Thumbnail

ლელა ლაღიძე: "თბილისოზე" საავტორო უფლებებს აუცილებლად დავიცავთ

ლევან გოგუაძე პროფილის ფოტო
ლევან გოგუაძე

რევაზ ლაღიძის "თბილისოსა" და ბრიტანელი ჯაზ-შემსრულებლის, ჯერი სკოტის სიმღერის Stay With Me შესახებ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, popmusic კომენტარისთვის კომპოზიტორის შვილს, ლელა ლაღიძეს დაუკავშირდა. 

► "თბილისო", ჯერი სკოტის Stay With Me და რევაზ ლაღიძის საავტორო უფლებები

► ბრიტანულმა გამოცემამ ლაღიძის "თბილისოს" მელოდიაზე შექმნილი Stay With Me მიმოიხილა

"რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, მამა და ჯერი სკოტი ერთმანეთს არ იცნობდნენ, თუმცა, სიმღერის ჯერი სკოტისეული ვერსიის შესახებ ვიცოდით. რეზოსაც მოსმენილი ჰქონდა. ვხვდებოდით, რომ ტექსტი ზუსტად არ უთარგმნიათ, მაგრამ არ გვეგონა, თუ სკოტი საყვარელ მამაკაცზე მღეროდა. მაშინ საბჭოთა რადიოსადგურები სიმღერას ისე გადმოსცემდნენ, როგორც "თბილისოს" ინგლისურენოვან ჩანაწერს. კომპოზიციის ნაწყვეტი მამაზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმშიც მოხვდა. ახლა გავიგე, რომ თურმე, როცა Stay With Me ბრიტანეთში გამოსცეს, ავტორად ის არ მიუთითეს. ჩვენს უფლებებს GMI Rights Management დაიცავს. ცხადია, Parlophone-მა უნდა აღნიშნოს, რომ მუსიკის ავტორი რევაზ ლაღიძეა", - განაცხადა ლელა ლაღიძემ. 

საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამცველი ორგანიზაცია GMI Rights Management-ის დირექტორის, ზურაბ ბეჟაშვილის თქმით კი მათ უკვე დაიწყეს საკითხის შესწავლა და უახლოეს დროში იმ ლეიბლსაც დაუკავშირდებიან, რომელზეც ჯერი სკოტის სიმღერა გამოიცა: 

"ჩვენ ბატონი რეზოს უფლებებს მთელ მსოფლიოში ვიცავთ. კარგი ურთიერთობა გვაქვს Warner Music Group-თან და მის რეგიონალურ ოფისთან. Parlophone სწორედ ამ კომპანიის მფლობელობაშია. პირველ ეტაპზე ინფორმაციის გაცვლას ვაპირებთ. გავარკვევთ რა მოხდა რეალურად. ჩვენ გვაქვს ერთი ცალსახა მოთხოვნა - რევაზ ლაღიძე აღიარებული უნდა იქნას ამ სიმღერის ავტორად. ამის გარდა, აქ დარღვეულია ნაწარმოების გადამუშავების უფლება, შეცვლილია ტექსტი, ასე რომ შესაძლებელია კომერციული მოთხოვნებიც წამოვაყენოთ. თუმცა, ამაზე წინასწარ ვერაფერს გეტყვით. ეს მუშაობის პროცესში გამოჩნდება". 

რევაზ ლაღიძემ "სიმღერა თბილისზე" 1958 წელს, საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდიის შეკვეთით დაწერა. ის კინოსურათის "მზიან მხარეში" მუსიკალური გაფორმების ნაწილი უნდა ყოფილიყო. ნაწარმოების პირველი ვერსია დებმა, ნაზი და ნათელა ჩაფიჩაძეებმა გუნდისა და სიმფონიური ორკესტრის თანხლებით ჩაწერეს. სიმღერის პრემიერა 1958 წელს ერთ-ერთი საფეხბურთო მატჩის შესვენებაზე შედგა და მას შემდეგ ჰიტად ქცეული კომპოზიცია არაერთი შემსრულებლის რეპერტუარში მოხვდა.

რაც შეეხება კომპოზიციას Stay With Me, ის ჯერი სკოტმა 1962 წელს ჩაწერა. დიდ ბრიტანეთში გამოშვებულ ფირფიტაზე სიმღერის ავტორებად თავად ჯერი სკოტი, იგო ფიშერი და ვინმე ასქვისი არიან მითითებული, რევაზ ლაღიძე კი არსადაა ნახსენები.  

► "თბილისო", ჯერი სკოტის Stay With Me და რევაზ ლაღიძის საავტორო უფლებები

► ბრიტანულმა გამოცემამ ლაღიძის "თბილისოს" მელოდიაზე შექმნილი Stay With Me მიმოიხილა

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული