Thumbnail

popmusic წარმოგიდგენთ ჩვენი რედაქციის მიერ შერჩეულ 2018 წლის 10 საუკეთესო ქართულ კომპოზიციას.

ნახე სრული ფლეილისტი

10. Kay G - ფსკერზე

გიორგი ქებურია იმ იშვიათ ქართველი ჰიპ ჰოპ არტისტთაგანია, რომელმაც საკუთარ სტილს კარიერის საწყის ეტაპზევე მიაგნო, ამიტომაც ქეი ჯი დროს მუსიკალური შესაძლებლობების განვითარებას უთმობს და არა შემოქმედებით ძიებებს. შედეგიც სახეზეა, კომპოზიცია "ფსკერზე" 2018 წლის ერთ-ერთი გამორჩეული ჩანაწერია.

მუსიკოსი, რომელიც უცხო ხალხისგან თავის არიდების მიზნით, ოთახს თითქმის არასდროს ტოვებს, დარდის გაქარვებას ალკოჰოლით ცდილობს. ალტერ ეგოსგან განსხვავებით, გიორგიმ საკუთარი თავი ჯერ კიდევ ვერ იპოვა. ქეი ჯის მიღმა დარჩენილ რეალურ პიროვნებას, რომლის პრობლემებიც კვლავ გადაუჭრელია, არავინ იცნობს. პესიმისტურ ატმოსფეროს რეპერის ერთ-ერთი მთავარი იარაღი - ავტოტუნი კიდევ უფრო ამძაფრებს და მსგავს განწყობაზე მყოფ მსმენელს ჩანაწერისგან თავის დაღწევის ყოველგვარ შანსს უკარგავს. გიორგის ძლიერი მხარე სწორედ ესაა, აუდიტორიის გრძნობების მართვა მას საკმაოდ ადვილად გამოსდის.

9. ლექსო რატიანი - თევზის სიმღერა

ლექსო რატიანი ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსია. მას ჯერჯერობით არცთუ ისე ბევრი მსმენელი ჰყავს, თუმცა, შესრულების უნიკალური მანერა, ექსპერიმენტული ჟღერადობა და არაჩვეულებრივი ქართულენოვანი ტექსტები, რომლებიც სათქმელს ყოველთვის ზუსტად გადმოსცემენ, ყურადღების მიქცევას უდავოდ იმსახურებს. არტისტი პროფესიონალურ შემოქმედებით კარიერას ახლა იწყებს და ყველა საჭირო უნარ-ჩვევა აქვს იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოს.

16 წლის ბიჭის მიერ სიმბოლოების საშუალებით მოთხრობილი სიყვარულისა და განშორების ისტორია, რომელშიც განწყობები, იმედი და მარტო დარჩენის შეფარული შიში ერთმანეთს თითქმის შეუმჩნევლად ენაცვლება, გულგრილს ნამდვილად ვერავის დატოვებს და თუ ოდესმე თავი ანკესზე წამოგებული თევზივით თქვენც გიგრძვნიათ, აუცილებლად შეიყვარებთ ლექსოს საოცრად მელანქოლიურ, თუმცა, მაინც ოპტიმისტურ "თევზის სიმღერას".

8. Toyshen - Networth

დუეტმა Toyshen სადებიუტო კომპოზიციით ქართული ჰიპ ჰოპი ჯერ არნახული სინთეზის მომსწრე გახადა და კოლეგებს ჟანრის განვითარების პერსპექტივა სრულიად ახალი კუთხიდან დაანახა. Networth ჯაზის, ნეო სოულისა და რეპის გემოვნებიანი ნაზავია. ენერგიულ ვერსებს აქ საოცრად მგრძნობიარე, მელანქოლიური მისამღერი აბალანსებს, რომელიც მსმენელთა მოდუნებას წამებში ახერხებს.

არაერთგვაროვანი ემოციების გამომწვევ ნამუშევარს აბსტრაქტული ტექსტი კიდევ უფრო თავბრუდამხვევს ხდის. ვინ არიან ისინი? ეს თავად არტისტებსაც აინტერესებთ. ამ კითხვაზე ვერც ჩვენ გიპასუხებთ, თუმცა, დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ, რომ მონდომების შემთხვევაში, "თოიშენი" ქართულ ჰიპ ჰოპს ახალ საფეხურზე აუცილებლად აიყვანს.

7. Hamatsuki - Sea of Nothingness

2018 წელს Sea of Nothingness, ალბათ, ყველაზე პოპულარული ქართული ელექტრონული ჩანაწერი იყო. ის ჟღერდა ყველგან, სადაც მისი მოსმენა შეიძლებოდა. შეიძლება ითქვას, რომ მამუკა ცხადაია ინტერნეტსა და საკლუბო სივრცეში ბოლო წლებში პოპულარული ტრენდის, ლოუ ფაი ჰაუსის საუკეთესო ლოკალური წარმომადგენელია. რთულია, გავიხსენოთ ქართველი არტისტი, რომელსაც უკანასკნელ პერიოდში უფრო მეტი ჰიტი აქვს შექმნილი, ვიდრე მას.  

Sea of Nothingness ყველა იმ კომპონენტს შეიცავს, რითიც Hamatsuki-ს მუსიკა გამოირჩევა - თბილი, მელანქოლიური ატმოსფერო, ეისიდ ჟღერადობის მქონე დასამახსოვრებელი მელოდია და ნოსტალგიის დაუფარავი განცდა. მამუკა იმ პროდიუსერთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ტექნიკური თვალსაზრისით ზედმეტად დავარცხნილი ნამუშევრების შექმნას, მსმენელის ემოციებით მანიპულირებას ამჯობინებენ. ეს ჩანაწერი კი არტისტისთვის დამასახიათებელი ხედვის საუკეთესო მაგალითია. 

6. Mush One & Chester - B2B Cypher

popmusic-ის ჰიპ ჰოპ პროექტის ერთ-ერთი ეპიზოდისთვის რეპერები თორნიკე ზურაბიანი, ფსევდონიმით Mush One და ლაშა დავითური, სასცენო სახელით Chester, გაერთიანდნენ და ჟანრის მოყვარულებს წლის ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიციაც აჩუქეს. ტრეკის დასაწყისში განწყობას ფანკის ელემენტებით გაჯერებული ბითი ქმნის. მუშ ვანი მისთვის ტრადიციულ ბუმ ბეფ ჟღერადობას არც ამჯერად ღალატობს და მსმენელს კლასიკური ფლოუთი წაკითხული რითმების კორიანტელში ახვევს.

ჩესტერის შემოსვლასთან ერთად ჩანაწერის ხასიათიც მკვეთრად იცვლება. მისი მოტივაცია ყველაფრისთვის საკუთარი სახელის დარქმევა და ადგილის მიჩენაა. ემსის მთავარი იარაღი ხომ სიტყვა და მისი ძალა გახლავთ, ამაში კი ლაშას ქართულ ჰიპ ჰოპში ცოტა ვინმე თუ შეედრება. საოცარია, როგორ ახერხებს ამპარტავნებითა და ცინიზმით სავსე არტისტი, მსმენელთა გაღიზიანება არ გამოიწვიოს. მაგრამ ჩესტერი ყოველთვის გულწრფელია და ეს რეპერისთვის უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია. "მე უარს ვამბობ ტახტზე, სხვები პრეტენზიებს ყეფენ, თუ მე უარს ვამბობ ტახტზე, აქ ვინ ჩემი ყ*** მეფე", - აცხადებს ქართულ ჰიპ ჰოპში ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული ვერსის ავტორი და დრამების ნაცვლად, კვლავაც ტრაგიკომედიით გართობას განაგრძობს. 

