Thumbnail

"თუ მოვკვდები, ამ ჩემს ***ს, 
მე მაინც არავინ არ მომიგონებს". 

შავი პრინცი

შავი პრინცი ქართული ჰიპ ჰოპის ერთი-ერთი პიონერია. 1971 წელს ქალაქ ქუთაისში დაბადებულმა აკაკი ბაბუნაშვილმა ჟანრში უნიკალური სტილი და ჟღერადობა დაამკვიდრა. მისი კომპოზიციების სახასიათო, მელოდიური მისამღერები კი გულგრილს დღემდე არავის ტოვებს.

► ჰიპ ჰოპ არტისტი შავი პრინცი გარდაიცვალა

ამ სტატიით გვინდა 4 თებერვალს 47 წლის ასაკში გარდაცვლილი მუსიკოსის მდიდარი და საინტერესო შემოქმედება კიდევ ერთხელ გავიხსენოთ.

შავი პრინცის სცენაზე გამოსვლის პირველი კადრები, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია 1991 წლით თარიღდება. მუსიკოსი, რომელსაც მეგობრები საბჭოთა კომედიური ფილმების ერთ-ერთ პერსონაჟთან მსგავსების გამო შურას ეძახდნენ, მაყურებლთა წინაშე ქართული ჰიპ ჰოპის კიდევ ერთ პიონერის, გიგა ერისთავის, იგივე ბაჯუს ჯგუფის შემადგენლობაში წარდგა.

1993 წელს შავმა პრინცმა ჰიპ ჰოპ კოლექტივი "ძებნილები" ჩამოაყალიბა, რომელშიც მასთან ერთად რეპერები ფრედო, სმოკი, მასტი და დიჯეი ჯადო შედიოდნენ. 1995 წელს მათ რიგებს მეგოტი დაემატა, ახალი საუკუნის დასაწყისში კი არტისტებს ჯერონიმოც შეუერთდა.

1995-96 წლებში შავმა პრინცმა "ძებნილებთან" ერთად სადებიუტო ალბომი ჩაწერა, რომელიც 1999 წელს სახელწოდებით "იძებნება" გამოიცა. ამ ნამუშევარს მსმენელი ასევე მასში შესული ერთ-ერთი კომპოზიციის სახელით "დაამტვრიე როკი" იცნობს.

10 კომპოზიციისგან შემდგარი ჩანაწერი პირველი სრულყოფილი სტუდიური ალბომია ქართული რეპის ისტორიაში. ის კლასიკური ჰიპ ჰოპისთვის დამახასიათებელი სტრუქტურით გამოირჩევა. ალბომი ტრადიციისამებრ ინტროთი იხსნება, შეიცავს სკიტს და ტრეკის "ბაბე" ალტერნატიულ ვერსიას. ნამუშევრის გამორჩეული ჩანაწერებია "ქუჩის ბიჭი" და "შიმშილი".

შავი პრინცი - იძებნება [სრული ალბომი] 

თუ შავი პრინცის და "ძებნილების" პირველი ალბომი 80-იანების დასასრულის ნიუ იორკული ჰიპ ჰოპისთვის ჩვეული ხისტი ჟღერადობით გამოირჩეოდა, მომდევნო ნამუშევარში გაცილებით მელოდიური და ჩამთრევი ინსტრუმენტალის მქონე კომპოზიციები გაერთიანდა. ჩანაწერზე სახელწოდებით "მინდოდა მეთქვა" მუსიკოსებმა 2000-იანების დასაწყისში იმუშავეს, თუმცა, ალბომმა დღის სინათლე მხოლოდ 2004 წელს იხილა.

ძებნილები და ჯერონიმო - მინდოდა მეთქვა [სრული ალბომი]

ჩანაწერის გამორჩეული კომპოზიციებია "აღარ მინდა შენთან", "მინდოდა მეთქვა" და, რა თქმა უნდა, "ჩემი ძმები", რომლითაც 2000-იანი წლების დასაწყისში შავი პრინცი, ჯერონიმო და ძებნილთა კლანი იმ ადამიანებმაც კი გაიცნეს, ჰიპ ჰოპით ნაკლებად რომ ინტერესდებოდნენ. ეს არტისტის პირველი ჰიტი იყო, რომელმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი არა მხოლოდ მისი შემოქმედების, არამედ ზოგადად ქართული რეპის პოპულარიზაციას. 

ძებნილები და ჯერონიმო - ჩემი ძმები

2003 წელს შავმა პრინცმა "ძებნილების" შემადგენლობა დატოვა და სოლო კარიერა დაიწყო. ამავე წელს არტისტმა თბილისელ რეპერ ჯოკერთან ერთად კოლაბორაციული ალბომი "ორი რეპერი" გამოუშვა.

შავი პრინცი და ჯოკერი - ორი რეპერი [სრული ალბომი]

სწორედ ამ ჩანაწერშია შესული მუსიკოსის ჰიტები "ავიარე-ჩავიარე" და "მუღამი მაქვს შენი", რომლებზეც გადაღებულმა ვიდეოკლიპებმა შავი პრინცის პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა. 

შავი პრინცი - ავიარე-ჩავიარე

კომპოზიციაში "მუღამი მაქვს შენი" რეპერმა მექსიკელი მუსიკოსის, კონსუელო ველასკესის მიერ 40-იან წლებში ჩაწერილი სიმღერის Bésame Mucho სემპლი გამოიყენა, ვიზუალური ნამუშევარი კი 90-იანი წლების კალიფორნიული ჰიპ ჰოპის ესთეტიკაში გადაწყვიტა. 

შავი პრინცი & ჯოკერი - მუღამი მაქვს შენი 

პირველ კოლაბორაციულ ალბომს 2004 წელს არტისტების მეორე ერთობლივი ჩანაწერი მოჰყვა. "სიზმარში" - ასე ერქვა ნამუშევარს, რომელშიც შავი პრინცის კიდევ ერთი გამორჩეული კომპოზიცია "ორი რეპერი" შედის.   

შავი პრინცი & ჯოკერი - სიზმარში [სრული ალბომი]

2004 წელსვე შავი პრინცის კიდევ ერთი მუსიკალური ვიდეო "მეგობარი ქალი" გამოდის, რომელიც რეპერ ამიკოსთან ერთადაა ჩაწერილი. 

შავი პრინცი & ამიკო - მეგობარი ქალი

მუსიკოსის პირველ სრულფასოვან სოლო ნამუშევრად ალბომი "ბანდიტო" შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომელშიც "ძებნილების" სადებიუტო ჩანაწერში გაერთიანებული კომპოზიციების განახლებული ვერსიები და რამდენიმე ახალი ტრეკი, მათ შორის ყველასთვის კარგად ცნობილი "მი ბანდიტო" შევიდა. 

შავი პრინცი - მი ბანდიტო

მომდევნო წლებში გამოცემული შავი პრინცის ნამუშევრებიდან აღსანიშნავია კომპოზიცია "მე ქუთაისელი ვარ", რომელიც რეპერის მიერ კარიერის განმავლობაში შექმნილი 17 ტრეკისგან შემდგარ კომპილაციურ ჩანაწერში "ქუთაისელი" არის წარმოდგენილი. 

შავი პრინცი - მე ქუთაისელი ვარ

2000-იანი წლების მეორე ნახევარში შავი პრინცი აქტიურ სასცენო მოღვაწეობას ჩამოშორდა და საკუთარ სტუდიაში ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტების ნამუშევრების პროდიუსინგს მიჰყო ხელი. თუმცა, 2012 წელს თაყვანისმცემლებს ახალი ფსევდონიმით Prince P დაუბრუნდა და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის სატელევიზიო შოუებში მიიღო მონაწილეობა. 

2018 წელს კი რადიო "ფორტუნა პლუსის" გადაცემაში Exclusive Live მუსიკოსმა ბენდთან ერთად სამი კომპოზიცია "გრილი", "ბოლომდე მენდე" და "მოდი, ჰო, მოდი" შეასრულა.

შავი პრინცი - Exclusive Live

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული