Thumbnail

გრემი მუსიკალური სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვან ჯილდოდ ითვლება, რომლის მიღებაზეც არაერთი არტისტი ოცნებობს. მელომანების გარდა, ცერემონიას თვალს მოდის კრიტიკოსებიც დიდი ინტერესით ადევნებენ, რადგან შთამბეჭდავ პერფორმანსებთან ერთად მომღერლები თავს საკუთარი ჩაცმულობითაც გვამახსოვრებენ.

წელს პრესტიჟული დაჯილდოება 10 თებერვალს ლოს ანჯელესში გაიმართება. მანამდე კი ცერემონიის ისტორიაში ყველაზე გამორჩეულ 25 ჩაცმულობას წარმოგიდგენთ, რომლებმაც ეპატაჟურობით, ორიგინალურობითა და ელეგანტურობით შეძლეს ჩვენი ყურადღების მიქცევა. 

არეტა ფრანკლინი, 1972 წელი

სოულის დედოფალმა, არეტა ფრანკლინმა 1972 წელს რიგით მეექვსე გრემი მოიპოვა. მუსიკოსი დაჯილდოებაზე ოქროსფერი მაქმანებით გაწყობილი წითელი კაბითა და თავსაბურავით გამოჩნდა.

შერი, 1974 წელი

რიგით მე-16 გრემის დაჯილდოებაზე პოპვარსკვლავ შერის ჩაცმულობამ ყურადღება მალევე მიიქცია. მისმა მინიმალისტურმა სამოსმა მომღერლის სხეულის ფორმებს ხაზი იდეალურად გაუსვა.

გრეის ჯონსი, 1983 წელი

ლეგენდარული იამაიკელი მუსიკოსი და სუპერმოდელი, გრეისი ჯონსი 1983 წლის გრემის დაჯილდოებაზე ყველაზე შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. არაორდინარული თავსაბურავითა და ტყავის კაბაში გამოწყობილი ჯონსი მნახველებზე დღესაც დიდ ეფექტს ახდენს. 

მაიკლ ჯექსონი, 1984 წელი

პოპის მეფე რიგით 26-ე გრემის ცერემონიის ტრიუმფატორი გახდა. მან რვა ჯილდოს მოპოვება შეძლო. ღონისძიებაზე ლეგენდარული არტისტი სათვალით, საფირმო თეთრი ხელთათმანითა და სამხედრო ფორმით შთაგონებული მბრწყინავი პიჯაკით მივიდა. მისი ჩაცმულობა ჯექსონის შემდგომი იმიჯის განუყოფელი ნაწილი გახდა. 

უიტნი ჰიუსტონი, 1986 წელი

უიტნიმ 1986 წელს პირველი ოქროს გრამოფონი მიიღო. ცერემონიაზე ის სადა ცისფერი კაბით გამოჩნდა. 

სელინ დიონი, 1993 წელი

26 წლის წინ კანადელმა სუპერვარსკვლავმა, სელინ დიონმა პირველი გრემი მოიპოვა. ეს თარიღი მომღერლის კარიერაში გამორჩეული აღმოჩნდა, რადგან ოქროს გრამოფონთან ერთად არტისტმა შავი ნაქსოვი გამჭვირვალე კაბით მედიის ინტერესი დაიმსახურა.

მადონა, 1999 წელი

1999 წლის გრემიზე პოპის დედოფალი "კოკა-კოლას" ქილითა და ჟან-პოლ გოტიეს წითელ კიმონოში გამოწყობილი მივიდა. 

ბრიტნი სპირსი, 2000 წელი

19 წლის წინ ბრიტნი გრემიზე პირველად წარადგინეს. იმის მიუხედავად, რომ არტისტი სახლში ხელცარიელი დაბრუნდა, "ოსკალ დე ლა რენტას" თეთრი კაბის დამსახურებით მან თავი ყველას დაამახსოვრა. 

ჯენიფერ ლოპესი, 2000 წელი

რიგით 42-ე გრემიზე ჯენიფერი დონატელა ვერსაჩეს დიზაინით შექმნილ კაბაში გამოჩნდა. იმავე წელს სამოსი ინგლისის ქალაქ ბასში მდებარე მოდის მუზეუმში გამოფინეს.

კრისტინა აგილერა, 2001

ამერიკელმა სუპერვარსკვლავმა 2001 წლის გრემიზე ფოტოგრაფების ყურადღება თრიშა სამერვილის ელეგანტური კაბით მიიქცია.

Destiny's Child, 2001 წელი

90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფის წევრების ჩაცმულობაზე კოლექტივის ლიდერის, ბიონსეს დედამ, თინა ნოულსმა იზრუნა.

ტონი ბრექსტონი, 2001 წელი

ავსტრალიელი დიზაინერის, რიჩარდ ტეილორის მიერ შექმნილ თეთრ კაბაში გამოწყობილმა ტონი ბრექსტონმა წითელ ხალიჩაზე ნადვილი ფურორი მოახდინა.

M.I.A, 2009 წელი

მაშინ, როდესაც არტისტები თავს ცნობილი დიზაინერების კაბებით იწონებდნენ, მუსიკოსი M.I.A ცერემონიაზე House of Holland-ის კომფორტული სამოსით მივიდა. წითელ ხალიჩაზე ინგლისელის გამოჩენამ დიდი რეზონანსი გამოიწვია. არაერთმა გამოცემამ კი რეპერი გრემის ისტორიაში ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმულ ვარსკვლავებს შორის დაასახელა.

ლედი გაგა, 2010 წელი

ამერიკელი სუპერვარსკვლავი წითელ ხალიჩაზე ფოტოგრაფების ყურადღებას ყოველთვის იქცევს. გამონაკლისი არც 2010 წელი ყოფილა. ცერემონიას ის Armani Privé-ის ეპატაჟურ კაბაში გამოწყობილი დაესწრო.

სინდი ლოპერი, 2012 წელი

59 წლის პოპვარსკვლავმა, სინდი ლოპერმა 2012 წლის გრემის დაჯილდოებისთვის ჟან-პოლ გოტიეს ელეგანტური კაბა შეარჩია.

რიანა, 2013 წელი

ბარბადოსელი გრემის დაჯილდოებაზე აზედინ ალაიას წითელ კაბაში გამოწყობილი მივიდა.

ბიონსე, 2014 წელი

5 წლის წინ ბიონსე ღონისძიებაზე მაიკლ კოსტელოს კაბაში ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. 

კეტი პერი, 2014 წელი

რიგით 56-ე გრემის ცერემონიაზე კეტი პერიმ თავი "ვალენტინოს" კაბით დაგვამახსოვრა.

ჯენიფერ ლოპესი, 2014 წელი

ენტონი ვაკარელოს შავ კაბაში ჯეილო სექსუალურად გამოიყურებოდა.

მადონა, 2015 წელი

"ჟივანშის" პროვოკაციულ სამოსში გამოწყობილმა მადონამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ წლები ვერაფერს აკლებს.

რიანა, 2015 წელი

რიანამ ჟანბატისტა ვალის ვარდისფერი კაბით ფოტოგრაფების ყურადღება მალევე მიიქცია.

ლედი გაგა, 2016 წელი

რიგით 58-ე გრემის დაჯილდოებაზე ლედი გაგამ 2016 წელს გარდაცვლილი დევიდ ბოუის პატივსაცემად Ziggy Stardust-ით შთაგონებული მარკ ჯეიკობსის კაბა მოირგო.

ბიონსე, 2017 წელი

დიზაინერ პიტერ დუნდასის მიერ შექმნილ ოქროსფერ კაბაში ბიონსე დედოფალს ჰგავდა.

ლედი გაგა, 2018 წელი

გრემის მე-60 საიუბილეო დაჯილდოებაზე გაგა Armani Prive-ის შთამბეჭდავ კაბაში გამოწყობილი გამოჩნდა.

ლანა დელ რეი, 2018 წელი

ლანა დელ რეის ცერემონიაზე ალესანდრო მიკელეს მიერ შექმნილი "გუჩის" საღამოს კაბა ეცვა.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული