Thumbnail

popmusic წარმოგიდგენთ ჩვენი რედაქციის მიერ შერჩეულ 2018 წლის 10 საუკეთესო მუსიკალურ ვიდეორგოლს.

► 2018 წლის 50 საუკეთესო ალბომი

2018 წლის 50 საუკეთესო კომპოზიცია 

10. Janelle Monáe - Make Me Feel

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა ჯანელ მონემ კარიერის განმავლობაში არაერთი ეფექტური ვიდეორგოლი შემოგვთავაზა. ეს ტრადიცია მან არც 2018 წელს დაარღვია და კომპოზიციაზე Make Me Feel გადაღებული კლიპით კიდევ ერთი ფერადი ვიზუალური თავგადასავალი გვაჩუქა. ნამუშევარში მოქმედება გასართობ დაწესებულებაში ვითარდება, რომელიც ძალიან წააგავს ცნობილი ბრიტანული სერიალის, Black Mirror-ის ერთ-ერთ ეპიზოდში San Junipero ნაჩვენებ ღამის კლუბს. ვიდეოში გასული საუკუნის მეორე ნახევარში პოპულარული ჩაცმისა და ვარცხნილობის სტილის გაცოცხლება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს 80-იანი წლების ესთეტიკით არტისტის გატაცებას, რაც მისი შემოქმედებაზე დიდ გავლენას ახდენს.

ვიდეო ჯანელის სექსუალური ორიენტაციის ერთგვარი მანიფესტია. ნამუშევარში ვარდისფერი, იასამნისფერი და ლურჯი დომინირებს, რაც შემთხვევითი არაა. ეს ფერები ხომ ბისექსუალობის სიმბოლოა. კლიპში მუსიკოსი ორივე სქესის პერსონაჟების მოხიბვლას ხან მსუბუქი ფლირტით, ხანაც ვნებიანი საცეკვაო მოძრაობებით ცდილობს. მონეს ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღება სურს და ამაში მას ხელს სტერეოტიპები და მორალის მოძველებული ნორმები ვერ უშლის. 

9. LCD Soundsystem - Oh Baby

სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმებით განთქმულმა რეჟისორმა, რაიან ჯონსონმა ტრადიციას არც ამ შემთხვევაში უღალატა და ფუტურისტული ელემენტებით სავსე ვიდეორგოლი შემოგვთავაზა. ამერიკული კოლექტივის LCD Soundsystem კომპოზიციაზე Oh Baby გადაღებული კლიპის ქრონომეტრაჟი დაახლოებით ექვსი წუთია. თუმცა, ჯონსონი საკუთარი ნამუშევრით სიყვარულისა და ადამიანური ურთიერთობების შესახებ ამ მცირე დროშიც ძალზე ბევრის თქმას ახერხებს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია მსახიობების, სისი სპეისეკისა და დევიდ სტრეტეირნის დამსახურება, რომელთა საოცარი პერფორმანსი ვიდეოკლიპში გადმოცემულ დრამას სრული სიცხადით გვაგრძნობინებს. სპოილერებისგან თავის არიდების მიზნით კლიპის სცენარსა და მის ემოციურ ფინალზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ. თუ სენტიმენტალური გრძნობების მოზღვავებას არ ერიდებით, გირჩევთ, ეს შესანიშნავი ვიზუალური ნამუშევარი თავად იხილოთ.

8. Drake - Nice for What

2018 წელს შოუბიზნესში ფემინისტური ნარატივი გაძლიერდა. მოძრაობაში #MeToo და გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრისკენ მიმართულ სხვა კამპანიებში ჩართული არტისტების რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა. ჰიპ ჰოპ კულტურაში, რომლისთვისაც მასკულინურობა და სექსიზმი ათწლეულობის განმავლობაში ერთგვარ კლიშედ იქცა, ეს მოვლენები ძალზე საინტერესოდ აისახა. ამ მხრივ განსაკუთრებით დრეიქის ნამუშევარი Nice for What გამოირჩა. კანადელმა სუპერვარსკვლავმა ამ ტრეკში მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა წინაშე ყოველდღიურად არსებული გამოწვევები ასახა და მათ მხარდაჭერა გამოუცხადა. კომპოზიციის თანმხლები ვიზუალური ნამუშევარიც სწორედ ამ პათოსს ეხმიანება.

ოლივია უაილდი, ზოი სალდანა, ჯორდან დანი, ემა რობერტსი, მიშელ როდრიგესი - ეს იმ წარმატებული, დამოუკიდებელი ქალების არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც ვიდეორგოლის გადაღებაში მიიღეს მონაწილეობა. Nice for What ნამდვილი ვარსკვლავთცვენაა, უმნიშვნელოვანესი გზავნილით. ნამუშევრის მხატვრულ ღირებულებაზე კი საუბარიც ზედმეტია - დიდი ხანია, რაც დრეიქის კლიპები და უმაღლესი ხარისხი, ფაქტობრივად, სინონიმებად იქცა

7. Aphex Twin - T69 Collapse

არაორდინარული ვიდეორგოლები რიჩარდ ჯეიმსისათვის მუდამ საფირმო ხელწერის ნაწილი იყო. გამონაკლისი არც T69 Collapse აღმოჩნდა. კლიპი, რომლის ვიზუალიც ბრიტანელი არტისტის მუსიკისათვის დამახასიათებელ სპეციფიკას იდეალურად ერგება, მაყურებლებს ელექტრონული სიზმრების სამყაროში ხუთწუთიან მოგზაურობას სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ კომპიუტერული გრაფიკის საშუალებით შექმნილმა ნამუშევარმა ე.წ. ჰარდინგის ტესტი ვერ გაიარა, რის გამოც ის სატელევიზიო ბადიდან ამოიღეს. სპეციალისტების თქმით, ვიდეო სახიფათო იყო ფოტოსენსიტიური ეპილეფსიისკენ მიდრეკილი ადამიანების ჯანმრთელობისთვის. 

უნდა აღინიშნოს, რომ კლიპის ერთადერთი ღირსება ვიზუალური ეფექტები არაა და მას მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვაც გააჩნია. უცნაური ლანდშაფტები, რომლებსაც აქ ვხედავთ, კორნუელის საგრაფოს ხედებით შექმნილ სამგანზომილებიან კოლაჟს წარმოადგენს. Aphex Twin-ის ვეტერან მსმენელებს კი კარგად მოეხსენებათ მშობლიურ მხარესთან არტისტის მძაფრი ემოციური კავშირის შესახებ. რიჩარდ ჯეიმსი უსაზღვრო ტალანტთან ერთად, იდუმალი შინაგანი სამყაროთიც გამოირჩევა, რომელიც მისი თაყვანისმცემლების წინაშე ამ დროისათვის ყველაზე ცხადი ფორმით სწორედ T69 Collapse-ში გადაიშალა.

6. Young Fathers - Toy

შოტლანდიურმა ბენდმა პოლიტიკური თემების თავისებური ხედვით კარიერის დასაწყისშივე გაითქვა სახელი. კომპოზიცია Toy და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი კოლექტივის ორიგინალური მსოფლმხედველობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. ეს ნამუშევარი მეტაფორაა თანამედროვე მსოფლიოში არსებულ რეალობაზე, რომელშიც ძალაუფლების მპყრობელებად უფრო და უფრო ოდიოზური, არაპროგნოზირებადი პიროვნებები გვევლინებიან. მათი უცნაური, ხშირად ბავშვური ახირებები კი მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე ახდენს გავლენას.

ვიდეორგოლში სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური ლიდერების როლში სწორედ ჯიუტი, ჭირვეული ბავშვები გვევლინებიან. ეს კარიკატურული პერსონაჟები, ერთი შეხედვით, სახალისო განწყობას ქმნიან, თუმცა, ამავდროულად სრული სერიოზულობით გვაიძულებენ იმ ფაქტის გაცნობიერებას, რომ ჩვენი სამყაროს ბედი ინფანტილური და გაუწონასწორებელი ადამიანების ნებაზეა დამოკიდებული. შინაარსობრივ დატვირთვასთან ერთად, Toy ბრწყინვალე რეჟისურითა და ძალზე ეფექტური ვიზუალით გამოირჩევა, რის ხარჯზეც წლის საუკეთესო მუსიკალური კლიპების სიაში ადგილს სავსებით დამსახურებულად იკავებს.

5. Jay Rock - King’s Dead ft. Kendrick Lamar, Future, James Blake

მას შემდეგ, რაც ჰიპ ჰოპი მრავალმილიონიან ბიზნესად და ჩარტების დომინანტ ჟანრად იქცა, წარმატებული რეპერების დიდმა ნაწილმა მუსიკალური ინდუსტრიის კორპორატიულ სამყაროში ამოჰყო თავი. ბრონქსის ჯურღმულებში დაბადებული სუბკულტურისთვის ცათამბჯენებში განთავსებული კრიალა ოფისები ჩვეულ გარემოდ ნამდვილად ვერ იქცა, მისი წარმომადგენლებისთვის კი ახალ სივრცეში საკუთარი იდენტობის შენარჩუნება მნიშვნელოვანი საზრუნავი გახდა. ჯეი როქის კომპოზიციაზე King’s Dead გადაღებული მუსიკალური ვიდეო სწორედ ამის შესახებ მოგვითხრობს. 

მონტაჟისა და ოპერატორული ნამუშევრის თვალსაზრისით კალიფორნიელი რეპერის კლიპი 2018 წელს შექმნილ ვიდეორგოლებს შორის ნამდვილად გამორჩეულია. თუმცა, მასშტაბური სცენები, კამერის პერსპექტივის გამუდმებული ცვლილება და უნაკლო რეჟისურა მხოლოდ ვიზუალური ეფექტის მოსახდენად არაა გათვლილი. აშკარაა, რომ თითოეული კადრის მიზანი კომპოზიციის ტექსტში ჩადებული შინაარსის სიმბოლოების საშუალებით გადმოცემა იყო, ამ ამოცანას კი ვიდეოს გადამღებმა ჯგუფმა თავი ბრწყინვალედ გაართვა.

4. Kamasi Washington - Street Fighter Mas

ამერიკელი საქსოფონისტი 1990-იან წლებში ლოს ანჯელესთან მდებარე პატარა ქალაქ ინგლვუდში გაიზარდა. კამასის მშობლები მაქსიმალურად ცდილობდნენ, შვილი ძალადობითა და დანაშაულით სავსე ქუჩებს გაერიდებინათ. თუმცა, მომავალი მუსიკოსი საყვარელი ვიდეოთამაშის, Street Fighter-ის საშუალებით მიყრუებულ გეტოში მოგზაურობასა და მის მკვიდრებთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩართვას მაინც ახერხებდა. თამაშის შემდეგ, ბიჭუნა ჯაზის კორიფეთა ნაწარმობებებს არჩევდა და თან ფიქრობდა, რა მშვიდი იქნებოდა ცხოვრება, ყველა უთანხმოების გადაჭრა ვირტუალური ორთაბრძოლის გზით რომ ყოფილიყო შესაძლებელი.

დღეს უკვე ჯაზის ვარსკვლავად ქცეული ვაშინგტონის მუსიკალური ვიდეო Street Fighter Mas მისი წარსულის გამოძახილია. საოცრად ეფექტური ვიზუალით გაფორმებულ კლიპში საქსოფონისტი უკაცრიელ სასტუმროში Street Fighter-ის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეს, პიტერ როსასს დუელში იწვევს და ამარცხებს კიდეც. ნოსტალგიის გრძნობით აღსავსე ეს ნამუშევარი ერთსა და იმავე დროს არტისტის მოგონებებში სიურრეალისტური მოგზაურობაცაა და მისი შემოქმედებითი კარიერის ანარეკლიც. ვაშინგტონს გამუდმებით ადარებენ ჟანრის ლეგენდებს, რომელთა რიგებშიც საკუთარი ადგილის მტკიცედ დამკვიდრება მისი ცხოვრების მთავარი გამოწვევაა.

3. The Carters - Apeshit

შოუბიზნესის ყველაზე ძლევამოსილი წყვილის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ, ჯეი ზისა და ბიონსეს საკუთარი უპირატესობისა და ოჯახის სიმტკიცის დემონსტრირება ისე სჭირდებოდათ, როგორც არასდროს. კომპოზიციაზე Apeshit შექმნილი მუსიკალური ვიდეო სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ლუვრის მუზეუმში გადაღებულ კლიპში კარტერები მილიონებად შეფასებული ხელოვნების ნიმუშების ფონზე ამაყად იწონებენ თავს. ფერების დახვეწილი პალიტრა და უნაკლო ქორეოგრაფია კი ამ ნამუშევარს დაუვიწყარ სანახაობად აქცევს. 

