Thumbnail

მუსიკალური პუბლიცისტის, გია ხადურის საავტორო რუბრიკა. 

ნახე სრული ფლეილისტი

10. D.U.D.S - Four (Paxton)

ამ ჯგუფის წლევანდელი ალბომიდან Immediate მხოლოდ რამდენიმე ტრეკი მაქვს მოსმენილი. იუთუბზე მარტო ერთი დევს, ისიც ყველაზე მოკლე, 55-წამიანი, თუმცა, იმდენად მოხიბლული ვარ მათი მუსიკით, რომ ცდუნებას ვერ გავუძელი და სიაში შევიყვანე.

ბენდის შემოქმედება ნიუ იორკული "ნოუ ვეივის"  თანამედროვე მანჩესტერული ანარეკლია. კონტროვერსი და ნეგატივი აქ უკუგდებულია. სამაგიეროდ, ბევრია ხალისი და ირონია. ერთადერთი, რაც მუსიკოსებმა წინამორბედებისგან თითქმის უცვლელად გადმოიტანეს, არის სიმღერის ფორმატი. ალბომში შესული კომპოზიციების ქრონომეტრაჟი ორნახევარ წუთს არ აღემატება, მაგრამ ისინი მაინც ყველაფერს ასწრებენ. ჩვენს დროში კი ამ უნარის ქონა ცოტა ნამდვილად არ არის. 

9. Haru Nemuri - Haru to Shura

დარწმუნებული არ ვარ, ასე ჰქვია თუ არა ამ კომპოზიციას. ტრეკლისტში, რომელიც მხოლოდ იაპონური იეროგლიფებით მოვიპოვე, მისი სახელწოდებაა 春と修羅. ზუსტად ასე გამოიყურება ალბომის სათაურიც, რომელიც ინგლისურ ენაზე ჟღერს როგორც Haru to Shura. 

საოცრად ექსპანსიური ტრეკია. ჯეი პოპის ჟღერადობასთან კომბინაციაში ჰარუ ნემურის ვოკალი ძალზე დამაჯერებლად ჟღერს. თუმცა, ნამუშევრის მთავარი ინტრიგა იმაში მდგომარეობს, რომ პაპსავიკური აკუსტიკური გარსის მიუხედავად, მასში აშკარად იგრძნობა ფარული, იატაკქვეშა ვნებები. ეს კი დღეს ძალიან ფასობს, რადგანაც თანამედროვე მუსიკაში უმთავრესად პირიქით ხდება. სხვათა შორის, არაერთმა გამოცემამ ეს სტუდიური ჩანაწერი წლის საუკეთესო იაპონურ ალბომადაც კი გამოაცხადა, რაც ნამდვილად არ მიკვირს.

8. Samba Toure - Wande

ძალიან უცნაურ შთაბეჭდილებას ტოვებს როგორც მთლიანად ალბომი, ასევე ეს კომპოზიცია, რომელიც საუკეთესოა ჩანაწერში. მალელი მუსიკოსის, სამბა ტურეს მუსიკა ერთი შეხედვით არქაულად ჟღერს, მაგრამ მალევე ხვდები, რომ ასეთი ბლუზი, განსხვავებული, ახლებური ნარატივით, ჯერ არ მოგისმენია. 

Wande-ში შინაგანი განწყობა განაპირობებს მარშრუტს, საითკენაც უნდა წავიდეს მუსიკა. ის, თითქოს, მოსაწყენია, მაგრამ ამავდროულად სიურპრიზებითაა სავსე. აშკარაა, რომ 21-ე საუკუნეში ბლუზმა მალიში ახალი სიცოცხლე შეიძინა. ეს ჟანრი ხომ ამერიკაშიც იმ ადამიანების დამსახურებით იშვა, რომლებიც ერთ დროს ამ აფრიკული ქვეყნის ტერიტორიაზე სახლობდნენ.

 7. Eartheater - Inclined

ყოველთვის  საინტერესოა, როდესაც ვიზუალური არტისტები ან პერფორმერები მუსიკის კეთებას იწყებენ. მათი მიდგომებია განსხვავებული და იმიტომ. რა თქმა უნდა, ხარისხიანი ნამუშევრის შესაქმნელად ხელოვანს ელემენტარული უნარ-ჩვევები უნდა გააჩნდეს და სიტუაციასაც არაორდინარულად აფასებდეს. სწორედ ასეთია ნიუ იორკელი ალექსანდრა დრიუჩინი. 

ელექტრონული ჩხირკედელაობის გარდა, Eartheater ინსტრუმენტებსაც მშვენივრად ფლობს და საკმაოდ ორიგინალურადაც მღერის. მისი ალბომი Irisiri უაღრესად დამაინტრიგებლად ჟღერს, Inclined კი იმიტომ მომწონს, რომ ყველაზე ნაკლებად ჰგავს მუსიკოსის ნამუშევარს. მისი აკუსტიკური ელემენტები ცალ-ცალკე შეიძლება არაფერ ღირებულს არ წარმოადგენდეს, მაგრამ ალექსანდრას ვოკალის უცნაურ ტრაექტორიებს ისეთ ფუტურისტულ გარემოში გადავყავართ, რომ ძნელია, ცდუნებას გაუძლოს კაცმა. და კიდევ, კომპოზიცია ზუსტად მაშინ მთავრდება, როცა მობეზრებას იწყებს. ესეც ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ამ ტრეკით მოვიხიბლე.

6. Rosalía - Que No Salga La Luna

როზალიას წლევანდელი ალბომი El Mal Querer ჩემი უპირობო ფავორიტია. შემსრულებელმა არენბის, ნეო სოულისა თუ ჰიპ ჰოპის ესთეტიკა საოცრად ორგანულად მოარგო ესპანურ მუსიკალურ სენსიტიურობას და ეს პატარა ამბავი ნამდვილად არ არის, მაგრამ არის მეორე მომენტიც, რამაც განაპირობა კიდეც ჩემი არჩევანი. არტისტმა უაპელაციოდ და გაბედულად შეაბიჯა სივრცეში, რომელთანაც მიკარებას დღემდე ცოტა თუ ბედავდა. 

საუბარია ფლამენკოზე, უფრო სწორად მის უძველეს და ყველაზე სუფთა პლასტზე - კანტე ხონდოზე ანუ "ღრმა სიმღერაზე". როზალიას მიერ ფლამენკოს სიღრმისეული ცოდნა არანაირ ეჭვს არ იწვევს, მაგრამ სახეზეა მისი მკრეხელობაც. კანტე ხონდოს რევიზია, მოდერნიზაცია, გაპაპსავება არ შეიძლება. კანტე ხონდოში მთავარია დუენდე. ხოლო ის, თუ რა არის დუენდე, უმჯობესია,  ფედერიკო გარსია ლორკას წერილში ნახოთ და მყისვე ყველაფერი ნათელი გახდება.

5. SOPHIE - Infatuation

სოფის ალბომი Oil of Every Pearl's Un-Insides წლის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი არა მხოლოდ იმის გამოა, რომ ძალზე ორიგინალურად ჟღერს, უამრავი მახვილგონივრული აკუსტიკური ნიუანსითაა გაჯერებული და თითქმის ყველა ტრეკი ფორმისა თუ ჟღერადობის თვალსაზრისით უაღრესად დახვეწილია, არამედ პირველ რიგში იმიტომ, რომ აქ ზედაპირზე რეალური, ადამიანური ემოციები და ვნებებია ამოწეული. 

დღეს ახალი ფორმებისა და საუნდის ძიებაში ხშირად იკარგება მთავარი - ის, თუ რატომ აკეთებს არტისტი მუსიკას, რა არის მისი მოტივაცია და იმპულსი. სოფის გულწრფელობა ამ მხრივ მართლაც გასაოცარია. ყბადაღებული აქტუალურობა საერთოდ რომ დავივიწყოთ, სიმღერები გავაშიშვლოთ და მარტივი აკუსტიკური ფორმით წარმოვიდგინოთ, არცერთი ტრეკი ამით არ გაუფერულდება და ძალას არ დაკარგავს. შინაარსის დომინირება ფორმასა და ჟღერადობაზე ყველაზე მკაფიოდ სწორედ ამ კომპოზიციაში ჩანს. და კიდევ ის ჩანს, რატომ არის უხერხული, რომ სოფის ამ ნამუშევარს პროდუქტი ვუწოდოთ.