5. Kancheli - Discotrancemaker From USSR

ყანჩელი ვეტერანი ელექტრონული არტისტია, რომელსაც ქართველი მსმენელი წლების განმავლობაში მუსიკალურად დაბალანსებული სეტებითა და დაკვრის თავისებური, დახვეწილი ტექნიკით იცნობდა. ამჯერად კი მისი შემოქმედების მეორე მხარეც აღმოვაჩინეთ და დავრწმუნდით, რომ ის სტუდიაშიც ისევე პროდუქტიულია, როგორც დიჯეის პულტთან.

Discotrancemaker From USSR ჩვენს სიაში შესული სხვა ელექტრონული ტრეკების მსგავსად ეისიდ ჟღერადობით ხასიათდება, თუმცა, დენსფლორზე მუხტის შექმნის თვალსაზრისით, ის გაცილებით უფრო ქმედითია. კომპოზიციაში ერთმანეთს ტექნოსთვის ჩვეული ბრუტალურობა და ჰაუს მუსიკისთვის დამახასიათებელი დელიკატურობა ერწყმის. ვოკალის სემპლი კი, რომელიც 70-იანების დისკოს გვახსენებს, ისეთ განცდას აჩენს, თითქოს ყანჩელი ამ ნამუშევარში წინა ათწლეულების საცეკვაო მუსიკის მიმართ საკუთარი ნოსტალგიის აკუმულირებასა და მსმენელისთვის ერთიანად გაზიარებას შეეცადა. 

4. ჯგუფი "არა" - მსხალი

"არას" ახალი ალბომი "რატომ მომიყვანეთ" ბენდის საფირმო ხელწერის თვალსაჩინო ნიმუშია. ნამუშევარში შესული კომპოზიციების უმეტესობა ინდი როკისთვის დამახასიათებელი მსუბუქი ჟღერადობით გამოირჩევა, სახალისო და იუმორით სავსე ლირიკის მიღმა კი არცთუ იშვიათად სერიოზული შინაარსი და ღრმა ქვეტექსტი იმალება. ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ მსგავსი ხასიათის ჩანაწერები ალტერნატიული მუსიკის სამყაროში დღითიდღე სულ უფრო იშვიათად გვხვდება. 

"მსხალი" ალბომის მთავარი კომპოზიციაა. მარტივად ასაყოლი, ჩამთრევი მელოდიის წყალობით მუსიკოსები მხიარულ განწყობას ქმნიან, თუმცა, სიმღერის ტექსტი მსმენელს მიწაზე იმ პატარა მსხალივით ანარცხებს, რომელმაც იცის, რომ ადრე თუ გვიან ყუნწს აუცილებლად მოწყდება და ჩირად იქცევა. ჩვენს სიაში შესატანად ნამუშევრის სტუდიურ ვერსიას ცოცხალი ჩანაწერი ვარჩიეთ, რომლის ინსტრუმენტალიც საყვირის, აკორდეონისა და უკულელეს პარტიებითაა გამდიდრებული.

3. KayaKata - Drons Dronze

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ქართველი არტისტების უდიდესი ნაწილი მსოფლიო მუსიკაში არსებულ ტენდენციებს მხოლოდ წლების შემდეგ უწყობს ფეხს. ამ მხრივ, ზურა ჯიშკარიანისა და მაქსიმე მაჩაიძის დუეტი KayaKata იშვიათი და სასიამოვნო გამონაკლისია. ამ პროექტის შემოქმედება თანამედროვე ჰიპ ჰოპში ყველაზე ტრენდული მიმდინარეობების ელემენტებს აერთიანებს, თუმცა, უცხოელი კოლეგების სტილის ბრმად კოპირების ნაცვლად, "კატების" ნამუშევრები ინდივიდუალური, თვითმყოფადი ხელწერით გამოირჩევა.

Drons Dronze ჯგუფის შემოქმედებაში ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია. ფსიქოდელიური ლირიკა, ექსპერიმენტული ხასიათის, მარტივად ჩამთრევი ბითი და 90-იანი წლების ვიდეოთამაშების რვაბიტიანი ესთეტიკა - არტისტებმა აქ საკუთარი ღირსებები სრულფასოვნად წარმოაჩინეს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ჩანაწერზე გადაღებული მუსიკალური ვიდეორგოლი, რომელიც იდეალურად გადმოსცემს ტრეკის განწყობას და ქართულ შოუბიზნესში ხარისხის ახალ სტანდარტებს აწესებს. 