ვიდეორგოლში ნაჩვენები თითოეული შედევრის მიღმა სიმბოლური მნიშვნელობა იმალება. გამარჯვების ქალღმერთის, ნიკეს ქანდაკება არტისტების მიერ მათ თავს გადახდენილი ყველა ბრძოლის ტრიუმფალური გამარჯვებით დასრულებაზე მიგვანიშნებს. თანისის სფინქსი მუსიკოსების აფრიკულ ფესვებს უსვამს ხაზს. ჟაკ-ლუი დავიდის ტილო კი, რომელზეც ნაპოლეონის მიერ დედოფალ ჟოზეფინას გვირგვინით შემკობაა ასახული, კარტერების არაოფიციალურ სამეფო ოჯახად გარდაქმნის ალეგორიაა. თუ თანამედროვეობაზე ჯეი ზისა და ბიონსეს გავლენის მსგავსი შეფასება გადაჭარბებულად გეჩვენებათ, შეგახსენებთ, რომ ლუვრს ვიზიტორთა სარეკორდო რაოდენობა სწორედ შარშან, Apeshit-ის გამოსვლის შემდეგ ეწვია.

2. Rosalía - Malamente

ესპანელი არტისტის, როზალიას სიმღერაზე Malamente გადაღებულ კლიპს თავისუფლად შეგვიძლია, ვიზუალური პოემა ვუწოდოთ. ნამუშევარი სავსეა სიმბოლიკით, რომელიც კომპოზიციის ლირიკას იდეალურად ეხამება და მაყურებელთა თვალწინ ტკივილითა და მარცხით სავსე სიყვარულის ისტორიას აცოცხლებს.

კორიდა, რომელშიც ხარები მოტოციკლებითაა ჩანაცვლებული, სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი ფლამენკოს მოცეკვავეები, კაპიროტიანი მამაკაცი ლურსმნებიანი სკეიტით - ეს გამომსახველობითი მეტაფორები ესპანეთის წარსულსა და აწმყოს შორის ურთიერთკავშირზე მიგვანიშნებენ და ნამუშევარს სიურრეალისტურ ელფერს სძენენ. ავტომტვირთავზე დასვენებული როზალიას სხეული კი აღორძინების ეპოქის მხატვრების ტილოებზე გამოსახულ მაცხოვრის დატირების სცენებს მოგვაგონებს. მსგავსი ვიზუალური პარალელები არაერთი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რაც ვიდეორგოლს კიდევ უფრო ეფექტურს ხდის. 

1. Childish Gambino - This Is America

დონალდ გლოვერის, იგივე Childish Gambino-ს ვიდეორგოლი This Is America მსუბუქი, მხიარული მისამღერით იხსნება, რომლის ფონზეც მე-18 საუკუნის 20-იან წლებში შექმნილი კარიკატურული პერსონაჟის, ჯიმ ქროუს მსგავსად გამოწყობილი არტისტი უდარდელად ცეკვავს. თუმცა, რამდენიმე წამში ეს უკანასკნელი თავზე ტომარაჩამოცმულ მამაკაცს ოლიმპიური სიმშვიდით ასალმებს სიცოცხლეს. სწორედ აქედან იწყება სისხლიანი ქაოსი, რომელშიც გლოვერი მომღიმარი სახითა და ენერგიული მოძრაობებით ნამდვილ სასაკლაოს აწყობს. კლიპის შინაარსის ინტერპრეტირება რთულ საქმეს ნამდვილად არ წარმოადგენს - ეს ამერიკაა და აქ ადამიანების სიცოცხლეს ჩალის ფასი აქვს.

შარშან ამერიკას მასობრივი მკვლელობების, პოლიციური ძალადობისა და რასისტული მოტივებით ჩადენილი დანაშაულების ტალღამ გადაურა. მოქცევის შემდეგ კი ნაპირებზე ათასობით გვამი გამოირიყა. This Is America-ში ადამიანების უსიცოცხლო სხეულებს უსარგებლო ნარჩენებივით იშორებენ, ცეცხლსასროლ იარაღს კი მოწიწებით ეპყრობიან. 2018 წლის საუკეთესო ვიდეორგოლში ჩამალულ ათეულობით სიმბოლოზე საუბარი ძალზე შორს წაგვიყვანს. უმთავრეს ალეგორიას კლიპის უკანასკნელ სცენაში ვაწყდებით, როდესაც გლოვერი თეთრკანიანი მდევრებისგან გაქცევას ცდილობს, მისი სახეზე კი შიში და პანიკა იკითხება. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ქვეყნის არტისტებმა ამ ვიდეოს ათეულობით რიმეიქი თუ პაროდია შექმნეს და მისი ორიგინალური ვიზუალური ენა საკუთარ სამშობლოში არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ გამოიყენეს. 

► 2018 წლის 50 საუკეთესო ალბომი

2018 წლის 50 საუკეთესო კომპოზიცია 

კომენტარები

ბოლოს დამატებული