორგანიზმიდან არასასურველი ნივთიერებების გამოყოფასაც უწყობს ხელს. ამ მეთოდს არაერთი კეიპოპ არტისტი იყენებს, მათ შორის ლი ჰიურიც, რომელიც სამი დღე ლიმონთან ერთად მხოლოდ სამკურნალო მცენარეების ნაყენს მიირთმევდა. 

დიეტოლოგები სტატიაში აღწერილ გასახდომ საშუალებებს რეკომენდაციას არ უწევენ. ამიტომ გახსოვდეთ, თუ მათ გამოყენებას გადაწყვეტთ, შესაძლოა, წონაში კლებასთან ერთად საფრთხე თქვენს ჯანმრთელობას შეუქმნათ. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული