Thumbnail

ბრიტანულმა გამოცემამ ლაღიძის "თბილისოს" მელოდიაზე შექმნილი Stay With Me მიმოიხილა

ლევან გოგუაძე პროფილის ფოტო
ლევან გოგუაძე

რევაზ ლაღიძის "თბილისოსა" და ჯერი სკოტის სიმღერის Stay With Me შესახებ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, popmusic შეეცადა მეტი ინფორმაცია მოეძიებინა ბრიტანელი ჯაზ-შემსრულებლის ამ ჩანაწერის შესახებ. 

► "თბილისო", ჯერი სკოტის Stay With Me და რევაზ ლაღიძის საავტორო უფლებები

► ლელა ლაღიძე: "თბილისოზე" საავტორო უფლებებს აუცილებლად დავიცავთ

1962 წლის მაისის ნომერში ბრიტანულმა ყოველკვირეულმა მუსიკალურმა გამოცემამ Record Mirror ჯერი სკოტის სიმღერა Stay With Me მიმოიხილა.

"პროფესიონალური, ხარისხიანი ჩანაწერი მომღერლისგან, რომელმაც ცოტა ხნის წინ რუსეთის მოხიბვლა შეძლო. ეს არის ძალზე მაღალი კლასის, ნელი, ზღაპრული ბალადა. თუმცა, მას მუსიკალურ ჩარტებში მოხვედრის პოტენციალი არ აქვს", - ვკითხულობთ რევიუში.

აღსანიშნავია, რომ ჯერი სკოტის სინგლი გაზეთმა ხუთი შესაძლებლიდან სამი ქულით შეაფასა.

რევაზ ლაღიძემ "სიმღერა თბილისზე" 1958 წელს, საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდიის შეკვეთით დაწერა. ის კინოსურათის "მზიან მხარეში" მუსიკალური გაფორმების ნაწილი უნდა ყოფილიყო. ნაწარმოების პირველი ვერსია დებმა, ნაზი და ნათელა ჩაფიჩაძეებმა გუნდისა და სიმფონიური ორკესტრის თანხლებით ჩაწერეს. სიმღერის პრემიერა 1958 წელს ერთ-ერთი საფეხბურთო მატჩის შესვენებაზე შედგა და მას შემდეგ ჰიტად ქცეული კომპოზიცია არაერთი შემსრულებლის რეპერტუარში მოხვდა.

რაც შეეხება კომპოზიციას Stay With Me, ის ჯერი სკოტმა 1962 წელს ჩაწერა. დიდ ბრიტანეთში გამოშვებულ ფირფიტაზე სიმღერის ავტორებად თავად ჯერი სკოტი, იგო ფიშერი და ვინმე ასქვისი არიან მითითებული, რევაზ ლაღიძე კი არსადაა ნახსენები.  

► "თბილისო", ჯერი სკოტის Stay With Me და რევაზ ლაღიძის საავტორო უფლებები

► ლელა ლაღიძე: "თბილისოზე" საავტორო უფლებებს აუცილებლად დავიცავთ

კომენტარები

ბოლოს დამატებული