4. Elio Martusciello - Quando ci vediamo ti spiego tutto

ეს ელექტრონული ალბომი იმიტომ მომწონს, რომ განსწავლული კომპოზიტორის ხელი ეტყობა. მართალია, Incise-ში კონკრეტული მუსიკისა და გლიჩის გავლენა იგრძნობა, მაგრამ ვერანაირ სემპლებს, ლუპებს, ემბიენთობანას და ბითმეიქერობას აქ ვერ შეხვდებით. ნამუშევარი, ფაქტობრივად, სხვადასხვა მომღერალ ქალთან კოლაბორაციით ჩაწერილი სიმღერების ციკლია. მათგან განსაკუთრებით ეფექტური ბარბარა დე დომინიკისთან ერთად შექმნილი სეგმენტია, მაგრამ მე მაინც ეს ტრეკი ვარჩიე, რადგან მასში განსაკუთრებით მკაფიოდ ვლინდება ელიო მარტუსკიელოს კომპოზიტორული უნარები.

აქ არის მიკროიმპროვიზაციის ელემენტიც, ეფექტურად გამოყენებული კოლაჟის ტექნიკაც, ხოლო იქიდან გამომდინარე, თუ როგორ მანიპულირებს ელიო ტემბრით, ისიც ნათელი ხდება, რა საფუძვლიანად აქვს ამ კაცს შესწავლილი ბგერის ფიზიკური მახასიათებლები. და კიდევ, ეს ტრეკი მკაფიოდ აფიქსირებს, რა განსხვავებაა ე.წ. ექსპერიმენტალსა და საკომპოზიციო ტექნიკას შორის.

3. Lonnie Holley - I Woke Up in a Fucked-up America

ლონი ჰოლისთვის მუსიკა მისი არტ აქტივობის ერთ-ერთი ნაწილია, თანაც არა მთავარი, რადგან სადებიუტო ალბომი მხოლოდ 2012 წელს, 60 წლის ასაკში გამოუშვა. არადა ლონი, კარგ მხატვართან ერთად, ბრწყინვალე მუსიკოსიცაა და მისი სამივე სტუდიური ნამუშევარი ერთიმეორეზე უკეთესია. ეს კომპოზიცია კი, ჩემი აზრით, ნამდვილი მოვლენაა და აქ მარტო მუსიკაში არ არის საქმე.

68 წლის ასაკში გადაუჯოკრო ყველას მეამბოხეობასა და ნონკომფორმიზმში სახუმარო ამბავი ნამდვილად არ არის. ეს ჩანაწერი იმ ქაოსის და ბაკხანალიის კვინტესენციაა, რომელიც არა მარტო მატერიალურ სამყაროში, არამედ ადამიანების თავებსა და ცნობიერებაში ხდება. ლონი ამერიკელია და ამერიკაზე მღერის, მაგრამ აქ აკუსტიკური დისკომფორტი და დინების წინააღმდეგ ცურვაა მთავარი და არა ტექსტი ან ფორმატი, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, გულუბრყვილო ობივატელისთვის განკუთვნილ საპროტესტო ჩუპა-ჩუპსს მივიღებდით. დაახლოებით ისეთს, როგორიცაა ჩაილდიშ გამბინოს Тhis Is America. 

2. Ammar 808 - Sidi Kommi ft. Mehdi Nassouli

Ammar 808 ტუნისელი ელექტრონური მუსიკოსი სოფიან ბენ იოსეფია, Maghreb United კი მისი სადებიუტო ალბომი. ასეთი მომაჯადოებელი ეთნო-ტექნო ცხოვრებაში არ მომისმენია. ამ პროექტისთვის არტისტმა ტუნისელი, ალჟირელი და მაროკოელი შემსრულებლები შეკრიბა და მათთან ერთად ძველისძველი ეთნიკური სიმღერები ჩაწერა, შემდეგ კი ტრეკები ბასებითა და ბითებით დაამძიმა. არასდროს მიწვალია ამდენი კომპოზიციის არჩევისას, თუმცა, ბოლოს მაროკოელ მეჰდი ნასულისთან კოლაბორაციით შექმნილი Sidi Kommi ავარჩიე.

სიტყვებით იმის გადმოცემა, თუ როგორ თანდათან იძაბება აკუსტიკური ნაკადი, როგორ იმატებს ინტენსივობა მაროკოული ქოროსა და ბას-ბითებში გადახლართული ციკლური ეთნო ინსტრუმენტალის ხარჯზე, საკმაოდ რთულია. ამ ქვეყნის ტრადიციული მუსიკა - გნავა დედამიწის ზურგზე, ალბათ, ყველაზე ტრანსული, სპირიტუალური და ექსტატურია. Ammar 808 კი ულტრათანამედროვე ჟღერადობის ჩანაწერის შექმნას ისე ახერხებს, რომ სრულად ინარჩუნებს საწყისი მასალის ავთენტიკურობას.

1. Pierre Bastien & Cabo San Roque - Kinetic Folkways

არ ვარ დარწმუნებული, რამდენად სწორია სიის პირველ ადგილზე 20-წუთიანი ტრეკის გაყვანა, მაგრამ ამ ნამუშევრის იგნორირება არ მინდოდა, სხვა პოზიციაზე კი ვერ მოვახვედრებდი. პიერ ბასტიენი, იმის გარდა, რომ კომპოზიტორი და ინსტრუმენტალისტ-იმპროვიზატორია, მექანიკურ-კინეტიკური მუსიკალური მანქანების გამომგონებელიცაა. სწორედ ეს მოწყობილობები ქმნიან მისი კომპოზიციების აკუსტიკურ ჩონჩხს, რომელზეც შემდეგ ბასტიენი იმპროვიზირებს, უმეტესად საყვირზე ან ტრომბონზე. ამავე გზას ადგას კატალონიური კოლექტივი Cabo San Roque, ასე რომ, მათი კოლაბორაცია მოსალოდნელი იყო.

"მექანიკური" მიდგომის მიუხედავად, მუსიკოსების თანამშრომლობის შედეგად უაღრესად მსუბუქი და ადეკვატური ნამუშევარი მივიღეთ. ეს არის ავანგარდი ადამიანური სახით, რომლის მოსმენა სულაც არ მოითხოვს გმირულ ძალისხმევას. ტრეკის ანოტაციის თანახმად, ეს არის "სამმოქმედებიანი პატაფიზიკური ექსპერიმენტი, წარმოდგენილი ჰუმანოიდი და მექანოიდი შემსრულებლების მიერ". რატომ ჰუმანოიდი და მექანოიდი, ზემოთ უკვე ავხსენი. აი, პატაფიზიკა კი, თურმე, მოწოდებულია გააერთიანოს პოეზია და მეცნიერება, წაშალოს ზღვარი სუბიექტურსა და ობიქტურს, შინაგანსა და გარეგანს შორის. ამავდროულად, პატაფიზიკა ფსევდომეცნიერებაა, ირონია ფილოსოფიურ სწავლებებზე და ა.შ. და ა.შ. იდეალური განმარტებაა, ვერაფერს იტყვი.


0. Reverend Beat-Man and the New Wave - I’m Not Gonna Tell You

წყნარ, მშვიდ, აუღელვებელ და დალაგებულ  შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში აგერ უკვე  20 წელია "წარმატებით" მოღვაწეობს ლეიბლი Voodoo Rhythm Records. ითვლება, რომ ეს პატარა ხმის ჩამწერი სტუდია ყველა მარგინალი და ფრიკი არტისტის თავშესაყარს წარმოადგენს, რაც, რა თქმა უნდა, ცოტა გაზვიადებულია. უბრალოდ, "ვუდუ რითმის" რეზიდენტები ცდილობენ, შერეკილების ტყავი მოირგონ და ისე შექმნან თრეშის ზღვარზე მყოფი მუსიკა - პრიმიტიული, ველური, ქაოტური და ხშირად აბსურდულიც კი.

ასეთი თამაშები რომ ფსიქიკისთვის სახიფათოა, ეს ლეიბლის დამაარსებლისა და მისი მთავარი არტისტის, ბიტ ცელერის მაგალითზეც კარგად ჩანს. ცელერს რამდენიმე იპოსტასი აქვს, მათგან ერთ-ერთი Reverend Beat-Man. საერთოდ, ასეთი მუსიკის მთავარი კაიფი იმაშია, რომ გემოვნების რეცეპტორებს არ ემორჩილება. ის კარგისა და ცუდის მიღმაა, პროდუქტად ვერ იქცევა და არცაა საჭირო. არადა, ერთი შეხედვით, მხოლოდ მარგინალურ თრეშ ბლუზთან გვაქვს საქმე. ყველაზე კარგად საკუთარი შემოქმედება თავად ღირსმა მამა ცელერმა დაახასიათა - "მუსიკა, რომელსაც ნებისმიერი წვეულების გაფუჭება შეუძლია". იდეალური აღწერაა, ვერაფერს ვიტყვით. 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინოლოგია გამოხატავს ავტორის პოზიციას, რასაც, შესაძლოა, რედაქცია არ იზიარებდეს.   

კომენტარები

ბოლოს დამატებული