2. HVL - Sallow Myth

გიგი ჯიქიას სადებიუტო ალბომი ქართული ელექტრონული მუსიკისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ნამუშევარია. მაისის ცნობილი მოვლენების შემდეგ, როდესაც ადგილობრივი საკლუბო კულტურისთვის განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო, HVL პირველი არტისტი აღმოჩნდა, ვინც ამ ყველაფრის მუსიკის ენაზე თარგმნა და დოკუმენტირება სცადა. თუმცა, Ostati მხოლოდ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს არ ეხმიანება. ის ამავდროულად, უაღრესად პირადული ჩანაწერია.

Sallow Myth ალბომის საუკეთესო და ყველაზე კომპლექსური კომპოზიციაა. 9-წუთიანი ნამუშევარი დრამატურგიულად საკმაოდ საინტერესოდაა აგებული. მისი მსვლელობისას გიგი მსმენელისთვის რამდენიმე სიურპრიზის შეთავაზებას ახერხებს. ჩანაწერის დასაწყისში ბრეიქბითის რიტმი და ეისიდ ჟღერადობისთვის დამახასიათებელი ტექსტურა მორიგი საცეკვაო ტრეკის მოსმენის მოლოდინს გვიქმნის, თუმცა, არტისტი მუსიკალურ ხაზს მოულოდნელად სხვა მიმართულებით ავითარებს და ცდილობს, Sallow Myth ემოციურ, მელანქოლიურ ნაწარმოებად აქციოს. სხვადასხვა ჟანრიდან ნასესხები ელემენტების იდეალური სინთეზი სწორედ ის არის, რაც HVL-ის ნამუშევრებს გამოარჩევს. გასაკვირი არაა, რომ ქართველმა პროდიუსერმა მყარად დაიმკვიდრა ადგილი პრესტიჟული უცხოური გამოცემების ფავორიტთა სიაში. 

1. ერეკლე დეისაძე - ხალხური

დიდი ხანია, შევეჩვიეთ, რომ ერეკლე დეისაძის შემოქმედება არაერთგვაროვან შეფასებებს იმსახურებს. სკანდალური პერფორმანსებითა და პროვოკაციული სათაურებით ცნობილმა მწერალმა, პოეტმა და მუსიკოსმა სტილს არც 2018 წელს უღალატა და მორიგი ეპატაჟური ნამუშევარი შემოგვთავაზა. სიმღერა "ხალხური", რომელშიც ერეკლემ ლეგენდარული კომპოზიტორის, გია ყანჩელის მუსიკა გამოიყენა, თანამედროვე ქართული საზოგადოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ და სენსიტიურ საკითხს ეხება, რომლის თაობაზეც დავა და დაპირისპირება არ წყდება. 

კომპოზიციის ტექსტში ჩადებული სატირის ადრესატი ყველა მხარეა, თავად ავტორის ჩათვლით. მკვეთრი ეპატაჟურობის მიუხედავად, ეს არ არის პროვოკაცია პროვოკაციისთვის. ყანჩელის არაჩვეულებრივი მუსიკა საკლუბო რიტმებს ჰარმონიულად მოერგო, ნატო მეტონიძის ვოკალმა კი ჩანაწერის ფსიქოდელიური ატმოსფერო კიდევ უფრო გაამძაფრა. "ხალხური" სწორედ იმ ტიპის ნამუშევარია, თანამედროვე ქართულ სცენაზე ყველაზე ბუნებრივად სწორედ დეისაძეს რომ გამოსდის. ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალების შემდეგ, ალბათ, ერთადერთ არტისტს, რომელიც საკუთარ შემოქმედებაში აქტუალური სოციალური თემატიკის ადეკვატურად ასახვას ახერხებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული