Thumbnail

ქართული ჰიპ ჰოპი ოთხმოცდაათიან წლებში ქუთაისში ჩაისახა და ნელ-ნელა მთელ ქვეყანაში გავრცელდა. მუსიკალური ჟანრი, რომელიც ბოლო პერიოდში უფრო და უფრო პოპულარული ხდება, არც ადრე უჩიოდა თაყვანისმცემელთა სიმცირეს. ჩვენს სიაში სწორედ გასული საუკუნის დასასრულსა და ახლის დასაწყისში მოღვაწე არტისტებს და მათ მიერ შექმნილ ათ კომპოზიციას გავიხსენებთ.  

ნახე სრული ფლეილისტი

ავტორების იუმორნარევი ტონის მიუხედავად, ნუ იფიქრებთ, რომ ამ, გარკვეული თვალსაზრისით, კლასიკური ჩანაწერების მნიშვნელობას ოდნავ მაინც ვაკნინებთ. ტრეკების ნუმერაციაც პირობითია, რადგან თითოეული ძალიან გვიყვარს და მათი ერთმანეთისგან გამორჩევა ჩვენთვის ნამდვილად წარმოუდგენელია. 

10. ბაჯუ - Ninja

ოთხოცდაათიანების დადგომასთან ერთად ჰიპ ჰოპმა ბრონქსის პირქუში ჯურღმულებიდან სავარდო და სამაისო ქუთაისის ლამაზ ქუჩებში ამოყო თავი. 1991 წელს ბაჯუს ფსევდონიმით ცნობილმა გიგა ერისთავმა მამაქალაქში პირველი რეპ პერფორმანსები გამართა. ამგვარად, ქართული პანკისა და ელექტრონული მუსიკის პიონერმა, რომელიც ოდესღაც ანსამბლ "ფაზისის" შემადგენლობაში ჯაზ-როკითაც ირთობდა თავს, ჩვენს ქვეყანაში კიდევ ერთი ჟანრის ისტორიას ჩაუყარა საფუძველი.

9. ბებერი - დუმდა 

სანამ ჟანრის უცხოელი სუპერვარსკვლავები საკუთარ ვიდეოკლიპებს მოკლემეტრაჟიან ფილმებს დაამსგავსებდნენ, რევაზ მორჩილაძე, სასცენო სახელით ბებერი, იმერეთის მღვიმეებიდან მწვავე სოციალური პრობლემებისადმი მიძღვნილი ვიზუალური ნამუშევრებით გვანებივრებდა. თუმცა, არტისტის ნოვატორობა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებოდა. მან ჰიპ ჰოპის თანამედროვე ტენდენციებს წლებით გაუსწრო და მამბლ რეპის პიონერადაც მოგვევლინა, რაც, სავარაუდოდ, თავად მუსიკოსისთვის დღემდე უცნობია.

8. ექსცესი - განკითხვის დღე 

ჰიპ ჰოპ კოლექტივ "ექსცესის" წევრები პირველივე კონცერტზე მსმენელთა წინაშე ყველა იმდროინდელი ქართველი მუსიკოსისგან განსხვავებული იმიჯით, შავი ანაფორებით წარდგნენ. არტისტების ექსცენტრიკულობა ამით არ ამოწურულა. მუზა, მემო და ამპულა უარს აცხადებდნენ მედიისთვის ინტერვიუს მიცემაზე და არ იღებდნენ ფოტოსურათებს, რომლებშიც მათი სახის ცნობა იქნებოდა შესაძლებელი. 2000 წელს კი ჯგუფმა სკანდალური ვიდეორგოლი "განკითხვის დღე" შემოგვთავაზა, რომლის საწყის კადრებში რეპერები ჯვრებზე გაკრულები ეშვებოდნენ სცენაზე.

7. შავი პრინცი - ბაბე

თითქმის ორი ათეული წლის წინ, ჯერ კიდევ იქამდე, სანამ ბრონქსელ ქარდი ბისა და ქუინსელ ნიკი მინაჟს შორის ჰიპ ჰოპის დედოფლის ტახტისთვის დაუნდობელი ბრძოლა გაჩაღდებოდა, შავ პრინცად წოდებულმა აკაკი ბაბუნაშვილმა ეს საპატიო ტიტული მშობლიურ ბალახვანში საკუთარ სატრფოს, ბაბეს მიანიჭა. "ჩაიცვი, ჩაიცვი შავები და გაიკრასკე თვალები", - რეპავს ბაჩოს ჯიპში თავმომწონედ მოკალათებული არტისტი და გულისსწორს პაემანზე ეპატიჟება.

6. ლექს-სენი - გესმოდეს ft. თიკო

ქართული ჰიპ ჰოპის სუპერვარსკვლავმა, ლექსო ქავთარაძემ, იგივე ლექს-სენმა, თიკოსთან ერთად ბასთა რაიმსისა და მერაია ქერისგან ესტაფეტა ღირსეულად გადაიბარა და 2004 წელს უკვდავი ჰიტი "გესმოდეს" შექმნა. მელანქოლიური კომპოზიცია, რომელიც შეყვარებული წყვილის განშორების ამბავს მოგვითხრობს, იმდროინდელ საქართველოში გულგატეხილი თინეიჯერების უძილო ღამეების საუნდტრეკად იქცა.

5. ბებერი და ჯერონიმო - ფიქრობს 

ოცი განსხვავებული ხმისა და ამდენივე მოაზროვნე თავის ერთ კლიპში შეკრება, ერთი შეხედვით, შეუსრულებელი მისიაა, რომელიც საკუთარ თავზე ანზორ ჩიხლაძემ, იგივე ჯერონიმომ და თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობმა ბებერმა იტვირთეს. ქუთაისელმა რეპერებმა ამ რთულ ამოცანას წარმატებით გაართვეს თავი და ქართული ჰიპ ჰოპის ისტორიაში ერთ-ერთი პირველი ვიდეორგოლიც გვისახსოვრეს.

4. Emkay - უცხო გზა

ქართველი გოგონების გულთამპყრობელი მიხეილ კახიანი, ფსევდონიმით ემქეი, თავის მელანქოლიურ კომპოზიციებზე ძირითადად ანიმაციურ ვიდეოკლიპებს ქმნიდა. ხავერდოვანი ინსტრუმენტალებითა და სენტიმენტალური ლირიკით გამორჩეული არტისტის ყველაზე ცნობილი ნამუშევარი 2004 წელს გამოსული "უცხო გზაა", რომელიც, სხვათა შორის, Gorillaz-ის ჰიტის, Stylo-ს გამოსვლამდე მთელი ექვსი წლით ადრე გავრცელდა. სირცხვილი და თავის მოჭრა დეიმონ ალბარნს.

3. კაბუ - ვის კლავ შენ?

პირველი თაობის ქართველი რეპერები არასდროს გაურბოდნენ სოციალური პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას. სამამულო ჰიპ ჰოპის გამორჩეული წარმომადგენელი კახა აბუაშვილი, სასცენო სახელით კაბუ, ამ კომპოზიციით იმდროინდელი მსოფლიოს წინაშე მწვავედ მდგომ პრობლემას, შიდსის ეპიდემიას ეხმაურებოდა და დაავადების პრევენციის მიზნით, კონტრაცეპტივების გამოყენებისა და ინტრავენული ნარკომანიისგან თავის შეკავებისკენ მოგვიწოდებდა.

2. ბედინა - მე ვარ სექსი ბიჭი

ვეტერანი ვორონცოველი ჰიპ ჰოპ არტისტი მიხეილ ბედინაშვილი ამ კომპოზიციის პირველივე წამებიდან გვარწმუნებდა თავის უსაზღვრო მამაკაცურ შარმსა და მომხიბვლელობაში. რეპერის სატელევიზიო ინტერვიუებიდან ამოჭრილი კადრებითა და უცნობი ლამაზმანებისთვის ტროპიკული ხილის შეთავაზების თამამი სცენებით შეკოწიწებული ვიდეორგოლი კი, სავარაუდოდ, იმ ლეგენდარული კომპიუტერის საშუალებითაა დამონტაჟებული, რომელიც ბედინას ხაშურში კონცერტის ჩატარების შემდეგ კუთვნილი ჰონორარის ნაცვლად გადასცეს.

1. ძებნილები - ჩემი ძმები ft. ჯერონიმო

"შავი პრინცის ძმები, ძებნილები და ჯერონიმოოო..." აყევით, არა? დიახ, ეს სწორედ ის კომპოზიციაა, რომელიც თავის დროზე მესამე ათასწლეულის დადგომასთან ერთად დაანონსებული მეორედ მოსვლის ნაცვლად შეგვრჩა ხელთ. ჩვენც სხვა რა გზა გვქონდა, ტექსტი დავისწავლეთ და დღემდე ბოლო სიტყვამდე ზეპირად გვახსოვს. ასე რომ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც საქმე მართლაც ნამდვილ კლასიკასთან გვაქვს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული